რქაწითელი საქართველოს სტანდარტული, ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია. ყველაზე დიდი ფართობი მას კახეთში უჭირავს. იძლევა მაღალხარისხოვან ევროპულ და კახური ტიპის სუფრის თეთრ ღვინოს, მაგარ და სადესერტო ღვინომასალას და ადგილობრივ მნიშვნელობის კარგი ღირსების სუფრის ყურძენს.
მევენახეობის ლიტერატურულ წყაროებში და ადგილობრივ მევენახეთა შორის რქაწითელი ცნობილია რიგი დამატებითი სახელწოდებითაც. სხვადასხვა რაიონში, სადაც კი რქაწითელი მოიპოვება, ზოგჯერ ეს სახელწოდებები სხვადასხვაა. ხანდახან ეს სახელწოდებები თვით ჯიშის განსხვავებული მოდგმებისაგანაა წარმომდგარი. მაგალითად, კახეთში ძველად ნამდვილი რქაწითელის გარდა არჩევდნენ მამალ და დედალ რქაწითელს (ლ. ჯორჯაძე), ყვითელ და წითელ რქაწითელს (ს. ჩოლოყაშვილი), საინგილოში _ კუკურას სახელწოდებით (ვ. გეევსკი და გ. შარერი)
უცხოურ ამპელოგრაფიულ ნაშრომებში გვხვდება რქაწითელი გელბ (ჰ. გოეტე, 1887წ.), რქაწითელი (გუიონი, 1896წ.), რქაწითელი გიალო (ვიალა და ვერმორელი, 1901_1910წწ.). რქაწითელი ადგილობრივი კახური ვაზის ჯიშია. იგი წარმოშობილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის ალაზნის კერაში, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზნის ხეობაში (აღმოსავლეთ ნაწილში). თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან_თვისებებით რქაწითელი prol. pontica, sub prol. georgica Negr.–ის ეკოლოგიურ_გეოგრაფიულ ჯგუფს ეკუთვნის.
საერთოდ რქაწითელი ძალიან ახლოს დგას ალაზნის კერაში წარმოქმნილ სხვა ვაზის ჯიშების უმეტესობასთან და ამ ჯგუფის ერთ_ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. რქაწითელის ადგილობრივი წარმოშობა სხვა მხრივაც დასტურდება. შორეულ წარსულში რქაწითელს კუკურას უწოდებდნენ. ეს ფაქტი არ გამოპარვია ვ. გეევსკისა და გ. შარერს, რომელთაც თავის ნაშრომში ნათქვამი აქვთ: ძველი მისი სახელწოდება კუკურა წარმოებულია სოფ. კახისაგან (ზაქათალის ოლქი).
ცხადია, სახელწოდება კუკურა ვ. გეევსკისა და გ. შარერის ნაშრომში ისევე, როგორც იმ დროის სხვა ამგვარ ნაშრომებში, უთუოდ დამახინჯებულად უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან თუ სიტყვა ნაწარმოებია საინგილოს სოფლის სახელწოდება კახისაგან, ან ამ პროვინციის ძველი სახელწოდება კაკისაგან, მაშინ იგი უდავოდ კახურა ან კაკურა უნდა იყოს და არა კუკურა. ამის სისწორეს მრავალი სხვა მოსაზრებაც ადასტურებს. კულტურული ჯიშების ფორმათა წარმოშობის ალაზნის დიდ კერაში, ვაზის ჯიშების უფრო ინტენსიური წარმოქმნა მის ქვემო ნაწილში _ საინგილოში უნდა წარმოებულიყო, რადგან ამ მხარის ჰავა (აქტიური ტემპერატურის ჯამი, მაღალი ტენიანობა) და ნოყიერი ნიადაგები გაცილებით უფრო ხელშემწყობია ჯიშების თავისუფლად წარმოქმნისა და ზრდა_განვითარებისათვის, ვიდრე ალაზნის შუა და სათავისაკენ მდებარე ნაწილი.
მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადასტურდა, რომ საინგილოში, კერძოდ, სოფ. კახში ამჟამადაც საკმაოდ მოიპოვება რქაწითელის ძველი დაუმყნობი ვენახები. მნახველს ანცვიფრებს, გარდა კარგი ზრდა_განვითარების და მოსავლიანობისა, რქაწითელის იქაური ვენახების მაღალი ჯიშობრივი სიწმინდე. ამრიგად, რქაწითელის წარმოშობის საკითხი სავსებით გარკვეულად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო რაც შეეხება წარმოშობის დროს, ამის შესახებ მონაცემები სადღეისოდ არ მოიპოვება, რადგან XIII საუკუნეზე უფრო ადრინდელი სამეურნეო ისტორიის ძეგლები დაცული არაა. ამის გამოა, რომ აკად. ივ. ჯავახიშვილს, ქართული ვაზის ჯიშების წარმოშობის ხნიერების დადგენისას, ჯიშის სახელწოდების ენობრივ ანალიზის საფუძველზე რქაწითელის წარმოშობა ნავარაუდევი აქვს პირველ ხუთ და მომდევნო საუკუნეებში.
რქაწითელი მორფოლოგიური ნიშნებისა და ბიოლოგიური თვისებების მიხედვით უფრო ახალ ჯიშად უნდა ვიგულვოთ. ამას გვიკარნახებს მისი ძირითადი მორფოლოგიური ნიშნების სიახლე (ოდნავ შებუსვილი _ თითქმის უბუსუსო ფოთოლი, ოვალური მარცვალი, თეთრი ფერი და სხვ.). აგრეთვე მისი სახეშეცვლილი ფორმების სიმცირე (დღემდე ამ ჯიშის, გარდა ვარდისფერი რქაწითელისა, არც ერთი სხვა მკვეთრად განსხვავებული ვარიაცია არ არის ნაპოვნი) და დასასრულს, თვითგანაყოფიერებული წიპწებიდან მიღებული თესლნერგების დიდი თანაბრობა მშობლებთან. ყველა ამ მონაცემების საფუძველზე რქაწითელი საფერავთან შედარებით გაცილებით უფრო ახალგაზრდა ჯიშად უნდა იქნეს მიჩნეული.
რქაწითელი გავრცელებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის მევენახეობის თითქმის ყველა რაიონში, მაგრამ ძირითადად და ყველაზე უფრო ფართოდ რქაწითელი გავრცელებულია კახეთში, შემდეგ ბოლნის_მარნეულში, ქართლში და შედარებით მცირედ იმერეთსა და რაჭა_ლეჩხუმში.
აღმოსავლეთ საქართველოს პირობებისათვის რქაწითელი უნივერსალური ჯიშია, იგი ამ მხარის თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული ისე, როგორც ცოლიკოურია გავრცელებული დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში და მასთან საკმაოდ დიდ ფართობებზე.
საქართველოს ფარგლებს გარეთ რქაწითელი საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული მეზობელ რესპუბლიკებში _ აზერბაიჯანში, სომხეთსა და დაღესტანში. აზერბაიჯანში რქაწითელი გავრცელებულია ძირითადად საქართველოს მოსაზღვრე _ აღსტაფის, ზაქათალის, კახის, შამქორისა და თაუზის რაიონებში.
სომხეთში რქაწითელი უფრო ნაკლებადაა გავრცელებული. რქაწითელის ძველი უმყნობი ვენახები გვხვდება ალავერდის, კაფანისა და შამშადინის რაიონებში.
რქაწითელის ფართოდაა გავრცელებული ეს შეიძლება აიხსნას ჯიშის უხვი მოსავლიანობით, პროდუქციის კარგი ღირსებითა და გარემო პირობებთან კარგი შეგუებით. ამ თვისებებმა უზრუნველყო რქაწითელის საერთო მოწონება და დაუსახა მას უფრო მეტად გავრცელების პერსპექტივა ახლო მომავალში. ახლა რქაწითელი შეტანილია ვაზის საწარმოო სტანდარტულ ასორტიმენტში საქართველოს რაიონებში, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის რესპუბლიკებში და რუსეთის კრასნოდარის მხარესა და დაღესტნის რესპუბლიკაში.
რქაწითელი განსაკუთრებული მაღალი სამეურნეო და ტექნოლოგიური თვისებების მატარებელი ჯიშია.
ბოტანიკური აღწერა
ჯიშის ბოტანიკური აღწერა შესრულებულია მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის ექსპერიმენტულ ბაზაზე სოფ. ვაზისუბანში (გურჯაანის რ_ნი). ვენახი გაშენებულია ცივ_გომბორის მთის სუსტად დაქანებულ ფერდობზე 565 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. გაფორმებულია შპალერული წესით (აღწერა გაკეთებულია ადრეულ პერიოდში).
ახალგაზრდა ყლორტი. ახალგაზრდა მოზარდი ყლორტის წვერი გვირგვინითა და ჯერ კიდევ გაუშლელი პირველი ორი ფოთოლაკითურთ შებუსვილია საშუალო სისქის აბლაბუდისებრი ბეწვით, მორუხო_თეთრი ფერისაა და ოდნავ მოვარდისფრო არშია დაჰყვება გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ. მეორე იარუსის ფოთლები გაცილებით უფრო სუსტადაა შებუსვილი, განსაკუთრებით ზედა მხრიდან. ეს ფოთლები მომწვანო_ყვითელია და ღია ბრინჯაოს იერი დაჰკრავს, ხოლო ფოთლების ქვედა მხარე მორუხო_თეთრი ფერისაა და მოვარდისფრო იერი ახლავს. ახალგაზრდა ყლორტი მუქი ღვინისფერია.
ერთწლიანი რქა. ერთწლიანი რქა სწორად მოზარდი და საშუალოზე წვრილია. შემოდგომით იგი მოწითალო_წაბლისფერია. მუხლთაშორისები საშუალო სიგრძისაა და საშუალოდ 7,5_დან 12 სმ_მდე აღწევს. მუხლები უფრო მუქია, ვიდრე მუხლთაშორისები. გამყოლი ზოლები რქებზე სუსტადაა გამოსახული.
ფოთოლი. შუა იარუსის (9_12) ფოთლები მომრგვალოა, მუქი მწვანე ფერისა და საშუალო (19X18 სმ) ზომისაა. ფოთოლი მეტწილად სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი და უფრო იშვიათად დაუნაკვთავი _ თითქმის მთლიანი ფოთლებიც გვხვდება. ფოთლის ფირფიტა ბადისებრ დანაოჭებულია ან წვრილბურთულებიანია; ხშირად ნაკვთების ზევით წამოწევის გამო ფოთოლი ძაბრისმაგვარ ფორმას იღებს.
ზედა ამონაკვეთები უფრო ხშირად საშუალო სიღრმისაა, მაგრამ გვხვდება უფრო ღრმა და ზეზეური ამონაკვეთებიც. ამონაკვეთვების ფორმა დანაკვთის სიღრმის მიხედვით ცვალებადობს. ღრმა ამონაკვეთები ხშირად დახურული ოვალურთვლიანია. ზეზეური ამონაკვეთები კი, პირიქით, ღია ნაპრალისებრია. უფრო ხშირად გვხვდება საშუალო სიღრმის, ღია ჩანგისმაგვარი ამონაკვეთები და იშვიათად პარალელურგვერდებიანი ნაპრალისებრიც. ამონაკვეთების ფუძე ზოგჯერ ცალკბილიანია.
ქვედა ამონაკვეთები ნაკლებად განვითარებულია და ნაკვთის სიღრმის მიხედვით უფრო მცირედ ცვალებადობს. ამონაკვეთები ხშირად ზეზეურია და იშვიათად აღწევს საშუალო სიღრმეს. ფორმით პარალელურგვერდებიან ნაპრალისებრია ან შეჭრილ კუთხისებრია.
ყუნწის ამონაკვეთი ჩვეულებრივ ღრმაა, ფორმით იგი ღია ჩანგისმაგვარი ან გაშლილი მშვილდისებრია. უფრო ხშირად ყუნწის ამონაკვეთი ჩანგისმაგვარია, იშვიათად იგი განიერი თაღისებრია. ამონაკვეთის ფუძე ხშირად წაწვეტებული ან მომრგვალოა.
კბილები რომლებითაც ბოლოვდება ფოთლის მთავარი ძარღვები, უფრო ხშირად სამკუთხედისებრია და მახვილწვერიანი, იშვიათად იგი გამოზნექილგვერდებიანი და მახვილწვერიანია. გვერდითი კბილები ხერხკბილა სამკუთხედისებრია და ცალგვერდგამოზნექილი ან ორმხრივ გამოზნექილია და მახვილი წვერი აქვს.
ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა აბლაბუდისებრია. თხელ აბლაბუდისმაგვარ ბეწვებთან ერთად, უმთავრესად ძარღვების გასწვრივ, თხელი ჯაგრისებრი ბუსუსიც გვხვდება, უფრო ინტენსიურად ქვედა იარუსის ფოთლებზე. მექანიკური შეხებისას ალბაბუდისებრი ბეწვები ხშირად ფიფქისმაგვარი ხდება.
ფოთლის ყუნწი ჩვეულებრივ მთავარ ძარღვზე უფრო მოკლეა, იშვიათად კი მისი ტოლია. ყუნწი შებუსვილია და შეფერილი მთელ სიგრძეზე მოწითალო ღვინისფრად, რომელსაც მწვანე ზოლები ემჩნევა. იშვიათად ეს შეფერვა ფოთლის ძარღვებზედაც გადადის.
ყვავილი. ყვავილი ნორმალური აგებულებისაა, ორსქესიანი. აქვს კარგად განვითარებული მტვრიანები და ბუტკო. მტვრიანები სწორმდგომია, მათი რაოდენობა ყვავილში ხშირად 5, იშვიათად 6 უდრის. მტვრიანათა ძაფის სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან 1,0, იშვიათად კი 1,25 აღწევს. ბუტკო კონუსისებრი ფორმისაა, რომელსაც კარგად განვითარებული სვეტი და დინგი აქვს. ბუტკოს სვეტი ზოგჯერ ცალმხარეზეა წახრილი.
მტევანი. მტევნები საშუალო ზომისაა. მათი სიგრძე 12_დან 24 სმ_მდე, ხოლო განი 5_დან 12 სმ_მდე მერყეობს. საშუალო მტევნის ზომა 16X8 სმ უდრის. კარგად განვითარებული მტევნის სიგრძე 22 სმ, ხოლო განი 10 სმ აღწევს. უფრო ხშირად მტევნები მხრიანი, ცილინდრულ_კონუსისებრი და ცილინდრული ფორმისაა, იშვიათად კი კონუსისებრი ფორმის მტევნებიც გვხვდება. მტევნის მხრის სიგრძე ხშირად ძირითად მტევნის სიგრძის 2/3 აღწევს. ზოგჯერ მხარი იწყება მტევნის ყუნწის ფუძიდან, რის გამოც მტევანი ორმაგი, აკიდოსმაგვარია. უფრო ხშირად მტევნები საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად კი კუმსი და მეჩხერი მტევნებიც გვხვდება. მტევნის საშუალო წონა 160_200 გ უდრის, ცალკეული კარგად განვითარებული მტევნების წონა კი 300_400 გ თავისუფლად აღწევს. წვრილი _ უწიპწო მარცვლების თანხლება მტევანში დამახასისთებელია ჯიშისათვის. მათი რაოდენობა ცალკეულ წლების მიხედვით 5_10% არ აღემატება, მაგრამ ცალკეულ მოდგმებში 25%_ზე მეტს აღწევს.
მტევნის ყუნწის სიგრძე მერყეობს 3_დან 5 სმ_მდე. ყურძნის დამწიფებისას ყუნწი ფუძესთან ხევდება და რქის ფერის ხდება. მარცვლის ყუნწი მწვანეა, რომლის სიგრძე საშუალოდ 3,5_დან 7,0 მმ_მდე მერყეობს. ყუნწის ბალიში ხორკლებიანია და განიერ_კონუსისებრი ფორმა აქვს.მარცვალი. მარცვლების უმეტესობა მტევანში საშუალო ზომისაა. მათი სიგრძე მერყეობს საშუალოდ 1,68_დან 1,92 სმ_მდე, განი კი 1,56_დან 1,80 სმ_მდე. მსხვილი მარცვლების სიგრძე 2,0 სმ აღწევს, ხოლო განი 1,8 სმ. მარცვლები ოვალური ფორმისაა, შუა წელში იგი განიერია, ხოლო ბოლო მომრგვალო აქვს.
იშვიათად ასიმეტრიული და მომრგვალო ფორმის მარცვლებიც გვხვდება. მარცვლები მოოქროსფრო_ყვითელია. ზოგიერთ ურწყავ ფერდობ ადგილებზე (ანაგა, კარდანახი და სხვ.) რქაწითელის მარცვლები სრული სიმწიფისას მეტად ლამაზ მოვარდისფრო იერს იღებს. მარცვლის კანი თხელია და მკვრივი, იგი დაფარულია საშუალო სისქის ცვილისებრი ფიფქით. რბილობი ხორციან_წვნიანია, წვენი უფერული, გემო სასიამოვნო და ჰარმონიული აქვს, ჯიშური არომატი კარგადაა გამოსახული.
წიპწა. წიპწების რაოდენობა მარცვალში მერყეობს 1_დან 4_მდე. საშუალოდ 10000 მარცვალში ერთწიპწიანი მარცვლები 36%, ორწიპწიანები 50%, სამწიპწიანები 16,6%, ხოლო ოთხწიპწიანები 3,4% შეადგენს. საშუალოდ ერთ მარცვალზე მოდის 2 წიპწა.
წიპწის სხეული მოგრძო_ოვალური ფორმისაა და ნისკარტისაკენ თანდათან შევიწროებული. წიპწის სიგრძე 6_7 მმ, სიგანე 3_4 მმ შეადგენს. ქალაძა წიპწის შუა ნაწილში მდებარეობს, იგი ამოზნექილი და ოვალური ფორმისაა, გული კი შიგნით აქვს შეწეული. სხეულის ზედა ღარი ვიწრო და ღრმაა. იგი ორად ყოფს სხეულის განიერ ნაწილს. ქალაძიდან ნისკარტისაკენ მიმართული ღარტაფი კარგადაა გამოსახული. მუცლის მხარე ქედიანია. მუცლის მხარის ღარები საკმაოდ ღრმაა და პარალელურადაა განწყობილი. ნისკარტის სიგრძე 1,5 მმ, განი 1,0 მმ უდრის. წიპწის სხეული მონაცრისფრო_ყვითელია; ნისკარტი ნარინჯისფერია. ნისკარტი ვიწრო ცილინდრული ფორმისაა, წაწვეტებული და მუცლის მხარეს წახრილია.
აგრობიოლოგიური დახასიათება სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა
სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა მევენახეობის ცალკეული რაიონების ჰავის მიხედვით 138—დან (უზბეკეთი) 161 დღემდე (აზერბაიჯანი) მერყეობს. ასევე მერყეობს აქტიურ ტემპერატურათა ჯამიც სავეგეტაციო პერიოდში, სახელდობრ 3140_დან 3490_მდე. ეს მერყეობა ნორმალურად უნდა ჩაითვალოს, თუ მხედველობაში მივიღებთ ცალკეული რაიონების ტემპერატურის დონეს და ნალექების რაოდენობას სავეგეტაციო პერიოდში.
ამ მონაცემების გათვალისწინებით შეიძლება რქაწითელის გავრცელების თანამედროვე საზღვარი საგრძნობლად გადაიწიოს ჩრდილოეთით _ მაღლა მთებისაკენ, სადაც აქტიურ ტემპერატურათა ჯამი საშუალოდ 3,000_3,100 აღწევს.
ერთწლიანი რქები კახეთში ყურძნის სრული სიმწიფის დროისათვის თავისუფლად ასწრებს მომწიფებას. უფრო ცივ რაიონებში, მაგალითად მესხეთში (ახალციხის რ_ნი), ნუკრიანში (სიღნაღის რ_ნი), სადაც რქაწითელი ყოველ წელს სრულ სიმწიფეს ვერც კი ასწრებს, ვაზის ერთწლიანი რქები ერთი მეტრის სიგრძეზე თავისუფლად ასწრებს მომწიფებას. ამიტომ ჯიშის გადაადგილების დროს მისაღებია მხედველობაში ძირითადად ყურძნის სრული მომწიფებისათვის საჭირო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი, რომ სავსებით იქნეს უზრუნველყოფილი ერთიანი რქების საჭირო სიგრძეზე მომწიფება. კახეთის პირობებში და მის გარეთაც (დარუბანდში, ოდესაში, შუა აზიის რესპეუბლიკებში და სხვაგანაც)
რქაწითელი სხვა ჯიშებთან შედარებით საშუალო ზრდის სიძლიერით ხასიათდება. ნიადაგის სინოყივრის მიხედვით, ცხადია, მისი ზრდის სიძლიერე არა მარტო რაიონების მიხედვით, არამედ რაიონის ფარგლებშიც _ ცალკეულ ნაკვეთებზე, საგრძნობლად მერყეობს, ხოლო ჯიშის შეფარდებითი ზრდის სიძლიერე მისი გავრცელების თითქმის ყველა რაიონში საშუალოა.ჯიშის მოსავლიანობა. რქაწითელი, ქართული ვაზის ჯიშების მომეტებული ნაწილის მსგავსად მოსავლის პირველ ნიშანს დარგვიდან მეორე წელს იძლევა. მთლიანი მოსავლის ¼ ან ½ იგი იძლევა მესამე წელს, ხოლო ნორმალურ მოსავალს მეოთხე_მეხუთე წელს.
ღონიერ ნიადაგებზე (ხირსა_გუმბათი) და სარწყავ ნაკვეთებზე, კარგი მოვლა_დამუშავების პირობებში რქაწითელი კიდევ უფრო ადრე იძლევა მოსავალს. ასე, მაგალითად, ხირსის მეურნეობაში სამწლიანი რქაწითელის 67,76 ჰა ფართობზე მოსავალი ჰექტარზე საშუალოდ 23,5 ცენტნერს შეადგენდა, ხოლო ზოგიერთ ნაკვეთებზე 40 ცენტნერზე მეტს. ამ თვისებას რქაწითელი სხვა რაიონებშიაც ინარჩუნებს, სახელდობრ _ დაღესტანში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და შუა აზიის რესპუბლიკებში.
რქაწითელი უხვმოსავლიანი ვაზის ჯიშია. კახეთის მეურნეობებში _ მუკუზანში, წინანდალში და ნაფარეულში, ძველი დაუმყნობი ვენახები 2,152 მ კვების არეზე ისხამდა საშუალოდ 70_80 ცენტნერ ყურძენს, რომლის შაქრიანობა 20% აღწევდა. მუკუზნის ჯგუფის ზოგიერთ ნაკვეთებზე, მაგალითად, კიკიანთეულსა და ჩუმლაყში, ერთი დესეტინა ვენახიდან 200 ცენტნერზე მეტი ყურძენი იკრიფებოდა.
ნამყენი ახალი ვენახების მოსავლიანობა, მიუხედავად გადიდებული კვების არისა და ამ ვენახებისათვის დამახასიათებელი სიმეჩხრისა, მაინც საგრძნობლად დიდია და ზოგიერთ მეურნეობასა და ნაკვეთებზე ჰექტარზე 150 ცენტნერს და მეტს უდრის. რქაწითელის მოსავლიანობის დასახასიათებლად ქვემოთ ცხრილში მოცემულია სამტრესტის მეურნეობებში სამი წლის განმავლობაში მიღებული მოსავლის ცნობები.
რქაწითელის მოსავალი მეურნეობებში საშუალოდ 100_120 ცენტნერს აღწევს ჰექტარზე, ხოლო ზოგიერთი მეურნეობიდან მიღებული ცნობების მიხედვით რქაწითელის მოსავალმა ცალკეულ ნაკვეთებზე 200 ცენტნერს მიაღწია.
საქართველოს საზღვრებს გარეთ, რქაწითელი ინარჩუნებს უხვმოსავლიანობას და პროდუქციის მაღალ ხარისხს. რქაწითელი თითქმის ყველგან უხვი მოსავლიანობით და პროდუქციის კარგი ხარისხით ხასიათდება.
ჯიშის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა და ყინვების მიმართ
კახეთში რქაწითელი სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ დამაკმაყოფილებელი გამძლეობით ხასიათდება. ჩვეულებრივ იგი ჭრაქს (მილდიუმს) უკეთ უძლებს, ვიდრე ნაცარს (ოიდიუმს). დასავლეთ საქართველოში, იქაურ ჯიშებთან შედარებით, რქაწითელი ჭრაქის ნაკლებ გამძლეა და დამატებით წამლობას საჭიროებს. საქართველოს გარეთ _ აზერბაიჯანში, დაღესტანში, ნაწილობრივ უკრაინაშიც რქაწითელი მგრძნობიარეა ნაცრის მიმართ. რქაწითელი შედარებით გამძლეა ფილოქსერის მიმართ, როგორც საქართველოში, ისე მოლდავეთსა და უკრაინაში. ევროპული ვაზის ჯიშებს შორის რქაწითელი მწვანეს შემდეგ ყველაზე უფრო ფილოქსერგამძლე ჯიშია.
ზამთრის ყინვებს რქაწითელი უდავოდ კარგად იტანს, იგი ამ მხრივ არ ჩამოუვარდება შედარებით ყველაზე უფრო ყინვაგამძლე ჩრდილო რაიონების ვაზის ჯიშებს _ რისლინგს, პინოს და სხვ. მაგალითად, აზერბაიჯანში სუსხიან ზამთარში, როცა მინიმალური ტემპერატურა ზოგიერთ პუნქტში _ 23,5º უდრიდა, ადგილზე წარმოებული აღრიცხვების მიხედვით (ა. გუკასოვი) ყველაზე გამძლე აღმოჩნდა რქაწითელი, შემდეგ _ საფერავი. რაც შეეხება დანარჩენ საწარმოო ჯიშებს _ ბაიან_შირეის, თავრიზს და თავკვერს, ისინი მეტად მგრძნობიარე აღმოჩნდა ყინვების მიმართ.
ასეთივე მაღალი გამძლეობა გამოიჩინა რქაწითელმა ანაპის რაიონში, ჩატარებული აღრიცხვების მიხედვით (ნ. პაპონოვი), რქაწითელმა დაიჭირა პირველი ადგილი, პინო შავმა მე_4, საფერავმა მე_10, ალიგოტემ და კაბერნემ მე_17 და ყველაზე სუსტი აღმოჩნდა კოსოროტოვსკი, რომელზეც დაზიანებული კვირტების რაოდენობა 90,8% აღწევდა. ასეთივე კარგი გამძლეობა აღმოაჩნდა რქაწითელს დაღესტანშიაც და შუა აზიაშიც. დაკვირვებების მიხედვით ყინვისაგან კვირტების დაზიანება მცირე იყო.
ტექნოლოგიური დახასიათება
რქაწითელი ფრთოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია. იგი უნივერსალურია არა მარტო გარემო პირობებისადმი კარგი შეგუების მხრივ, არამედ იმითაც, რომ მისი ყურძნიდან მიიღება _ მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინო, იშვიათი ღირსების კახური ტიპის ღვინო, კარგი ხარისხის მაგარი და სადესერტო ღვინო და საუკეთესო ღირსების ყურძნის წვენი. რქაწითელი აგრეთვე იძლევა კარგ სასუფრე ყურძენს ადგილობრივ მოსახმარად. მაგრამ მარცვლის სასურველი წვნიანობა, წვენის მაღალი შაქრიანობა საკმაო მჟავიანობა და სასიამოვნო არომატი აპირობებს რქაწითელის ძირითადად სუფრის და სადესერტო მაღალხარისხოვანი ღვინის დასაყენებლად გამოყენებას.
ყურძნის მექანიკური შედგენილობის მაჩვენებლები საკმაოდ ცვალებადია როგორც რაიონების, ისე წლების მიხედვითაც, წვენის გამოსავლიანობის მაჩვენებლები მიღებულია ლაბორატორიულ პირობებში, საწარმოო პირობებში კი მისი გამოსავლიანობა ჩვეულებრივ უფრო ნაკლებია. სამტრესტის მეურნეობებში იგი მერყეობს 73_80 დეკალიტრს შორის ერთ ტონაზე; უზბეკეთში იგი შეადგენს 71 დეკალიტრს 21% შაქრიანობისას, ხოლო 63,5 დეკალიტრს, როცა შაქრიანობა 27,5% აღწევს; აზერბაიჯანში საშუალო გამოსავლიანობა შეადგენს 70,2%, რუსეთში იგი მერყეობს 70,8_დან 73,4 დეკალიტრამდე ერთ ტონა ყურძენზე.
ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობა
რქაწითელის ყურძნის წვენი კარგი ქიმიური შედგენილობისაა. ფიზიოლოგიური სიმწიფის დაწყებიდან თითქმის გადამწიფებამდე იგი ინარჩუნებს შაქრიანობა_მჟავიანობის სასურველ შეფარდებას. ამასთან ერთად რქაწითელი დიდი რაოდენობით აგროვებს შაქარს (30%_მდე) და ინარჩუნებს საჭირო მჟავიანობას (იგი იშვიათად ეცემა 5 ქვევით). სამხრეთ რაიონებში ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფიდან მის გადამწიფებამდე _ დაახლოებით ერთი თვის მანძილზე, რქაწითელის ყურძნიდან თითქმის ყველა ტიპის ღვინოს დაყენება შეიძლება.
შაქრის დაგროვების უნარიანობისა და მისი ცვალებადობის მაჩვენებლები. რქაწითელის წვენის შაქრიანობა ცალკეულ ადგილებისა და წლების მიხედვით საგრძნობლად მერყეობს (18%_დან 31,7%_მდე) საკმაო მჟავიანობის შენარჩუნებით.ყურძნის გამოყენება და პროდუქციის დახასიათება. რქაწითელი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება _ იგი იძლევა თითქმის ყველა ტიპის ღვინოს, მაღალი ღირსების ყურძნის უალკოჰოლო წვენს და ადგილობრივ მოსახმარ კარგ სასუფრე ყურძენს.
მაღალი ღირსების თეთრ სუფრის ღვინოს რქაწითელი თავის სამშობლო _ კახეთში იძლევა. აქ ცალკეული მასივების ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ზონალობასთან დაკავშირებით საგრძნობლად იცვლება ღვინის ტიპი და ხარისხი.
ამ მხრივ შიგნი კახეთში გამოირჩევა მევენახეობის ორი დიდი მასივი: ალაზნის მარჯვენა მხარე _ ცივ_გომბორის ქედის ჩრდილო_აღმოსავლეთ ფერდობებზე და ალაზნის მარცხენა მხარე _ კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობებზე განლაგებული ვენახებით.
ალაზნის მარჯვენა მხარის ღვინოები, ჩრდილო_დასავლეთიდან სამხრეთ_აღმოსავლეთისაკენ გადანაცვლებისას, ვენახების ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობის გამო, საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან. შედარებით უფრო მცირედ განსხვავდება ერთმანეთისაგან ალაზნის მარცხენა მხარეზე იმავე მიმართულებით მდებარე ვენახების ღვინოები.
ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, კერძოდ, მისი ჩრდილო_დასავლეთ ნაწილში _ ახმეტა_იყალთოს ზონაში, დგება ღია ჩალისფერი (მომწოვანო იერით), ნაზი, ჰარმონიული, მსუბუქი, ევროპული ტიპის სუფრის ღვინოები. ამავე ზონაში კახური წესით დამზადებულ ღვინოებს (განსაკუთრებით როცა რქაწითელში ურევია მწვანე ან ხიხვი) აქვს ლამაზი ჩაისფერი და ახასიათებს სისრულე, ჰარმონიულობა და გაცილებით მეტი სინაზე ამავე ტიპის ბაკურციხე_კარდანახის ან გურჯაანის ღვინოებთან შედარებით. შემდეგ ზონაში იყალთოდან მუკუზნამდე (უკანასკნელის ჩათვლით) უფრო შინაარსიანი, ევროპული ტიპის სუფრის ღვინოები დგება. ამ ღვინოებიდან გამოირჩევა კონდოლის, წინანდლის, კისისხევის, ქვემო ხოდაშენის, ვაზისუბნის და მუკუზნის თეთრი სუფრის ღვინოები.
ეს ღვინოები ღია მოოქროსფრო_მომწვანოა, სისრულე, ხილის არომატი, სინაზე, ჰარმონიულობა, სიხალისე და მცირეოდენი სასიამოვნო სიმწარე ახასიათებს. ამ ღვინოების სიმაგრე 11_12º, ხოლო მჟავიანობა 6_8‰ უდრის. დაახლოებით ამნაირი კონდიციის, ოღონდ უფრო ნაზი თეთრი ევროპული ტიპის ღვინოები დგება რქაწითელის ყურძნიდან ალაზნის მარცხენა მხარეზე _ ნაფარეულში, სანიორეში, ართანაში, ენისელში და სხვაგან. ეს ღვინოები თავისი სინაზითა და სიმსუბუქით უფრო უახლოვდება რაინისა და შაბლის ცნობილ თეთრ ღვინოებს.
სამხრეთ_აღმოსავლეთისაკენ კიდევ უფრო გადანაცვლებისას _ მუკუზნიდან ანაგამდე, ღვინოები იმდენად მდიდრდება სხეულითა და ალკოჰოლით, რომ ევროპული ტიპისათვის შეუფერებელი ხდება. ამ ზონაში დგება მაღალხარისხოვანი კახური ტიპის ღვინო. განსაკუთრებით მაღალხარისხოვანი ამ ტიპის ღვინო კარდანახის მიკრორაიონში დგება. იგი მუქი ჩაისფერია, ძლიერი ჯიშური არომატი, თავისებური ბუკეტი, სისრულე, სიმხურვალე, ჰარმონიულობა და მცირე სიმწკლარტე ახასიათებს. ამ ტიპის ღვინის სიმაგრე 13_14º აღწევს, ხოლო მჟავიანობა 4_5‰ არ აღემატება.
გარე კახეთში მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოს რქაწითელი იძლევა საგარეჯოს რაიონში. აქაური ღვინოებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა მანავის მიკრორაიონის ევროპული ტიპის მსუბუქი სუფრის ღვინოები. მანავის რქაწითელს ახასიათებს მოოქროსფრო_მომწვანო იერი, თავისებური ხილის ბუკეტი, სინაზე, სიმსუბუქე, ჰარმონიულობა და სასიამოვნო გემო. ტიპობრივად მანავის რქაწითელი მეტად ახლო დგას ამავე ჯიშის ნაფარეულ_ართანა_ენისელისა და იყალთოს უბნის ღვინოებთან, რომლებიც თავისი სიმსუბუქით, სინაზითა და ძლიერი არომატით უახლოვდება შაბლის ცნობილ თეთრ ღვინოებს.
რქაწითელი მაღალი ღირსების ყურძნის უალკოჰოლო წვენს იძლევა. ამ მხრივ გამოცდილ მრავალ ჯიშებს შორის იგი მწვანესთან ერთად პირველ ადგილს იჭერს თავისი ლამაზი ოქროსფერ_მოყვითალო შეფერვით, სასიამოვნო გემოთი და ძლიერი ჯიშური არომატით. ასეთივე მაღალი ღირსების ყურძნის წვენს იძლევა რქაწითელი უკრაინასა და აზერბაიჯანში. კიროვაბადში მევენახეობის საცდელ სადგურზე, გამოცდილ მრავალ ჯიშთაგან რქაწითელის ოთხმა ნიმუშმა მიიღო ხუთბალიანი შეფასების დროს ბალი 4,4. ამის საფუძველზე სადგური რქაწითელს თვლის ერთ_ერთ საუკეთესო ჯიშად მაღალხარისხოვანი ყურძნის წვენის მისაღებად. ასეთივე მაღალი შეფასება მიიღო უკრაინაში რქაწითელისაგან დამზადებულმა ყურძნის წვენმა _ ბალი 8 და 7,75 და მაღალი დეგუსტაციური შეფასება: შეფერვა მოოქროსფრო_ყვითელი, თავისებური არომატი, გემო სრული და მეტად სასიამოვნო.
დასასრულს, აღმოსავლეთ საქართველოში რქაწითელი ადგილობრივი მოხმარების ძირითადი სასუფრე (სადესერტო) ჯიშია. იგი გამოიყენება საჭმელ ყურძნად მთელი სეზონის განმავლობაში და დიდი რაოდენობით ინახება ზამთარში მოსახმარადაც. რქაწითელისგანვე მზადდება საშინაოდ მოსახმარად ბადაგი, ჩამიჩი, ჩურჩხელა, თათარა და სხვადასხვა ტკბილეული.
საერთოდ რქაწითელის ყურძენი თავისი ლამაზი გარეგნული შეხედულებით _ მოზრდილი საშუალო სიმკვრივის მტევნებით, საშუალო ოვალური მოვარდისფრო_ყვითელი მარცვლებით და სასიამოვნო გემოთი, არამც თუ არ ჩამოუვარდება საყოველთაოდ ცნობილ სასუფრე ჯიშს შასლას, არამედ ყველა მაჩვენებლების მიხედვით (გარდა ნაადრევი სიმწიფისა) მასზე უკეთესია. ყველა ამის გამო რქაწითელი თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ადგილობრივი მნიშვნელობის კარგ სასუფრე ყურძნის ჯიშად. ეს, რა თქმა უნდა, მისი არა ძირითადი, არამედ დამატებითი დანიშნულებით გამოყენება იქნება.
რქაწითელის ჭაჭას აზერბაიჯანში წარმატებით იყენებდნენ კახური ტიპის ღვინის მისაღებად. ამისათვის მთავარი ჯიშის ბაიან_შირეის წვენს ადუღებენ რქაწითელის ჭაჭაზე და იღებენ კარგად გამოსახულ კახური ტიპის ორდინარულ ღვინოს. უკეთეს შედეგებს იძლევა რქაწითელი მაგარ და სადესერტო ღვინოების დაყენებისას.
სომხეთში რქაწითელი ერთ_ერთ საუკეთესო ჯიშად ითვლება სუფრის მშრალი და სადესერტო ღვინოების დასაყენებლად. მშრალი სუფრის ღვინოების მისაღებად რქაწითელს კრეფენ ადრე, როცა მისი შაქრიანობა 19_20% უდრის, ხოლო მჟავიანობა სულ მცირე 5_6‰ აღწევს. მაღალი ღირსების სუფრის ღვინოები დგება ძირითადად სომხეთის ჩრდილო_აღმოსავლეთ (საქართველოს მომიჯნავე) რაიონებში. არარატის ვაკეზე რქაწითელი იძლევა კარგ სადესერტო ტიპის ღვინოს. საერთოდ ამ მხრივ რქაწითელს სომხეთში დიდი პერსპექტივა აქვს.
უკრაინაში რქაწითელი ძირითადად მევენახეობის ინსტიტუტის საცდელ ნაკვეთებზეა გაშენებული. ამ ნაკვეთებიდან მიღებული ყურძნიდან დაყენებული მშრალი სუფრის ღვინო ხასიათდება მოოქროსფრო_მომწვანო იერით, სასიამოვნო ჯიშური არომატით, საკმაო სისრულით, ჰარმონიულობითა და სიხალისით, რომელსაც ზოგჯერ ემჩნევა ზედმეტი ალკოჰოლიანობა. საერთოდ, სხვადასხვა დროს მოკრეფილი რქაწითელი იძლევა მასალას სხვადასხვა ტიპის ღვინისათვის; ნაადრევად მოკრეფილი იძლევა საშამპანურე მასალას, საშუალო ვადებში მოკრეფილი _ მასალას სუფრის ღვინისა და ნაგვიანევად მოკრეფილი _ სადესერტო ღვინისათვის.
კარგ შედეგებს იძლევა რქაწითელი რუსეთში. რთველის ვადების შესაბამისად რქაწითელისგან მიიღება მშრალი სუფრის და სადესერტო ღვინო. ადრე დაკრეფილ ყურძნიდან დგება ოდნავ მომწკლარტო, სრული, ჰარმონიული მჟავიანობის შემცველი ხარისხოვანი სუფრის ღვინო; გვიან დაკრეფილი ყურძნებიდან კი _ მაღალხარისხოვანი ტოკაის ტიპის სადესერტო ღვინო. ვინაიდან ტკბილის შაქრიანობა თავისუფლად აღწევს 25%, ხოლო მჟავიანობა _ 5_6‰–ზე ქვევით არ ეცემა, ვლადიკავკაზის მხარეში რქაწითელისგან ძირითადად მაღალხარისხოვანი სადესერტო ღვინო მიიღება. ამ მხარეში კარგად ცნობილი სამარკო ღვინო სადესერტო რქაწითელი აყენებდნენ წმინდა რქაწითელიდან. იგი, ჭაჭაზე დაყენებული და შემდეგ შემაგრებული, იძლევა ნამდვილ ტოკაის ტიპის ღვინოს. რქაწითელს იყენებენ აგრეთვე მაღალი ღირსების თეთრი პორტვეინის დასამზადებლად (შემოსავლის დაახლოებით 10_15%_ის რაოდენობით).
უზბეკეთში რქაწითელისგან სადესერტო და მშრალი სუფრის ღვინო მზადდებოდა. სუფრის ღვინო, ყურძნის მაღალი შაქრიანობის გამო (31,7%_მდე) არ გამოდის მაღალხარისხოვანი. იგი სრულად ვერ დუღდება და მძიმეა, რადგან ზედმეტად მდიდარია სხეულით. ამიტომ უზბეკეთში რქაწითელის ყურძნიდან უმთავრესად სადესერტო ღვინო მზადდება, რომელიც აღნიშნული მიზეზების გამო მაღალხარისხოვანი დგება. ღვინო შეიცავს 15_16º ალკოჰოლს, 16_20% შაქარს, აქვს ლამაზი მოოქროსფრო შეფერვა, ჯიშისათვის დამახასიათებელი სურნელოვნება და გემოს სრული ჰარმონიულობა. დაძველებისას ღვინის ხარისხი. საგრძნობლად უმჯობესდება. ფერი უმუქდება და ბუკეტში თაფლის იერი უვითარდება.
ყირიმში რქაწითელი ძლიერ მცირედაა გავრცელებული. მის ქართგან ამზადებენ სადესერტო ღვინოს, მაგრამ ღვინო საშუალო ხარისხისაა.
რქაწითელის ღვინოები ტიპების მიხედვით საგრძნობ ცვალებადობას განიცდის იმისდა მიხედვით, თუ რაიონის რა ეკოლოგიურ პირობებშია იგი დაყენებული. ამასთან ერთად აღსანიშნავია ჯიშის მდიდარი ქიმიური ბუნება _ სხეულთან შეფარდებული ალკოჰოლიანობა და მჟავიანობა.
მდიდარი ქიმიური ბუნების შესაბამისად მაღალია რქაწითელის ღვინოების ორგანოლეპტიკური თვისებებიც. როგორც რესპუბლიკურ, ისე ცენტრალურ სადეგუსტაციო კომისიის რიგ სხდომებზე რქაწითელის ღვინო მუდამ მაღალ შეფასებას იმსახურებს.
ჯიშური არომატი რქაწითელის ახალგაზრდა ღვინოში სუსტადაა გამოსახული, მხოლოდ დაძველებისას ივითარებს იგი ნაზ სასიამოვნო ძლიერ ბუკეტს და მაღალ ჰარმონიულობას. ასევე იცვლება დაძველებისას ღვინის შეფერვა. იგი სიძველეში, ნაცვლად მომწვანო ჩალისფერისა მოოქროსფრო ხდება.
ცალკეული ადგილების რქაწითელი ზოგიერთ წლებში იძლევა მაღალხარისხოვან ევროპული ტიპის ღვინოს, რომელიც თავისი მაღალი ღირსებით არ ჩამოუვარდება ფართოდ ცნობილ რაინის თეთრ ღვინოს.
დასასრულს უნდა აღინიშნოს ზოგიერთი რაიონების რქაწითელის ღვინის განსაკუთრებული სიმსუბუქე, სინაზე და სიხალისე, რაც იძლევა მისი შამპანურ მეღვინეობაში ფართოდ გამოყენების საბაბს. ასეთ მხარეებად ითვლება უკრაინა, ქართმიკროუბნებლი,
ვარიაციები და კლონები. რქაწითელი საფერავთან და მწვანესთან შედარებით ღარიბია ვარიაციებით. ლ. ჯორჯაძის მიერ მითითებული ვარიაციები (დედალი და მამალი რქაწითელი) მის მიერვე მოცემულ დახასიათებაზე დაყრდნობით შეიძლება გაიგივებულ იქნეს _ პირველი ახლა გავრცელებულ ჩვეულებრივ რქაწითელთან, ხოლო მეორე (მამალი რქაწითელი) წვრილმარცვალა ვარიაციასთან.
აღნიშნული ვარიაციის გარდა, მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის სელექციის განყოფილების უფრ. მეცნ. თანამშრომელი ვ. ლოლაძის მიერ გამოვლენილია შემდეგი ვარიაცია და კლონები:
1. წვრილმარცვალა რქაწითელი: ხასიათდება პატარა ზომის სამნაკვთიანი ფოთლები, მტევანი საშუალო ზომისა აქვს, მარცვალი წვრილი. მცირემოსავლიანი ვარიაციაა. გვხვდება თითო_ოროლა ვაზის სახით საწარმოო ვენახებში.
2. კლონი #67. ხასიათდება ძლიერ წვრილმარცვლიანობით. იგი ჩვეულებრივი სიგრძის მტევანზე ივითარებს ნორმალური ზომის 5_6 მარცვალს, დანარჩენები წვრილი, განუვითარებელი რჩება. ამ მწვრილმარცვლიანობას იგი მკვეთრად ინარჩუნებს და მესამე თაობაშიაც იგივე თვისებები შერჩა, რაც საწარმოო ვენახში ჰქონდა. უხეირო უპერსპექტივო მოდგმაა. ვენახებში სელექციის ჩატარების შედეგად უნდა გაძევებულ იქნეს როგორც უვარგისი ვარიაცია.
3. კლონი #48. მაღალმოსავლიანი მოდგმაა. იგი მორფოლოგიური ნიშნებით არ განხსვავდება ჩვეულებრივ რქაწითელისაგან. განსხვავდება მხოლოდ მაღალი მოსავლიანობით. კლონთა დადგენის ნაკვეთიდან იგი გადატანილია კლონთან გამოსაცდელ ნაკვეთზე, სადაც განმეორებით დადასტურდა მისი მაღალი სამეურნეო თვისებები.
საერთო შეფასება და დარაიონება
რქაწითელი კახეთის მთავარი საწარმოო ვაზის ჯიშია. იგი გავრცელებული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის მევენახეობის თითქმის ყველა რაიონში.
რქაწითელის ასე ფართოდ გავრცელება მისი მაღალი სამეურნეო_ტექნოლოგიური თვისებებით აიხსნება, რომელთა შორის აღსანიშნავია: ჯიშის შედარებით უხვმოსავლიანობა, რასაც იგი ინარჩუნებს მისი გავრცელების თითქმის ყველა რაიონში; გარემო პირობებისადმი შეგუების კარგი უნარი, რამაც განაპირობა მისი ეგზომ ფართო გავრცელება; კარგი ყინვაგამძლეობა _ ამ მხრივ რქაწითელი არ ჩამოუვარდება ყინვებისადმი მეტად გამძლე მევენახეობის ჩრდილო რაიონების ჯიშებს _ რისლინგს, პინოს და სხვ;
მილდიუმის მიმართ შედარებით კარგი გამძლეობა; ფილოქსერისადმი საკმაოდ მაღალი გამძლეობა ევროპულ ჯიშებთან შედარებით; პროდუქციის მაღალი გამძლეობა და მისი გამოყენების მრავალფეროვნება _ იგი იძლევა მაღალი ხარისხის ევროპული ტიპის მშრალ სუფრის ღვინოს (კახეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი); იშვიათი ღირსების კახური ტიპის ღვინოს (კახეთი); მაღალი ღირსების სადესერტო ღვინოს (კახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, სტავროპოლის მხარე);
განსაკუთრებით მაღალხარისხოვან ევროპული ტიპის სუფრის მშრალ ღვინოს, რომელმაც ასახელა კახეთი, იგი იძლევა ახმეტის, იყალთოს, წინანდლის, ვაზისუბნის, ართანის, ნაფარეულის, ენისელის და მანავის მიკროუბნებში, ხოლო საუკეთესო კახური ტიპის ღვინოს თელავ_ახმეტის ზოლზე და კარდანახის მიკრორაიონში. ზოგიერთ წლებში ამ ადგილებიდან რქაწითელი იძლევა ევროპული ტიპის ღვინის იშვიათ ნიმუშებს, რომლებიც არ ჩამოუვარდება საერთოდ ცნობილ რაინისა და ბორდოს თეთრ ღვინოებს.
ჯიშის უარყოფით თვისებას წარმოადგენს მისი შედარებით სუსტი გამძლეობა ნაცრის მიმართ (ეს განსაკუთრებთი შეიმჩნევა აზერბაიჯანისა და დაღესტნის სარწყავ ვენახებში) და ახალი ღვინოების ოდნავი სიმწარე და შედარებით სუსტი არომატულობა. აღნიშნული ნაკლი შედარებით ადვილი გამოსასწორებელია: პირველი _ დამატებით წამლობის ჩატარებით სარწყავ რაიონებში, ხოლო მეორე _ ყურძნის უფრო სწრაფი და ფაქიზი გადამუშავებით და ჯიშ მწვანის ყურძნის მიმატებით, რომელიც აბათილებს სიმწარეს და მატებს ღვინოს არომატსა და სინაზეს.
ფოტო: ფოტო: ასოციაცია „ქართული ღვინო“ (GWA).
ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფი/1960/. რედაქცია „აგროკავკასია“.