კვირტით და კალმით მყნობა – მყნობის წესები

მყნობა

მყნობა არის ერთი მცენარის გადანერგვა მეორეზე და შედგება ორი კომპონენტისაგან სანამყენის და საძირისაგან.

მყნობა გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

1. ისეთი კლონების შენარჩუნებისათვის, რომელთა გამრავლება ვეგეტაციური გამრავლების სხვა წესით ძნელია ან სასარგებლო არ არის;

2. საძირის დადებითი თვისებების გამოსაყენებლად. ზოგიერთ შემთხვევაში ჯიში შეიძლება ადვილად გამრავლდეს კალმით, მაგრამ უპირატესობა ეძლევა მის მყნობას ისეთ საძირეზე, რომლის ფესვთა სისტემასაც ახასიათებს სასურველი თვისებები. მაგალითად, ცუდ ნიადაგურ პირობებთან შეგუება, ავადმყოფობისა და მავნებლების წინაამღდეგ გამძლეობა, სასურველი ზრდის სიძლიერე და სხვა;

3. შუალედური სიძლიერის დადებითი თვისებების გამოსაყენებლად;

4. ჯიშის შესაცვლელად დიდ მცენარეებში ეს შეიძლება დაგვჭირდეს მაშინ, როდესაც ბაღი გაშენებულია ძველი ჯიშებით, რომლებზეც მოთხოვნილება აღარ არის, ან არაპროდუქტიული ჯიშებით;

5. შერჩეული ნათესრების მსხმოიარობის დასაჩქარებლად. ნათესარებმა შეიძლება მსხმოიარობა დაიწყოს 8-15 წლის შემდეგ. მყნობა კი აჩქარებს მსხმოიარობაში შესვლის დროს.

კვირტით მყნობა

კვირტით მყნობა – მყნობის ისეთი წესია, როდესაც საძირეზე გადააქვთ კულტურული ჯიშის მხოლოდ ერთი კვირტი, ქერქის პატარა ფარით. შესრულების ტექნიკის სიმარტივისა და დამყნობილი კვირტების შეხორცების მაღალი პროცენტის გამო კვირტით მყნობა წარმოადგენს ხეხილის მყნობით გამრავლების ძირითად წესს.

კვირტით მყნობის შემდეგი წესები არსებობს:

• T-სებურ ჭრილში მყნობა;
• კვირტის მიჭდომით მყნობა;
• ორმაგი მყნობა შუალედური ფარით;
• რგოლით მყნობა.

კვირტით მყნობის ძირითადი ვადაა ზაფხული, თუმცა იგი შეიძლება ჩატარდეს გაზაფხულზეც. ზაფხულში მყნობა ბარში ტარდება 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე. მთიან ზონაში კი – 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე.

პირველ რიგში, უნდა დაიმყნოს კურკოვანი კულტურები, შემდეგ კი _ თესლოვანი.

გაზაფხულზე მყნობა ტარდება საძირეში წვენთა მოძრაობის დაწყების შემდეგ. გაზაფხულზე მყნობისათვის სამყნობი მასალა უნდა დავამზადოთ მცენარის მოსვენების პერიოდში და მყნობის დაწყებამდე შევინახოთ გრილ ადგილას. როგორც ზაფხულში, ისე გაზაფხულზე მყნობის წარმატებით ჩასატარებლად აუცილებელია რომ საძირე იყოს აქტიურ _სანამყენე კი (კვირტი, კალამი) მოსვენებულ მდგომარეობაში.

მყნობისათვის საჭირო კვირტი უნდა დამზადდეს ვირუსულ და სხვა საკარანტინო მავნებელი დაავადებებისაგან თავისუფალი, უხვმოსავლიანი ხეებიდან.

სამყნობად უნდა აიჭრას კარგად განვითარებული და მომწიფებული მიმდინარე წლის ნაზარდი, რადგანაც ყლორტის წვერსა და ბაზალურ ნაწილში კვირტები ცუდად არის განვითარებული, ამიტომ კალამს (სამყნობად აჭრილ ყლორტს კალამი ეწოდება) უნდა წაეჭრას თავი და ბოლო.

აორთქლების გამო გამოშრობის თავიდან აცილების მიზნით. კალამს აჭრისთანავე უნდა მოვაცილოთ ფოთლის ფირფიტა, ყუნწის ნაწილი კი დავტოვოთ კალამზე. იგი საჭიროა კვირტის ჭრილობაში ჩასასმელად და შეხორცების პროცესის შესამოწმებლად.

ასეთი წესით დამზადებული კალამი უნდა გავახვიოთ სველ ტილოში და მყნობამდე შევინახოთ გრილ, ნესტიან ადგილას. უკეთესია, თუ კალამს დავამზადებთ უშუალოდ მყნობის ან მის წინა დღეს.

• T-სებურ ჭრილში მყნობა

T-სებურ ჭრილში მყნობის დროს თანამიმდევრულად უნდა შესრულდეს შემდეგი ოპერაციები: T-სებური ჭრილის გაკეთება საძირეზე, კვირტის აჭრა, კვირტის ჩასმა ჭრილში და შეხვევა.

მყნობის დროს მყნობელი მარცხენა ხელში იჭერს კალამს ისე, რომ კვირტის წვერები მისკენ იყოს მიმართული, კვირტი კი, რომელიც უნდა აიჭრას, ეყრდნობოდეს გაშლილ საჩვენებელ თითს.

კვირტის აჭრა იწყება კვირტის ფუძიდან 0,5 სმ-ით ქვევით. აღნიშნულ ადგილს, კალმის პერპენდიკულარულად ვადებთ დანის პირს და მცირე დაწოლით ვჭრით კანს, შემდეგ დანა გადაგვაქვს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ვეწევით ჩვენსკენ და მარჯვნივ, ისე, რომ კვირტის აჭრაში მონაწილეობა მიიღოს დანის მთელმა პირმა (კანის ჩაჭრა ხდება დანისპირის ფუძით, აჭრა კი მთავრდება დანის წვერთან).

აჭრა უნდა დამთავრდეს კვირტის წვერიდან 0,5-1 სმ ზევით (აჭრილი კვირტის სიგრძე შეიძლება იყოს სულ 2,5-3 სმ, სიგანე 3-4 მმ). კანის ნაწილს, რომელიც კვირტს მოყვება, ფარი ეწოდება. აჭრილ კვირტს ქერქის ფართან ერთად შეიძლება გაყვეს მერქნის პატარა ნაწილი კვირტის მოპირდაპირე მხარეზე.

აჭრილ კვირტს იჭერენ დატოვებული ყუნწით და, რაც შეიძლება სწრაფად სვამენ საძირეზე გაკეთებულ T-სებურ ჭრილში. T-სებური ჭრილის გაკეთების დროს ჯერ უნდა შესრულდეს ვერტიკალური (T-ს ფეხი), შემდეგ კი _ ჰორიზონტალური ჭრილი. თუ ფარის ზედა ნაწილი ვერ ჩაეტია ჭრილში, ზედმეტი ნაწილი იჭრება დანით.

ჭრილობა სწრაფად იხვევა პოლიეთილენის სახვევით (1 სმ, სიგანისა და 25-30 სმ. სიგრძის ლენტით). შეხვევა იწყება ზევიდან ქვევით ისე, რომ ჭრილობა მთლიანად დაიფაროს. ჭრილში ჩასმული კვირტი კი დაუფარავი უნდა დარჩეს.

მყნობიდან 12-15 დღის შემდეგ ამოწმებენ ნამყენი კვირტის შეხორცებას. თუ კვირტზე დატოვებული ყუნწი გაყვითლდა და ჩამოვარდა, ან ჩამოვარდა თითის შეხებით, კვირტი შეხორცებულია. თუ დაჭკნა და არ ჩამოვარდა, შეხორცება არ მომხდარა და საჭიროა ხელმეორედ მყნობა.

• კვირტით მიჭდობით მყნობა

კვირტის მიჭდობით მყნობას მიმართავენ მაშინ, როდესაც საძირეს რაიმე მიზეზით კანი არ ძვრება, ასეთი მყნობისათვის კვირტის აჭრა ხდება ზემოთ აღწერილი წესით, საძირეს კი აათლიან კანს ისეთი ზომითა და ფორმით, როგორც აჭრილ კვირტს აქვს, ანათალზე მიადებენ აჭრილ კვირტს და შეახვევენ.

• რგოლით მყნობა

რგოლით მყნობა გამოიყენება კაკლისა და ზოგიერთი სხვა სქელკანიანი კულტურების სამყნობად. ამ დროს სპეციალური ორპირიანი დანის საშუალებით (პირებს შორის მანძილი უნდა იყოს 25-30 მმ) საძირეზე შემოაჭრიან და შემოაცლიან კანს რგოლის სახით, მის ადგილზე სვამენ სანამყენედან აჭრილ იმავე ზომის კვირტიან კანს.

მყნობის შემდეგ ჭრილობა უნდა დაიფაროს ბაღის მალამოთი და შეიხვეს. მყნობისათვის საჭიროა, რომ საძირესა და სანამყენეს ჰქონდეს ერთნაირი დიამეტრი, დასაშვებია ოდნავ მსხვილი სანამყენე.

კალმით მყნობის წესები

კალმით მყნობის წესები, ტექნიკური სიძნელეებისა და სხვა ნაკლოვანებათა გამო, გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში. მაგალითად, გადაზრდილი საძირეების დასამყნობად, არასასურველი ჯიშების შესაცვლელად და სხვა.

კალმით მყნობის მრავალ წესს შორის გავრცელებულია და მეხილეობაში გამოიყენება:

• კოპულირება (ჩვეულებრივი და გაუმჯობესებული);
• კანქვეშ მყნობა;
• გაპობით მყნობა;
• მყნობა გვერდით განაჭერში;
• ხიდით მყნობა.

• კოპულირება

ჩვეულებრივი კოპულირება იშვიათად გამოიყენება. მეხილეობაში გაუმჯობესებულ, ანუ ენაკებით კოპულირებას მიმართავენ ზამთრის მყნობის დროს.

ამისათვის საძირესა და სანამყენეს ალმაცერად ჭრიან, გადანაჭერზე უკეთებენ ენაკებს და აერთებენ ერთმანეთთან ისე, რომ საძირისა და სანამყენეს კამბიალური ქსოვილები ერთმანეთს დაემთხვეს. მყნობისათვის აუცილებელია, რომ საძირე და სანამყენე ერთნაირი სისქის იყოს.

• კანქვეშ მყნობა

მყნობის ეს წესი სწრაფია და ადვილად შესასრულებელი. იძლევა გახარების მაღალ პროცენტს. მისი გამოყენება შეიძლება 2,5-დან 30-სმ-მდე და მეტი დიამეტრის მქონე ტოტების გადასამყნობად.

მყნობა შეიძლება ჩავატაროთ მაშინ, როდესაც მცენარეში წვენთა ძლიერი მოძრაობა იწყება, რადგან იგი აადვილებს კანის აძრობას. მყნობისათვის საძირეს გაჭრიან სწორედ, ჩასერავენ სიგრძეზე და კანს ფრთხილად აცილებენ მერქანს, შემდეგ კალამს ირიბად წაუთლიან ქვედა ნაწილს და ჩასვამენ კანის ქვეშ. ჭრილობას დაფარავენ ბაღის მალამოთი და მჭიდროდ ახვევენ.

• გაპობით მყნობა

მისი გამოყენება უკეთესია ისეთ მცენარეებზე, რომლებსაც ახასიათებთ მერქნის სწორფენოვანი წყობა. ამ დროს მიიღება სწორი ნახლეჩი. მყნობა შეიძლება ჩატარდეს მოსვენების ნებისმიერ პერიოდში, მაგრამ უკეთესი შედეგები მიიღება ადრე გაზაფხულზე, კვირტების დაბერვის პერიოდში.

მყნობის ჩასატარებლად საძირეს გადაჭრიან, გადანაჭერს მოასუფთავებენ ბასრი დანით და ფრთხილად გააპობენ. შემდეგ კალმის ბოლო ნაწილს 3-4 სმ სიგრძეზე ჩაჭრიან სოლივით (სოლის გარე მხარეს უნდა დარჩეს კანის ზოლი) და ჩასვამენ განახლეჩში ისე, რომ კალმისა და საძირეს კანი და კამბიალური ქსოვილები დაემთხვნენ ერთმანეთს.

თუ საძირე სქელია, მოპირდაპირე მხარეს შეიძლება ჩაისვას მეორე კალამი. მყნობის დამთავრებისთანავე გადანაჭერი უნდა დაიფაროს ბაღის მალამოთი და შეიხვეს მჭიდროდ.

• მყნობა გვერდით განაჭერში

მყნობისათვის საძირეზე აკეთებენ ირიბ ჩანაჭერს 20-300კუთხით. სანამყენე უნდა იყოს 7-8 სმ სიგრძის და ჰქონდეს ორი-სამი კვირტი. სანამყენეს ქვედა ბოლოზე აკეთებენ 2,5 სმ-ის სიგრძის სოლს. კალმის ჩასმის შემთხვევაში, საძირე და სანამყენე მჭიდროდ ერთდებიან, შემდეგ ჭრილობა უნდა დაიფაროს ბაღის მალამოთი.

• ხიდით მყნობა

 ხშირად მცენარეს უზიანდება შტამბი და დედატოტები. დაზიანებული ადგილების აღდგენის მიზნით მიმართავენ ხიდით მყნობას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ დაზიანებული ადგილის ქვემოთ და ზემოთ კანს სერავენ, აჭრიან შესაფერისი სიგრძის კალამს, ცერად წაუთლიან თავსა და ბოლოს, ჩასვამენ გაკეთებულ ჭრილობაში, დაზიანებულ ადგილს გაასუფთავებენ, დაფარავენ ბაღის მალამოთი და შეახვევენ შეხორცების შემდეგ წვენთა მოძრაობა აღდგენილი იქნება კალმებით.

• მიახლოებითი მყნობა

მიახლოებითი მყნობის დროს სამყნობი კომპონენტები ერთმანეთს უერთდებიან დედა მცენარისაგან მოუცილებლად. ერთ-ერთი კომპონენტის (სანამყენეს) დედა მცენარისაგან მოცილება შეიძლება მხოლოდ სრული შეხორცების შემდეგ.

ეს წესი, ძირითადად, გამოიყენება ძნელად შესახორცებელი მცენარეების სამყნობად.

სამყნობ მცენარეებს ზრდიან ერთმანეთის გვერდით ქოთნებში ან სხვა ჭურჭელში. საძირესა და სანამყენეს გვერდებზე ერთ სიმაღლეზე უკეთდებათ ანათალები, ამ ადგილებს აერთებენ ერთმანეთთან და მჭიდროდ ახვევენ. შეხორცების შემდეგ, საძირეს გადაჭრიან შეხორცებული ადგილის ზევით, სანამყენეს კი შეხორცებული ადგილის ქვევით.

kvirtit_mynoba_000019823292024521

ავტორები: ზაირა ტყებუჩავა; ცოტნე სამადაშვილი; გივი ცაგურიშვილი; ალექსანდრე გათენაძე. სოფლის მეურნეობის საფუძვლები.

იხილეთ აგრეთვე: თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის მყნობა – ვიდეორჩევა

თქვენი რეკლამა