იხვის ჯიშები – პეკინური და მუშკიანი იხვი

პეკინური, მუშკიანი, იხვი

იხვის რამდენიმე ათეული ჯიშია ცნობილი. მათი სახელები, ძირითადად გამოყვანის ქვეყნის/ადგილის სახელიდან გამომდინარეობენ.

სამეურნეო თვისებების მიხედვით ისინი იყოფა სახორცე, სახორცე-მეკვერცხული და მეკვერცხულ ჯიშებად. გამოყვანილია იხვის დეკორატიული ჯიშები-ნაგალა, ხუჭუჭა ბუმბლიანი და სხვ.

გთავაზობთ იხვის გავრცელებული ჯიშების პეკინურის და მუშკიანის მცირე დახასიათებას.

პეკინური იხვი

პეკინური იხვი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ჯიშია. გამოყვანილია ჩინეთში, საიდანაც XIX საუკუნეში გაიყვანეს აშშ-ში, აქედან კი, მოგვიანებით, ევროპაში.

ფრინველი თეთრი ფერისაა, ნისკარტი კი მოყვითალო-ნარინჯისფერია.

ძირითადი მახასიათებლები:

→ ზრდასრული მამალი იხვის ცოცხალი მასა 3,5-4,0 კგ;
→ დედალის – 3,0-3,6 კგ-ა;
→ ერთ ციკლზე საშუალოდ დებს 100-140, რეკორდცმენები კი 200 ცალ კვერცხს;
→ კვერცხის საშუალო მასა 85 გ-ა.
→ ჭუჭული ხასიათდება ზრდის საკმაოდ მაღალი ინტენსივობით: 50-55 დღის ასაკში ის აღწევს 3-3,5 კგ-ს.

პეკინური იხვს, უპირატესობა ენიჭება ხორცის სამრეწველო წარმოებისას.

ამჟამად ამ ჯიშის იხვის ბაზაზე გამოყვანილია კროსები, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი კვერცხმდებლობით, სუქების უნარითა და კარგი სახორცე პროდუქტიულობით. ამ მხრივ, საყოველთაოდ არის ცნობილი ინგლისური ფირმის “ჩერრი-ველლი”-ს კროსი X-II.

პეკინური, იხვი

მუშკიანი იხვი

მუშკიანი იხვი მიეკუთვნება გარეული იხვის ნაირსახეობას. წარმოშობის ადგილად მიჩნეულია სამხრეთ-ამერიკა. ევროპაში შემოყვანილია XVI საუკუნის შუა წლებში ესპანელი მეზღვაურების მიერ.

გარეგნულად განსხვავდება ჩვეულებრივი იხვისაგან: სხეულის განსხვავებულ ფორმებთან ერთად ნისკარტისა და თვალის ირგვლივ მათ წითელი შეფერილობის წანაზარდი აქვთ.

მუშკიანი, იხვი

ძირითადად გვხვდება შავი, თეთრი, შავი-თეთრი ფრთებით, ცისფერი-თეთრი ფრთებით და მოცისფრო-მოთეთრო შეფერილობის. ამასთან, იშვიათია ერთგვაროვანი ფერის ბუმბულის მქონე ინდივიდები.

ძირითადი მახასიათებლები:

→ მამლების ცოცხალი მასა 4,3-6,2 კგ;
→ დედლების-2,5-3,5 კგ-ა;
→ კვერცხის დებას იწყებს 6-8 თვის ასაკში;
→ კვერცხდების პირველი ციკლი გრძელდება 5-6 თვე, შემდეგ კი იწყება განგური. მეორე ციკლი გრძელდება სამი თვე;
→ წელიწადში დებს 140 ცალამდე, 70-100 გ მასის კვერცხს;
→ ინკუბაციის ხანგრძლივობა 34-37 დღე.

ადრე მას აშენებენ როგორც დეკორატიულ-ეგზოტიკური ფრინველს. ამასთან, მუშკიან იხვს აქვს გარკვეული სამეურნეო მნიშვნელობა. მისი ხორცი ნაზი, ნაკლებად ცხიმიანი და დიეტურია, ქიმიური შედგენილობით არ ჩამოუვარდება წიწილა-ბროილერის ხორცს, ხოლო ღვიძლი საგემოვნო თვისებებით უტოლდება ბატის ღვიძლს.

მუშკიანი, იხვი

ნაკლოვანი მხარეებიდან მიუთითებენ დაბალი აღწარმოების უნარს-ხელოვნურად ინკუბაციისას ჭუჭულის გამოსავალი 55-60%- ის ტოლია. ამის გამო მუშკიან იხვს აჯვარებენ პეკინური და ხაკი-კემპბელის ჯიშებთან. ჰიბრიდებს უწოდებენ მულარდებს.

ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/

სტატია ემსახურება ჯიშების გაცნობას და არ აქვს კავშირი იხვების ყიდვა-გაყიდვასთან.

იხილეთ აგრეთვე: იხვი – სწრაფად აღწარმოებადი და რენტაბელური ფრინველი

თქვენი რეკლამა