პოპულაცია – ქართული შავი ქათამი

ქათამი

საზოგადო სახელი: ქათამი
ლათინური დასახელება: Gallus domesticus
პოპულაცია: ქართული შავი ქათამი

წარმოშობა: ადგილობრივი ქათმების ხუთ პოპულაციაში ერთ-ერთი ნაირსახეობაა;

დამახასიათებელია ფართო თავი, მოკლე და მსხვილი კისერი, განიერი გულმკერდი, გრძელი ზურგი, ხშირი ბუმბული, ბიბილო ფოთლისმაგვარი და სისხლისებრ წითელი ფერისაა, ყურის უკანა ბიბილო, ასევე, წითელი; ტერფის სახსარს ქვემოთ კიდურები შეუბუმბლავია; ტერფზე ქერცლი პატარა ზომისა და მკვრივად გადაკრულია.

მოკლე აღწერა

დედლების სხეულის სიგრძეა 21-23 სმ, მკერდის ძვლის სიგრძე 12,5-15,5 სმ, ხოლო გულმკერდის ირგვლივა 30,5-32,5 სმ-ა.

მამლების შესაბამისი განაზომებია: 24,0-26,0, 16,5-18,5 და 42,0-45,0 სმ.

ბუმბული მთელ სხეულზე პიგმენტირებულია შავად; შესაძლოა კისერზე ერთეული თეთრი ან მოყვითალო ფხაჭები (წერტილები ან მოკლე ზოლები).

მამლებში სხეულის ძირითად ნაწილზე ბუმბულის შავი შეფერილობა, კისერზე, ფრთებსა და კუდზე გადადის მომწვანო-მოიისფრო- მბზინავ-პრიალა ფერში. ნისკარტი და ფეხები მოშავო-მონაცრისფრო (მუქი).

გარემო პირობების ცვალებადობისადმი გამძლეა.

არ მოითხოვს მოვლა-კვების რაიმე განსაკუთრებულ პირობებს და მარტივი ტიპის საფრინველეებში შენახვისას ავლენს საკმაოდ მაღალ პროდუქტიულობას.

დედლების ცოცხალი მასაა 2,2-2,4 კგ, მამლებისა- 2,8 – 3,1 კგ.

კვერცხდებას იწყებენ 6-7 თვის ასაკიდან; საშუალო კვერცხმდებლობა 130-142 ცალი/წელიწადში; 1 ცალი კვერცხის საშუალო მასაა 55,5 გრ.

ბუნებრივ პირობებში (კრუხის ქვეშ) ყოველი 100 ცალი კვერცხიდან იჩეკება 85-88 წიწილა.

შავი ქათმის თუშურ პოპულაციაში ქართველმა მკვლევარებმა გამოავლინეს ფრინველის ჭირისადმი რეზისტენტობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი.

დღევანდელი მდგომარეობა

ისევე როგორც ადგილობრივი ქათმების სხვა პოპულაციებს, შავ ქათამსაც აშენებენ საოჯახო და ფერმერულ მეურნეობებში, ხოლო მათ რიცხოვნობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ მოიპოვება.

წყაროები: რ. მიტიჩაშვილი, ცხოველთა მომშენებლობა. თბილისი, 2010; რ. ნოზაძე, მ. ხუციშვილი, ვ. ზავრაშვილი, მეფრინველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგია. თბილისი, 2007; К. Нацваладзе, Р.Нозадзе, Некоторые продуктивне показатели местных черных и серых кур Грузии. საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება.

ქათამი

სტატიას აქვს საინფორმაციო ხასიათი.

თქვენი რეკლამა