საფრანგეთის ტყეები და სატყეო მეურნეობა

ტყე, მეტყევეობა, სატყეო, საფრანგეთი

გეოგრაფიული ცნობები

საფრანგეთი მდებარეობს დასავლეთ ევროპაში. ჩრდილოეთით მას აკრავს ჩრდილოეთის ზღვა, პა-დე-კალესა და ლამანშის სრუტეები. დასავლეთით ბისკაის ყურე (ატლანტის ოკეანე), სამხრეთით ხმელთაშუა ზღვა, აღმოსავლეთით ესაზღვრება – ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, ავსტრალია და მონაკო, სამხრეთით კი – ესპანეთი და ანდორა.

ტერიტორიის მიხედვით საფრანგეთი რუსეთის შემდეგ ევროპაში მეორე სახელმწიფოა; მისი საერთო ფართობია 551,6 ათასი კმ2, მოსახლეობა დაახლოებით 60 მილიონია, რომელთა 75% ცხოვრობს ქალაქებში. ქვეყანა დაყოფილია 103 დეპარტამენტად.

ტერიტორიის 2/3 ვაკეს უჭირავს და მდებარეობს 400მ-მდე ზღვის დონიდან; უდიდესი ვაკეა ჩრდილოეთით მდებარე პარიზის აუზი.

ტერიტორიის 1/3 მთაგორიანია; სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაჭიმულია დასავლეთი ალპები, რომლის უმაღლესი წერტილია მთა მონბლანი (4807 მ), საფრანგეთისა და დასავლეთ ევროპის უმაღლესი წერტილი. დასავლეთით აღმართულია პირინეები, რომლის უმაღლესი წერტილია 3298 მ (მთა ვანმალი), ხოლო კუნძულ კორსიკაზე, რომელიც საფრანგეთს ეკუთვნის, ჭარბობს საშუალო სიმაღლის მთები, მაქსიმალური სიმაღლეა 2710 მ (მთა მონსენტო).

საფრანგეთის ტყეები

საფრანგეთში გამოიყოფა კლიმატის 4 ტიპი:

  • დასავლეთ სანაპიროზე ზომიერი ზღვის კლიმატი;
  • აღმოსავლეთ ნაწილში ზომიერი კონტინენტური კლიმატი;
  • სამხრეთ-აღმოსავლეთში ხმელთაშუა ზღვის კლიმატი;
  • მთის კლიმატი პირინეებისა და ალპების ზოლში.

ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იანვარ-თებერვლის საშუალო ტემპერატურაა 1-30C; დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთით 5-70C; სამხრეთ ნაწილში 5-100C; ჩრდილოეთით ივლის-აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 16-180C; სამხრეთ-დასავლეთით 20-290C; სამხრეთით 23-240C.

ნალექები ალპებისა და პირინეების დასავლეთ ნაწილში მოდის 1500-2000 მმ; ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში კი -500-600 მმ.

რაც შეეხება ნიადაგებს, საფრანგეთში ძირითადად გაბატონებულია ტყის (ყომრალი) ნიადაგები; გვხვდება აგრეთვე კორდიანი ეწერი და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები, ხოლო ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში წითელმიწა ნიადაგებია.

საფრანგეთში აღწერილია 6 ათასამდე სახეობის მცენარე, რომელთაგან 200 ენდემია.

ქვეყნის ტერიტორიის 27%-მდე ტყითაა დაფარული, სადაც ჭარბობს მეორეული ტყე და ხელოვნური ნარგაობანი, ტყეების 60% ზღვის დონიდან 400 მეტრამდეა, 29%-400-დან. 1000 მ-მდე, 11% 1000 მეტრზე ზევით.

საერთოდ, საფრანგეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი შედის ზომიერი სარტყლის ფართოფოთლოვანი ტყეების ქვეზონაში;

ხმელთაშუა ზღვის სანაპირო – მარადმწვანე ქსეროფილური ტყეებისა და სუბტროპიკული სარტყლის ბუჩქნარების ზონაში, სადაც ძირითადად, მაკვისის (მაკია. Fr. makisi. მარადმწვანე ბუჩქების და დაბალი ხეების ბარდები) რაყებიც გხვდება.

დაბლობსა და დაბალმთიან ზონებში ძირითადად გვხვდება წიფლნარები, მუხნარები, მუხნარ-რცხილნარები, წაბლნარები და ფიჭვნარები.

წიწვიანი ტყეები და შერეული წიწვიან-ფოთლოვანი ტყეებითავმოყრილია მთიან რეგიონებში, როგორიცაა: ვოგეზები, ცენტრალური მასივი, დასავლეთის ალპები და სხვა, სადაც ჭარბობს ჩვეულებრივი ფიჭვი (Pinus sylvestris) და ალეპოს ფიჭვი (P.halepensis), მთის ტყეების ზევით სუბალპური და ალპური მდელოებია.

დაბლობის დასავლეთ ნაწილში იზრდება ზღვისპირა ფიჭვი (P.pinaster). აქვე გვხვდება ხელოვნურად გაშენებული ტყის პლანტაციების დიდი მასივები, რომელთაც უკავიათ მთელი ტყის 13%.

საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში ძირითადი სახეობებია ზაფხულის და კლდის მუხები (Quercus robur, Q.petraea). აქვე გვხვდება აგრეთვე კარგად შენახული წიფლის (Fagus silvatica) კორომები.

ნორმანდიაში დიდი ფართობები უკავია ჩვეულებრივ ფიჭვს (Pinus sylvestris) და სოჭს (Abies alba); ამავე რეგიონში ვხვდებით წაბლნარებს და რცხილნარებს, რომელნიც შედგება ჩვეულებრივი წაბლისა (Castanea sativa) და ჩვეულებრივი რცხილისაგან (Carpinus betulus). აგრეთვე გვხვდება ვერხვების პლანტაციები, რომელთაც 100 ათას ჰა-ზე მეტი უჭირავთ.

ალპებში 900-1000 მ-ზე გვხვდება ლარიქსი (Larix europaea), 1000-1200 მ-ზე მთის ფიჭვი (P.mugo) და ევროპული კედარი (Pinus cembra).

სამხრეთ საფრანგეთისთვის გარიგისა და მაკვისის ბუჩქოვანი თანასაზოგადოებების გარდა დამახასიათებელია ბუსუსიანი და კორპის მუხები და ქვამუხა (Q.pulescens, Q.seler, Q.ilex) პირინეებში 120-150 მ-მდე გვხვდება ქვამუხის ტყეები, შემდეგ 1200 მ-მდე წიფლისა და სოჭის ტყეები, 2000 მ-მდე კი მთის ფიჭვის თანასაზოგადოებებია.

სატყეო მეურნეობა

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ქვეყნის ტერიტორიის 27% ტყითაა დაფარული, ტყის ფართობი ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში 2-ჯერ გაიზარდა და ახლა დაახლოებით, 15 მლნ ჰექტარია.

ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს სატყეო ფართობების სხვა დანიშნულებისად გადაქცევის პროცესს საფრანგეთის ტყეებში გავრცელებულია 200-მდე მერქნიანი სახეობა, მათგან 94% აბორიგენულია, 6% კი ინტროდუცირებული. ტყეების 2/3 ფოთლოვანია, 1/3 წიწვიანები.

მათი საერთო მარაგია 1,8 მლრდ მ3, წლიური შემატება 76 მლნ მ3, საიდანაც იჭრება 45-დან 50 მლნ-მდე მ3, აქედან სახერხად და საფანერედ დაახლოებით 22 მლნ მ3, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობისათვის 11 მლნ მ3 გაშენდა.

ტყეების 12% ეკუთვნის სახელმწიფოს, 70% _ 3,5 მლნ კერძო მესაკუთრეს, რომელთა 60%-ს აქვს 10 ჰა-მდე ფართობი თითოეულს, დანარჩენი კი 1-1 ჰა. ტყეების 18% – კომუნებს (11 ათასი კომუნა).

სახელმწიფო სექტორი იძლევა მთელი სატყეო პროდუქციის დაახლოებით 20%-ს; კერძო სექტორი _ 72%-ს, დანარჩენს კი _ კომუნები.

საერთოდ, ყველა სახის საკუთრების ტყეების მართვა ხდება ქვეყნის საერთო სატყეო კოდექსის მიხედვით.

საფრანგეთში ძირითადად აწარმოებენ ამორჩევით და ზომიერ-თანდათანობით ჭრებს. ჭრაგავლილი ფართობების განახლების ორი ხერხია დანერგილი: ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა და ტყეკულტურების გაშენება.

ტყის კულტურების გაშენებისას სწრაფმზარდი სახეობების შემთხვევაში 1 ჰა-ზე გაანგარიშებით ირგვება 1000-1700 ძირი ნერგი, ნელმზარდი სახეობის შემთხვევაში 2-3 ათასი ნერგი, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობისათვის 4- 5 ათასი ძირი.

გაშენებისას უპირატესობა ეძლევა წმინდა კულტურებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ფართო მასშტაბით მიმდინარეობს ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის სწრაფმზარდი ვერხვების პლანტაციების გაშენება.

რაც შეეხება ტყეების პათოლოგიურ მდგომარეობას, ყველა სახეობის ტყეების დასუსტებას იწვევს განმეორებადი გვალვები, ხოლო ბიოტური ფაქტორებიდან აღსანიშნავია სხვადასხვა მავნე მწერი და სოკოვანი დაავადება.

მავნე მწერებიდან მთავარ პრობლემას წარმოადგენენ ქერქიჭამიები და ცილაჭამიები. „დაავადებებიდან პრობლემურია თელის ჰოლანდიური დაავადება თელნარებში, წაბლის კიბო – წაბლნარებში, შემოდგომის მანჭკვალა – სხვადასხვა სახის ფოთლოვან და წიწვოვან კორომებში.

სატყეო სისტემას ემსახურება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების მთელი ქსელი, რომელთა შორის დავასახელებთ რამდენიმეს. ესენია: საფრანგეთის სატყეო და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კვლევების ინსტიტუტი, სოფლის მეურნეობის კვლევითი ეროვნული ინსტიტუტი, სატყეო და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის კვლევითი ცენტრი და სხვა.

ასეთია მოკლედ საფრანგეთის სატყეო მეურნეობის ძირითადი ასპექტები.

და ბოლოს, მოგვყავს საფრანგეთის სატყეო მეურნეობის განვითარების კანონმდებლობით პოლიტიკის ზოგიერთი ძირითადი მომენტი წლების მიხედვით:

  • 1801 წ. – ფინანსთა სამინისტროს ეგიდით შეიქმნა ეროვნული სატყეო სამსახური რეგიონული და ადგილობრივი ოფისებით;
  • 1827 წ. – შეიქმნა სატყეო კოდექსი, სადაც განისაზღვრა, თუ რა არის კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება _ მართვის უფლებები, აკრძალვები და ჯარიმები;
  • 1859 წ. _ მიღებული იქნა კანონი გაუტყეურების შესახებ;
  • 1860 წ. _ მიღებული იქნა სპეციალური კანონები მთიან რეგიონებში გატყევების წესების შესახებ;
  • 1877 წ. _ მიღებული იქნა კანონი სატყეო სამსახურის სესახებ;
  • 1922 წ. _ სპეციალური სტატუსი მიეკუთვნა დაცულ ტყეებს;
  • 1936-1938 წ.წ. _ შეიქმნა და ჩამოყალიბდა სატყეო მეურნეობის ხელმძღვანელობისათვის სპეციალური სამდივნო;
  • 1954 წ. _ კერძო ტყეების მფლობელებს მიენიჭათ სპეციალური სტატუსი;
  • 1958 _ შემუშავდა სპეციალური რეგულაცია საქალაქო ტყეებისათვის;
  • 1960-1968-1971 _ შემუშავდა სპეციალური რეგულაციები სასოფლო დასახლებების შემოგარენის გატყევების შესახებ;
  • 1964 წ. _ საზოგადოებრივი ტყეების მართვის მეთვალყურეობისათვის შეიქმნა ეროვნული სატყეო ოფისი;
  • 1966 წ. _ მიღებული იქნა სპეციალური კანონი ხმელთაშუა ზღვისპირა ტყეების მართვის შესახებ;
  • 1976 წ. _ მიღებული იქნა კანონი, სადაც განისაზღვრა დაცვითი ტყეების ახალი ტიპი, რეგულაციები და კონსერვაციის ხერხები; აგრეთვე სახელმწიფოს მიერ კერძო ტყეების გამოსყიდვისა და აღდგენის პრიორიტეტები;
  • 1983-1985 წ.წ. _ მთელი სატყეო სისტემის მართვისათვის შეიქმნა და ჩამოყალიბდა სპეციალური სახელმწიფო სამდივნო.

ავტორი: ბიძინა თავაძე; სატყეო მოამბე.

თქვენი რეკლამა