სელი ერთ-ერთი უძველესი სასოფლო-სამეურნეო მცენარეა. ამიერკავკასიაში მას იცნობდნენ 4-5 ათასი წლის წინათ ჩვენს ერამდე. ძველად სართავი სელი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში (კოლხეთი), მაგრამ ამჟამად, სამრეწველო მიზნით, ის აღარ მოჰყავთ.
ჩვენი რეკომენდაციაა, საკარმიდამო ნაკვეთებზე დაინერგოს მისი კულტივირება, რადგან სელის თესლი ხასიათდება მთელი რიგი დადებითი თვისებებით, კერძოდ, იგი ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში, მედიცინაში, პარფიუმერიაში. თესლი და მისგან წარმოებული პროდუქცია წმენდს ნაწლავებს, მათ შორის პარაზიტებისაგან, სისხლიდან გამოაქვს ცუდი ქოლესტერინი, გამოიყენება ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, შარდ-სასქესო სისტემის, ყელისა და სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ.
ნაყენი (სელის თესლის ცივი გამოხდა) – მსუბუქად ასტიმულირებს ნაღვლისა და შარდის გამოყოფას, აქვს გამხსნელი და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, გამოიყენება ლარინგიტისას, ჭრილობებისა და დამწვრობის მოშუშებისათვის, ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების, მწვავე ბრონქიტის სამკურნალოდ, საკვებით მოწამვლის დროს.
სელის თესლის ნახარში, რომელიც გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, კუჭის კედელზე წარმოქმნის ლორწოვან აპკს, რაც ცხიმის ორგანიზმში მოხვედრას უწევს წინააღმდეგობას. იგი ეხმარება ორგანიზმს ჭარბი წონის მოცილებაში და წმენდს მას შლაკებისგან, ამაღლებს იმუნიტეტს, ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, პოზიტიურად მოქმედებს კანზე – რბილი და ხავერდოვანი ხდება, ფრჩხილები მაგრდება, თმა ბრწყინვალებას იძენს.
სელის ზეთის გამოსავალი თესლის წონის 35-42%-ია, ხოლო ნარჩენი – კოპტონი, რომელიც შეიცავს 25%-მდე ცილას, ძვირფასი კონცენტრირებული საკვებია, განსაკუთრებით მოზარდი პირუტყვისათვის. 1 კგ კოპტონი ტოლია 1,15 საკვები ერთეულის. სელის ზეთი ადვილად შრება, ამიტომ იგი ფართოდ გამოიყენება მაღალხარისხოვანი ოლიფის, საღებავების, ლაქების, საპნის და სხვა სახის მასალების წარმოებაში.
მცენარის ღეროები და ფოთლები შეიცავენ ლინამარინის გლიკოზიდს, 20-მდე ფენილკარბონილის მჟავებს (П-კუმარინის, П-ოქსიბენზოინის, ფერულინის, ქლოროგენის, კოფეილხინის და სხვ.). თესლი შეიცავს ცხიმოვან, შრობად ზეთს (30-48%), ცილებს, ნაშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, სტერინებს, ლინოცინამარინს. ცხიმოვანი ზეთის შემადგენლობაში შედის ლინოლენოვის, (35-45%), ლინოლევის (25-35%), ოლეინის (15-20%), პალმიტინის და სტეარინის მჟავების გლიციდები. სელის თესლი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი მცენარეული წყაროა. ამასთან, ომეგა-3-ს საკმარისი რაოდენობით შეიცავს მხოლოდ თევზის ქონი და სელის ზეთი. ომეგა -3-ის შემცველობა სელის თესლში 2-ჯერ მაღალია, ვიდრე თევზის ქონში. ომეგა 3 ათხელებს სისხლს, რაც თრომბოზის, ათეროსკლეროზის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. სელის თესლი შეიცავს ვიტამინებს: D, E, B2, B3, B4, B5, B6, B9, ბეტა-კაროტინს, მინერალებს, მაკრო და მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, სპილენძს, ქრომს, სელენს, ალუმინს, ნიკელს, იოდს, ბორს და თუთიას. თესლის გარსში გვხვდება ლინოკოფეინი, ლინოცინამარინი, ლინამარინის გლიკოზიდი.
სელი სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისთვის, რადგან ის შეიცავს ფიტოესტროგენებს — ქალის ჰორმონების მცენარეულ ანალოგებს. სელის თესლის რეგულარული მიღება ამსუბუქებს კლიმაქსის ნეგატიურ გამოვლენებს და მკერდისა და საშვილოსნოს ონკოლოგიური დაავადებების შესანიშნავი პროფილაქტიკაა.
სელის თესლი, მშრალ ადგილას შენახვისას, თავის სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს 3-4 წლის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ სელის თესლი უვნებელი და უსაფრთხოა, სელის ზეთის გაყიდვა ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. ის შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რაც ძალზე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ სინათლისა და სითბოს ზემოქმედების შედეგად ცხიმოვანი მჟავები იჟანგება და მომენტალურად წარმოიქმნება პეროქსიდები, რომლებიც ძალზე საშიშია ორგანიზმისთვის და, შესაძლოა, მასზე კანცეროგენული ზემოქმედებაც მოახდინოს.
დაჟანგული ცხიმების არსებობა ზეთის შემადგენლობაში მის გემოზე აისახება — მას სიმწარე გაჰკრავს და სპეციფიკური სუნი აქვს. ასეთი ზეთი არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ, რადგან ის თქვენს ორგანიზმს დიდ ზიანს მოუტანს. სელის ზეთი უნდა შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილზე. მისი ტრანსპორტირება შეიძლება მხოლოდ გაუმჭვირვალე ჭურჭლით (მუქი ფერის მინა, თიხა და ა.შ.). სელის თესლი უფრო დიდხანს ინახება, რადგან მას გარსი იცავს. დაფქული სახით ის მალე ფუჭდება, ამიტომ ის უშუალოდ გამოყენების წინ უნდა დაფქვათ.
სელის ზეთი ტრადიციული და საინტერესო კულინარული პროდუქტია. სელის ზეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ვეგეტარიანელებისათვის, ვისი რაციონიც გამორიცხავს თევზს. საუკეთესოა სალათებისათვის, არაჟანში და მაიონეზში ასარევად. სელის ზეთზე მზადდება სოუსები, მას უმატებენ ფაფებს, მოხარშულ კარტოფილს, პირველ და მეორე თავ კერძებს. სელის ზეთი გემრიელია ხაჭოსა და მწვანილთან ერთად. მას მომწარო გემო აქვს და თევზის ქონის არომატი დაჰკრავს, ამიტომ უმჯობესია, თევზიან ან ზღვის პროდუქტების სალათებში გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ზეთი მხოლოდ ცივად გამოვიყენოთ, მისი გაცხელება სასურველი არ არის.
ყოველივე ზემოთთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ სელის თესლს გააჩნია მრავალი დადებითი თვისება და საქართველოში მისი ბიოწარმოების შესაძლებლობის შესწავლა აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს და ამ პრობლემის წარმატებით გადაჭრა საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ უხვი, მაღალხარისხოვანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სელის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. აქედან გამომდინარე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცხეთის მუნიციპალიტეტის წილკნის საცდელ-ექსპერიმენტული ბაზის საცდელ ნაკვეთზე, სელის კულტურის მოსავლიანობაზე ბიოპრეპარატების გავლენის შესწავლის მიზნით გამოიცადა ადგილობრივი და უცხოური წარმოშობის, მოქმედების სხვადასხვა სპექტრის მქონე 8 ბიოპრეპარატი (ბომსი, ბაქტოფერტი, თხევადი ბიოჰუმუსი, GSN-2004, ბიორაგი, შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატები, აგროვიტა, ბიოსუპერი. ბიოპრეპარატები გამოიყენებოდა მწარმოებლების მიერ რეკომენდებული კონცენტრაციებით, შესაბამის ვადებში).
ბიოპრეპარატების გამოცდა ჩატარდა 2019–21 წწ შ. ჭანიშვილის და სხვ. მეთოდიკის მიხედვით. ბიოპრეპარატები გამოყენებული იქნა: 1. ნიადაგის გასანოყიერებლად 2. თესვის წინ თესლის დასამუშავებლად (დათესვამდე 2-3 დღით ადრე ტარდებოდა თესლის შეწამვლა მცენარეთა მდგრადობის გასაზრდელად სოკოვანი დაავადებების, მავნებლებისა და გარემოს სხვა არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ), 3. აღმოცენებულ მცენარეთა გამოსაკვებად – ერთი ვეგეტაციის პერიოდში ტარდებოდა მცენარეთა 3–ჯერადი ფოთლოვანი გამოკვება. პირველი ფოთლოვანი გამოკვება ტარდება მაშინ, როცა მცენარეთა სიმაღლე მიაღწევს 4-10 სმ-ს, მეორე გამოკვება – ბუტონების გამოჩენამდე, მესამე გამოკვება – მეორე გამოკვებიდან 2-3 კვირის შემდეგ. ვეგეტაციის პერიოდში შესწავლილი იქნა: მცენარეთა განვითარების ფენოლოგიური ფაზები (აღმოცენება, ყვავილობა, სიმწიფე) და საერთო სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა, მცენარის სიმაღლე, მცენარეთა რაოდენობა 1მ2-ზე, 1000 მარცვლის წონა, მარცვლის მოსავალი 1მ2-ზე. ცდები ჩატარდა საცდელ (ბიო), ეტალონ და საკონტროლო ვარიანტებში. ბიოლოგიური ვარიანტი – ნიადაგის განოყიერება, თესლის თესვისწინა დამუშავება და ვეგეტაციის პერიოდში მცენარეთა გამოკვება ჩატარდა ბიოპრეპარატებით, ეტალონი – ნიადაგის გასანოყიერებლდ, თესლის თესვისწინა დასამუშავებლად და ვეგეტაციის პერიოდში მცენარეთა გამოსაკვებად გამოყენებული იქნა მინერალური სასუქი ნიტროფოსკა. საკონტროლო ვარიანტი – ნიადაგის განოყიერების, თესლის თესვისწინა დამუშავებისა და მცენარეთა გამოკვების გარეშე. თითოეული ვარიანტისათვის დანაყოფის ფართობი და თესვის ნორმა თანაბარია.
ბიოპრეპარატების გავლენა სელის ზოგიერთ ბიოსამეურნეო მაჩვენებელსა და მოსავლიანობაზე მოცემულია ცხრილი N 1, ცხრილი N 2 და ცხრილი N 3 -ში.
ცხრ. N 1
ბიოპრეპარატების გავლენა სელის ზოგიერთ ბიოსამეურნეო მაჩვენებელზე, 2019-2021 წწ
ცხრ. N 2
ბიოპრეპარატების გავლენა სელის ზოგიერთ ბიოსამეურნეო მაჩვენებელზე (სამი წლის მონაცემების საშუალო მაჩვენებლები), 2019-21 წწ
როგორც მონაცემებიდან ჩანს, ყველა გამოყენებული ბიოპრეპარატი მნიშვნელოვნად ზრდის სელის ბიომეტრიული მაჩვენებლების სიდიდეებს საკონტროლო ვარიანტთან შედარებით. კერძოდ, მცენარეთა სიმაღლე, ბიოპრეპარატების გამოყენების შედეგად, 3.7-20.6 სმ-ით, და მცენარეთა რაოდენობა, ცალობით, 1მ2-ზე 11.3-39.6-ით მეტია საკონტროლოსთან შედარებით. 1000 მარცვლის მასა განსაზღვრავს მცენარის პროდუქტიულობას და მოსავლის ხარისხსაც და ეს მაჩვენებელი ბიოპრეპარატების გამოყენებისას 6.4-18.2 გ-ით მეტია საკონტროლოსთან შედარებით. სელის ბიოსამეურნეო მაჩვენებლების ზრდას განსაკუთრებით შეუწყო ხელი აგროვიტას, შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატების, ბომსის, და ბიორაგის გამოყენებამ.
ცხრ. N 3.
ბიოპრეპარატების გავლენა სელის მოსავლიანობაზე, 2019-21 წწ
როგორც ცხრილიდან ჩანს, საცდელ ნაკვეთზე, სელის კულტივირებისას, ყველაზე კარგი შედეგები მიღებული იქნა აგროვიტას, 3.1 ტ/ჰა, , თხევადი ბიოჰუმუსის, 3.0 ტ/ჰა, ბომსის, ბიორაგის და შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატების ცალ-ცალკე გამოყენებისას, 2.8 ტ/ჰა. მთლიანად ბიონაკვეთზე მიღებული მოსავლის საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 2.8 ტ/ჰა, საკონტროლო ვარიანტში – 2.2 ტ/ჰა, ეტალონი – 2.9 ტ/ჰა. შესაბამისად, ბიოპრეპარატების გამოყენების შედეგად, იონჯის მწვანე მასის მოსავლიანობა საცდელ ვარიანტებში სჭარბობს საკონტროლო ვარიანტის მოსავლიანობას და მოსავლიანობის ეს სხვაობა აგროვიტას გამოყენების შემთხვევაში არის 0.9 ტ/ჰა (40.9 %), თხევადი ბიოჰუმუსი, 0.8 ტ/ჰა, შპს „ბიოაგრო“-ს პრეპარატების, ბომსის და ბიორაგის ცალ-ცალკე გამოყენების შემთხვევაში, 0.6 ტ/ჰა (27.3 %). იხილეთ დიაგრამა 1 და 2.
რაც შეეხება საცდელი ვარიანტების შედარებას ეტალონთან, მხოლოდ ბიოჰუმუსის და აგროვიტას გამოყენებისას არის სელის მოსავალი მეტი (0.1 და 0.2 ტ/ჰა, შესაბამისად) მინერალური სასუქის გამოყენების შედეგად მიღებულ მოსავალთან შედარებით. სხვა ბიოპრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, სელის მოსავლიანობა უმნიშვნელოდ იკლებს ეტალონთან შედარებით, რაც, საბოლოო ჯამში, მისაღებ შედეგად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან თითქმის თანაბარი მოსავლიანობის პირობებში, ბიოპრეპარატების მოქმედების შედეგად მიღებული სელის პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა და სრულიად უსაფრთხო ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
დიაგრამა 1
ბიოპრეპარატების გავლენა სელის მოსავლიანობაზე, 2019-21 წწ
დიაგრამა 2
ბიოპრეპარატების გავლენა სელის მოსავლიანობაზე, 2019-21 წწ
ჩვენს მიერ შესწავლილია სელის წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლები სხვადასხვა ვარიანტში. შედეგები მოტანილია ცხრილში N 4 და დიაგრამა 3-ში.
ცხრ. N 4
სელის წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლები ბიოპრეპარატების მიხედვით, 2019-2021 წწ
დიაგრამა 3
სელის წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლები ბიოპრეპარატების მიხედვით, 2019-2021 წწ
როგორც მონაცემებიდან ჩანს, სელის ბიოწარმოების ეკონომიკური რენტაბელობის მაჩვენებელი მაღალია საკონტროლო ვარიანტის ნაკვეთზე წარმოებული სელის ეკონომიკური რენტაბელობის მაჩვენებელთან შედარებით – სელის კულტივირებისას, ყოველ დახარჯულ ერთ ლარზე, საკონტროლო ვარიანტში მოგება შეადგენს 0.71 ლარს, ეტალონი, 0.95 ლარი, ბიოპრეპარატების საშუალო მაჩვენებელი – 1.04 ლარი. რაც შეეხება ცალკეულ ბიოპრეპარატს, მაღალი რენტაბელობით გამოირჩევა ბიოსუპერი, 1.31 ლარი, თხევადი ბიოჰუმუსი, 1.23 ლარი.
ამრიგად, ყველა გამოყენებული ბიოპრეპარატი მეტ-ნაკლები ინტენსივობით ზრდის სელის მოსავლიანობას საკონტროლო ვარიანტთან შედარებით, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მაღალხარისხოვანი, ეკოლოგიურად სუფთა სელის პროდუქცია.
სელი კარგად ეგუება ნებისმიერი ტიპის ნიადაგს, მაგრამ იგი უნდა იყოს კარგად განოყიერებული და დრენირებული – ვერ იტანს ზედმეტ წყალს. ბუტონიზაციისა და ყვავილობის პერიოდში სელი ძალზედ მგრძნობიარეა ტენის მიმართ და ამ პერიოდში საჭიროა ყურადღების მიქცევა, რათა ნიადაგი არ გამოშრეს. ვეგეტაციის განმავლობაში საჭიროა ორჯერ ჩატარდეს სარეველების გამარგვლა და ნიადაგის გაფხვიერება. სელი საკმაოდ გვალვაგამძლე მცენარეა. იგი მისთვის საჭირო ტენს იღებს ჰაერიდან და ნიადაგიდან. შესაბამისად მისი მოყვანა შეიძლება დაბალი წლიური საშუალო ნალექიანობით (440-490 მმ) გამორჩეულ რაიონებში. სელის მოვლა-მოყვანა არ საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებს და იგი ადვილად შეიძლება ჩაერთოს თესლბრუნვაში. მისთვის საუკეთესოდ ითვლება ნიადაგები ძირხვენების აღების შემდეგ, რადგანაც ისინი თავისუფლები არიან სარეველებისაგან. სელის კულტივირებისათვის კარგია ნიადაგები იონჯისა და პარკოსნების მოყვანის შემდეგ. სელის აღების შემდეგ ნიადაგი გამოსადეგია ხორბლისა და ჭვავის მოსაყვანად.
სელის მოყვანის დროს გასათვალისწინებელია რამდენიმე პირობის დაცვა:
- იმისათვის, რომ ნიადაგში არ წარმოიქმნას სელის ძირითადი მავნებელ-დაავადებების კერები, არ მოხდეს „ნიადაგის გადაღლა“, ერთსა და იმავე ნაკვეთზე სელი უნდა დაითესოს 6-7 წლის ინტერვალით.
- გამოყენებული იქნას ჯანმრთელი და შემოწმებული სათესლე მასალა.
- გამოყენებული იქნას სელის, დაავადებისადმი მდგრადი, სელექციური ჯიშები.
- ყურადღება მიექცეს ნიადაგში საკვები ელემენტების სრულყოფილ შემცველობას. აზოტის სიჭარბე ამცირებს დაავადებებისადმი მდგრადობას. კალიუმის ნაკლებობა ზრდის დაავადებათა განვითარების ინტენსივობას. ნიადაგში თუთიის, სპილენძის ბორის, მანგანუმის საკმარისი რაოდენობით შემცველობა მნიშვნელოვნად ზრდის მცენარეთა დაავადებებისადმი მდგრადობას.
- სელის ნათესში მავნებელ-დაავადებათა გამოჩენის შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენებული უნდა იქნას ბიოპესტიციდები.
გამოყენებული ლიტერატურა:
შ. ჭანიშვილი, ზ. ტყებუჩავა, გ. ბუცხრიკიძე. საცდელი საქმის მეთოდიკა მემცენარეობაში. თბილისი, 2017 წ., 170 გვ.
ავტორები: გივი წილოსანი; გოჩა წერეთელი; მზეინაბ სარალიძე; მზია ბერუაშვილი; ზურაბ ბილანიშვილი.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.