შესავალი
ინდაური ყველაზე მსხვილი სასოფლო-სამეურნეო ფრინველია, მისი მოშენება, ძირითადად, ხდება სახორცე მიმართულებით, ამ ფრინველს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოსახლეობისთვის, რადგან ტრადიციული ეროვნული კერძი – საცივი სწორედ მისგან მზადდება.
თანამედროვე ინდაურის კროსები (გარკვეული სქემებით შეჯვარებით მიღებული ხაზები/აგროკავკასია) გამოირჩევიან მაღალი მეხორცული პროდუქტიულობით, მათი ცოცხალი მასა მამლებში აღწევს 30 კგ-ს, ხოლო დედლებში 11 კგ-ს. ინდაურის დაკლულ ტანხორცში ჭამადი ნაწილები შეადგენს 70%-ს, ხოლო კუნთოვანი მასა არანაკლებ 60%-ს.
ინდაურის ხორცი
მეინდაურეობა მსოფლიოში სწრაფი ტემპით ვითარდება. ბოლო სტატისტიკით მსოფლიო წელიწადში აწარმოებს საშუალოდ 6,2 მლნ ტონა ინდაურის ხორცს. ფრინველის ხორცის საერთო ბალანსში ინდაურის ხორცი შეადგენს 10-13%-ს. ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანაა აშშ (3 მლნ/ტ).
ხორცი გამოირჩევა მაღალი საგემოვნო, დიეტური, კულინარიული და კვებითი ღირებულებებით, მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით. ქოლესტერინის შემცველობა ინდაურის ხორცში უფრო ნაკლებია, ვიდრე სხვა რომელიმე ფრინველის ხორცში, ის შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინს, შეუცვლელ ამინომჟავებს და მცირე რაოდენობით ცხიმს.
პროდუქტიულობა
ხორცის წარმოების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დაკვლამდე შენახვის ხანგრძლივობა. დადგენილია, რომ დაკვლის ოპტიმალური პერიოდია 12-17 კვირა.
ინდაურის კვერცხმდებლობა აღწევს დაახლოებით 60-100 ცალს წლის განმავლობაში, კვერცხის მასა – 80-90 გ-ს, გამოჩეკის პროცენტი – 85%-ს.
ინკუბაციის პერიოდი გრძელდება 28 დღე, ახალგამოჩეკილი ჭუკის ცოცხალი მასა 60 გ-ია.
საკვების დანახარჯი 1 კგ ცოცხალ წონაზე მაქსიმუმ 3 კგ, ხორცის გამოსავალი – 89%, რბილი ქსოვილის გამოსავალი – 50-65%.
ინდაურის გამოზრდა
ინდაურის გამოზრდა შეიძლება ღრმა საფენზე, გალიებში, ასევე წლის თბილ პერიოდში შესაძლებელია ბანაკური სისტემის გამოყენება.
ღრმა საფენზე გამოზრდისთვის საჭიროა კაპიტალური შენობა მყარი ბეტონის იატაკით, რომელშიც უნდა მოეწყოს ტიხრები, თითოეული 150 ფრთის ტევადობით.
დასმის სიმჭიდროვე კროსების მიხედვით განსხვავებულია და 1მ2-ზე არის: მძიმე კროსის ინდაური 1,5 ფრთა, საშუალო კროსის 2,5 ფრთა, მამალი ინდაური 1 ფრთა.
იატაკზე უნდა განთავსდეს 15 სმ ქვეშსაფენი, (თივა, ტორფი, სიმინდის ნაქუჩი). საფენზე შენახვისას შენობაში დაცული უნდა იყოს მიკროკლიმატი, ჰაერის ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 12-160C, შეფარდებითი ტენიანობა უნდა შეადგენდეს 60-70%-ს, ახალგამოჩეკილი ჭუკი მოითხოვს მაღალ ტემპერატურაზე გამოზრდას 35-370C.
აუცილებელია სავენტილაციო სისტემის მოწყობა, ჰაერის მიწოდება წლის პერიოდის მიხედვით საჭიროა 1 კგ ცოცხალ წონაზე: ზაფხულში 6,2-5,2 მ³/სთ, გაზაფხული-შემოდგომა 5,9-5,2 მ³/სთ, ზამთარი 1,6-1,1 მ³/სთ. განათების ხანგრძლივობა დღის განმავლობაში მერყეობს 7-14სთ-მდე.
გალიური შენახვა 1-3-ჯერ ზრდის საფრინველის ტევადობას, გამოირიცხება ქვეშსაფენის საჭიროება, მცირდება შრომითი რესურსი, თუმცა იზრდება ფინანსური დანახარჯი, რადგან აუცილებელია საჭირო გალიური კონსტრუქციების მოწყობა.
ინდაურის კვება
ინდაურის კვება შეიძლება დაიყოს ორი მიმართულებით: ადგილობრივი ჯიშებისთვის ტრადიციული მეთოდი და თანამედროვე კროსებისთვის დაბალანსებული გრანულირებული საკვები.
სხვა ფრინველებთან შედარებით, ინდაურს ესაჭიროება სრულფასოვანი პროტეინი და ვიტამინები, საკვებში ნედლი პროტეინის საერთო რაოდენობა არ უნდა შეადგენდეს 30%-ზე ნაკლებს, ახალგამოჩეკილ ჭუკებს პირველი 5 დღის განმავლობაში უნდა მიეცეს სტარტისწინა გრანულირებული საკვები, შემდეგ I ასაკის კომბინირებული საკვები (სტარტი), შემდეგ I I ასაკის (გროუერი) და ბოლო დაკვლისწინა პერიოდში (ფინიში).
კომბინირებული საკვებზე დღიური მოთხოვნა ერთ ფრთაზე ასაკის მიხედვით
ტრადიციული მეთოდით კვების დროს ულუფაში ძირითადი კომპონენტებია: მარცვლეული (სიმინდი, ქერი, ხორბალი), ცილა უნდა დაბალანსდეს მზესუმზირის ან სოიის შროტებით, ასევე, შესაძლებელია კარგი ხარისხის იონჯის ფქვილის და ჭინჭრის გამოყენება.
მოზარდი ინდაური -100 გრამ კომბინირებული საკვებში – საზრდო ნივთიერებების ნორმა გრამებში.
ევროპის ქვეყნებში იკრძალება საკვები ანტიბიოტიკების გამოყენება, რისი ჩანაცვლებაც ხდება თანამედროვე ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ნაწლავში pH-ს რეგულირებას და სასარგებლო მიკროფლორის სტაბილიზაციას, კერძოდ კი ესპანური წარმოების (ბიოვეტ) ,,ალქვერმოლდ ნატურალი“ დოზით 0,5კგ/ტ საკვებზე.
ვეტერინარული ღონისძიებები
ინდაურის გამოზრდისას დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ვეტერინარულ ღონისძიებებს, თავიდან უნდა ავიცილოთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ჭირი, ტიფი, პარატიფი, ტრიქომონოზი, ჰისტომონოზი, კოქციდიოზი და სხვა.
აუცილებელია შენობაში დეზინფექციის ჩატარება, რაც კარგ შედეგს იძლევა დაავადებების პრევენციისთვის, ფართო სპექტრის დეზინფექტანტს წარმოადგენს “ეკოციდ C“, დეზინფექცია საფრინველეში და გარე პერიმეტრზე კეთდება 1%-ხსნარის აეროზოლური მეთოდით.
ახალი რეგულაციის მიხედვით, ანტიბიოტიკების გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით თანამედროვე პრაქტიკაში ინერგება პეპტიდური მოქმედების ბიოლოგიურად აქტიური ანტიბიოტიკები, რომლებსაც აქვთ მკვეთრად გამოხატული ანტიბაქტერიული მოქმედებები, ასეთ საშუალებას წარმოადგენს პრეპარატი ,,DAS“-ი, რომელიც ფრინველს ეძლევა 1მლ/ლ-წყალზე განზავებით 3-5 დღის განმავლობაში.
პროტოზოული დაავადებების (კოქციდიოზი) საწინააღმდეგოდ გამოიყენება ბიოლოგიურად აქტიური კოქციდიოსტატიკი ,,ზიკოქსი“, რომელიც ერევა საკვებში დოზით 0,5კგ/ტ-ზე.
ინტენსიური ზრდისთვის გამოიყენება ვიტამინებისა და ამინომჟავების კომპლექსი ესპანური წარმოების (biovet) ,,ავალ-პრემიუმ“ დოზით 1 მლ/ლ-წყალზე განზავებით 3-5 დღის განმავლობაში.
საქართველოში აუცილებელია ნიუკასლის საწინააღმდეგო ვაქცინით „ნიუვაკ ლასოტა“.
ეკონომიკური გათვლა
ზემოაღნიშნული საქმიანობის მთავარ ინდიკატორს წარმოადგენს ეკონომიკური ეფექტიანობის გათვლა, კარგი ფინანსური ეფექტის მიღებისთვის საჭიროა საკვები ბაზის (მარცვლოვანი კულტურები) დროული შეძენა-დასაწყობება.
ბაზარზე ხორცის მასობრივი მოთხოვნა იწყება დეკემბრის თვიდან, ინდაურის გამოზრდა გრძელდება 17 კვირის მანძილზე და ამ პერიოდისთვის ცოცხალი მასა აღწევს 12- 15 კგ-მდე, დღეისათვის 1 კგ ინდაურის ხორცის საბითუმო ფასი მერყეობს 13-14 ლ-მდე, საკვების კონვერსია შეადგენს 3 კგ-ს (1კგ ცოცხალ წონაზე იხარჯება 3 კგ კომბინირებული საკვები).
ერთი ფრთა ინდაურის გამოზრდის ხარჯები:
- ახალგამოჩეკილი ჭუკი – 7-8 ლარი;
- კომბინირებული საკვები 30-35 კგ – 25-30 ლარი;
- ვეტპრეპარატები – 0,9 ლარი;
- მომვლელის ხელფასი და სხვა ხარჯები – 10 ლარი;
- ცოცხალი წონა – 10-12 კგ;
- ხორცის გამოსავალი – 80%;
- სუფთა ხორცი – 7-8 კგ;
- ხორცის სარეალიზაციო ფასი – 13 ლ.
P.S. როგორც ეკონომიკური ეფექტიანობიდან ჩანს, ერთი ფრთა ინდაურის გამოზრდის მთელ პერიოდში ჯამური დანახარჯი შეადგენს – 48-52 ლ-ს, 17-კვირიანი ინდაურის სარეალიზაციო ფასი საშუალოდ 104-130 ლარი. სუფთა მოგება 50-75 ლარია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია დიდი რაოდენობის გამოზრდის შემთხვევაში.
ავტორი: დავით ბოსტაშვილი.
*ფასები ცვლადია, ხარჯების და შემოსავლების ციფრები ჩაანაცვლეთ იმ პერიოდში არსებული ფასების შესაბამისად, როცა მოგებას ანგარიშობთ /აგროკავკასია/.