შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) – სამკურნალო მცენარე

შვიტა

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია: გენერაციული და ვეგეტაციური.

გენერაციული ღეროები ადრე გაზაფხულზე ამოდის,  იგი სპორების მატარებელია და მათი შემოსვლის შემდეგ ჭკნება. ფერით რუხი-მოყავისფროა, დაუტოტავი, სიმაღლით 7-25 სმ. სპორები სფეროსებრია, მომწვანო, ოთხი დაგრეხილი დანამატით, შემოდის აპრილ-მაისში.

ვეგეტაციური ღერო გვიან ამოდის, იგი მიწის ზედაპირიდანვე რგოლებადაა დატოტვილი, სიმაღლით 50-60 სმ-ია. თითოეულ რგოლში 6-15 ცალი რკალისებრი მწვანე ფერის ზეაღმართული ღეროა.

თითქმის მთელს საქართველოშია გავრცელებული. ძნელად ამოსაძირკვი სარეველაა.

შეიცავს მჟაუნის, ვაშლის,  სილიციუმის მჟავებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, ექვიზეტრინის საპონინებს, კაროტინს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას, სიტოსტერინს, ალკალოიდებს.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება გულის მანკის, გულის ქრონიკული უკმარისობის, შეშუპების, შარდსადენი გზების დაავადებების (პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი) სამკურნალოდ.

შვიტას ნაყენები და ნახარშები გამოიყენება საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების, ბუასილისა და საშვილოსნოდან სისხლისდენის, ტყვიით მწვავე და ქრონიკული მოწამვლის დროს.

შვიტას ნახარშს აქვს მადეზინციფიცირებელი თვისება, ამიტომ მის საფენებს იყენებენ ძნელად შესახორცებელი წყლულებისა და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ. შვიტა გამოიყენება კომპლექსურად სხვა  სამკურნალო ბალახებთან ერთად.

შვიტას ნახარშს და ნაყენს იყენებენ არამარტო როგორც შარდმდენ, არამედ როგორც სისხლის აღმდგენ საშუალებას, თირკმლის და ნაღვლის კენჭოვანი დაავადების, ჰიპერტონიის და ათეროსკლეროზის დროს. შვიტას ნაყენი გამოიყენება პირის ღრუში გამოსავლებად სტომატიტისა და ტონზილიტის დროს.

მედიცინაში შვიტას ვეგეტატიური ღერო და ფოთლები გამოიყენება. შვიტას პრეპარატები არასაკმაო სისხლმიმოქცევით გამოწვეული შეშუპების დროს შარდმდენ საშუალებად იხმარება, აგრეთვე — საშარდე ბუშტისა და შარდსადინარების ანთებითი პროცესების და პლევრიტის სამკურნალოდ.

ასევე, შვიტას წვენი და ნაყენი მიჩნეულია, როგორც დიურეტული საშუალება. წვენს უნიშნავენ ავადმყოფებს, რომელთაც გულის უკმარისობის ნიადაგზე გამოწვეული შეშუპება ჰქონდათ, 15 მლ დღეში სამჯერ, რის შედეგადაც დიურეზის მომატება აღინიშნება.

შვიტას ნაყენის დიდი დოზით მიღება იწვევს თირკმლების გაღიზიანებას, ამიტომ მისი გამოყენება ყოველთვის უსაფრთხო არაა.

სამკურნალო

ავტორები:  ს. ჩაგელიშვილი, მ. გოგორიშვილი
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა