კავკასიური სოჭი – რჩევები: თესვა, დარგვა, მოყვანა

სოჭი

კავკასიური სოჭი (ლათ. Abies nordmanniana) ფიჭვისებრთა ოჯახის მარადმწვანე წიწვოვანი ხეა. მისი სიმაღლე 50-60 მ-ს აღწევს, დიამეტრი 1,5-2 მ. ცოცხლობს 600-700 წელი. თესლს იძლევა 30-40 წლის ასაკში.

იზრდება ზღვის დონიდან 1200-1500 მ-იდან 2000-2300 მ-მდე. ადგილ-ადგილ ტყის მცენარეულობის გავრცელების სუბალპურ საზღვრამდეც ადის.

გავრცელებულია კავკასიაში (უმეტეს წილ საქართველოში) და თურქეთში, სწორედ საქართველოში, ბორჯომის ტყეში აღმოაჩინა იგი გერმენული წარმოშობის ფინელმა მეცნიერმა, ალექსანდრ ფონ ნორდმანმა, რის გამოც მას „ნორდმანის სოჭსაც“ უწოდებენ.

ნაკვეთის შერჩევა

სოჭისთვის უნდა შეირჩეს, კარგად დრენირებული, საშუალო ტენიანობის და ნეიტრალური მჟავიანობის ნაყოფიერი ნიადაგი. მცირედ დაქანებულ ფერდობებზე საკმაოდ ღრმა ფესვთა სისტემას ივითარებს. ქარგამძლეა, თუმცა საჭიროებს ძლერი, ცივი ქარებისგან დაცვას, არ უყვარს გვალვა.

ჩრდილის ამტანია, იზრდება მზიან ადგილებშიც, თუმცა საწყის წლებში საჭიროებს ნახევრადჩრდილს. მგრძობიარეა ჰაერის დაბინძურების, ზაფხულის მაღალი ტემპერატურისა და ჰაერის სიმშრალის მიმართ, სუსხზე კი აღმონაცენი უზიანდება.

დარგვა

კავკასიური სოჭის დარგვა შეიძლება, როგორც ადრე გაზაფხულხე ისე შემოდგომით, უკეთესია 5-7 წლის ნერგი. რგავენ თბილ ამინდში (კარგია წვიმიანი დღე). დასარგავ ორმოს ამზადებენ მინიმუმ ორი კვირით ადრე.

ორმოს ზომა საშუალოდ 60-80 სმ-ია, ნერგის ასაკისა და ფესვთა სისტემის განვითარებიდან გამომდინარე. ფესვის ყელი ნიადაგის ზედაპირის დონეზე უნდა იყოს. საშუალო მანძილი მცენარეთა შორის 4-5 მ.

ნიადაგის ერთ-ერთი საუკეთესო ნარევია: ნეშომპალა ან კომპოსტი, მიწა, მდინარის ქვიშა, ტორფი-შეფარდებით 3/2/1/1.

გასხვლა

ფორმირებისთვის გასხვლას არ საჭიროებს (თვითფორმირებადია), სანიტარული გასხვლას ატარებენ ადრე გაზაფხულზე, წვენის ამოძრავებამდე.

მოვლა

კვებას საჭიროებს დარგვიდან 2-3 სამი წლის შემდეგ, სასუქი ადრე გაზაფხულზე შეაქვთ, ზრდასრული ხეებს კვება არ სჭირდებათ. სოჭი ტენის მოყვარულია, ამიტომ სეზონზე 2-3 ჯერ უხვად რწყავენ, ხოლო გვალვიან წელს მორწყვის რაოდენობა ორმაგდება.

ინფორმაცია თესვისთვის

თესლის გაღვივების მაჩვენებელი 20%-ია, თესვის სიღრმე 4-5 სმ. თესლს აგროვებენ გირჩების სიმწიფემდე, თესავენ ძირითადად ზამთარში (დახურულ სივრცეში), გაზაფხულზე თესვისთვის საჭიროა ცივი სტრატიფიკაცია ან გაყინვა 1-2 თვე. გაღვივებისთვის საუკეთესო ტემპერატურაა +18+23°С.

ყვავილობს მაისში, თესლი სცვივა ოქტომბერ-ნოემბერში.

გამოყენება

იყენებენ როგორც სამშენებლო მასალას, დეკორატიულია, აშენებენ ბაღებსა და პარკებში, ევროპაში ფართოდ გამოიყენება როგორც საახალწლო ნაძვის ხე.

კავაკასიური სოჭი-ყველაზე პოპულარული საახალწლო „ნაძვის ხეა“ მსოფლიოში.

თქვენი რეკლამა