კიტრი – გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება და ჯიშები

კიტრი, ბოსტანი, გარემო

ბიოლოგიური თავისებურება

კიტრი შედის გოგრისებრთა (Cucurbitaceae L.) ოჯახში. ის ერთსახლიანი და გაყოფილსქესიანი მცენარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მცენარეზე მამრობითი და მდედრობითი ყვავილები ცალ-ცალკე სხედან.

თუმცა გვხვდება ორსახლიანი და ნაწილობრივ ორსახლიანი ფორმები, რომლებსაც ერთ მცენარეზე მხოლოდ მდედრობითი (მდედრობითი ტიპის მცენარე) ან მამრობითი (მამრობითი ტიპის მცენარე) ყვავილები აქვს, აგრეთვე გვხვდება მცენარეები უპირატესად მდედრობითი ყვავილებით და მამრობითი ყვავილების მცირე რაოდენობით.

მამრობითისა და მდედრობითი ყვავილების გარდა კიტრის ზოგიერთი ჯიში ივითარებს ჰერმაფროდიტულ ყვავილებს (ორსქესიანი ყვავილები). ზოგ ჯიშს გადახრა აქვს მდედრობითისაკენ, სხვა ჯიშებში მამრობითისაკენ. ასეთი ყვავილები წარმოქმნიან სფეროსებურ ან ჩალმისებურ ფორმის ნაყოფებს.

კიტრის ნაყოფის ფორმა და ზომა განსხვავდება ჯიშების მიხედვით მრგვალი, ჩალმისებური, კვერცხისებური, თითისტარისებური, ელიპსური, ცილინდრული, ბოთლისებრი, ნამგლისებრი, კლაკნილი და სხვა. სიგრძე 5-დან 100 სმ-მდეა.

ნორჩი ნაყოფები შეიძლება იყოს მწვანე, მუქი მწვანე, რძისებრ-თეთრი, ღია მწვანე, ძირითად ფერს ზოგჯერ აქვს ლაქები – ვარაყი, ზედაპირი შეიძლება ჰქონდეს გლუვი, პრიალა, დაბორცვილი, დაღარული, დახორკლილი, შებუსული რბილობი შეიძლება იყოს მკვრივი, ფხვიერი, წვნიანი, ხრაშუნა.

სათესლე ნაყოფების ზომა და შეფერვა მნიშვნელოვნად განსხვავდება ნორჩი ნაყოფებისაგან. სათესლე ნაყოფები მასით ერთნახევარჯერ და უფრო მეტადაც აღემატება მწვანე ნაყოფებს და ფერითაც განსხვავდებიან მათგან. სათესლე კიტრს შეიძლება ჰქონდეს: ჟანგმიწისფერი, ყავისფერი, მორუხო, მონარინჯისფრო-ყვითელი, ლიმონისფერი, რძისებრ-თეთრი და სხვ. ზედაპირი ან დანაპრალებულია, რომელიც ქმნის პირბადის სხვადასხვა ტიპს ან სადა-უპირბადო.

გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება

კიტრი მეტად სითბოსმოყვარული მცენარეა. თესლის გაღივებისათვის საუკეთესო ტემპერატურა 25-300C-ია. ტემპერატურის დაწევა ანელებს აღმოცენებას. სხვადასხვა მონაცემებით კიტრის თესლის აღმოსაცენებლად საჭირო მინიმალური ტემპერატურა 11-150C ფარგლებშია.

20-300C ტემპერატურა კიტრის ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალურია. ტემპერატურის 150C-ზე ქვევით დაწევისას მსხმოიარობა წყდება, მისი კიდევ უფრო შემცირება (100C-მდე) კი იწვევს მცენარის დაზიანებას, ხოლო 00C დამღუპველად მოქმედებს მცენარეზე.

ნიადაგის ტემპერატურა 15,50C-ზე ქვემოთ არ უნდა დაიწიოს. ამ ზღვრის ქვემოთ ტემპერატურის ხანგრძლივი დროით დაწევა მცენარეების მასობრივ დაღუპვას იწვევს (ე.წ.ფიზიოლოგიური ჭკნობა), ნიადაგისა და ჰაერის ტემპერატურების სხვაობა ± 3-40C-ს არ უნდა აღემატებოდეს.

წყლის, როგორც ნაკლებობა, ისე, სიჭარბე ურყოფითად მოქმედებს კიტრის მოსავლიანობასა და მის ხარისხზე. წყლის ნაკლებობის დროს კიტრის ნაყოფი უხეშდება, ზოგიერთი ჯიშის კიტრი იღებს მწარე გემოს. მეორე შემთხვევაში ნაყოფი წყლიანი ხდება, კლებულობს შაქრების და მარილების შემცველობა, კარგავს არომატს და სხვ.

კიტრი, როგორც ტენიან ტროპიკებში წარმოშობილი მცენარე, ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობისადმი მომთხოვნია. ზოგიერთი მონაცემით კიტრის ზრდა-განვითარებისთვის საუკეთესოა ნიადაგის ზღვრული ტენტევადობის 85-95 % და ჰაერის 90-95 % ფარდობითი ტენიანობა.

კიტრი ფოტოპერიოდული რეაქციის მიხედვით „მოკლე დღის“ მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება. ჯიშურობის და სხვა ფაქტორებზე დამოკიდებულებით კიტრისათვის უმრავლეს შემთხვევაში საუკეთესოა 8-12 საათიანი დღე. დღის სიგრძის გარდა მცენარისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს განათებულობის ინტენსივობას.

კიტრისათვის ოპტიმალური განათებულობა 8-15 ათასი ლუქსია დღეში 9 ½ საათის ხანგრძლივობით. კიტრის მიერ ნიადაგიდან გამოტანილი საკვები ელემენტების მთლიანი რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ მოითხოვს ინტენსიურ განოყიერებას, რასაც ძირითადად განაპირობებს მისი ფესვთა სისტემის შედარებით ზედაპირული განლაგება და მცენარის განვითარების სწრაფი ტემპი.

კიტრის მიერ საკვები ელემენტების შთანთქმაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის ტემპერატურა. ნიადაგის ტემპერატურის დაწევისას 200C-ს ქვემოთ, ყველაზე ცუდად შეითვისება აზოტი, შემდეგ კი ფოსფორიანი და ჩვეულებრივზე ოდნავ ნაკლებად შეითვისება კალიუმი.

კიტრის უხვი მოსავალი მხოლოდ საკვები ხსნარის ოპტიმალური კონცენტრაციის დროს მიიღება, კიტრი უნდა გამოიკვებოს დაბალი კონცენტრაციის მქონე, დაახლოებით 0,1 %-იანი თხიერი სასუქებით.

კლინის ჯიშის კიტრის კულტურის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მისთვის ხსნარის ოპტიმალური კონცენტრაცია 0,2 %-ია და მას შეუძლია აიტანოს ხსნარის საკმაოდ მაღალი კონცენტრაცია 0,5 %-დან 0,8 %-მდე. თუმცა ახალგაზრდა მცენარეების გამოსაკვებად ხსნარის კონცენტრაცია უფრო დაბალი (0,2-0,3 %) უნდა იყოს.

კიტრის ნიადაგური კვებისათვის ხელსაყრელი ხსნარის რეაქცია სუსტი მჟავე ან ნეიტრალურია (pH= 6.0–7.0).

მცენარის მიერ ამა თუ იმ საკვები ელემენტების შთანთქმა დამოკიდებულია მათ რაოდენობასა და ფორმაზე. სასუქებში ნიტრატული აზოტის სიჭარბისას, ფოსფორის დოზის გაზრდა იწვევს კიტრის მოსავლის მატებას. ამიაკური და ნიტრატული აზოტის თანაბარი შეფარდებისას, როგორც ფოსფორის, ისე კალიუმის დოზის მატება ზრდის მოსავალს.

კიტრის მიერ ნიადაგიდან გამოტანილი საკვები ელემენტების მთლიანი რაოდენობიდან მცენარეს პირველ 15 დღეში გამოაქვს: 6 % N, 8 % P2O5 და 4 % K2O; მომდევნო 15 დღის განმავლობაში კი 30 % N, 25 % P2O5 და 25 % K2O. აქედან გამომდინარე, მცენარის ზრდა-განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის შეფარდება შესაბამისად უნდა შეიცვალოს.

კიტრის კვების რეჟიმი ღია და დაცულ გრუნტში საკმაოდ განსხვავებულია. განსხვავება ძირითადად გამოკვებაშია. ორგანული სასუქებით ძირითადი განოყიერება კი ორივე შემთხვევაში მაღალი უნდა იყოს. მაგ. ღია გრუნტში მზრალად მოხვნისას ჰა-ზე შეაქვთ 50- 80 ტ ნაკელი. ამ დროს შეიძლება ახალი ნაკელის შეტანა, მაგრამ უკეთესია გადამწვარი ნაკელი.

კიტრის მოსავალი ორგანული სასუქების მაღალ ფონზე მინერალური მარილების გამოყენებისას იზრდება. ჰა-ზე შეაქვთ 200-300 კგ ამონიუმის გვარჯილა, 500-600 კგ სუპერფოსფატი, 150-200 კგ კალიუმის ქლორიდი ან ამდენივე კალიუმის სულფატი.

ორგანული და მინერალური სასუქის გამოყენება ეფექტურია კერობრივად, ბუდნებში და შემდგომში გამოკვების სახით შეტანისას. დამატებითი გამოკვება ღია გრუნტში ერთ-ორჯერ ტარდება, სანამ მწკრივთაშორისები მცენარის ბარდით შეივსება. სათბურებში კი დარგვიდან ყოველ 7-10 დღეში, ვეგეტაციის ბოლომდე.

კლასიფიკაცია და ჯიშები

მას შემდეგ, რაც ლინემ დაადგინა სახეობა C. sativus L, მრავალი ქვეყნის სხვადასხვა დროის მკვლევარები ახდენენ კიტრის შიდასახეობრივ კლასიფიკაციას, მაგრამ როგორც ლიტერატურიდან ჩანს, ჯერ კიდევ არაა შექმნილი ისეთი დახვეწილი კლასიფიკაცია, რომელიც ყველა საკითხში კითხვას არ იწვევდეს.

პროფ. გ. ჯაფარიძე საქართველოს ადგილობრივ კიტრის ჯიშებს პირობითად ყოფს ორ ტიპად:

  • PS Orientalis georgicus Jap. და PS Ocidentalis georgicus Jap.
  • PS Orientalis georgicus Jap.

ეკოტიპს ეკუთვნის აღმოსავლეთ საქართველოს 1-2 ზონებში გავრცელებული ადგილობრივი ჯიშები. მათ ახასიათებთ გრძელი ბარდი, რომელიც ხშირად 4 მეტრს აღწევს, ხუთკუთხოვანი ფოთლები, დიდი ზომისა მწვანე ნაყოფი, რომელსაც აქვს ცილინდრული ფორმა, სადა კრიალა ზედაპირით. ამ ნიშანთვისების გამო, კარგად უკუაქცევს მზის სხივებს, ეგუება სიცხეს და ჰაერის სიმშრალეს.

ამ ეკოტიპს ეკუთვნის შემდეგი ჯიშები: მუხრანული, გილანური, შუშა კიტრი და ახალციხური.

მუხრანული – ადგილობრივი ჯიშია. სახელწოდება მიიღო მცხეთის რაიონ სოფ. მუხრანიდან, სადაც ის დიდი ხანია მოჰყავთ. მცენარე ხასიათდება მძლავრი ზრდით. ბარდის სიგრძე 3,5 მეტრამდე აღწევს. ფოთოლი გულისებრ დანაკვთული, ფოთლის ზომა დიდია, სიგანით 29 სმ, სიგრძით 22-23 სმ-მდეა, ნასკვი გრძელი, ცილინდრული, შუაში ოდნავ შევიწროვებული, რთული შავი შებუსვით, ყვავილის გაშლისას მისი სიგრძე საშ. 2,8 სმ, სიგანე 0,5 სმ-ია.

მწვანე ნაყოფი გრძელი – 25-26 სმ სიგრძისაა, ვიწრო ცილინდრული ფორმის, ზოგჯერ შუა ნაწილში ოდნავ შევიწროვებული ბლაგვი ბოლოთი, ჯიშისათვის მეტად დამახასიათებელია სწორი ან ოდნავ მოხრილი ყელი. ყელის სიგრძე 4 სანტიმეტრამდეა.

ნაყოფები ხშირად ნამგლისებურად არიან მოხრილი, განივ ჭრილში კრიალა ზედაპირით,ნ შეფერვა მთლიანად მწვანეა. ზოგჯერ ნაყოფს ერთ მესამედზე ღია ზოლები გასდევს. რბილობი საშუალო ზომისა და სიმკვრივისაა, სუსტად ხრაშუნა. კარგი გემური თვისებებით ხასიათდება. სათესლე მუქი ყავისფერი შეფერვის, ორმაგი ბადით.

გილანური – ეს ჯიში სპარსელების მიერ არის შემოტანილი ირანის პროვინცია გილანიდან. მცენარე ხასიათდება ძლიერი ზრდით. ბარდი 4 მეტრამდე იზრდება. უხვად ივითარებს ფოთლებს.

მწვანე ნაყოფი, მუხრანულთან შედარებით, გრძელი და ვიწროა. ყელი გრძელი (5-7 სმ) და თითქმის ყოველთვის მოხრილი აქვს. ტიპური მწვანე ნაყოფის სიგრძე 20-30 სანტიმეტრამდეა, ყველაზე ფართო ნაწილის დიამეტრი 5-6 სმ. შეფერვა კრიალა მუქიმწვანე, ნაყოფის ფორმა ცილინდრული, შესამჩნევი წახნაგებით და შუა ნაწილში შევიწროებული, ზოგჯერ ოდნავ ნამგლისებურად მოხრილი.

სათესლე ნაყოფები სიგრძით 44-49 სმ-ს აღწევს, ყველაზე ფართო ნაწილის დიამეტრი 9-10 სმ-ია შეფერვა მუქი ჟანგმიწისფერია, მსხვილი, ორმაგი, ხშირად დაწყვეტილი ბადით.

ჯიში უფრო საგვიანოა, ვიდრე მუხრანული, ნაყოფებსაც ნაკლები რაოდენობით (7- 9) ისხავს. მაგრამ უკეთესი გემური თვისებებისა და გარეგნობის გამო, მებოსტნეები მის მოყვანას კვალსათბურებში ამჯობინებენ.

შუშა კიტრი – ბარდის სიგრძე, მუხრანულთან შედარებით, ნაკლები აქვს. მწვანე ნაყოფი გრძელია (23-25 სმ), სწორი ცილინდრული ფორმის, ბოთლისებრ წაგრძელებული ან მოხრილი გრძელი ყელით (4-6 სმ), ნაყოფის უდიდესი დიამეტრი 4,5-5 სმ-ია, სადა (გლუვი) კრიალა მუქი მწვანე ფერის, ოდნავ დაფარული ცვილისებრი ფენით. ნაყოფის ბოლოდან ერთ მესამედამდე მოსდევს მოთეთრო ზოლები, რბილობი აქვს საკმაოდ მკვრივი, დამახასიათებელი სუნითა და კარგი გემოთი. ნაყოფის საშუალო წონა 300 გ-ია,

ჯიში საშუალო საგვიანოა. კვალსათბურებში იანვარში დათესილ შუშა კიტრს პირველი ნაყოფის მიღებამდე სჭირდება საშუალოდ 70 დღე, არა უმეტეს 80 დღისა. მაშინ როდესაც მუხრანულს და გილანურს სჭირდება 90 დღემდე.

ახალციხური ანუ „ლანგა კიტრი“ – მესხური ჯიშია. მას ახასიათებს გრძელი ბარდი ხუთკუთხოვანი ფოთლებით. მწვანე ნაყოფი დიდი ზომისაა (18-20 სმ), ცილინდრული ფორმის, ბლაგვი წვერით. ზედაპირი სადაა, იშვიათად უმნიშვნელო ბორცვებით, კანი მუქი მწვანეა, ხორცი მკვრივი, სათესლეც ცილინდრული ფორმის მუქი მიხაკისფერი, მსხვილი, ორმაგი ბადით.

საშუალო საგვიანო, კარგი გემოს სასალათე ჯიშია. PS. Orientalis georgicus ap- ეკოტიპს ეკუთვნის დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში გავრცელებული ჯიშები და მათ ახასიათებთ მეტად გრძელი დატოტვილი ბარდი.

ახალგაზრდა მცენარის ბარდის წვერი იწევს ზევით, ულვაშებით ეჭიდება შემხვედრ საგანს და ეხვევა მას. ბარდის ზრდის ასეთი თავისებურების გამო, მას უდგამენ ფოჩხს. იგი ეხვევა მას და ნაყოფიც აღარ ლპება ტენიან ნიადაგზე წოლით. ნაყოფი საკმაოდ გრძელი აქვს, ფორმა გამსხვილებულ-ცილინდრული ან მოხრილი, ბლაგვი ბოლოთი, ზედაპირი სუსტად დაბორცვილი და ხორკლიანია.

სათესლე მომწვანო-თეთრია, უპირბადო, ხორცი საშუალო სიმკვრივის, სუსტად ხრაშუნა, საშუალო გემური თვისებების. გრძელი სავეგეტაციო პერიოდი აქვს. კარგად უძლებს დაავადებებს და მავნებლებს, მოსავლიანია.

ამ ეკოტიპს ეკუთვნის აჭარა-გურია-სამეგრელოში გავრცელებული კიტრის ჯიში „ფოჩხის კიტრი“.

არსებობს აგრეთვე სხვა მსგავსი ფორმები, მაგრამ მუხრანულ კიტრთან ერთდროულად თესვა-მოყვანის შედეგად, მეტად ჭრელ პოპულაციად იქცნენ, მაგალითად, სამტრედიის ფორმა და სხვა, რომლებიც სელექციური მუშაობის შემდეგ დამოუკიდებელ ჯიშებადაც შეიძლება ჩაითვალოს.

„ჩვენი სოფელი“

იხილეთ აგრეთვე: კიტრი – თესვა, დარგვა, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა