სამკურნალო მცენარეების შეგროვების და დამზადების მეთოდები

სამკურნალო

სამკურნალო ნედლეულად გამოიყენება მცენარის როგორც მთლიანად მიწისზედა ნაწილი – Herba, ასვე ცალკეული ორგანოები ( ფოთლეები – Folia, ყვავილები -Flores, ნაყოფები -Fructus, თესლები – Semina, ფესვები – Radices, ფესურები – Rhizomata), რომელთა შეგროვება გარკვეული წესების დაცვით ხდება.

შეგროვების მეთოდებმა არ უნდა დააზიანოს გარემო. მათ უნდა უზრუნველყონ ოპტიმალური პირობები შესაგროვებელი მცენარეების რეგენერაციისათვის. შეგროვება უნდა მოხდეს მხოლოდ დაუბინძურებელ არეალებში ან მინიმალური დაშორებით პოტენციური დაბინძურების წყაროებიდან, როგორიცაა: დასახლებები ან აგრარული ტერიტორიები; ქუჩები/ტრანსპორტი ან ინდუსტრიული ობიექტები; ნაგავსაყრელები ან რადიოაქტიური გამოსხივება.

არ უნდა შეგროვდეს: იშვიათი სახეობები (მცენარეები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ამ არეალში არ გვხვდება); სახეობები, რომლებიც მიეკუთვნება გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხას ან დაცულია სამართლებრივად; სახეობები, რომლებიც შეიძლება განადგურდეს ან დაზიანდეს შეგროვების შედეგად, თუ მარტივად არ ხდება მათი რეპროდუქცია ან ისინი ნელა იზრდებიან.

შეიძლება მხოლოდ ზრდასრული მცენარეების შეგროვება. მცენარის დაზიანებული მასალები ზოგადად უნდა გამოირიცხოს. უნდა შეგროვდეს მხოლოდ მცენარის ის ნაწილი, რომელიც გამოიყენება. მცენარეები უნდა შეგროვდეს ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ადგილას შესაგროვებელ არეალში. ეს გულისხმობს, რომ მცენარეები შეგროვდეს მეჩხერად, სხვადასხვა ადგილიდან.

ყველა მცენარე არ არის თანაბრად ვარგისი შეგროვებისათვის. თუ გროვდება ფესვები ან მთლიანი მცენარე, მისი ინდივიდუალური რეგენერაცია შეიძლება ვერასდროს ვეღარ მოხდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, მცენარეთა ინდივიდები ხელშეუხებელი უნდა დარჩეს. გათვალისწინებული უნდა იქნეს მცენარეული ნედლეულის აღების შემდეგი ზოგადი ლიმიტები მცენარის რეგენერაციის უზრუნველსაყოფად

მცენარის ნაწილების შეგროვება / მაქსიმუმი პროცენტი, რაც შეიძლება შეგროვდეს:

• ფესვები / ბოლქვები – პოპულაციის 20%;
• ფოთლები – ფოთლების 30%;
• ყვავილები – თითოეული მცენარის 70%;
• თესლები/ნაყოფები – მთლიანი პოპულაციის 70/80%.

მცენარის სახეობები უნდა შეგროვდეს საუკეთესო შესაძლებელ პირობებში. არ არის მიზანშეწონილი სველი ნიადაგი, ცვარი, წვიმა ან უკიდურესად მაღალი ჰაერის ტენიანობა.

აკრძალულია მოსავლის აღება – ჯოხის დარტყმით მცენარეებზე, მცენარის (ნაწილის) ამოგლეჯა, ტოტების დამტვრევა. შესაკრეჭი ხელსაწყოები უნდა გაიწმინდოს და მომზადდეს შეგროვების წინ, მოსავლის აღებისას გამოყენებული ყველა კონტეინერი უნდა გაიწმინდოს და გათავისუფლდეს წინა მასალის ნარჩენებისაგან.

შეგროვილი მცენარეული მასალა არ უნდა მოხვდეს პირდაპირ კონტაქტში ნიადაგთან. მცენარეები უნდა შეგროვდეს სწრაფად და ტრანსპორტირება განხორციელდეს მშრალ, სუფთა პირობებში.

მოსავლის აღებისას სხვა სახეობა, რომელიც იზრდება შეგროვების არეალში, არ უნდა შეერიოს შეგროვებულ მცენარეულ მასალას.

შეგროვილი ნედლი მცენარეული მასალის მექანიკური დაზიანება და დაწნეხა თავიდან უნდა იყოს აცილებული. ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ტომრები არ იყოს გადავსებული და მცენარეები ჩაჭყლეტილ მდგომარეობაში.

ახლად შეგროვილი მცენარე გადამამუშავებელ დაწესებულებს უნდა ჩაბარდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად, რათა არ მოხდეს მისი დეგრადაცია.

შეგროვილი მცენარეული მასალა დაცული უნდა იყოს მავნებლების, თაგვების, მღრღნელებისა და შინაური ცხოველებისგან. ნებისმიერი მავნებლების წინააღმდეგ მიღებული ზომები უნდა იყოს დოკუმენტირებული.

უნდა მოხდეს დაზიანებული მცენარის ნაწილის სეპარირება/გამოცალკევება.

სამკურნალო მცენარეული ნედლეულის დამზადების დრო და წესი

სამკურნალო მცენარეული ნედლეულის დამზადების დრო და წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ მცენარის რომელი ნაწილია შესაგროვებელი:

→ სამკურნალო მცენარის მიწისზედა ნაწილებს ამზადებენ მშრალ, მზიან ამინდში, ცვარის გაშრობის შემდეგ (8-11 ს) და საღამოს (17 ს შემდეგ). შეგროვებისას ზოგჯერ მნიშვნელობა აქვს თვით დღის მონაკვეთსაც, მაგ., ეთეროვანი ზეთის შემცველებისათვის ნორმატულ დოკუმენტში (ნდ-ში) მითითებულია კონკრეტული საათებიც.

→ მიწისქვედა ნაწილები შეიძლება შეგროვდეს ნაწვიმარზეც და მთელი დღის განმავლობაში. მცენარე, რომელსაც ამზადებენ, უნდა იყოს ზრდასრული, კარგად განვითარებული, ჯანსაღი. დაუშვებელია იუველური ეგზემპლარების ამოთხრა და გამოყენება.

→ ყველა მცენარისათვის დამახასიათებელია განვითარების კალენდარული ვადები, რომლებიც, მართალია, მერყეობს ზრდის ადგილის ეკოლოგიურ-გეოგრაფიული პირობების მიხედვით, მაგრამ იგი თავსდება გარკვეულ ფარგლებში. მაგ. მითითითებულია, რომ ძირტკბილას ფესვი დამზადდეს მაისიდან იანვრამდე, მუხის ქერქი აპრილ_მაისში, დათვის კენკრას ფოთოლი აპრილ_ივნისში და აგვისტო_ოქტომბერში, ევკალიპტის ფოთოლი იანვარ_მაისსა და ზოგჯერ ნოემბერ_დეკემბერში. ამ კალენდარული ვადების დაცვა აუცილებელია, რადგან ვადაზე ადრე ან დაგვიანებით დამზადებას შეიძლება მოჰყვეს დაბალი ფარმაკოლოგიური აქტივობა.

→ ძლიერმოქმედი ან შხამიანი ნივთიერებების შემცველ მცენარეებზე მუშაობისას _ დამზადება-გადამუშავების და მათი პრეპარატების წარმოების დროს განსაკუთრებული უსაფრთხოების წესების დაცვაა საჭირო, რომ არ გამოიწვიოს ალერგიული მოვლენები _ ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანება, დერმატიტები და სხვ. არასასურველი შედეგები მოჰყვება აგრეთვე საპონინების შემცველი მცენარეების გადამუშავება-დაწვრილმანებას, ამიტომ აუცილებელია გაფრთხილება.

ფოთლებს (Folia) ამზადებენ უმეტესად მცენარის ყვავილობის ან ბუტონიზაციის ფაზაში. მათ ჭრიან დანით, მაკრატლით, ნამგალით. ამ უკანასკნელს ხმარობენ, როდესაც საქმე აქვთ სუფთა ნაზარდებსა და პლანტაციასთან. მაშინ მცენარეს თიბავენ და შემდეგ აცლიან ფოთლებს ან ნედლეულის გაშრობის შემდეგ გამოცეხვავენ პატარა ფოთლებს და ფოთოლაკებს (დათვის კენკრა, სინამაქი, წითელი მოცვი, სალაბი). ზოგჯერ უმჯობესია ფრთხილად ხელით მოცილება _ ყუნწიანად ან უყუნწოდ, ხოლო თუ ეს მითითებულია ნორმატულ დოკუმენტში (ნდ-ში), შეიძლება საჭირო იყოს ყუნწების ნაწილობრივ დატოვება. მიზანშეწონილი არაა ველურად მოზარდი მცენარის ფოთლების მთლიანად დაკრეფა, ნაწილი უნდა დატოვონ, რომ მცენარე არ გახმეს.

ყვავილები და ყვავილედები (Flores) ძალიან ნაზია, მათ ამზადებენ სრული ყვავილობისას ან დასაწყისში. ამ დროს ის შეიცავს მოქმედ ნივთიერებების მაქსიმუმს. ამავე დროს გაშრობისას ინარჩუნებს ბუნებრივ ფერს. ყვავილებს აგროვებენ ყვავილსაფართან ერთად ხელით ან ჭრიან მაკრატლით, სეკატორით და სპეციალური სავარცხლებით, რომლებიც ნედლეულს პირდაპირ კალათში ყრის. პლანტაციებზე მათი დამზადება წარმოებს მექანიზირებული წესით და გაშრობამდე აცილებენ ფერშეცვლილ, დამჭკნარ, დაცვენილ ყვავილებს და მცენარის სხვა ნაწილებს.

კოკრებს ამზადებენ ყვავილების გაშლამდე, უმეტესად მცენარეს აჭრიან გვერდით ტოტებს და გაშრობის შემდეგ აცლიან ბუტონებს. კვირტების (Gemmae) დამზადება წარმოებს ზამთრის დასასრულს ან ადრე გაზაფხულზე, როდესაც უკვე დაბერილია, მაგრამ გაშლა არაა დაწყებული. უმეტესად მათ მოჭრიან 3-5 სმ სიგრძის ყლორტებთან ერთად და ცივ პირობებში გაშრობის შემდეგ გაასუფთავებენ გაშლილი კვირტებისა და მინარევებისაგან. მათი დამზადების ადგილები ძალზე შეზღუდულია (არ შეიძლება პარკების ზონაში, დასახლებულ და დასვენების ადგილებზე), აუცილებელია ნებართვა.

ბალახის (Herba) დამზადების ოპტიმალური პერიოდია მცენარის მასიური ყვავილობა, ზოგჯერ ნდ-ში მითითებულია შეგროვდეს ყვავილობის დასაწყისში ან მისი დამთავრების შემდეგ, ნაყოფიანობის დასაწყისში ან მათ დაცვენამდე. პატარა მცენარეზე დანით, მაკრატლით, სეკატორით აჭრიან მთელ მიწისზედა ნაწილს ნიადაგიდან 5-10 სმ დაშორებით. თუ მცენარე დიდია _ პირიქით, მოაცილებენ გვერდით ყლორტებს ან მთელ აყვავებულ ნაწილს (წვერიდან 15-35 სმ სიგრძის) ისე, რომ არ შეჰყვეს გაუხეშებული ღეროები.

სუფთა ნაზარდების შემთხვევაში უფრო რენტაბელურია მოთიბვა, სპეციალური მანქანებით ბალახის გადაჭრა და შეყოლილი მინარევებისაგან გასუფთავება. ერთწლოვან მცენარეებს, განსაკუთრებით პლანტაციებში, ზოგჯერ ფესვებიანად ამოთხრიან და გაასუფთავებენ. ბალახის დამზადების დროს, რომ არ განადგურდეს მცენარე, ყოველ 1 მ2-ზე ხელუხლებლად დატოვებენ კარგად განვითარებულ 2-3 ეგზემპლარს.

ქერქს (Cortex) აგროვებენ ადრე გაზაფხულზე წვენების მოძრაობის დროს (მარტი-აპრილი), მცენარის შეფოთვლამდე. ამ დროს ქერქი ადვილად სცილდება მერქანს, რადგან მათ შორის არსებული კამბიუმი უფრო წვნიანია, ლორწოვანი და ადვილად განცალკევდება. ქერქის მოსაცილებლად გლუვზედაპირიან ღეროებსა და ტოტებზე უჟანგავი ფოლადის დანით აკეთებენ ორ რგოლურ 20-30 სმ-ით დაშორებულ ნასერს.

ნაყოფებს (Fructus) და თესლებს (Semina) აგროვებენ ტექნიკური სიმწიფის პერიოდში ან მაშინ, როდესაც მათი 60-70%-ია დამწიფებული. დამზადება მოითხოვს დიდ სიფრთხილეს, რადგან წვნიანი ნაყოფები ადვილად იჭყლიტება, ერთმანეთს ეწებება და ობდება. მშრალი ნაყოფების შემთხვევაში, მცენარეს მთლიანად თიბავენ და ნაყოფებს ასუფთავებენ ან გაშრობის შემდეგ თესლებს გამოცეხვავენ.

მიწისქვედა ორგანოებს _ ფესვებს (Radices), ფესურებს (Rhizomata), ტუბერებს(Tubera), ბოლქვებს (Bulba) ტუბერბოლქვებს (bulbotubera) აგროვებენ შემოდგომაზე, ფოთლების დაცვენის შემდეგ, მაგრამ ისეთ დროს, რომ მცენარის ცნობა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამ დროს მასში მეტია სამარაგო-საკვები ნივთიერებები და ბიოლოგიურად აქტიური შენაერთები. თანაც, ნედლეულის ბიომასა დიდია, თესლები კი დაცვენილია, რაც უზრუნველყოფს.

მცენარის ბუნებრივი ნაზარდების განახლებას. დამზადება ხდება გაზაფხულზეც, როდესაც მცენარე იწყებს ვეგეტაციას. ერთწლოვანი მცენარეების შემთხვევაში, უმჯობესია ამიოთხაროს ყვავილობის ფაზაში, ორწლიანების _ შემოდგომასა ან მეორე წლის გაზაფხულზე, შხამიანი მცენარეების კი _ აყვავებული მცენარიდან, რომ მისი იდენტიფიკაცია სარწმუნო იყოს. მიწიდან ფრთხილად ამოღების შემდეგ ნედლეულს დაბერტყავენ, თუ აუცილებელია გარეცხავენ გამდინარე ცივი წყლის ნაკადით, ძირშივე მოჭრიან და გადაყრიან.

ღეროს, ფესვთანური ფოთლების, მკვდარი ნაწილების ნარჩენებს, ხოლო ნედლეულს დაჭკნობის მიზნით ტოვებენ 2-3 დღით. თუ იგი დიდი ზომისაა, აუცილებელია სიგრძესა ან სიგანეზე დაჭრა სტანდარტულ ზომებამდე. ზოგ შემთხვევაში ნედლეულს აცლიან კორპს (მაგ. ძირტკბილას, ტუხტის, კოთხუჯის), ფესვებს.

ბოლქვები და ტუბერები შეიცავს ტენიანობის დიდ პროცენტს და დიდხანს ინარჩუნებს აღმოცენების უნარს, ამიტომ გასუფთავების შემდეგ 1-2 წუთით ჩაყურსავენ მდუღარე წყალში და შემდეგ გაშლიან გასაშრობად.

მიწისქვედა ნაწილების დამზადება იწვევს პოპულაციების განადგურებას, ამიტომ ნაზარდების შემთხვევაში უნდა ამოითხაროს მხოლოდ 1/3 ნაწილი, ხოლო მცენარეების სპორადული გავრცელებისას კი ხელუხლებელი დატოვონ მეოთხე-მეხუთე კარგად განვითარებული ინდივიდი.

ალიოშა ბაკურაძე, დალი ბერაშვილი.
სამკურნალო მცენარეული ნედლეულის დამზადების საფუძვლები

თქვენი რეკლამა