ხეხილის ბაღში ნიადაგის მოვლა ერთ-ერთი საპასუხიმგებლო და მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიებაა, რომლის ძირითადი მიზანია, ოპტიმალური პირობების შექმნა მცენარეების ნორმალური განვითარებისათვის – არ უნდა შეიქმნას სირთულეები კვების ელემენტებით, წყლით და სინათლით ბაღის უზრუნველყოფის, აგრეთვე სამუშაო ძალისა და ტექნიკის მოძრაობის მიმართულებით.
თანამედროვე ტიპის ხეხილის ბაღში გამოყენებულია ნიადაგის მოვლის მთავარი პრინციპი: ხეების მწკრივი 0.8-1.0 მეტრის სიგანეზე თავისუფალი უნდა იყოს სარეველებისგან, რაც მიიღწევა შემდეგი გზით: ნიადაგის მექანიკური გაფხვიერება – თოხნის ან სპეციალური მანქანა-იარაღების გამოყენების საშუალებით, ჰერბიციდებით დამუშავებით ან დამულჩვით.
ხეების მწკრივში მოსავლელად, ყველაზე ძველ მეთოდს წარმოადგენს ძირების შემობარვა და თოხნა. ამ დროს, ვეგეტაციის პერიოდში ტარდება 3-5 თოხნა, რაც მეტად შრომატევადია და დიდ ხარჯებს მოითხოვს, იგივე სამუშაოს ამჟამად ახდენენ სპეციალური მანქანა-იარაღების საშუალებით, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ კულტურისთვის – კენკროვანი კულტურები ან ნაგალა ბაღი, რომლებსაც ფესვთა სისტემა ზედაპირულად აქვთ განვითარებული, ეს მეთოდი არ არის რეკომენდებული.
ინტენსიურ ბაღებში, მწკრივში სარეველების წინააღმდეგ, ვეგეტაციის პერიოდში ამჟამად ჰერბიციდებსაც იყენებენ, რისთვისაც ხის ძირების დაცვის მიზნით, მათზე ამაგრებენ სპეციალურ 40-60 სმ სიმაღლის მუყაოს ან პლასტმასის პროტექტორებს და შემდეგ ახდენენ ჰერბიციდებით ორ-სამ დამუშავებას სეზონის განმავლობაში, ამ დროს ხეების მწკრივი მთლიანად თავისუფლდება სარეველებისგან.
მულჩირება
მულჩირება მწკრივში ნიადაგის მოვლის პროგრესული მეთოდია. კლასიკური გაგებით, მულჩი ეწოდება ორგანული წარმოშობის სხვადასხვა მოცულობით მასალებს: ნახერხი, ნამჯა, ტორფი, თივა, გადამწვარი ნაკელი, კომპოსტი და სხვა, რომლებიც მცენარის ხის გარშემო სქელ (10-20 სმ) სისქის ფენად იყრება.
მულჩი სასურველ მდგომარეობაში ინახავს ნიადაგის ზედაპირს მთელი სეზონის განმავლობაში: სიცხეში არ ხურდება, ხოლო სიცივეში სწრაფად არ ცივდება, უკეთესად ხდება ტენის კუმულაცია, აფერხებს სარეველების განვითარებას, აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ამდიდრებს ორგანული ნივთიერებებით, თუმცა, მულჩირებისთვის შესაძლებელია სხვა არაორგანული წარმოშობის მასალების: რუბეროიდი, ტოლი, იზოლი და სხვა. გამოყენება.
უკანასკნელ ხანს ფართოდ ინერგება პოლიმერული ფირების საშუალებით მულჩირების მეთოდი. მაგალითად, მარწყვის მოყვანა ამჟამად უმეტესად ასეთი ფირის გამოყენებით ხდება.
ხეხილის ბაღში პოლიმერული ფირის გამოყენება შემდეგნაირად ხორციელდება: ვეგეტაციის დასაწყისში, 0.8-1.0 მეტრის სიგანის შავი ან მწვანე ფერის პოლიმერულ აფსკს გაშლიან, მცენარეეების ადგილზე აფსკს გვერდიდან გაჭრიან და შეუფენენ ხის ქვეშ, ხის ძირების გადანაჭერზე აყრიან მცირე რაოდენობის მიწას. ფირის გვერდებს ჩააღრმავებენ და აყრიან 10-15 სმ-ის ფენა მიწას. სარწყავ სისტემას (წვეთოვანს) ატარებენ მულჩის ქვეშ. მულჩის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მასალის ხარისხზე და იგი საშუალოდ 1-5 წელს შეადგენს.
ორგანული წარმოშობის მულჩი ფართოდ გამოიყენება კენკროვნებში (მარწყვი, მოცხარი) და კურკოვნებში, შედარებით ნაკლებად თესლოვნებში, რადგან ზოგჯერ მულჩის ქვეშ მავნე მღრღნელები (წყლის ვირთაგვა, მინდვრის თაგვი) იბუდებენ და საგრძნობლად აზიანებენ ფესვთა სისტემას.
შავადხნული ანეული
შავადხნული ანეული ნიადაგის მოვლის ერთერთი გავრცელებული მეთოდია. ეს მეთოდი გულისხმობს რიგთაშორისების მუდმივი დამუშავების საფუძველზე, მის შავად შენახვას (შავადხნული ანეულის მეთოდის გამოყენება ნიშნავს, რომ ნიადაგი მთელი წლის განმავლობაში ინახება სუფთად გაფხვიერებულ მდგომარეობაში-აგროკავკასია).
ეს სისტემა მოიცავს საშემოდგომო (მზრალად) და საგაზაფხულო ხვნას, რიგთაშორისების 15-20 სმ-ის სიღრმეზე, რამდენჯერმე (3-4-ჯერ) გაფხვიერებას, სეზონის განმავლობაში და პერიოდულად 4-5 წელიწადში პლანტაჟის განახლებას 55-60 სმ-ის სიღრმეზე. ასეთი სქემა ხელს უწყობს ნიადაგში ტენის შენარჩუნებას და სარეველების განადგურებას.
სიდერატების თესვა
ნიადაგის დამუშავების ეს სისტემა დამყარებულია რიგთაშორისებში სიდერატების თესვაზე, რომელთაც ყვავილობის პერიოდში ჩახნავენ. სიდერატები ითესება ადრე შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე.
მრავალწლიანი ბალახებით დაკორდება (კულტურული დაკორდება)
რიგთაშორისებში თესავენ მრავალწლიან კულტურულ, არამხოხავ ბალახებს – კაპუეტას, ჭანგას. ბალახების დათესვა ხდება ადრე შემოდგომით, სექტემბერში ან ადრე გაზაფხულზე. თესვის საშუალო ნორმა – 40-50 კგ/ჰა. ვეგეტაციის განმავლობაში მას ხშირად თიბავენ.
დაკორდებას მიმართავენ მთიან ადგილებში, როგორც ეროზიის საწინააღმდეგო საშუალებას. ეს მეთოდი მეტად გავრცელებულია მსოფლიოს სამრეწველო ინტენსიურ ბაღებში, ხასიათდება მთელი რიგი დადებითი თვისებებით: დადებით გავლენას ახდენს ხილის შეფერვაზე (არეკლილი სინათლის გამო), წვიმის შემდეგ არ არის ტალახი, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოსავლის აღების დროს, მანქანა-იარაღების და მუშახელის მოძრაობა გამარტივებულია.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენება 30-40%-ით მეტი წყლის მოხმარებას საჭიროებს. ხანდახან საჭიროა გამფრქვევების დაყენება, რათა ზაფხულის მშრალ პირობებში შენარჩუნდეს მფარავი საფარის არსებობა.
მრავალწლიან ბალახებად იყენებენ არამხოხავი მარცვლოვნებისა და პარკოსნების ნარევს – რეკომენდებულია ესპარცეტის, კოინდარის, კაპუეტას, არამხოხავი ჭანგას, თივაქასრას, სამყურის თესვა. ბალახები ითესება ადრე შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. 4-5 წლის შემდეგ კორდს მოხნავენ და ხელახლა დათესავენ.
ერთწლიანი ბალახებით დაკორდება
ეს მეთოდი გულისხმობს კორდის შექმნას ერთწლიანი ბალახების თესვის საშუალებით. ამ მიზნით ძირითადად იყენებენ თივაქასრას სხვადასხვა ჯიშებს.
ნიადაგის დამუშავების აღნიშნული სისტემა ნაკლებად რეკომენდებულია გვალვიანი ადგილებისთვის, რადგან ერთწლიანი ბალახები ცუდად იტანენ ტენის ნაკლებობას.
ახალგაზრდა ბაღის რიგთაშორისი ფართობის გამოყენება
ინტენსიურ ბაღებში რიგთაშორისი ფართობის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუმცა ექსტენსიურ და მცირე სიდიდის ბაღებში შესაძლებელია ზოგიერთი სათოხნი კულტურის (ჭარხალი, ლობიო, სოია, მუხუდო, ბარდა) მორიგეობა.
არ არის რეკომენდებული სიმინდისა და ვერტიცილიოზის გადამტანი ბოსტნეულის (კომბოსტო, პამიდორი) თესვა და მოყვანა რიგთაშორისებში.
ზემოთაღნიშნული მეთოდების საფუძველზე შემუშავებულია ნიადაგის მოვლის კომპლექსური სისტემები, როდესაც ადგილი აქვს სისტემების მორიგეობას – ერთ წელს ნიადაგი მუშავდება შავადხნული ანეულის წესით, ხოლო მომდევნო წლებში სხვა მეთოდებით – სიდერატების თესვა, მრავალწლიანი ბალახების კორდი და ა.შ.
თუმცა ფართო პრაქტიკაში ამ სისტემებმა ნაკლები გამოყენება ჰპოვა, ყოველწლიურად განსხვავებული აგროტექნიკის ჩატარების სირთულის გამო.
ნაბაღარი ნიადაგის მოვლა
ბაღის ამოძირკვა უნდა მოხდეს მოსავლის აღების შემდეგ, ნაბაღარი ნაკვეთი უნდა მოსწორდეს და 20-30 სმ-ის სიღრმეზე ჩაიხნას.
ნიადაგის გადაღლის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია სამნახევარი წლის განმავლობაში, მრავალწლიანი ბალახნარევით დაკორდება, ხშირი თიბვა სათიბი მანქანების საშუალებით (როდესაც ბალახების საშუალო სიმაღლე 15 სმ-ს შეადგენს) და ნათიბის ადგილზე დატოვება.
მეოთხე წლის შემოდგომაზე ხდება PK-ს 4-5 წლის დოზის ერთჯერადად შეტანა, კორდიანი ნიადაგის ოპტიმალურ სიღრმეზე (40-60 სმ) დაპლანტაჟება და ამის შემდეგ, გაზაფხულზე, ბაღის გაშენება.
ავტორები: ზვიად ბობოქაშვილი, სსმ დოქტორი; კუკური ძერია, სსმ დოქტორი.