საძირე და სანამყენე მასალის მომზადება მყნობისათვის
მყნობის დაწყებამდე ორი-სამი დღით ადრე სათავსო მაცივარში შენახულ საძირე რქებს შეამოწმებენ. საღ მასალას დაჭრიან ერთი ნამყენისათვის 30-35სმ-ის სიგრძეზე. ფუძის ზონაში ქვედა მუხლიდან 0,5სმ-ით, ხოლო ზედა განაჭერს კი მთლიანად მუხლის დატოვებით.
სამყნობად გამოიყენება ზედა გადანაჭერზე 7-12მმ სიმსხოს რქები. დაჭრილ ლერწს დანით აცლიან კვირტებს მერქნის დაუზიანებლად, შეკრავენ კონებად (კონაში 100 ან 200 ცალის რაოდენობით), გაუკეთებენ ეტიკეტს და დასალბობად მოათავსებენ (ერთი დღე-ღამის განმავლობაში) 16-180C ტემპერატურის მქონე წყალში.
უმჯობესია მყნობის წინ საკვირტე მასალა ჯერ შემოწმდეს კვირტების სისაღეზე, ნაცრისფერ სიდამპლეზე და ლაქოვან ნეკროზზე. შემდეგ დაიჭრას ისე, რომ კვირტის ზემოთ დარჩეს 1,5-2,0სმ რქის ნაწილი და დალბეს სუფთა წყალში 10-12საათის განმავლობაში, შესაძლებელია მეტიც 24 საათის განმავლობაში.
სამყნობი მასალის მერქნის ტენიანობა დალბობის შემდეგ არ უნდა იყოს 55%-ზე ნაკლები.
დალბობა შესაძლებელია დამთავრებულად ჩაითვალოს მაშინ, როდესაც ახალ გადანაჭერზე წვეთები ნამის სახით გამოიყოფა.
ვაზის მყნობა
დასავლეთ საქართველოში მყნობა უნდა დაიწყოს მარტის დასაწყისში, აღმოსავლეთ საქართველოში კი მარტის მეორე დეკადაში და დამთავრდეს არა უგვიანეს 15-20 აპრილისა.
მყნობა წარმოებს როგორც ხელით, ისე სამყნობი მანქანების გამოყენებით. თითეულ მყნობელს უნდა ჰქონდეს სანამყენე დანა. სუფთა ტილო (დანის გასაწმენდად) და ხონჩა ნამყენის დასაწყობად.
მაგიდაზე მყნობა ხელით ტარდება შემდეგნაირად: საძირეზე კვირტის მხრიდან, მუხლთაშორისის ბოლოში, მყნობელი აკეთებს ირიბ ჭრილობას, რომლის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს საძირის სისქის 1,5-1,8, ჭრილობაზე აკეთებენ ენაკს, შემდეგ არჩევენ სათანადო დიამეტრის (სისქის) სანაmყენეს, რომელზედაც ისეთივე ჭრილობა და ენაკი კეთდება კვირტის მხრიდან. ეს ორი კომპონენტი _ საძირე და სანამყენე _ ერთმანეთს უერთდება ენაკის საშუალებით.
დამზადებული ნამყენი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. საძირესა და სანამყენეს შეერთების ადგილზე სინათლე არ უნდა გადიოდეს;
2. საძირესა და სანამყენეს მჭიდროდ შეკავშირებისათვის ენაკი თხელი არ უნდა იყოს;
3. საძირესა და სანამყენეს კანის შიგნით ნაწილები ერთიმეორეს უნდა უსწორდებოდეს.
ვარგისი ნამყენი დაპარაფინების შემდეგ უნდა ჩაიწყოს ყუთებში სასტრატიფიკაციოდ.
ვაზის ნამყენის დაპარაფინება და სასტრატიფიკაციო ყუთში ჩაწყობა
ვაზის ნამყენის დამზადების შემდეგ ხდება მისი დაპარაფინება, ამისათვის გამოიყენება სპეციალური მარკის პარაფინები (REBWACHS, STARWAX, ACTYGREF და სხვ.).
დაპარაფინებისათვის უნდა ავიღოთ ახალდამზადებული 5-6 ცალი ნამყენი, გავშალოთ მარაოსებურად და ამოვავლოთ 75-80°-მდე გამლღვალ პარაფინში ისე, რომ პარაფინით დაიფაროს მისი ზედა ნაწილის 10-12სმ. ნაწილი.
პარაფინის ფენა ზრდის ნამყენის მექანიკურ სიმტკიცეს, იცავს მყნობის ადგილს მავნე ორგანიზმების შეჭრისაგან, გამოშრობისა და ზედმეტი ტენისაგან. ხელს უწყობს კალუსის წარმოშობას და ზღუდავს სანამყენეზე კვირტის ნაადრევად განვითარებას. დაპარაფინებული ნამყენები უნდა ჩაიწყოს სასტრატიფიკაციო ყუთში.
დაპარაფინირებული ნერგი ნამყენის ჩაწყობა ნახერხში
ჩაწყობის წინ ყუთს ახდილ მხარეზე აკრავენ დროებით გვერდს იმ ვარაუდით, რომ 5სმ სიღრმეზე ჩაჯდეს ყუთში. აცლიან მოძრავ გვერდს და ყუთს დგამენ დროებითი გვერდით ჩამწყობისაკენ; ჩამწყობი ყუთში ყრის დასველებულ, გაცრილ ნახერხს, ასწორებს ხელით და მსუბუქად ტკეპნის. ისე, რომ ფენის სისქე 4-5სმ აღწევდეს. შემდეგ ერთ ფენად ალაგებს 100 ცალ ნამყენს, რომელსაც ფარავს ნახერხის ახალი 2სმ სისქეზე და ხელის ფრთხილი დაწოლით ტკეპნის; შემდეგ აწყობს ნამყენის მომდევნო ფენას და ა.შ., ვიდრე ყუთს ახდილ გვერდამდე 5 სმ არ დარჩება. შემდეგ უკეთებს მოძრავ გვერდს, დგამს თავის ძირზე, აცლის დროებით გვერდს და დარჩენილ ცარიელ ადგილს ავსებს სველი ნახერხით. ყუთს ეწერება ნომერი, უკეთდება ეტიკეტი, ჟურნალში ჩაიწერება საძირე-სანამყენეს ჯიში, ნამყენის რაოდენობა, მყნობის თარიღი, მყნობელის გვარი, სახელი.
ყუთი შეაქვთ ერთი დღით ადრე გამთბარ სათბურში, სადაც მოთავსებულია თერმომეტრი და ჰიგრომეტრი. სათბურში ტემპერატურა სტაბილურად უნდა იყოს 26-270C, ხოლო შეფარდებითი ტენიანობა 75-80%; ჰაერი უნდა განიავდეს დღეში 2-3 ჯერ; სათბურში ნამყენს აჩერებენ 11-14 დღე, შემდეგ 3-4 დღით გადააქვთ საკაჟეში, სადაც ტემპერატურა 15-170C უნდა იყოს; ნამყენის თავებზე ნახერხის ფენას ათხელებენ. გაკაჟებული ნამყენი ხელმეორედ დაპარაფინდება და გადააქვთ დასარგავად მომზადებულ სანერგეში.
მევენახეობა – აგროტექნოლოგია /რედ. ლევან უჯმაჯურიძე; აკად. ნოდარ ჩხარტიშვილის საერთო რედაქციით/.
იხილეთ აგრეთვე: კვირტით და კალმით მყნობა – მყნობის წესები