გნოლი მნიშვნელოვანი სამონადირეო ფრინველია აზიისა და ევროპის ბევრ სახელმწიფოში. ამიტომ მეცნიერები ატარებენ სხვადსხვა სახის კვლევებს, რათა შეიმუშაონ მისი ხელოვნური გამრავლების მეთოდები.
ეს მნიშვნელოვანი სამუშაოებია, რომელიც მიმართულია გნოლის რიცხოვნების გაზრდისაკენ არა მარტო სამონადირეო მეურნეობებში, არამედ ზოგადად ფაუნაში.
გნოლის სახეობები
- ნაცრისფერი გნოლი
ნაცრისფერ გნოლს – აქვს 35 სმ-ის სიგრძის სხეული. მამლის მასა 500 გრამია, დედლის – 350გრამი. ახასიათებს ნაცრისფერი შეფერილობა. გვერდებზე აღენიშნება, ყავისფერი ზოლები, მკერდზე კი ნალისებური ყავისფერი ლაქა. დედალი შედარებით ღია ფერისაა.
გავრცელებულია ევროპასა და დასავლეთ აზიაში. ბინადრობს ბუჩქნარიან მინდვრებზე, მდელოებზე, სტეპებში, ასევე გვხვდება მინდორსაცავი ტყის ზოლის ახლოს.
ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 12-20 კვერცხს. ინკუბაციის პერიოდი – 24-25 დღეა. ბარტყების გამოჩეკვასა და გამოზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს.
- ქვის გნოლი
ქვის გნოლი – საშუალო ზომისაა, მკვრივი აღნაგობის. მისი მასა 300 გრამიდან 700 გრამამდე მერყეობს. ქვის გნოლის შეფერილობაში ჭარბობს ნაცრისფერი და ჟანგისფერი ფერები, რომლებსაც ალაგ-ალაგ მურა ვარდისფერ – ღვინისფერი და ლურჯი ელფერი დაჰკრავს.
ყველა ქვესახეობის ორივე სქესის ფრინველს შუბლიდან თვალზე გავლით თავის გვერდებზე გასდევს მკაფიოდ გამოკვეთილი შავი ზოლი, რომელიც ყურების უკან ქვემოთ ეშვება და კისრის ქვედა ნაწილში ერთმანეთს, როგორც ყელსაბამი ისე უერთდება.
სხეულის გვერდებზე ფრინველს აღენიშნება ზემოდან ქვემოთ მიმართული მკაფიო შავი ან წაბლისფერი ზოლები. ნისკარტი, ფეხები და თვალების ირგვლივ შიშველი რგოლები წითელი აქვს. კუდის საჭის ბუმბული წაბლისფერ-წითური შეფერილობისაა.
პირის კიდესთან შეინიშნება მცირე ზომის შავი წერტილი. ნიკაპქვეშ და კისრის წინა ნაწილი შავ ყელსაბამამდე ჟანგისფერ-თეთრია. მამალი ზომით დედალზე დიდია და ბუმბულიც უფრო მკვეთრად აქვს შეფერილი.
- ტუნდრის გნოლი
ტუნდრის გნოლი – ზომით თეთრ გნოლზე პატარაა. მისი სხეულის სიგრძე 35 სმ-ია, მასა 430-880 გრამი. ახასიათებს სეზონური დიმორფიზმი. კერძოდ, ზამთარში თეთრადაა შებუმბლული, გამონაკლისს წარმოადგენს კუდის გარე ბუმბული, რომელიც შავი ფერისაა და მამალის ნისკარტის ძირში არსებული შავი ზოლი.
ზაფხულში ბუმბული, ორივე სქესის ფრინველს, თეთრი საფრენი ბუმბულის გარდა, ჭრელი აქვს – ნაცრისფერ-წაბლისფერი შეფერვით, წვრილი შავი წერტილებითა და შტრიხებით, რომელიც ფრინველს ერთიანობაში კარგად ნიღბავს მიწაზე. ზაფხულში ტუნდრის გნოლის შეფერილობა ცვალებადია და ყოველთვის შეესაბამება იმ გარემოს სადაც იგი ბინადრობს.
- წვერებიანი გნოლი
წვერებიანი გნოლის – მასა 280-420 გრამია. ბინადრობს შუა აზიის მთისწინეთში. ეტანება ხე-ბუჩქნარიან ადგილებს. არსებობს წვერებიანი გნოლის ორი ქვესახეობა: ციმბირული წვერებიანი გნოლი და მანჯურიული წვერებიანი გნოლი.
ბუდეს აწყობს მიწაზე ან ბალახზე. დებს 16-20 კვერცხს. გამოჩეკვის შემდეგ დედალი და მამალი ერთად ზრუნავენ ბარტყებზე.
- წითელი გნოლი
წითელ გნოლს – თავის ზედა მხარე და ზურგი ყავისფერი ფერისა აქვს. გაცილებით პატარაა ყელზე არსებული თეთრი ლაქა. მკერდზე ზოლები არცთუ ისე მკაფიოდაა გამოხატული. აფრენისას ჩანს ცეცხლისფერ-მოწითალო ბუმბული.
წითელი გნოლი დღეისათვის გავრცელებულია იბერიის ნახევარკუნძულზე, მადეირაზე, გრან-კანარისა და ბელარის კუნძულებზე, კორსიკაზე, დიდ ბრიტანეთში, სადაც იგი მნიშვნელოვანი სამონადირეო ფრინველია.
- თეთრი გნოლი
ამ ფრინველის სხეულის სიგრძე 35-38 სმ-ია, მასა 400-870 გრამი, თითები ბრჭყალებამდე ბუმბულითა აქვს დაფარული. იგი ზამთარში თეთრადაა შებუმბლული, ზაფხულში კი ყვითლად ან ჟანგისფერ-წაბლისფრად. დედალს შეფერილობა წელიწადში 3-ჯერ ეცვლება, მამალს- 4-ჯერ.
ბუმბულის ფერის სეზონური ცვლილება მფარველობითი შეფერილობის ფუნქციას ასრულებს. გავრცელებულია ევროპის ჩრდილოეთით, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
ასევე გვხვდება ტუნდრაში, ტყის ზონის ხავსიან ჭაობებში, დასავლეთ ციმბირისა და ყაზახეთის ტყე-სტეპის არყნარში და ვერხვნარში, მთების სუბალპური სარტყლის ბუჩქნარში.
თეთრი გნოლი დებს 8-12 ცალ კვერცხს. ინკუბაციის პერიოდი 18-20 დღეა. ბარტყების გამოზრდაზე ორივე მშობელი ერთნაირად ზრუნავს.
ავტორი: ანატოლი გიორგაძე — დოქტორი,სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი.
იხილეთ აგრეთვე: გნოლის ბიოლოგიური თავისებურებები და პროდუქტიულობა