დაისი – წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

ვაზის, ჯიში, ვენახი

დაისი წითელყურძნიანი სელექციური საღვინე ვაზის ჯიშია, სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ჯიში გამოყვანილია 1966 წელს მებაღეობა – მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ავტორები: რ. კიკაჩეიშვილი, კ.შავიშვილი, ბ. მგელაძე

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო მიიღება ლალისფერი, სასიამოვნო გემოთი. ჯიში საშუალოზე ძლიერი ზრდისაა.

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, გულისებური ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია.

მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მცირედ ოვალური ფორმის, მუქი – ლურჯი შეფერვის, კანი თხელი, რბილობი ხორციანი და წვნიანი, სასიამოვნო გემოთი.

სავეგეტაციო პერიოდი 150 დღეა. მტევნის წონა 180 – 230 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20 – 22%-ს, მჟავიანობა 6.0 – 7.5 გ/ლ-ს.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

თქვენი რეკლამა