ფიჭვი – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წიწვოვანი მცენარე

ფიჭვი, მარადმწვანე. წიწვოვანი

ფიჭვი (Pinus), ოჯ. Pinaceae – ფიჭვისებრთა. გვარი აერთიანებს 100-ზე მეტ სახეობას, რომლებიც გავრცელებულნი არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, პოლარული წრიდან გვატემალამდე, ვესტ-ინდოეთამდე, ჩრდილოეთ აფრიკამდე და ინდონეზიამდე.

მარადმწვანე ხეები ან ბუჩქებია. სახეობათა უმეტესობა დიდი ზომის მაღალი, 50-75 მ-მდე ხეა ფართოდ გადაშლილი ვარჯითა და წრიულად განლაგებული ტოტებით.

ასაკთან ერთად ფიჭვის ქერქი ცვლილებას განიცდის: ახალგაზრდა ხეებს კომპაქტური, კეგლის ფორმის ვარჯი აქვთ, მოზრდილებს – ქოლგისებური. ეს გამოწვეულია იმით, რომ ასაკოვანი მცენარეების წლიური ნაზარდები მოკლეა და უხვადდატოტვილი ყლორტების ბოლოებშია განვითარებული. ახალგაზრდა ყლორტების ნაზარდები კი გრძელი და მცირედდატოტვილია. ყველა სახეობის ფიჭვის ქერქი დაღარული და ქერცლოვანია.

წიწვები ყოველთვის ნემსისებურია. ქვეგვარ სტრობუსის (Strobus) სახეობების წიწვი რბილია, წვრილი, 5-ცალიან, იშვიათად 3, 4, 8-ცალიან კონებად შეკრებილი. ქვეგვარ Pinus-ის სახეობებს უხეში წიწვები აქვთ, 2-წიწვიან კონებად შეკრებილი. სახეობის მიხედვით, ფიჭვის წიწვის სიგრძე შეიძლება 2-დან 30 სმ-მდე მერყეობდეს, სიგანე კი ყველა შემთხვევაში მხოლოდ 1-2 მმ-ია.

ყველაზე გრძელი და რბილი წიწვები აქვს სითბოსმოყვარულ სამხრეთულ ფიჭვებს. ყველაზე ცნობილ რბილწიწვიან სახეობად მიჩნეულია სამხრეთამერიკული სახეობა – მონტესუმას ფიჭვი (P.montezumae). მას იმდენად რბილი წიწვები აქვს, რომ ბალიშებისა და ლეიბების დასამზადებლად იყენებენ.

ფიჭვების ”მამრობითი” ყვავილები შეკრებილია ნორჩი გრძელი ყლორტების ფუძეებთან. ისინი ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელია. მტვერი ძალიან მსუბუქია და ამის გამო მისი გადატანა ძალიან დიდ მანძილზე ხდება. თესლები წარმოიქმნება მდედრობით გირჩებში, რომლებიც ყლორტების წვერზე ვითარდება.

მომწიფებული გირჩები გახევებულია, მომრგვალო, კვერცხისებური ან ცილინდრული, სწორი ან მოღუნული, ჩამოკიდებული ან ზემოთ აღმართული. მწიფდება მეორე, იშვიათად მესამე წელს. მათი სიგრძე განსხვავებულია – მთის ფიჭვის (P.mugo) ზოგიერთი ფორმის შემთხვევაში 3 სმ-დან 40-50 სმ-მდე, რომელიც დამახასიათებელია სითბოსმოყვარული ამერიკული კულტერისა და ლამბერტის ფიჭვებისათვის (P. coulteri და P.lambertiana).

ფიჭვი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ყველა ქვეყნის დეკორატიულ მებაღეობაში აღიარებული მცენარეა. ეს მძლავრი და სიცოცხლიუნარიანი ხე განასახიერებს ძალასა და კეთილშობილებას.

აგროტექნიკა

ფიჭვი ერთ-ერთი ყველაზე სინათლისმოყვარული წიწვოვანი მცენარეა. ის მხოლოდ გაშლილ ადგილზე ივითარებს ვარჯის ტიპურ ფორმას. დაჩრდილულ ადგილებსა და ხშირ ნარგაობებში დეკორატიული არაა.

ფიჭვების უმრავლესობა კარგად იზრდება ქვიშნარ ნიადაგებზე, მაგრამ უკეთესი განვითარებით ხასიათდება ფხვიერ, კარგად დრენირებულ სუსტმჟავე თიხნარ ნიადაგებზე. ჯუჯა ფორმის ჯიშები უპირატესობას ანიჭებენ ნოყიერ თიხნარებს, რადგან მხოლოდ ამ პირობებში ივითარებენ მკვრივ და კომპაქტურ ვარჯს.

ფიჭვს, სხვა წიწვოვნებთან შედარებით, ნაკლებად ესაჭიროება დამატებითი კვება. ადრე გაზაფხულზე მხოლოდ ნორჩ მცენარეებს უნდა დაემატოთ ძირში მსუბუქი კომპლექსური ან კომბინირებული მინერალური სასუქები. აზოტოვანმა სასუქებმა, ან ნაკელის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება მცენარის დაღუპვა გამოიწვიოს.

გადარგვა ხდება ადრე გაზაფხულზე, კვირტების გაშლამდე, ან შემოდგომაზე. ყლორტების აქტიური ზრდის პერიოდში მცენარე ძალიან ცუდად ფესვიანდება. ნორჩი მცენარეები გადარგვას შედარებით იოლად იტანენ.

ბუნებიდან აღებული დიდი ხეები კი ვერ ხარობენ. მსხვილი საბაღე ეგზემპლარების გადარგვა შესაძლებელია მხოლოდ ფესვთა კოშტის წინასწარი მომზადების შემდეგ, რომელიც მდგომარეობს გადარგვამდე 6-12 თვით ადრე ბარის საშუალებით ფესვების რამდენჯერმე ჩაჭრაში. ფიჭვების უმრავლესობა სიმშრალის მოყვარულია და სავსებით ვერ იტანს დამდგარ და გრუნტის წყლებს. მოზრდილი, კარგად განვითარებული ეგზემპლარები გვალვაგამძლენი არიან. ყველა ფიჭვი სიცივისამტანია, ყინვაგამძლეობა კი განსხვავებული აქვთ.

გაზაფხულზე ხეების ერთდროული გამოღვიძებისათვის რეკომენდებულია უხვი რწყვა, წყლის შესხურება და მზის მწველი სხივებისაგან მოჩრდილვა.

ფიჭვი ზამთრის ბაღებისათვის გამოუსადეგარია, რადგან ინტენსიურ განათებასა და ცივ გამოზამთრებას მოითხოვს. ზრდის პერიოდში სინათლის ნაკლებობის გამო ნორჩი ყლორტები სიგრძეში ძლიერ იწელება და ამის გამო მცენარის კომპაქტურობა იკარგება. თბილი ზამთრის პირობებში აღინიშნება წიწვის დაზიანება – ის ყვითლდება და ცვივა.

კავკასიური ანუ სოსნოვსკის ფიჭვი (pinus sosnowskyi) ფართოდაა გავრცელებული ბორჯომის ტყეში.

კავკასიური ფიჭვი პირველი სიდიდის ხეა, რომელიც 35 მ-მდე აღწევს. ახალგაზრდა ასაკში ვარჯი პირამიდულია, დიდხნოვანი კი ქოლგისებრი. მოყავისფრო სქელი ქერქი აქვს. მწვანე-მოვერცხლისფრო წიწვო აქვს, რომლებიც 3-4 წელს ცოცხლობენ. თესლი 2 წლის განმავლობაში მწიფდება, ყვავილობს მარტ-აპრილში.

კავკასიური ფიჭვი მძლავრ ფესვთა სისტემას ივითარებს, იგი სიცივის ამტანია. გვხდება ზღვის დონიდან 2300 მ-მდე. მისი გაშენება 800-900 მ-მდე გაძნელებულია. მოზარდ აღმონაცანს არ ეშინია ყინვების, ასევე ღია- გაშიშვლებული ადგილების. ქმნის სუფთა და მშრალ კორომებს.

ფიჭვის გამოზრდა შეიძლება სხვადასხვა ფორმის ქოთნებსა და კონტეინერებშიც. ფართო ვაზონებში თავისუფლად და კარგად იზრდება, მცირე ზომის ჭურჭელი კი მის ზრდას აჩერებს. ამიტომ ნორჩ მცენარეებს ჯერ დიდ ჭურჭელში ზრდიან, შემდეგ კი უფრო ვიწროში გადარგავენ ხოლმე, რითაც მათი ვარჯის ზრდასა და ფორმირებას აფიქსირებენ.

გამწვანებაში გამოყენება

ყველა ფიჭვს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი მიმზიდველი თვისებები, რომელიც გამოიხატება დიდებულებისა და სინატიფის შერწყმაში მონუმენტალობასა და ტოტების ერთგვარ სიუხეშესთან.

გასაკვირვი არაა, რომ ფიჭვი მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბაღებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წიწვოვანი მცენარეა. ნებისმიერი კლიმატური ზონისთვის შესაძლებელია მისთვის შესაფერისი ფიჭვის სახეობის შერჩევა. დიდი ზომის ფიჭვებს რგავენ მარტოულ ეგზემპლარებად და ტევრების შესაქმნელად.

გართხმული და ჯუჯა ფორმები შეუცვლელია პატარა ბაღების, როკარიუმებისა და მიქსბორდერებისათვის. ფიჭვების გასხვლა, სასურველი არაა; მაგრამ შესაძლებელია ფიგურული ვარჯის ფორმირება. კომპაქტური ვარჯის მიღება ადვილად და სწრაფად შესაძლებელია შემოდგომით და ადრე გაზაფხულზე.

წყარო: „ბაღის დიზაინერი“ – სახემძღვანელოს შედგენაზე მუშაობდნენ:
ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი ;
ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი;
მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი
 .

იხილეთ აგრეთვე: კავკასიური სოჭი – რჩევები: თესვა, დარგვა, მოყვანა

თქვენი რეკლამა