ვაზის ჯიშების ყინვაგამძლეობა და დაზიანების შემცირების ღონისძიებები კახეთში

ვაზისჯიში, ყინვაგაძლეობა, კახეთში

ნაშრომში მოცემულია კახეთის მევენახეობა–მეღვინეობის რეგიონში ვაზის ზოგიერთი აბორიგენული და ინტროდუცირებული ჯიშის შედარებითი ყინვაგამძლეობა; თანამედროვე პერიოდში, დედამიწაზე მიმდინარე გლობალური დათბობის პირობებში, წლებისა და სეზონების მიხედვით ჰაერის ტემპერატურული მაჩვენებლების ცვლილება; განხილულია აგრეთვე, ზონების მიხედვით ვაზის მოზამთრე კვირტების ზამთრის ყინვებისაგან დაზიანების პროცენტული ალბათობა და ყინვებისაგან კვირტების მოყინვის შემცირების ზოგიერთი აგროტექნიკური ღონისძიებები.

შიდა კახეთის ტერასირებულ დაბლობზე კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. ზამთარი დაბლობზე, აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, ყველაზე თბილია.

აბსოლუტური მინიმუმების საშუალო აქ არ აღემატება -10-120C-ს; ამიტომ, აღნიშნული მაჩვენებელი ვაზისათვის საზიანო არ არის. ჰაერის ტემპერატურა -150C -ზე ქვევით, რომელიც იწვევს ვაზის მოზამთრე კვირტების ნაწილობრივ დაზიანებას მოსალოდნელია 10 წელიწადში 2-ჯერ და ნაკლებად.

ალაზნის ხეობის დაბლობ ნაწილში (მდინარისპირა ზოლში) ცივი ჰაერის მასები გროვდება; ასეთ ადგილებში გაშენებული ვენახი ადვილად ზიანდება შედარებით ნაკლები ინტენსივობის ყინვებისაგან.

გარე კახეთში, მდ. იორის ხეობაში, საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით, კლიმატი მეტად კონტინენტურია; ხასიათდება მშრალი სუბტროპიკული კლიმატით, ცივი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. აღმოსავლეთიდან მომართული სინოპტიკური პროცესები აქ განაპირობებს ტემპერატურის მნიშვნელოვან შემცირებას. წლის განმავლობაში ყველაზე ცივი თვის (იანვარი) საშუალო ტემპერატურა ყველგან უარყოფითი ნიშნითაა.

უკიდურეს სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში (ელდარი) ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო -150C -ზე ნაკლები არ არის, რეგიონის ცალკეულ მიკროუბნებში (შირაქის ქვაბური) შექმნილი ზამთრის მინიმალური ტემპერატურები -220C -მდე შეიძლება დაეცეს, რომელიც ძალზე ძლიერ დაზიანებას მიაყენებს ვაზის როგორც ერთწლიან, ისე მრავალწიან ნაზარდებს.

იორის ზეგანის მთელ ტერიტორიაზე დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ვაზის ტენით უზრუნველყოფის საკითხს. მცენარეთა გამოზამთრებისათვის უკეთ მომზადების მიზნით, უნდა გავითვალისწინოთ მცენარეთა მოთხოვნილება ტენის მიმართ, რომლის შესაბამისად უნდა ჩატარდეს ხელოვნური მორწყვა.

როგორც აღინიშნა, ზამთრის მოსვენების პერიოდში, ვაზის ადგილობრივი ჯიშები დაუზიანებლად იტანს -10, -120C ყინვებს. -12, -150C ტემპერატურაზე შესაძლოა უმნიშვნელო დაზიანება განიცადოს მოზამთრე ერთწლიანმა კვირტებმა, ხოლო -150C ყინვა საზიანო აღმოჩნდეს გამოზამთრებისათვის ნაკლებად მომზადებული ვაზისთვის.

გამოზამთრების მოსამზადებლად მცენარემ უნდა განვლოს წრთობის პროცესი. ამას კი წინ უსწრებს ე.წ. სარეზერვო ფაზა, რომელიც ნაზარდების ზრდის დამთავრებიდან ფოთლების სრულ ჩამოცვენამდე გრძლედება.

ზრდის დამთავრების შემდეგ, წრთობის პერიოდი მიმდინარეობს +2, +30C ტემპერატურაზე. ამ პერიოდში, ნაზარდში გროვდება სამარაგო ნივთიერებები და სახამებელი, რომლებიც შაქრად გარდაიქმნება და მცენარის ყინვაგამძლეობის მატების ერთ-ერთ ძირითად პირობას წარმოადგენს.

შემდგომ პერიოდში იწყება წრთობის მომდევნო ფაზა -2, -50C ტემპერატურაზე, როცა მცენარის ქსოვილები კარგავენ წყალს, მატულობს მათი ყინვაგამძლეობა. აღნიშნული პროცესების გავლის შემდეგ ხდება მცენარეთა შესვლა მოსვენების პერიოდში. ცნობილია მცენარეთა იძულებით და ღრმა მოსვენების პერიოდები.

ზამთრის ყინვებისაგან ვაზის დაზიანების ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვენახის ფართობის ადგილმდებარეობაზე. ყინვების დამაზიანებელ გავლენას მეტად განიცდის მდინარეთა ხეობის დადაბლებული ნაწილის ნოტიო და ცივ ადგილებში გაშენებული ვენახები. მაგ; მდ. ალაზნის ხეობის დაბლობ ნაწილში გაშენებული ვენახი, ვიდრე მდინარე იორის ხეობაში არსებული.

მდ. ალაზნის დაბლობს უჭირავს დაახლოებით 200 ათასზე მეტი ჰა ფართობი; აქედან 7100 ჰა-ზე გრუნტის წყლების დონე იმყოფება ნიადაგის ზედაპირიდან 1 მეტრ სიღრმეზე; 4700ჰა ფართობზე გრუნტის წყლების დონე 1-დან 2 მეტრ სიღრმემდე, დანარჩენ ფართობებზე კი მათი დონე უფრო ღრმადაა გავრცელებული.

ჩვენს მიერ დადგინდა, რომ მდ. ალაზნის ხეობის დაბლობზე გაშენებული ვენახის კვირტების სუსტი (30%) დაზიანების ალბათობა მოსალოდნელია 30%-ით, ე. ი. 10 წელიწადში სამჯერ; საშუალო (50) დაზიანება 20% წლებში, ძლიერი (70%)-10% წლებში, ხოლო ძალზე ძლიერ (100%) დაზიანებას აქ ადგილი არ აქვს.

ალაზნის ხეობის მთისწინა ზოლში, ვაზის კვირტების სუსტ დაზიანებას ადგილი აქვს შედარებით ნაკლებად-20% წლების მიხედვით, საშუალო და ძლიერი და ძალზე ძლი- ერი დაზიანება მთისწინებზე, საერთოდ არ აღინიშნება.

მდ. იორის ხეობაში, ზამთრის ყინვებისაგან ვაზის კვირტების სუსტი (30%) დაზიანება დაბლობ ნაწილში მოსალოდნელია 40% წლების მიხედვით, ე. ი. 10 წელიწადში ოთხჯერ; საშუალო (50%) დაზიანება-30%, ძლიერი (70%)-10% წლებში, ხოლო ძალზე ძლიერი დაზიანებას (100%) აქ იშვიათად ექნება ადგილი.

მდ. იორის მთისწინეთზე სუსტი დაზიანება -30% წლებში, საშუალო დაზიანება კი- 20% წლებში არის შესაძლებელი; მაღლობ ზონაში სუსტი დაზიანება-50%, საშუალო-30%, ძლიერი-10% წლებში არის მოსალოდნელი; შირაქის ქვაბურზე და სტეპურ ზონაში, სადაც საშუალო აბსოლუტური მინიმუმებიდან-21-220C -ს აღწევს, ვაზის მოზამთრე კვირტების სუსტ და საშუალო დაზიანება თითქმის ყოველწლიურად (30%), ძლიერად-80%, ძალზე ძლიერად კი-60% წლებში მოხდება.

კახეთში, დარაიონებული ვაზის ძირითადი ჯიშები, ყინვაგამძლეობის მიხედვით შეიძლება შემდეგი თანმიმდევრობით დავალაგოთ: რქაწითელი, კახური მწვანე, საფერავი, ჩინური, გორული მწვანე, ალიგოტე, განჯური.

ერთნაირ ტემპერატურულ პირობებში გავრცელებული ვაზის ჯიშები, რქაწითელთან შედარებით-კახური მწვანე და საფერავი 14-15%-ით, ჩინური-20%-ით, გორული მწვანე-23%- ით, ხოლო სასუფრე ყურძნის ჯიში-კიროვაბადის სუფრის-25%-ით მეტად ზიანდება.

ქართლის რეგიონში გავრცელებული ენდემური ვაზის ჯიშები-გორული მწვანე და ჩინური, ქართლის პირობებშიც რქაწითელთან შედარებით ნაკლები ყინვაგამძლეობით გამოირჩევა.

მიკრორაიონებში კი, სადაც სასუფრე ღვინის საწარმოო ჯიშების მოზამთრე კვირტების სხვადასხვა ხარისხის დასაზიანებლად ყინვების ხშირი განმეორებაა მოსალოდნელი,

სასუფრე ყურძნისა და საქიშმიშე ჯიშების საწარმოო მნიშვნელობით გავრცელებას, ყინვა- მდგრადობის ამაღლების სპეციალური ღონისძიებების გატარების გარეშე, უნდა მოვერიდოთ.

დგინდება, რომ 1971-1972 და 1972-1973 წლების ზამთრის პერიოდში, კახეთში შექმნილმა -170C, -180C და -160C, -170C -მა მინიმალურმა ტემპერატურებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აქ გავრცელებულ ზოგიერთ ენდემურ და ინტროდუცირებულ ჯიშს.

1971-1972 წლების ზამთარში საქართველოში მეტად მკაცრი ზამთარი იდგა. კახეთის მევენახეობის რეგიონებში-იანვარში -170C, -180C ჰაერის მინიმალურმა ტემპერატურებმა რქაწითელისა და საფერავის მოზამთრე კვირტები საშუალოდ 37 და 40%-ით, ხოლო სასუფრე ყურძნის ჯიში კარაბურნუ 88%-ით დააზიანა.

1972-1973 წლებში ზამთარში, კახეთის მევენახეობის გავრცელების ზონაში, რქა- წითელისა და საფერავის მოზამთრე კვირტები, -16, -170C ჰაერის ტემპერატურაზე საშუალოდ 47% და 54%-ით, ცალკეულ ფართობებზე კი-გამოზამთრებისათვის სრულყოფილად მოუმზადებელ ვენახებში კვირტების დაზიანების პროცენტი 80-90-ს აღწევდა.

კახეთის მევენახეობა-მეღვინეობის ძირითად მიკრორაიონებში, უმრავლეს წლებში ვაზის კვირტების გამოზამთრებისათვის ხელსაყრელი პირობები არის შექმნილი. თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში მიკროუბნებში შეიძლება ჩამოყალიბდეს პირობები, როცა ყინვები სხვადასხვა ხარისხით აზიანებს მოზამთრე კვირტებს.

ამჟამად, დედამიწაზე მიმდინარე გლობალური დათბობის პროცესში, მკვლევარების მიერ ჩატარებული პროგნოზით დადგენილია, რომ 2050 და 2100 წლამდე პერიოდებში, კახეთში ადგილი ექნება ჰაერის საშუალო წლიურ ტემპერატურის, შესაბამისად 2,0 და 3,50C -ით მატებას.

ამ პერიოდში ჰაერის ტემპერატურა ნაწილობრივ იმატებს-ზამთრის სეზონშიც; ზამთრის პერიოდის ხანგრძლივობა მნიშვნელოვან შემცირებას განიცდის. ასეთ შემთხვევაში ნაკლებად გახდება განსახილველი ყინვებისაგან ვაზის მოზამთრე კვირტების დაზიანებაზე ყურადღების გამახვილება; ნაკლებად იჩენს თავს, აგრეთვე მოსალოდნელი ყინვებისაგან მცენარეთა კვირტების შესამცირებელი ღონისძიებების: სარეზერვო სასხლავი რგოლების გამოყენების, შტამბის ამაღლების, ცის გახსნისა თუ სხვა, გატარების აუცილებლობა.

რადიაციული ყინვების დროს შტამბის ამაღლების ღონისძიებებით, რქების და კვირტების ნიადაგის ზედაპირიდან მეტად დაშორება, მნიშვნელოვნად ამცირებს ყინვებისაგან კვირტების დაზიანების ხარისხს.

შტამბის 40 სმ-დან 60 სმ-მდე ამაღლება კვირტების დაზიანებას საშუალოდ 10%-ით, 80 სმ-მდე-20%-ით, 100 სმ-მდე-25%-ით, ხოლო 120 სმ-მდე 30%-ით ამცირებს.  შტამბის ამაღლებით მცირდება, აგრეთვე წაყინვების უარყოფით ზემოქმედებას და სოკოვანი დაავადებების ინტენსივობასაც.

შედარებით ყინვასაშიშ მიკროზონებში ახალშენი ვენახის გაშენების დროს შტამბი 100-120 სმ-მდე უნდა ამაღლდეს. ასეთი სიმაღლის შტამბზე ყინვებისაგან კვირტების დაზი- ანება, 40 სმ სიმაღლის შტამბთან შედარებით 25-30%-ით მცირდება.

კახეთის ტერიტორიაზე მევენახეობა-მეღვინეობის გავრცელების მთელ არეალში ჰაერის ტემპერატურის 100C -ზე ზევით ამაღლება (ვაზის ვეგეტაციის დასაწყისში), საშუალოდ აპრილის პირველ დეკადაში (3.04), ქვევით დაცემა, ნოემბრის მეორე დეკადის დასაწყისში (6.11) აღინიშნება. ამ პერიოდის ხანგრძლიობა 218 დღეს უტოლდება; რომელიც 16-17 დღით აღემატება 2010 წლამდე არსებულ მონაცემს.

სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობის მატების მიხედით უმჯობესდება მცენარეთა გამოზამთრების პირობები, ვაზი უკეთ იტანს ყინვებს. ამასთან, ყინვების შემცირებული ინტენსივობა, ზამთრის შემოკლებულ პერიოდში, ნაკლებად აზიანებს მცენარეულობას.

2015-2016 წლების ზამთარში, შიდა კახეთში-მდ. ალაზნის ხეობის დაბლობ ნაწილში (ძველი ანაგის მიკროზონა) 28 იანვარს ჰაერის აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა -10,30C – მდე, გარე კახეთის მთისწინა ზოლში, მაღაროს მიკროზონაში კი 27 იანვარს –10,20C -მდე ყინვა აღინიშნა.  

ასეთი ინტენსივობის ყინვები ვაზის მოზამთრე კვირტების დასაზიანებლად საშიში არ არის. ნაკლებ საზიანო ყინვები აღინიშნა აგრეთვე 2014-2015 წლების ზამთარში.

ავტორები: გურამ ალექსიძე-სსმმ აკადემიის აკადემიკოსი;
გივი ჯაფარიძე-სსმმ აკადემიის აკადემიკოსი;
ვაჟა გოგიტიძე- სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი;
დავით მაღრაძე- სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი;
თინათინ ეპიტაშვილი-დოქტორანტი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია/მოამბე

თქვენი რეკლამა