ვენახის გაშენების ძირითადი საკითხები საქართველოს ამპელოგრაფიის მიხედვით

757 Views

ახალი ვენახების გაშენებისას ყურადღება უნდა მიექცეს ნაკვეთის რელიეფის თავისებურებას, ექსპოზიციას, სიმაღლეს ზღვის დონიდან, ასათვისებელი ფართობის ნიადაგისა და მიკროკლიმატურ პირობებს, გრუნტის წყლის სიახლოვეს ნიადაგის ზედაპირთან, მცენარეულობის საფარს და სხვ.

გარდა ამისა ვენახის გაშენებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული ვაზის ჯიშთა განლაგება ცალკეული მიკრორაიონის თავისებურების მიხედვით, მელიორაციული და აგროტექნიკური ღონისძიებათა გატარება, მუშახელის მოთხოვნილების გათვალისწინება, სამუშაო პროცესების მექანიზაცია, მოსავალი, მისი სამეურნეო გამოყენება და სხვ.

ახალი სავენახე ფართობის შერჩევის დროს პირველ რიგში გათვალისწინებული უნდა იქნეს ამა თუ იმ რაიონის კლიმატური პირობების თავისებურება (სითბოს საერთო ჯამი და მისი განაწილება ბიოლოგიური ფაზების მიხედვით, სითბოს აბსოლუტური მინიმუმი და მაქსიმუმი, ნალექების ჯამი და მისი განაწილება თვეების მიხედვით), რადგან იგი ძირითადად განსაზღვრავს ხოლმე მევენახეობის განვითარების შესაძლებლობას და ამავე დროს მოსავალს და პროდუქციის ღირსებას. კლიმატური პირობების ცვალებადობაზეა დამოკიდებული აგრეთვე ვაზის ჯიშთა გაადგილება და ვენახის მოვლის წესების თავისებურება. ამის შესაბამისად მთისპირა და მთიან ზონისათვის, სადაც სითბოს ჯამი მცირეა, შერჩეული უნდა იქნეს შედარებით ნაადრევი მწიფობის და მოკლე ვეგეტაციის მქონე ვაზის ჯიშები, ხოლო ზამთრის ყინვების უარყოფითი გავლენის ასაცილებლად საჭიროა ფორმირების წესების შეცვლა, ვაზების საზამთროდ მიმარხვა და სხვ.

ვერტიკალური ზონალობის მიხედვით (ბარიდან მთისკენ) პროდუქციათა შორის მკვეთრი სხვაობაა. ასე მაგალითად ბარსა და მთისწინა კალთების ზონებში 400-800 მ შორის ზღვის დონიდან აღმ. საქართველოში და 500-1000 მ შორის დასავ. საქართველოში ვენახი გვაძლევს ალკოჰოლით მდიდარ, ექსრაქტულ, შენახვისუნარიან, ტრანსპორტაბელურ და იშვიათი გემოს სამარკო სუფრის ღვინოებს, აგრეთვე ცალკეული მიკროზონებში მიიღება პროდუქცია ორდინარული და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. 0-100 მ დას. საქართველოში, 200-400 მ აღმ. საქართველოში და მთიან ზონებში (ზღვის დონიდან 800-1200 მეტრამდე) მიღებული პროდუქცია კი ძირითადად განკუთვნილია მსუბუქ, თხელ და ხალისიან ღვინოებისა და საშამპანურე ღვინომასალის მისაღებად.

ახალი ფართობების ათვისებისას აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენას ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური ბუნების შესწავლა, რადგან მასში არსებული კარბონატების რაოდენობა განსაზღვრავს ამა თუ იმ მიკროუბნისათვის საძირის შერჩევის საკითხს. ამ მხრივ ჩვენს მევენახეობას გააჩნია გარკვეული ნაკლოვანი მხარეები. იმის გამო, რომ მევენახეობის ზოგიერთ რაიონში არ ჩატარდა ნიადაგების სათანადო შესწავლა (ხირსის, მუხრანის) და ამისდა შესაბამისად საძირე ვაზის სწორი გაადგილება, თავი იჩინა ქლოროზმა, რის შედეგადაც დასახელებულ ადგილებში ვენახები დასუსტდა-დაკნინდა და მკვეთრად შემცირდა მოსავლიანობა. ამ მდგომარეობას ახალი ვენახების გაშენების დროს სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს დაშვებული ახალი ვენახების გაშენება ნიადაგური პირობების წინასწარ შესწავლის გარეშე.

მეტად საყურადღებოა ვაზის ჯიშთა გაადგილების საკითხი ცალკეული მიკროზონების მიხედვით. უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით ჩვენში მნიშვნელოვან დარღვევებს არა აქვს ადგილი. საქართველოს მეტად მდიდარ აბორიგენულ ასორტიმენტიდან ხანგრძლივი შესწავლისა და დაკვირვებათა საფუძველზე შერჩეულია მევენახეობის ცალკეული რაიონისა და მიკრორაიონის ეკოლოგიური პირობების მიხედვით ვაზის შესაფერისი ჯიშები. ვაზის ჯიშების არასწორად გაადგილების შემთხვევებს ვამჩნევთ უმთავრესად მევენახეობის ახალ რაიონებში. ასე მაგალითად, აჭარის მთიან ზონაში (შუახევისა და ხულოს რაიონები) შეტანილია იმერული ვაზის საგვიანო ჯიში ცოლიკოური, რომელიც მხოლოდ იშვიათ წლებში ასწრებს მომწიფებას; მესხეთის (ახალციხის, ადიგენის, ასპინძის) რაიონებში იმერელმა ახალმოსახლემ გადაიტანა იმერული ჯიში ცოლიკოური, ციცქა და სხვ., რომლებიც იქ ვერ ასწრებს მომწიფებას. ასეთივე სურათია ქვემო ქართლის მთიან რაიონებში (დმანისი, თეთრიწყაროს ზემო ზონა), სადაც დაბლარად გაშენებულ ვენახებში გვხვდება რქაწითელი, საფერავი და სხვ. საშუალო პერიოდის სიმწიფის ჯიშები.

ახალი სავენახე ფართობების ათვისების დროს მეტად მნიშვნელოვანია ვენახის გაშენებამდე ამ ფართობების გაკულტურულება. არის შემთხვევები, როდესაც ვენახის გაუქმების უმალვე წარმოებს ხოლმე ნავენახარ ფართობზე ახალი ვენახის ჩაყრა. ამის შედეგად, ჯერ ერთი, ნიადაგის მოღლის გამო ვაზების ზრდა-განვითარება სუსტია, რასაც მოსავლის შემცირება მოსდევს; გარდა ამისა მოსალოდნელია სხვადასხვა დაავადებათა და განსაკუთრებით ფესვის სიდამპლის გავრცელება, რამაც შეიძლება ახალი ვენახების მასობრივი დაავადება-დაკნინება გამოიწვიოს. ნავენახარი და ნაზვრევი 3 წელი მაინც უნდა დავასვენოთ, მასში მინერალური სასუქების ფონზე უნდა ვთესოთ პარკოსანი ბალახები, რაც ხელს შეუწყობს ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების გაუმჯობესებას და ამავე დროს მავნე სარეველა ბალახების მოსპობას.

ასევე მნიშვნელოვანია სხვა კულტურებით და განსაკუთრებით ტყით დაკავებული ფართობის ათვისების საკითხი ვენახის გასაშენებლად. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მოსალოდნელია ვაზის ფესვის სიდამპლის მასობრივი გავრცელება.

ვაზის ზრდა-განვითარებისა და მოსავლიანობისათვის მეტად მნიშვნელოვანია სავენახე ნაკვეთის ღრმად დამუშავება. როგორც ცნობილია, საქართველოს რაიონების ეკოლოგიური პირობების შესაბამისად წარმოებს ნიადაგის ღრმად დამუშავება 55-60 სმ-ის სიღრმეზე. გარდა ამისა მევენახეობის აგროწესებით გათვალისწინებულია უკვე გაშენებული ვენახების რიგთაშორისების პერიოდული ღრმა გაფხვიერება 50-60 სმ სიღრმეზე, მაგრამ იგი დასახულ მიზანს სავსებით მაინც ვერ აღწევს. ხანგრძლივი დაკვირვებებით და პრაქტიკული გამოცდილებით დადასტურებულია სავენახე ნაკვეთის უფრო ღრმად დამუშავების აუცილებლობა (70-80 სმ) ნიადაგის ფენების ურთიერთ ჩანაცვლებით, რაც ხელს შეუწყობს ნიადაგის ღრმა ფენებში ვაზის ფესვთა სისტემის მძლავრ განვითარებას და ვეგეტაციური ნაწილების ძლიერ ზრდასთან ერთად ყურძნის უხვი მოსავლის მიღებას.

ვენახის გაშენებასთან დაკავშირებულ საკითხებიდან მნიშვნელოვანია კვების არის დაზუსტება და ამის მიხედვით ვაზის დარგვის სიხშირე; იგი აგროღონისძიებათა მთლიანი კომპლექსის ერთ-ერთ ძირითად რგოლს წარმოადგენს, რადგან მის სწორად განსაზღვრაზე დამოკიდებულია ვენახში ჩასატარებელი სამუშაო პროცესების მექანიზაცია, ვაზების ზრდა-განვითარება, ამის შესაბამისად დატვირთვა-ფორმირება, მოსავლიანობა, პროდუქციის ღირსება და სხვ.

ბუნებრივ-ეკოლოგიური პირობების ნაირსახეობის მიხედვით ჩვენი ქვეყნის მევენახეობაში ძველთაგანვე სულ სხვადასხვა კვების არეა მიღებული და ამის მიხედვით დარგვის სიხშირე ჰექტარზე 5000-10000 ძირამდე აღწევდა. დარგვის სიხშირის ასეთი დიდი რყევადობა გამოწვეული იყო ნიადაგური პირობებით, მიკროკლიმატით, ჯიშის თავისებურებით და აგროტექნიკის დონით. ვაზის ხშირად დარგვას ხელს უწყობდა საკუთარ ძირზე ვენახების გაშენება და ვაზების სისტემატური გადაწიდვნა.

ფილოქსერის გავრცელების შემდეგ მევენახეობის ნამყენზე გადაყვანასთან დაკავშირებით საჭირო შეიქნა კვების არის და ამის შესაბამისად დარგვის სიხშირის დაზუსტება, რადგან საძირე ვაზის ნიადაგურ პირობების შედარებითმა მგრძნობიარობამ განსაზღვრა აღნიშნული საკითხი. მაგრამ ამ მდგომარეობას კიდევ მეტად შეუწყო ხელი მსხვილ მევენახეობის მეურნეობებში ძირითად სამუშაო პროცესების მექანიზაციის დანერგვამ.

მრავალწლიური დაკვირვებებით დადასტურებულია, რომ მევენახეობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ვაზისათვის მცირე კვების არის მიცემა მიუღებელია, რადგან მცენარის ბიოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე, ხშირად დარგული ვაზის ფესვების ურთიერთ მიახლოებისა და გადახლართვის შედეგად საკვების მოპოვებისათვის გამუდმებულ ბრძოლას აქვს ადგილი მათ შორის, რასაც თან სდევს ცალკეული ვაზის ძირების დასუსტება-დაკნინება, აგრეთვე ძნელდება ვაზის ნორმალურად დატვირთვა, ხოლო მცირე დატვირთვის გამო ვაზის განვითარებაც არანორმალურია, დაჩრდილვისა და ჰაერაციის შენელების გამო ადგილი აქვს ყვავილცვენას და ამის შედეგად მოსავლის შემცირებას, პროდუქციის ხარისხის გაუარესებას და საერთოდ ძნელდება სამუშაო პროცესების ჩატარება (ნიადაგის დამუშავება, სარეველა ბალახების, მავნებელთა და ავადმყოფობათა წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ.), რის შედეგადაც მნიშვნელოვნად იზრდება პროდუქციის თვითღირებულება.

ვაზის ხშირად დარგვას შეიძლება ჰქონდეს ერთგვარი უპირატესობა მხოლოდ ფერდობებზე, სადაც მექანიზაციის გამოყენება შეუძლებელია. ამავე დროს ასეთ ადგილებში ხშირი ვენახი ანელებს ეროზიულ პროცესებს.

კვების არის დადგენის დროს მნიშვნელოვანია ჯიშის თავისებურება. ძლიერ მზარდ ვაზის ჯიშებს ესაჭიროებათ დიდი კვების არე, რათა ვეგეტაციურ ნაწილებს, მათთვის განკუთვნილ არეში, მიეცეს ნორმალური განვითარების შესაძლებლობა, და პირიქით, ნაკლებად მზარდი ვაზის ჯიშები შედარებით მცირე კვების არეს საჭიროებენ. კვების არის ცვალებადობა ჯიშის ფარგლებში უნდა წარმოებდეს ვაზთა შორის მანძილის ხარჯზე. რიგთა შორის მანძილი კი უნდა უპასუხებდეს მექანიზაციის სრული გამოყენების შესაძლებლობას.

ჩვენი მევენახეობის ზოგიერთ მეურნეობაში ზემოთ დასახელებული კანონზომიერება ძირითადად დარღვეულია. მაგალითად, განჯურს, რომელსაც ახასიათებს მეტად ძლიერი ზრდა, მიცემული აქვს კვების არე 1,5X1,5 მეტრი. ამის გამო ვაზის ვეგეტატიური ნაწილები ურთიერთში გადახლართულია, შენელებულია ჰაერაციისა და მზის სხივების მოქმედების რეჟიმი, ხშირია მასობრივი ყვავილცვენა და სოკოვან ავადმყოფობათა განვითარება, გაძნელებულია მექანიზაცია და სხვ.

საქართველოს ცალკეული რაიონების ეკოლოგიური პირობების და ვაზის ჯიშის თავისებურების შესაბამისად ვაკე და მცირედ დაქანებულ ადგილებში, სადაც მექანიზაციის გამოყენების სრული შესაძლებლობა არსებობს, მიღებული უნდა იქნეს 2X2, 2X1,5, 2X1,25 მეტრი, ხოლო ფართობებზე, სადაც შეუძლებელია მექანიზაციის სრული გამოყენება – 1,5X1,5 და 1,5X1,25 მეტრი. (ამჟამად სხვებთან ერთად 3,0×1,5 მ. 2,5×1,5 მ ეს კვების არეებიც გამოიყენება – აგროკავკასია).

დადგენილი და დადასტურებულია ვაზის ორმოში დარგვის უპირატესობა, მაგრამ ზოგან (კახეთში, ქართლში) სამუშაოს გაიოლების მიზნით მუდმივ ადგილზე ვაზს პალოთი რგავენ, რაც დაუშვებელ მოვლენად უნდა ჩაითვალოს.

მცენარის ბიოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს თავიდანვე შეეწყოს ხელი მის ნორმალურ ზრდა-განვითარებას, რათა ამის შედეგად ვაზში დაგროვდეს დიდი პოტენციალური ენერგია. ამ უკანასკნელის ერთ-ერთ ძირითად პირობად კი ნამყენი ვაზის ორმოში დარგვა უნდა იქნეს მიჩნეული წინა სავეგეტაციო ფაზაში წარმოქმნილი სრული ფესვთა სისტემის დატოვებით. ფესვთა სისტემის ფართო ზედაპირი პირველსავე სავეგეტაციო პერიოდში ივითარებს შემწოვი ფესვების დიდ მასას, რაც საკვებ ნივთიერებათა მაქსიმალურად დაგროვების ხარჯზე თავიდანვე უზრუნველყოფს ნამყენი ვაზის ძლიერ ზრდა-განვითარებას.

საქართველოს ამპელოგრაფია /ნიკოლოზ კეცხოველი; მაქსიმე რამიშვილი; დიმიტრი ტაბიძე/.

Related Articles

ვაზის ჭრაქი
სამაცივრე აგრეგატები
ლიპოსამი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB