ყვავილი თესლით გამრავლების ორგანოა, დამოკლებული სახეშეცვლილი ღეროა, რომელსაც შესწევს დამტვერვის, განაყოფიერების, თესლისა და ნაყოფის წარმოქმნის უნარი.
ყვავილის შემადგენელი ნაწილებისგან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მტვრიანებსა და ბუტკოს, რომელთა მეშვეობითაც ხდება ყვავილის განაყოფიერება.
ყვავილი ყვავილსაფარითა და ბუტკოთი მხოლოდ ფარულთესლოვნებს აქვთ.
ყვავილის შემოკლებულ, გამსხვილებულ ღეროს ეწოდება ყვავილსაჯდომი, ხოლო ყვავილსაჯდომის ქვემოთ მდებარე ღეროს ნაწილს _ ყვავილის ყუნწი.
ყვავილსაჯდომზე ყვავილის ყველა ძირითადი ნაწილია განლაგებული: ყვავილსაფარი ჯამისა და გვირგვინის სახით, აგრეთვე გენერაციული ელემენტები _ მტვრიანები და ბუტკო.
ყვავილსაჯდომი საყვავილე ღეროზე ყუნწითაა მიმაგრებული ან ზოგჯერ მჯდომარეა, ე.ი. ყუნწი არა აქვს.
ყვავილსაჯდომი სამი სახისაა: 1) ბრტყელი, რომელიც ყვავილების უმრავლესობას ახასიათებს; 2) ამოზნექილი (ბაია, მაგნოლია). 3) ჩაზნექილი ყვავილსაჯდომი (ასკილი).
ყვავილის ფოთოლი უბეში მჯდომარე კვირტიდანაა წარმოშობილი. ეს ფოთოლთა მფარავია, რომელიც ზოგჯერ ყვავილის ყუნწზე ვითარდება და თანაყვავილედი ეწოდება.
ჯამი. ყვავილის გარეთა წყება ფოთლებია, რომლებიც გვირგვინთან ერთად ორპირა ყვავილსაფარს ქმნის. მისი დანიშნულებაა ყვავილის შიდა, შედარებით ნაზი ნაწილების დაცვა, როცა ყვავილი გაუშლელია. ჯამი უმეტესად მწვანე ფერისაა, ზოგჯერ კი შეფერადებული.
გვირგვინი. ჯამის შემდეგი შიდა წყება ფოთლებს წარმოადგენს და ჯამთან ერთად ყვავილსაფარს ქმნის. გვირგვინის ფოთლები, ჯამის ფოთლებთან შედარებით, უფრო ნაზი და სიფრიფანაა, ამიტომ მათ ხშირად ფურცლებს უწოდებენ.
მტვრიანა. მტვრიანათა კომპლექსს ანდროცეუმი ეწოდება. მტვრიანა შედგება: სამტვრეებისგან და მტვრიანების ძაფისაგან. მტვრიანას ძაფი ხშირად ვიწრო ცილინდრული ფორმისაა, ზოგჯერ ბრტყელი და ფირფიტნაირია. მტვრიანა ძაფების დანიშნულება სამტვრეებისა და მასში მომწიფებული მარცვლების გავრცელებაა, ე.ი. დამტვერვის ხელის შეწყობაა.
მტვრიანების განლაგება ყვავილში უმეტესად წრიული ან სპირალურია. მტვრიანა _ მამრობითი ყვავილი, ძაფის, სამტვერეების და შუასაბამისგან შედგება. სამტვერე უფრო ხშირად ორია – ორ-ორ ბუდიანი. სამტვერეში მტვრის მარცვლები – მიკროსპორები წარმოიქმნება. მტვრის მარცვლები მეტად მცირე ზომისაა, სხვადასხვა შეფერილობის.
ბუტკო. მას სხვანაირად გინეციუმსაც უწოდებენ, იგი ნაყოფის მდედრობითი ელემენტია. ბუტკო შედგება ნასკვის, სვეტისა და დინგისგან. ყვავილში ერთი ან რამდენიმე ბუტკოა.
ნასკვი ბუტკოს ქვედა, უმეტესად გამსხვილებული ნაწილია. მისი მდებარეობა შეიძლება იყოს ზედა, შუა და ქვედა. ნასკვის ეს სამი სახე მცენარეთა სისტემატიკის დიაგნოსტიკური ნიშანია.
სვეტი ბუტკოს ის შევიწროებული ნაწილია, რომელიც ატარებს სამტვრე მილს ნასკვში და შემდეგ კი თესლკვირტში. სვეტის შიგნით რამდენიმე ნაყოფის ფოთლისგან წარმოქმნილი სვეტის მილია, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ გამტარი ქსოვილითაა ამოვსებული და ხელს უწყობს მტვრის მილის ჩაზრდას ნასკვში.
დინგი _ ბუტკოს კენწერული ნაწილია, რომელზეც დამტვერვის შემდეგ მტვრის მარცვალი ხვდება და სამტვრე მილი ვითარდება. დინგი სხვადასხვა მოყვანილობისაა: ზოგჯერ ბურთივით მრგვალია, ზოგჯერ კი გრძელი, ძაფნაირი ან გაყოფილი. მწერის, ქარის ან სხვა საშუალებით გადატანილი მტვრის მარცვლების დასაჭერად ბეწვებითა და სხვადასხვა გამონაზარდებით არის დაფარული ან ლორწოვან-წებოვანია.
ნასკვის შიგნით ერთი ან რამდენიმე თესლკვირტია განვითარებული. თესლკვირტი ნასკვში ყუნწით არის მიმაგრებული.
ყვავილები განსხვავდება ყვავილსაფარის მიხედვითაც. არსებობენ ორპირყვავილსაფარიანი და ცალპირყვავილსაფარიანი, როდესაც მარტო ჯამია ან მხოლოდ გვირგვინი; თუ მხოლოდ გვირგვინია, მას გვირგვინისებრი ყვავილსაფარი ჰქვია; მხოლოდ ჯამის არსებობის შემთხვევაში _ ჯამისებრი ყვავილსაფარი. ასეთი ყვავილსაფარი აქვთ ნაცარქათამისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს (ჭარხალი, ისპანახი). გვხვდება უყვავილსაფარო ყვავილებიც, როგორიც აქვთ მარცვლოვანთა ოჯახის წარმომადგენლებს: ხორბალს, სიმინდს. მათი ყვავილი ჯამსა და გვირგვინს მოკლებულია, მაგრამ ყვავილი მფარავ კილებში ზის.
სიმეტრიის მიხედვით არის წესიერი ან აქტინომორფოზული, ზიგომორფოზული და ასიმეტრიული ყვავილები. წესიერ ყვავილში, ყვავილის გვირგვინის ფურცლები ერთნაირია. ამიტომ, ისინი სიმეტრიის სიბრტყით, მრავალი მიმართულებით იყოფა სიმეტრიულ ნაწილებად. ზიგომორფულ ყვავილში გვირგვინის ფურცლები უთანაბროა, მაგალითად, ლობიოს ყვავილის გვირგვინში ერთი ფურცელი დიდია, ორი უფრო პატარა და მეორე ორი კიდევ უფრო პატარა, რაც იწვევს მის ზიგომორფულობას.
ასიმეტრიულ ყვავილში ყველა წევრი უთანაბროა, ამიტომ მასზე არც ერთი სიმეტრიის სიბრტყე არ გაივლება.
ყვავილები განსხვავდება სქესის მიხედვითაც. თუ ყვავილში მხოლოდ ბუტკოა განვითარებული, ასეთი ყვავილი მდედრობითია, ხოლო მტვრიანების განვითარების შემთხევევაში კი _ მამრობითი. მცენარე, რომლის ყვავილები ორსქესიანია, ერთბინიანი ეწოდება. თუ ყვავილები ცალსქესიანია, მაშინ ორბინიანი.
მრავალლებნიანი ისეთ მცენარეებს ეწოდებათ, რომლებსაც აქვთ როგორც ორსქესიანი, ისე ერთსქესიანი ყვავილები, ასეთებია: ბაღჩეული კულტურები გოგრისებრთა ოჯახიდან.
ყვავილედი. თუ რამდენიმე ყვავილი საყვავილე ღეროზე ჯგუფადაა განლაგებული, ვეგეტაციურ ფოთლებს არ ივითარებს და აქვს მხოლოდ მფარავი ფოთლები, ყვავილედი ეწოდება. ბუნებაში ყვავილედი უფრო ხშირია, ვიდრე ყვავილი, რომელიც საყვავილე ღეროზე მარტოულად ზის. ყვავილედის ბიოლოგიური მნიშვნელობა ძალიან დიდია. ყვავილედად შეკრებილი, პატარა, შეუმჩნეველი ყვავილები მწერებისთვის შესამჩნევი ხდება. მწერები ჯვარედინ დამტვერვას უწყობენ ხელს.
ყვავილედის ორი ჯგუფი არსებობს: განუსაზღვრელი ანუ ბოტრიტული ტიპის ყვავილედი („ბოტრის“ ბერძნულად „მტევანი“) და განსაზღვრული ანუ ციმოზური („ციმ“ ბერძნულად „ტალღა“).
ბოტრიტული ყვავილედის მთავარი ღერძი ძლიერია და მონოპოდურადაა დატოტიანებული. ამ ტიპის ყვავილედებში აყვავება ქვედა ყვავილედიდან იწყება და ბოლოს კენწერული ყვავილი იშლება.
ციმოზურ ყვავილედში აყვავება ზედა ყვავილიდან იწყება და საყვავილე ღეროს ზრდა ჩერდება.
ბოტრული ყვავილედის სახეებია: თავთავი, მტევანი, ფარი, ქოლგა, კალთა, საგველა, რთული თავთავი, რთული ქოლგა. რთული ისეთ ყვავილედს ეწოდება, რომელთა ყვავილები დატოტვილ ყუნწებზე სხედან.
ციმოზურ ყვავილებს მიეკუთვნება: მინიხაზიუმი_ერთსხივიანი, დიხაზიუმი-ორსხივიანი და პლეიოქაზიუმი_მრავალსხივიანი.
ყვავილი გამრავლებას ემსახურება, ამისთვის ყვავილი ჯერ იმტვერება, დამტვერვის შემდეგ ყვავილში განაყოფიერება ხდება, რის შედეგადაც ყვავილიდან თესლი და ნაყოფი წარმოიქმნება, თესლით კი მცენარე მრავლდება.
ყველაზე მეტად გავრცელებული ყვავილედების ფორმები
ავტორი: ილია მჭედლიძე, სმმ დოქტორი /მებოსტნეობა/
იხილეთ აგრეთვე: რა უნდა ვიცოდეთ მცენარის ფესვის შესახებ