კოლხური ხოხობი (ლათ. Phasianus colchicus) საქართველოში უხსოვარი დროიდან ბინადრობს.
ძველმა ბერძნებმა ისინი პირველებმა აღმოაჩინეს და მისცეს მათ ეს სახელი იმის გამო, რომ ეს ფრინველები დაინახეს მდინარე ფაზისის ახლოს.
ფრინველი ქათმისნაირთა რიგისაა, მამალი 1600გრ–ს აღწევს, დედალი 800 გრამს.
ყოფილ სსრკ–ს ტერიტორიაზე გვხვდება 13–მდე კოლხური ჯიშის ფრინველი. საქართველოში ის გავრცელებული იყო კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში.
ბუდეს იკეთებს ხმელი ფოთლებითა და ბალახით მიწის პატარა ჩაღრმავევებში. ბიზნესის თვალსაზრისით მიზანშეწონილია ფერმაში 100 მამალზე ვიყოლიოთ 400–500 დედალი ხოხობი.
ერთი ხოხობი მოგვცემს 18–20-მდე კვერცხს, საიდანაც საინკუბატოროდ 70%– მდე კვერცხი იქნება ვარგისიანი.
ამჟამად ბუნებაში ხოხობი საკმაოდ შემცირებულია და სამონადირეო ნაკრძალების გარდა იშვიათად გვხვდება.
ჩვენს დროში ხოხბის მოშენება ემსახურება რამოდენიმე მიზანს:
ა) წიწილების გამოზრდა და შემდგომი მათი გადაცემა მონადირეთა მეურნეობებისათვის;
ბ) სახორცე მიმართულების;
გ) როგორც ეგზოტიკური ჯიში, ეზოების გასალამაზებლად.
ბუნებაში ხოხობი გაზაფხულზე, მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში დებს კვერცხს. შემოდგომის ბუდობა არ არსებობს. კვერცხის შეგროვება უკეთესია დილით, საკვების მიღებისას, ან შუადღის შემდეგ.
საინკუბაციოდ გამზადებულ კვერცხებს რეცხავენ 3%–იან კალიუმის პერმანგანეტის ხსნარში და დებენ გასაშრობად. გამშრალ კვერცხებს დებენ ბნელ ადგილას, სადაც ოთახის ტემპერატურა უნდა იყოს 5–120C .
მიზანშეწონილია შეძენილ იქნეს უახლესი ტექნოლოგიით დაკომპლექტებული კონტაქტური ინკუბატორი კვერცხების მექანიკური გადატრიალებით, სადაც ფერმერი ჩააწყობს 70 ცალამდე კვერცხს.
საკვებისა და წყლის მიცემა დასაშვებია გამოჩეკვიდან 8–12 საათის შემდეგ. სახლის პირობებში ხოხობის წიწილების (ლაპი) გამოსაჩეკად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქათმის კრუხი (14 ხოხბის კვერცხი) ან ინდაური (30 მდე კვერცხი).
გამოჩეკვის შემდეგ წიწილები უნდა გამოვიყვანოთ, შევაშროთ და ისევ დავაბრუნოთ პატარა შემოკავებულ ვოლიერში. სასურველია რომ ტემპერატურა ვოლიერში იყოს 15–18 გრადუსი.
ბუნებრივ პირობებში ხოხობი გაუმაძღარი მჭამელია. საჭმლის რაციონი უნდა განაწილდეს ისე, რომ ის იყოს ბუნებრივ პირობებთან შესატყვისი, შემადგენლობით დაბალანსებული: ცხიმებით, ნახშირწყლებით, მინერალური მარილებითა და ვიტამინებით.
თვალყური უნდა ვადევნოთ, რომ მიცემული საჭმლის რაციონი ფრინველმა მთლიანად მიიღოს, რითაც თავიდან ავიცილებთ სხვა პარაზიტი ფრინველების (ჩიტები) მომრავლებას. წყალი უნდა იყოს ყოველთვის ცივი და სუფთა.
მათი გამოზრდის დროს არ უნდა დავუშვათ სტრესული სიტუაციები: ვოლიერში ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა, რაციონის უცებადი შემცირება და კვების დროის რეჟიმის შეცვლა, ახალი ფრინველის გამოჩენა ძველ თაობაში, საკენკის არასაკმარისი რაოდენობა და სხვა.
საკვების მიწოდება უნდა იყოს ისეთი რაოდენობით, რომელიც წიწილებს ეყოფათ 2–3 დღე. საერთოდ, ერთი ზრდასრული (2–3 თვე) ხოხობის საკვები უნდა შეადგენდეს 75–85 გრ. დღეში, აქედან: ხორბალი–20გრ, დაფქვილი სიმინდი–30გრ, ძვლის ფქვილი–2გრ, თევზის ფქვილი – 10გრ, თევზის ქონი–1გრ, ხორბლის ქერი–10გრ. მზესუმზირის კოპტონი–10გრ.
აუცილებელი რაციონი
ხოხობი იკვებება ძირითადად მცენარეულობით, უფრო სარეველათა თესლით, ნაყოფით, ვეგეტატიური ნაწილებით, მწერებით, ხოჭოებით, ობობებით, მოლუსკებით, ჭიებით.
სანაშენე პერიოდში კენკრა, ჟოლო, მარწყვი და ასე შემდეგ ასტიმულირებს მადას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ის ერთადერთი ფრინველია, რომელიც ანადგურებს კოლორადოს ხოჭოს.
ხოხბის ვოლიერი
ხოხობის მოშენება ხდება ვოლიერებში, რომლიც შეიძლება წარმოადგენდეს ხის ან რკინის კონსტრუქციას. ხოხბის ყველა ოჯახი შედგება ერთი მამალი და 6–10 დედლისაგან. მიზანშეწონილია, რომ ეს ოჯახები იყვნენ ცალკე ვოლიერში.
ვოლიერი (გალია) შემოღობილია რკინის ბადით, რომლის ზომებია 2,5 X 2,5 სმ. რკინის ბადე უნდა იყოს წვრილი ნახვრეტებით, რომ მასში არ გაძვრეს მღრღნელი ცხოველი. ზემოდან ვოლიერი გადაფარული უნდა იყოს ბადით, რათა ფრინველი არ გაგვექცეს.
ვოლიერის მშენებლობისას მიზანშეწონილი არ არის, რომ შიგ ტერიტორიაზე დავტოვოთ ბუჩქები, ხეები ან მაღალი ბალახი, რომლებიც ხელის შემშლელი ფაქტორია კვერცხების შეგროვებისა და ტერიტორიის დასუფთავებისას.
აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი
იხილეთ აგრეთვე: ხოხბის კვება-სრულფასოვანი კომბინირებული კვების ნორმები