ნიორი – საგაზაფხულო დარგვა

ნიორი, დარგვა, აგრო

ზოგადი ინფორმაცია

ნივრის კულტურა 4 ათასზე მეტი წლისაა. მისი სამშობლოა ცენტრალური დასამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, კერძოთ – ავღანეთი. კულტურული ნივრის ველური ფორმაა ველური ნიორი, რომელიც ახლაც ხარობს შუა აზიის ხეობებსა და მთების ფერდობებზე.

ძველი წერილობითი წყაროები მოგვითხრობენ, რომ ნიორი გავრცელებული ყოფილა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, რომის იმპერიაში, სადაც იგი არა მარტო საკვები და სამკურნალო საშუალება იყო, არამედ წმინდა მცენარედაც იყო შერაცხილი.

ნივრის თავისებურ სუნსა და გემოს განაპირობებს მასში დიდი რაოდენობით არსებული ეთერზეთები. ცხარე და მწარე ნიორი ქიმიური შემადგენლობით თავიან ხახვს აღემატება. იგი უფრო მეტ ნახშირწყლებს, აზოტოვან ნივთიერებებს, მინერალურ მარილებსა და მიკროელემენტებს შეიცავს.

ვიტამინებითაც ძალზე მდიდარია: შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ბეტაკაროტინს, E ვიტამინს. ნივრის ფოჩებში ასკორბინის მჟავას შემცველობა 50%-ს აღწევს, ხახვის თავებში კი 8-10%-ს.

კულტურის სპეციფიკური მოთხოვნები

საგაზაფხულო ნივრისთვის ნიადაგს შემოდგომიდან ამზადებენ, გადაბარავენ 20-25 სმ-ზე, ასუფთავებენ ყველა მცენარეული ნარჩენისაგან და მრავალწლიანი სარეველების ფესვებისაგან.

ჩარგვის სქემა

20-25 სმ-ის დაშორებით რგავენ მოზრდილ კბილებს, 12-15 სმ-ის დაშორებით (დასაშვებია 8-10 სმ) – პატარა კბილებს; მწკრივში თესვის დროს მანძილი მწკრივებს შორის 18-20 სმ-ია (რადგანაც საგაზაფხულო ნიორი უფრო სუსტია, ვიდრე საშემოდგომო).

ღია გრუნტში ჩათესვის ვადები

კბილების ჩარგვა გაზაფხულზე მაშინ უნდა დავიწყოთ, როდესაც ნიადაგი 5-60C-მდე შეთბება, რგავენ სველ მიწაში, არ რწყავენ (თუ მიწა გამომშრალია, უნდა მორწყვა), ჩარგვის შემდეგ ნაკვეთს მულჩით ფარავენ.

ჩარგვის სიღრმე: ჩარგვამდე კბილებს 20-30 წუთით წყალში ასველებენ, შემდეგ სველ ქსოვილში ახვევენ და პოლიეთილენის პაკეთში დებენ. ჩარგვის დაწყებისათვის კბილებს წამოეზრდებათ 2-2,5 სმ-ის სიგრძის ფესვები; რგავენ 5-6 სმ-ის სიღრმეზე, უნდა ვეცადოთ, რომ ფესვები არ დავაზიანოთ.

მორწყვა

ვეგეტაციის საწყის პერიოდში მცენარეს ბევრი წყალი სჭირდება. ვეგეტაციის მეორე ფაზაში ტენზე მოთხოვნილება იკლებს, ზედმეტი წყალი იწვევს სიდამპლესა და სოკოვანი დაავადებების განვითარებას.

სითბური რეჟიმი

ნიორი აღმოცენებას იწყებს 3-40 C ტემპერატურაზე, აღმონაცენს გაზაფხულის წაყინვების არ ეშინია; ვეგეტაციის საწყის პერიოდში მცენარის ზრდისა და განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 5-100 C, კბილების ფორმირებისას 15-200 C, შემოსვლის პერიოდში 20-250 C.

გამოყენება

ნიორს როგორც მარინადებისა და მწნილების საკმაზს ტოლი არ ჰყავს. ასევე შეუცვლელია ნიორი ხორცისა და თევზის კერძებისათვის, სხვადასხვა სოუსების, სალათების საწებლების დასამზადებლად.

ნიორს, როგორც სამკურნალო მცენარეს, რამდენიმე ათასწლეულის წინათაც იყენებდნენ, რასაც ადასტურებს ჰიპოკრატეს ნაშრომები. ნივრის სამკურნალო თვისებებს განაპირობებენ მასში არსებული ეთერზეთები და ფიტონციდები, რომლებიც სპობენ ავადმყოფობის წარმომქმნელ მიკროფლორას.

ნიორი სპობს კუჭის პარაზიტებს, მას იყენებენ ანგინისა და გრიპის პროფილაქტიკისათვის, სურავანდის წინააღმდეგ, ორგანიზმს წმენდს ცხიმებისაგან, მოქნილობას ანიჭებს ძარღვებს, აუმჯობესებს მხედველობას და სხვ.

ავტორები: ნუკრი მემარნიშვილი, თამაზ დუნდუა.
მასალა მოგვაწოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“.

იხილეთ აგრეთვე: ნიორი – დარგვა, მოყვანა, მოვლა

თქვენი რეკლამა