მოცხარის წარმოების აგროტექნოლოგია

მოცხარი, დარგვა, გაშენება, მოვლა

კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება

მოცხარი 1-2 მეტრი სიმაღლის, ფოთოლმცვენი ბუჩქია, მიეკუთვნება ხურტკმელისებრთა (Grossulariaceae) ოჯახს. ბუნებაში გვხვდება: შავი მოცხარი (Ribes nigrum), წითელი მოცხარი (Ribes rubrum), თეთრი მოცხარი (Ribes rubrum ‘White Grape). მათ შორის ყველაზე საინტერესოა შავი და წითელი მოცხარი.

საკვებად გამოიყნება მოცხარის მწიფე ნაყოფები. მოცხარი მრავალწლიანი ბუჩქია, რომლის ახალი ტოტები წარმოიქმნება ბუჩქის ქვედა ნაწილიდან. ივითარებს ფუნჯა ფესვთა სისტემას, რომელიც ძირითადად განლაგებულია ნიადაგის ზედაპირიდან 10 – 40 სმ-ის სიღრმეზე.

შავი მოცხარის ნაყოფები ერთ ბუჩქზე და ერთ მტევანზეც არაერთგვაროვნად მწიფდება, სანაყოფე მტევნის ზედა ნაწილში უფრო მსხილ ნაყოფებს ისხამს, ხოლო მტევნის წვერისკენ ნაყოფები უფრო წვრილია. ნაყოფები უფრო ადრე შემოდის ბუჩქის ფუძესთან, ხოლო გვიან – ბუჩქის კენწეროში.

როგორც წითელი, ასევე შავი მოცხარი ჯიშების მიხედვით, ძირითადად ივნისის მეორე ნახევრიდან ივლისის ბოლომდე მწიფდება. შავი მოცხარი, ნაყოფის ფერის გარდა, წითელი მოცხარისგან მკაფიოდ გამოხატული სპეციფიკური სუნითაც განსხვავდება.

მოცხარი ტენის მიმართ მომთხოვნია და წყლით უზრუნველყოფილ, მაგრამ დრენირებულ ნიადაგებს მოითხოვს. მცენარე კარგად ხარობს როგორც მსუბუქ თიხნარ, ასევე ქვიშნარ ნიადაგებზე.

მჟავე ნიადაგები მოცხარის გასაშენებლად არ გამოდგება, მაღალი კარბონატების შემცველ ნიადაგებზე კი აღინიშნება მოსავლიანობის შემცირება და მცენარის ზრდაგანვითარების შეზღუდვა.

ჯიშების უმეტესობა თვითგამანაყოფიერებელია, შესაბამისად დამამტვერიანებელი ჯიშების დარგვა საჭირო არ არის, თუმცა ორი ან მეტი ჯიშის დარგვა გაზრდის მოსავალს. მსხმოიარობა იწყება

დარგვიდან მეორე წელს. მსხმოიარობს ორ და სამწლიან ტოტებზე. ერთი ბუჩქიდან შესაძლებელია 700-800 გრამი, ხოლო 4-6 წლის ასაკში 2-4 კგ (4-8 ტ/ჰა-ზე) ნაყოფის მიღება.

ნაყოფი კენკრაა, საშუალოდ 1 სმ დიამეტრის. ნაყოფში 3-37 თესლია. 1 კგ-ში 330 ნაყოფია. 1000 ცალი თესლის მასა 0,9-1,8 გრამია. ყვავილობს მაის-ივნისში. მწიფდება ივლის-აგვისტოში. მწიფე ნაყოფები ადვილად ცვივა, შესაბამისად საჭიროა დროული მოკრეფა. ფოთოლცვენა იწყება გვიან, ხშირად მცენარე ზამთრამდე მწვანეა.

გაზაფხულზე ნიადაგთან ახლოს მდებარე კვირტები ადრე 5°С-ზე იღვიძებენ და  ზრდას იწყებენ. ამ დროს, შესაძლებელია გაზაფხულის ნაგვიანევმა წაყინვებმა დააზიანოს ახლად გაშლილი კვირტები. მოცხარი მაღალი ყინვაამტანობით გამოირჩევა.

ბუჩქი 12-15 წელს ცოცხლობს. მაქსიმალურ მოსავალს მეექვსე წელს იძლევა.

მოცხარი საქართველოში თითქმის მეტნაკლებად ყველგან არის გავრცელებული, ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთებში. მისი გავრცელებისათვის ოპტიმალური ზონაა ზღვის დონიდან 700-1000 მეტრი. მგრძნობიარეა სიცხის მიმართ, კრიტიკულია 38° С-ზე მეტი ტემპერატურა.

კულტურის ზოგადი დახასიათება

მოცხარი, დარგვა, გაშენება, მოვლა

ადგილი თესლბრუნვაში

მოცხარის სასურველი წინამორბედი კულტურებია პარკოსანთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი მცენარეები. ხოლო არასასურველი წინამორბედი კულტურები კი მოცხარისათვის არის თავად მოცხარი და ხურტკმელი.

თუ მოცხარის პლანტაციის გაშენება იგეგმება ფართობზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა მოცხარი, ამ შემთხვევაში საჭიროა 2-3 წლიანი ინტერვალის დაცვა მოცხარის ახალი პლანტაციის გაშენებამდე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელდაავადებების გავრცელების რისკები.

ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა

მოცხარის ბაღის გასაშენებლად ნიადაგი უნდა იყოს სტრუქტურული, მსუბუქი მექანიკური შედგენიულობის, კარგი ჰაერაციის და წყალგამტარი.

მოცხარი ტენის მოყვარული კულტურაა. კარგად იზრდება და მსხმოიარობს ისეთ ადგილებში, სადაც გრუნტის წყლები ზედაპირულია და დგომის დონე 1 – 1,5 მეტრია. მისთვის მისაღებია ორგანული ნივთიერებებით მდიდარი, საკმაოდ ტენიანი კარგად დრენირებული, კარგი წყალშეკავების უნარის მქონე მსუბუქი თიხნარები. უფრო მსუბუქი ნიადაგები მოითხოვენ დამულჩვას და ირგაციას.

მოცხარის გასაშენებლად უფრო კარგია ჩრდილოეთის, ჩრდილო-დასავლეთის და ჩრდილოაღმოსავლეთის ფერდობები. გრილ რეგიონებში დარგვა შესაძლებელია სამხრეთის და სამხრეთდასავლეთის ფერდობებზე

მოცხარის წარმოებისათვის საჭირო არე pH 6,0-დან 6,5-მდეა.

იმ შემთხვევაში, თუ მოცვის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის მოცვის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის

არეს ხელოვნური რეგულირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის დამუშავება

ნიადაგის მომზადება პლანტაციის გასაშენებლად. მოცხარის გასაშენებლად ნიადაგის პლანტაჟი არ არის საჭირო. საკმარისია ნიადაგი 30-35 სმ სიღრმეზე მოიხნას. დასარგავად განკუთვნილი ნიადაგი დარგვამდე სულ მცირე 6-7 თვით ადრე უნდა მომზადდეს.

ნიადაგის საკვებით უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა ნიადაგის ანალიზი, ნაკვეთი ტოტალური მოქმედების ჰერბიციდების გამოყენებით გასუფთავდეს სარეველებისგან, მოხვნამდე ნიადაგში შეტანილი იქნას ორგანულ-მინერალური სასუქები: 30-40 ტ ნაკელი 1ჰა-ზე და მინერალური სასუქები ნიადაგის ანალიზის მიხედვით (საორიენტაციო დოზა – 90-120 კგ/ჰა აზოტოვანი, 100-120 კგ\ჰა ფოსფოროვანი და 200-240 კგ\ჰა კალიუმიანი სასუქი.

დარგვამდე ჩატარდება ნიადაგის 2-3 კულტივაცია, საჭიროების შემთხევაში დაფრეზვა. დასარგავი ადგილი კარგად უნდა იყოს დამუშავებული და გაფხვიერებული.

ნიადაგის მოვლა პლანტაციაში

მოცხარის დარგვის შემდეგ საჭიროა ნიადაგის სისტემატიური დამუშავება. არ უნდა დავუშვათ ნიადაგის გამკვრივება. დასარევლიანება უარყოფითად მოქმედებს მოცხარის ზრდა-განვითარებასა და მსხმოიარობაზე. ნიადაგს ამუშავებენ შემოდგომაზე, 15-18 სმ სიღრმეზე და ბუჩქების მახლობლად.

ყოველ 3 წელიწადში ერთხელ მიზანშეწონილია ნიადაგის უფრო ღრმად დამუშავება 20-25 სმ სიღრმეზე. ზაფხულში რეკომენდირებულია რიგთაშორისების 4-5 ჯერადი კულტივაცია. დადებით შედეგებს იძლევა ნიადაგის დამულჩვა. იგი სარეველებთან ბრძოლის და ნიადაგში ტენის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა.

მოცხარის პლანტაციის გაშენება

• დარგვა-გაშენება

 მოცხარს ამრავლებენ გამერქნებული და მწვანე კალმებით, გადაწიდვნით, ბუჩქის დაყოფით, მყნობითა და თესლით. გამერქნებული კალმების დაფესვიანება მოცხარის გამრავლების, ყველაზე მარტივი და ეფექტიანი ხერხია.

სარგავი მასალის მისაღებად საჭიროა სპეციალური სანერგეს მოწყობა, ან კიდევ სამრეწველო ნერგებიდან სადედე ბუჩქების გამოყოფა.

გამერქნიანებული კალმით გამრავლებისას სადედე ბუჩქიდან უნდა ავაჭრათ ერთწლიანი კარგად განვითარებული მომწიფებული ყლორტები, კარგად განვითარებული კვირტებიანად. აჭრა საჭიროა ტოტისძირის სიახლოვეს. ყლორტს დაჭრიან 15-20 სმ სიგრძის კალმებად. კალმების სისქე 6 მმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

კალმების აჭრა შეიძლება გვიან შემოდგომით, ზამთრის დასრულებისას, ჰაერის დათბობისთანავე და ადრე გაზაფხულზე, წვენის მოძრაობის დაწყებამდე. დარგვამდე კალმებს ინახავენ გრილ ადგილას,

ნესტიან ქვიშაში კონებად შეკრული სახით. დარგვის წინ კალმებს ბოლოს მოაჭრიან კვირტთან ახლოს. კალმის წვერი კვირტიდან 2-3 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. კალმების დარგვა უმჯობესია ადრე გაზაფხულზე, კვირტების გამოტანამდე, წინასწარ მომზადებულ ნიადაგში.

სარგავ მასალას ათავსებენ რიგებში. რიგთა შორის მანძილი მცირე ფართობებზე 80 სმ-ია, ხოლო რიგში კალმებს შორის მანძილი 15 სმ. დარგვის სიღრმე დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე და ჰავის პირობებზე.

დასავლეთ საქართველოს რაიონებში მსუბუქ ნიადაგებზე მოცხარის კალმის 2\3 მიწაში უნდა მოექცეს. აღმოსავლეთ საქართველოში მიწისზემოთ უნდა დავტოვოთ მხოლოდ ერთი კვირტი. დარგულ კალმებს მიწას შემოუყრიან, მოტკეპნიან და მორწყავენ.

იშვიათად, მაგრამ მაინც, გამოიყენება გადაწიდვნით გამრავლება. ბუჩქების დაყოფით გამრავლებას იყენებენ მხოლოდ სარგავი მასალების ნაკლებობის დროს და მოცხარის ბუჩქის, ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის შემთხვევაში.

• დარგვის სქემები და დარგვა

წითელი და შავი მოცხარის პლანტაცია შესაძლებელია დარგვის სხვადასხვა სქემით გაშენდეს: 1-1,5 მ. რიგებს შორის — 50-70სმ. რიგში მცენარეებს შორის; ასევე შეიძლება 3 X 1,0; 2,5 X 1,0 და 2,2 X 1,0; კვების არეთი გაშენება. ზოგადად, უმჯობესია შემაღლებულ ბაზო-კვლების მოწყობა და მათზე დარგვა.

დარგვისას ოდნავ დამოკლდება ფესვები, ხოლო ნერგი დაირგვება 3 – 5 სმ-ით უფრო ღრმად ვიდრე იზრდებოდა სანერგეში, ოდნავ დახრილ მდგომარეობაში. ასეთი წესით დარგული ნერგი ივითარებს დამატებით ფესვებს და მძლავრი ბუჩქი ვითარდება.

დარგვის შემდეგ ნარგავი უნდა მოირწყას, მოეყაროს ფხვიერი ნაკელი 2-3 კგ-ის ოდენიბით ერთ ძირზე ან ფხვიერი მიწა. დარგვისთანავე საჭიროა მორწყვა.

• დასარგავი ორმო. მოცხარის ნერგი ირგვება 40 სმ დიამეტრის და 30 სმ-ი სიღრმის ორმოში.

• დარგვის დრო. დარგვის საუკეთესო პერიოდია სექტემბრის ბოლო – ოქტომბრის პირველი დეკადა, რგავენ ადრე გაზაფხულზეც.

• ნერგის შერჩევა. სტანდარტული სანერგე მასალა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ფესვთა სისტემა უნდა იყოს კარგად დატოტვილი, რომლის სიგრძე 15 სმ-ზე ნაკლები არ იქნება. მიწისზედა ნაწილში იქნება ერთი ისეთი ყლორტი, რომლის სიგრძე სულ ცოტა 30-35 სმ იქნება. ძირითად ყლორტს უნდა ქონდეს 2-3 განტოტვილი საღი ყლორტი. დარგვის წინ ნერგებს ტოტებს ისე წააჭრიან, რომ მისი სიგრძე 15-20 სმ დარჩეს.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება

მოცხარის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით.

საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა მოცხარის პლანტაციაში შეტანილი იქნას:

• სუპერფოსფატი: 100-200 გრ. ერთ ბუჩქზე;
• კალიუმის ქლორიდი: 30-40 გრ. ერთ ბუჩქზე;
• აზოტიანი სასუქი: 40-50 გრ. ერთ ბუჩქზე.

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

• აზოტი N – 40% – აპრილში, 30% – ყვავილობის დასასრულს, 30%- შემოდგომაზე;
• ფოსფორი P – შემოდგომაზე;
• კალიუმი K – შემოდგომაზე.

გარდა ამისა, აუცილებელია პლანტაციაში გადამწვარი ნაკელის, ტორფისა და თივის ნარევით მულჩირება, 8-10 სმ-ის სიმაღლეზე. მულჩირება უნდა განხორციელდეს შემოდგომის, ან გაზაფხულის პერიოდში.

სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით.

მოცხარის ტენით უზრუნველყოფა

მოცხარი ტენისადმი ყველაზე მომთხოვნია ნაყოფის ფორმირების და დამწიფების პერიოდში.

მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე.

საშუალოდ, წვეთოვანი სისტემით მორწყვისას ერთი მორწყვის საორიენტაციო ნორმა არის 30-50 მ/3 1 ბუჩქზე. მოცხარის მორწყვა ასევე შესაძლებელია კვლებში წყლის მიშვებით.

მოსავლის აღება-შენახვა

მოცხარი ხელით იკრიფება. მოკრეფა ნაყოფების მომწიფებისთავე უნდა დაიწყოს. კრეფენ მშრალ ამინდში. მოცხარი მტევნებად იკრიფება, ნაყოფების დაზიანების გარეშე. დაგვიანება გამოიწვევს ნაყოფების დაცვენას, მოსავლის შემცირებას, პროდუქციის ხარისხის გაუარესებას.

როგორც წესი, იკრიფება წითელი მოცხარის მთელი მტევანი, რადგან თანამედროვე ქვესახეობებს მტევანში ყველა ნაყოფის თანაბარი დამწიფება ახასიათებს.

შავი მოცხარი, რომელსაც დამწიფებისას აქვს გაუმჭვირვალე ძალიან მუქი ლურჯი ფერი და ხსნადი მყარი ნივთიერებების 15 – 26% შემცველობა, თანაბრად არ მწიფდება მტევნის ფარგლებში. პირველად მწიფდება მტევნის ძირზე განლაგებული მსხვილი ნაყოფი (შეიძლება მოიკრიფოს ან მთლიანი მტევანი ან მხოლოდ რამდენიმე დამწიფებული ნაყოფი).

ერთ მკრეფავს დღის მანძილზე 20-30 კგ ნაყოფის მოკრეფა შეუძლია. გადასაზიდად მიზანშეწონილია ნაყოფები 3-6 კგ-იან ყუთებში ან კალათებში მოთავსდეს.

მოცხარი 1°С ტემპერატურის და 80-85% ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის პირობებში ორ თვემდე ინახება.

სხვლა-ფორმირება

• წითელი მოცხარი

წითელი მოცხარის გასხვლის მთავარი მიზანია გადაშლილი, კარგად განათებული ბუჩქის მიღება,

სადაც ხორციელდება მობერებული ძირითადი ტოტების ახალი ტოტებით ციკლური ჩანაცვლება და რეგულარული გამეჩხერება ჩახშირების თავიდან აცილების მიზნით.

I წელს ფორმირება იწყება დარგვის შემდეგ, დარგვის დროს ნერგის ყველა ტოტი ნიადაგიდან 3-4 კვირტზე გადაიჭრება.

II წელს წინა წლის ნაზარდებიდან შეირჩევა და დარჩება მხოლოდ 3-4 ყველაზე ძლიერი ტოტი, ხოლო ყველა დანარჩენი ტოტი ამოიჭრება რგოლზე. თუ ნაზარდი სუსტია, ძლიერი ტოტების დამოკლება ნიადაგიდან 10-15 სმ-ის სიმაღლეზე ხდება.

III წელს ყველა ორწლიანი ტოტი დარჩება, მათზე განვითარებული ზოგიერთი ჩამახშირებელი მეორადი ტოტები ან დამოკლდება ან ამოიჭრება. წინა წლის ტოტებიდან დარჩება მხოლოდ ყველაზე ძლიერი, სივრცეში პროპორციულად განლაგებული 3-4 ტოტი; დანარჩენი ნაზარდები ამოიჭრება რგოლზე.

IV წელს ბუჩქებზე დარჩება ყველა 3-წლიანი და 2-წლიანი ტოტი. მათზე განვითარებული ზოგიერთი ჩამახშირებელი მეორადი ტოტები ან დამოკლდება ან ამოიჭრება. წინა წლის ნაზარდიდან დარჩება მხოლოდ ყველაზე ძლიერი 3-4 ტოტი; დანარჩენი ნაზარდები ამოიჭრება რგოლზე.

V წელი და შემდეგ – ამოიჭრება ყველა 4-წლიანი, მობერებული ტოტი. წინა წლის ნაზარდიდან დარჩება მხოლოდ ყველაზე ძლიერი 3-5 ტოტი.

ზოგადად მოცხარის გასხვლისას დაცული იქნება სხვლის შემდეგი პრინციპი: ამოისხვლება დაზიანებული, დაავადებული, ნიადაგზე გართხმული და ჩამახშირებელი ტოტები, დანარჩენი ნაზარდები ამოიჭრება რგოლზე. ბუჩქში არ დარჩება 4 წელზე მეტი ხნის ტოტი. სწორად ჩამოყალიბებული მოცხარის ბუჩქი შედგება 3-4 ერთწლიანი, ამდენივე ორწლიანი და სამწლიანი ძირითადი ტოტებისაგან.

• შავი მოცხარი

შავი მოცხარის ისხვლება წითელი მოცხარის მსგავსად, განსხვავებულია მხოლოდ 2-3 სანაყოფე წლიანი ტოტების გასხვლა: მესამე წლიდან მიმართავენ ამ ტოტების დამოკლებას განტოტვის ადგილამდე და მეორად ტოტებზე გადაყვანას.

შემდგენლები: ნინო კელენჯერიძე; ანდრო ხეთერელი.

მომზადებულია USAID/REAP პროექტის ფარგლებში.

თქვენი რეკლამა