მსხლის ჯიში კონფერენსი (Conference)
წარმოშობა: გამორჩეულია ინგლისში ტ. რივერსის მიერ XIX საუკუნის 70-80- იან წლებში. იგი მიღებულია ჯიშის ლეონ ლეკლერკ დე ლავალის [Leon Leclerc de Laval] თავისუფალი დამტვერვით.
ჯიშმა მოიგო 1885 წელს ბრიტანეთის მსხლის ნაციონალური კონფერენციის პრიზი, ამჟამად ევროპის ყველაზე პოპულარული ჯიშია.
გავრცელება: საქართველოში შემოტანილია 2008 წ. ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის (2014 წლიდან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ს. ჯიღაურას ექსპერიმენტული ბაზა) მიერ.
მორფოლოგიური დახასიათება: ხე საშუალო ზრდის, ივითარებს ვიწროპირამიდულ, ფორმის, საშუალოდ ჩახშირებულ კარგად შეფოთლილ ვარჯს. ძირითადი ტოტების კანის ფერი მონაცრისფრო-ყავისფერი. ყლორტი საშუალო სიგრძის. მოკლე მუხლთშორისებით. კვირტები კონუსური ფორმის, გამოკვეთილი წვეტით, ყლორტიდან მნიშვნელოვნად გამოწეული. ფოთოლი საშუალო ზომის, ოვალური ფორმის, მახვილი წვერით, ხერხკბილა. ფოთლის განლაგება – დაშვებული, ყუნწი გრძელი (52-67მმ), თანაფოთოლაკები გრძელი. ყვავილი საშუალო ზომის, თეთრი ფერის. გვირგვინის ფურცლები ერთმანეთზეა გადაფარული.
ნაყოფის პომოლოგიური ნიშნები: ნაყოფი საშუალო ან საშუალოზე მსხვილი (მასა 172–210გ), ბოთლისებური, ან მოგრძო მხლისებური ფორმის ერთგვაროვანი, სიმეტრიული. დიამეტრი საშუალო. ნაყოფის სიგრძის შეფარდება დიამეტრთან მაღალია (H86 X D60მმ), ლამბაქი (ჯამის ღრუ) პატარა. ჯამი ვიწრო. ნახევრად ღია, მცირე ჟანგარათი. ჯამის ფოთოლაკები ზემოთ მიმართული. ძაბრი არაღრმა, დიდი ჟანგარათი. ყუნწი მოკლე (28- 34მმ), სქელი, საშუალოდ მოხრილი. ყუნწის ყლორტთან მიმაგრების ადგილი ოდნავ გამსხვილებული. ნაყოფის გული მოგრძო-ოვალური ფორმის, სათესლე კამერები პატარა, ნახევრად ღია, ან დახურული. თესლი პატარა.
კანი თხელი, მკვრივი და მაგარი, მომწვანო-მოყვითალო ფერის. მზის მხარეს ფორთოხლისფერი ელფერით. კანის ძირითადი ფერი – მწვანე, მფარავი ფერი- მომწვანო-მორუხო, დიდ ნაწილი დაფარულია ჟანგარას თხელი ფენით. სიმწიფეში იღებს მოყვითალო ელფერს. რბილობი თეთრი, ან კრემისფერი, ზოგჯერ მუქი ყვითელი ფერის, ნაზი. კონსისტენცია – წვრილმარცვლოვანი, მდნარი, ძალიან წვნიანი. საუკეთესო საგემოვნო თვისებებით. გემო – ტკბილი, არომატული. სადეგუსტაციო შეფასე- ბა 4.8 ბალი (5-ბალიანი სისტემით).
მარტივი ბიოქიმიური შედგენილობა: ხსნადი მშრალი ნივთიერება -12.2 -13.8 % (Brix); შაქარი – 8.3-9.4 გ/100გ; ტიტრული მჟავიანობა – 0.23-0.28 %.
ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები
ზრდა და მსხმოიარობა. ჯიში ხასიათდება კვირტების და ყლორტების განვითარების საშუალო უნარით. ძირითადად მსხმოიარობს მეჭეჭა სანაყოფე ტოტებზე, ასევე შუბებზე და ერთწლიან ნაზარდებზე. მოსავლის მოცემას იწყებს დარგვიდან 2-3 წელს (კომში, MC). მოსავლიანობა რეგულარული და მაღალი. კვლევით დადგენილი საშ. მოსავალი შეადგენს 18,5 – 22.4კგ/ხე. კარგად იმყნობა კომშის სხვადასხვა საძირეებზე.
დამტვერვა. ჯიში საადრეო-საშუალო პერიოდის მოყვავილეა (საკონტროლო ჯიშ ვილიამსთან შედარებით 3-4 დღით ადრე). ყვავილობს აპრილის შუა პერიოდში. ყვავილობის ხანგრძლივობა 10-12 დღეა. (ს. ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში). ჯიში დიპლოიდია, ნაწილობრივ თვითფერტილური ჯიშია. მსხლის მრავალი ჯიშისთვის უნივერსალური დამამტვერიანებელია, ოპტიმალური დამამტვერიანებელი ჯიშებია: ბერე ბოსკი, ვილიამსი და კონკორდი.
გამძლეობა მავნებელ-დაავადებების მიმართ. ჯიშის გამძლეობა ვაშლის ძირითადი სოკოვანი დაავადებების მიმართ საშუალოა. ძლიერად ზიანდება მსხლის ფსილით და ქლოროზით მაღალკარბონატულ ნიადაგებზე.
სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები. საუკეთესო საგემოვნო თვისებების მქონე საშემოდგომო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. იკრიფება სექტემბრის პირველ დეკადაში. სამომხმარებლო სიმწიფე დგება – სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის პირველ დეკადაში. (ს.ჯიღაურას (მცხეთა) პირობებში). სამაცივრო პირობებში (0-10C) ინახება 3 -5 თვე.
ჯიშის დადებითი თვისებები. ახასიათებს მაღალი საგემოვნო თვისებები, უხვი მსხმოიარობა, დამწიფების შემდეგ ნაყოფი ხიდან არ ცვივა, ნაყოფის მაღალი ტრანსპორტაბელობა. მაღალია აფინიტეტი.
ჯიშის უარყოფითი თვისებები. მავნებელ-დაავადებების მიმართ ნაკლებ რეზისტენტულია. მნიშვნელოვნად ზიანდება ფოთლის ყავისფერი ლაქიანობით (შ.ვესიცარიუმ) და მსხლის ფსილით, ზამთარგამძლეობის უნარი საშუალოა.
ზოგადი შეფასება. ჯიშის გავრცელება შესაძლებელია, საქართველოს ზოგიერთ სამრეწველო რეგიონში, შეზღუდულად. მხოლოდ მაღალი აგროფონის შენარჩუნების პირობებში.
ავტორები: ზვიად ბობოქაშვილი; ელენე მაღლაკელიძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
წყარო: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები
სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.