მულჩა – მულჩირება – ის რაც ბუნებამ თვითონ გვასწავლა

მულჩა, ორგანული, მულჩირება

მულჩირების შესახებ

ბუნებაზე დაკვირვება და ბუნებრივი კანონზომიერების გათვალისწინება ორგანული მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.

სწორედ ბუნებამ უკარნახა მეურნეს მულჩირების მეთოდი, რომლის დროსაც ნიადაგი მცენარის გარშემო იფარება სხვადასხვა მასალით.

მართლაც, ტყეში ხეების, ბუჩქებისა და სხვა მცენარეების ქვეშ ნიადაგი ყოველთვის დაფარულია გამხმარი ფოთლებით, ხავსით, მკვდარი მცენარეული მასალით.

სწორედ ეს ბუნებრივი საფარი იცავს ნიადაგს მაღალი ტემპერატურისაგან, გამოშრობის, ჩარეცხვისა და ეროზიისაგან, აფერხებს სარეველა მცენარეების აღმოცენება–განვითარებას, იცავს მცენარეებს ყინვისაგან.

მულჩი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს მავნე მეტეოროლოგიური პირობებისაგან ნიადაგის დაცვას. ნიადაგის მულჩირება შესაძლებელია სხვადასხვა მასალითა და სხვადასხვა მიზნით.

მულჩირებისთვის გამოიყენება როგორც დაქუცმაცებული ტორფი, გადამწვარი ორგანული მასალა, მარცვლეული კულტურების ნამჯა, ჩამოცვენილი ფოთლები, ნახერხი, ბალახი, პოლიეთილენი, მუყაო, ქაღალდი და სხვა ორგანული და არაორგანული მასალები.

დამულჩვით მოსავლიანობის გადიდება დიდი ხანია ცნობილია, თუმცა იგი ფართოდ არ გამოყენებოდა, რადგან კულტურის მიხედვით მულჩის ეფექტი ზუსტად დადგენილი არ არის. პირველად 1914 წელს ეკარტმა ჰავაის კუნძულებზე ანანასის და შაქრის ლერწმის პლანტაციებში ასფალტის საფარი გამოიყენა მულჩად.

მანამდე მე–19 საუკუნის დასაწყისში სარეველების წინააღმდეგ ნიადაგის ცემენტითა და ქვით დაფარვა სცადეს. საქართველოში ნიადაგის დამულჩვის შესწავლაში დიდი წვლილი მიუძღვის აკად. მ. გოგოლიშვილს. მის მიერ დამტკიცებულ იქნა, რომ დამულჩვის ეფექტურობა დამოკიდებულია მულჩის (მულჩას) სახეობაზე, გამოყენების ხერხებზე, დროზე, კლიმატურ პირობებზე და სხვა.

მულჩირებისათვის მასალის არჩევა

მულჩირებისათვის მასალის არჩევა დამოკიდებულია ნიადგის ტიპზე, კლიმატსა და მულჩირების მიზანზე (სარეველების დათრგუნვა, ტენის აორთქლების შემცირება, ნიადაგის გამდიდრება და სხვ.).

ნებისმიერი მასალით (როგორც ორგანულით, ისე არაორგანულით) მულჩირება თრგუნავს სარეველების ზრდას, იცავს ნიადაგს ტენის ჭარბი აორთქლებისაგან, არეგულირებს სითბურ რეჟიმს: ზაფხულში ნიადაგი ნაკლებად ხურდება, ხოლო მცენარის ფესვებთან ახლოს შექმნილი ტენიანი გარემო ხელს უწყობს მცენარის ზრდას; ზამთარში კი ნიადაგი უკეთ ინარჩუნებს სითბოს.

მაგრამ თუ სარეველების დათრგუნვის, სითბური რეჟიმის რეგულირებისა და ტენის აორთქლების თავიდან აცილების გარდა, ნიადაგის სტრუქტურასა და მცენარის უკეთ გამოკვებაზეც ვფიქრობთ, მაინც უმჯობესია, მულჩირებისათვის ორგანული მასალები გამოვიყენოთ.

ორგანული მასალის გარდა, მულჩირებისათვის შესაძლებელია სხვა მასალების გამოყენებაც (მაგ. პოლიეთილენის), მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ ამ მასალის თვისებები.

მულჩირებისათვის შავი პოლიეთილენის გაუმჭვირვალე მასალის გამოყენებისას ნიადაგის სტრუქტურა არ უმჯობესდება და არც საკვები ნივთიერებებით მდიდრდება, მაგრამ ფერხდება სარეველების ზრდა და ტენის აორთქლება.

გასათვალისწინებელია, რომ პოლიეთილენის მასალა წვიმას იჭერს და ბოსტნეულ კულტურებში მოსაგვარებელია მცენარის მორწყვის საკითხი.

გაზაფხულზე შავი პოლიეთილენი თბება და ნიადაგსაც ათბობს, მაგრამ ზაფხულის სიცხეების დროს იქმნება პრობლემა. პოლიეთილენი შესაძლოა ძლიერ გახურდეს და მკვეთრად აწიოს ნიადაგის ტემპერატურა, რაც საშიშროებას უქმნის ნიადაგის ცოცხალ ორგანიზმებსაც.

ორგანული მასალით მულჩირება

ორგანული მასალით მულჩირება ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესების კარგი საშუალებაა. გარდა იმისა, რომ მულჩით დაფარული ნიადაგი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, ტენსა და სიფხვიერეს, სწრაფად ხდება ნიადაგის ჰუმუსის ფენის აღდგენა.

მულჩის ქვეშ იქმნება ოპტიმალური პირობები მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობისათვის. ისინი გადაამუშავებენ ორგანულ მულჩს და ამდიდრებენ ნიადაგს. ამასთან, ორგანული მულჩი ხელს უწყობს ჭიაყელებისა და ნიადაგის სხვა ცხოველების გამრავლებას, რომლებიც აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას.

ორგანული მულჩი ხელს უშლის ნიადაგის ქერქის წარმოქმნას, იცავს ნიადაგს ქარისა და მზის სხივების ზემოქმედე–ბისაგან, ამასთან ნიადაგი უკეთ “სუნთქავს”, აძლიერებს ნიადაგში მიმდინარე სასარგებლო ბიოქიმიურ პროცესებს, რის შედეგადაც უკეთესდება მცენარის კვება და მცენარე ძლიერდება.

მულჩირებულ ნიადაგში ტემპერატურის მერყეობის ამპლიტუდა ნაკლებია, შენარჩუნებულია ოპტიმალური ტენიანობა და სითბური რეჟიმი, რაც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და აუმჯობესებს მცენარის კვებას.

ორგანული მულჩი აფერხებს ზოგიერთი დაავადებისა და მავნებლის ზრდა-განვითარებას. მაგ., კოლორადოს ხოჭო „გაურბის“ თივისგან დამზადებულ მულჩს. ვაშინგტონის შტატის ბიოფერმებში ეკოლოგიურად სუფთა ყურძნის მოყვანა ძალზედ პოპულარულია.

თანამედროვე ორგანულ მეურნეობაში მულჩად გამოყენებულია უახლოესი ტექნოლოგიებით დამზადებული ფირები, რომელსაც აწარმოებს ისრაელის ფირმა „გინეგარი“.

ფირების გამოყენებით იზღუდება სარეველა მცენარეების ზრდა, ნაყოფი არ ეხება ნიადაგს, მცირდება სიდამპლის რისკი. ფირის ქვეშ ნარჩუნდება მდგრადი ტემპერატურა და ზომიერი ტენიანობა, 30%–ით მცირდება მორწყვის ხარჯები, 15%–ით მატულობს მცენარის ზრდის ტემპი, იზრდება ნაყოფიერება.

ორგანული მასალით მულჩირებისას გასათვალისწინებელია:

  • რეკომენდებული არაა მულჩირება ადრე გაზაფხულზე, როცა მიწა ჯერ არ არის გამთბარი. ეს გამოიწვევს ლპობას, მით უმეტეს, წვიმიანი გაზაფხულის პირობებში. მულჩირება ხდება მიწის კარგად გათბობის შემდეგ;
  • მულჩირების წინ ნიადაგი წინასწარ უნდა გასუფთავდეს სარეველების, ხმელი ტოტების, ფოთლებისაგან. თუ ზედაპირი მშრალია, ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს, მოირწყას, და შემდეგ დაიმულჩოს;
  • მულჩირებისათვის განკუთვნილი მასალა არ უნდა შეიცავდეს სარეველების თესლს და წინასწარ კარგად უნდა დაქუცმაცდეს;
  • თუ მულჩირებისათვის გამოყენებულია მწვანე მასა თხელ ფენად უნდა დალაგდეს, ხმელი მასალა (მაგ., თივა) შეიძლება უფრო სქელ ფენად დაეფინოს (მაგ., 2-10 სმ სისქეზე) ნიადაგის ზედაპირს;
  • შემოდგომით მულჩი უნდა ჩაიხვნას ნიადაგში ან რჩება გაზაფხულამდე. თუ მულჩს ზამთარშიც დავტოვებთ, იგი ხელს შეუწყობს ჭიაყელებისა და ნიადაგის სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებას, რაც ნიადაგს ჰუმუსით გაამდიდრებს და სტრუქტურასაც გააუმჯობესებს.

ავტორები: ნ. ნაკაშიძე; დ. ჯაში.  

ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტი,
აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტი.

იხილეთ აგრეთვე: ორგანული და არაორგანული მასალით მულჩირება

თქვენი რეკლამა