თხილის ნარგავის ნორმალური ზრდა-განვითარება, საექსპლოატაციო პერიოდის გახანგრძლივება, მოსავლიანობის ამაღლება და მისი სტაბილურობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგისა და მცენარის მოვლის ღონისძიებათა სრული კომპლექსის ჩატარებით. მასში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სასუქების გამოყენებას.
ცნობილია, რომ თხილი კარგად ხარობს სხვადასხვა ნიადაგებზე და არ არის განსაკუთრებულად მომთხოვნი ნიადაგური პირობების მიმართ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის სულ ერთია ყველა ნიადაგი – პირიქით, სტაბილურად უხვი მოსავლის მისაღებად აუცილებელია უკეთესი ფიზიკური თვისებების და საკვები ელემენტებით მდიდარი ნიადაგების არსებობა.
რატომ სჭირდება თხილს კვება
თხილი ინტენსიური ტიპის კულტურაა, გამოირჩევა ნაზარდების წარმოქმნის მაღალი უნარით, რომელზეც ძირითადად არის დამოკიდებული მოსავალი. თხილის მხოლოდ ერთწლიან ნაზარდებს გამოაქვს ნიადაგიდან 18 კგ აზოტი, 9 კგ ფოსფორის ანჰიდრიდი, 12,3 კგ კალიუმის ნახშირორჟანგი და 16 კგ კალციუმის ოქსიდი. შესაბამისად, ამ პროცესს სჭირდება საკვები ელემენტების ინტენსიური მიწოდება და როცა ნიადაგიდან მათზე მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება, აუცილებელი ხდება ორგანული და მინერალური სასუქების დამატებით შეტანა.
თხილის მცენარე სასუქებზე სწრაფად და ადეკვატურად რეაგირებს _ იზრდება მოსავლიანობა (საშუალოდ 45-65%) ვითარდება ფესვთა სისტემა, უმჯობესდება ნაყოფის ხარისხი _ იზრდება ზომა და მასში ცხიმების (8-10%-ით) და ცილების (4-6%-ით) შემცველობა.
ჩვენში თხილის პლანტაციებში სასუქების გამოყენების უკიდურესად დაბალი კულტურაა. სასუქების არგამოყენების არგუმენტებად ხშირად გაიგონებთ თხილის მწარმოებელი ფერმერებიდან მოსაზრებებს, თითქოს, მცენარე «მიეჩვევა» სასუქებს, გამოფიტავს ნიადაგს, შემდეგ მოსავალს არ მოგვცემს და ა.შ.
სამეცნიერო კვლევები და წარმატებულ პრაქტიკოსთა გამოცდილება კი საპირისპიროს ამტკიცებს _ ზემოთ მოტანილი ციფრები მიუთითებენ, რომ მხოლოდ ერთი აგროტექნიკური ღონისძიების _ სასუქების ჩართვით მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიაში თხილის პროდუქტულობის ზრდის საკმაო რეზერვი არსებობს. მისი გამოუყენებლობა და აუთვისებლობა ჩვენში თხილს დაბალი მოსავლიანობის ერთ-ერთ მთავარი მიზეზია.
სასუქის შეტანის ხერხები
სასუქების რაციონალურ გამოყენებისთვის მათი დოზები, ფორმები, შეტანის ხერხები და ვადები უნდა შეესაბამებოდეს თხილის მცენარისა და ნიადაგურ-კლიმატური პირობების მოთხოვნებს.
ახალგაზრდა პლანტაციებში (6 წლამდე ასაკის) სასუქები შეტანილი უნდა იქნას ბუჩქების ძირის ირგვლივ, ხოლო რიგებს შორის სათოხნი კულტურების ან სიდერატების წარმოებისას, სასუქები მთელ ფართობზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს. სრულმსხმოიარე პლანტაციებში სასუქები უნდა განაწილდეს თხილის ბუჩქების ირგვლივ ფესვთა სისტემის გავრცელების არეში.
ორგანული და მინერალური სასუქების შესატანი რაოდენობა
ორგანული და მინერალური სასუქების შესატანი რაოდენობის დადგენისას მხედველობაშია მისაღები: ნიადაგში მცენარისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების შემცველობა, ნარგაობის ასაკი (ხნოვანება), კვების არე, ნაკვეთის მდებარეობა _ რელიეფი, ნიადაგის დამუშავების წესი, სასუქებში არსებული სუფთა (მოქმედი) ნივთიერებების პრონცენტული რაოდენობა.
ორგანული სასუქები (ნაკელი, კომპოსტი და სხვა) შეტან ხდება, უპირველეს ყოვლისა, დარეცხილ და ჰუმუსით ღარიბ ნიადაგებში.
მათი ყოველწლიური დოზა განისაზღვრება:
- 10-15 კგ/მცენარეზე (1-4 წლის ნარგაობაში);
- 15-20 კგ/მცენარეზე (4-6 წლისა);
- 20-30 კგ/მცენარეზე (6-8 წლისა).
ორგანული სასუქები შეიძლება შევიტანოთ 2-3 წელიწადში ერთხელ შესაბამისად ნორმის გაზრდით. მათი თხილის ბაღებში შეტანა საჭიროა ფოსფოროვან და კალიუმიან მინერალურ სასუქებთან ერთად, ნიადაგის ზამთარ-გაზაფხულის დამუშავებისას, ნიადაგში ჩაკეთებით _ მსუბუქი შებარვით, ჩათოხნით, აჩეჩვით _ 10 სმ სიღრმეზე.
ამ სასუქებისგან განსხვავებით, აზოტოვანი სასუქები შეტანა ხდება 2-ჯერ:
- მთლიანი დოზის 2/3 ადრე გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებამდე;
- დოზის 1/3 _ მაისის ბოლოს ან ივნისის პირველ ნახევარში.
ეს სქემა რაციონალური და მისაღებია თხილის მცენარის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე. კერძოდ, თხილს ახასიათებს ადრეული ყვავილობა, ერთ ბუჩქზე მდედრობითი და მამრობითი ყვავილების არაერთდროული წარმოქმნა და ყვავილობა.
ჩვენში გავრცელებული თხილის ჯიშების მამრობითი ყვავილების – მჭადას ყვავილობა იწყება დეკემბრის შუა რიცხვებიდანაც კი (გრძელდება მომავალი წლის თებერვალ-მარტში), რომელსაც მოსდევს მდედრობითი ყვავილების წარმოქმნა.
ყვავილწარმოქნის (ანუ მცენარის «დატვირთვის») ნორმალური განვითარებისთვის საჭიროა მცენარის მომზადება, გაძლიერება და გამოკვება, ამიტომ, ნოემბრის ბოლო-დეკემბერი საუკეთესო პერიოდია ორგანული, ფოსფოროვანი და კალიუმიანი სასუქების შესატანად.
თუ კი ამ პერიოდში სასუქების შეტანა მიზეზთა გამო ვერ ხერხდება, მაშინ ისინი უკვე აზოტოვან სასუქებთან ერთად უნდა შევიტანოთ თხილის ნარგავებში ადრე გაზაფხულზე. ამით თხილის მცენარეს ვამზადებთ უკვე ვეგეტაციისთვის (ანუ მორიგი დატვირთვის), რომელიც იწყება თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში.
ამ დროს ვიყენებთ, როგორც ზემოთ ვთქვით, აზოტის დოზას 2/3, ხოლო შემდგომში, მაისს-ივნისში, როცა იწყება თხილის ნაყოფწარმოქმნისა და მიმდინარე წლის ნაზარდებზე მომავალ წლისთვის საყვავილე კვირტების ჩასახვის (ანუ საფუძველი ეყრება მომავალი წლის მოსავალს!) პროცესი, მცენარეს დამატებითი გამოკვების სახით ვაძლევთ აზოტის დოზის 1/3-ს.
სასუქის დოზები
თხილი არის ხანგრძლივი სავეგატაციო პერიოდის მცენარე და ეფექტურად იყენებს სასუქების მომეტებულ დოზებს.
სრულმსხმოიარე თხილის ნარგავებში საჭიროა შევიდეს მინერალური სასუქები შემდეგი დოზებით (სუფთა ნივთიერებებზე გადაანგარიშებით):
- აზოტი _ 120 კგ/ჰა საშუალო ნაყოფიერების ნიადაგებისთვის, ხოლო დამატებითი გამოკვების სახით 60 კგ/ჰა;
- ფოსფორი _ 120 კგ/ჰა;
- კალიუმი 60 კგ/ჰა.
ახალგაზრდა პლანტაციებში (5-6 წლამდე ასაკის) სასუქების დოზები ნახევრდება. ყოველი კონკრეტული ბაღისთვის საჭიროა დოზების დაზუსტება ზემოთ მოცემული ფაქტორების გათვალისწინებით და კარტოგრამებზე დაყრდნობით.
თხილის ერთ ძირზე საჭირო სასუქების რაოდენობას მივიღებთ საჰექტარო დოზებიდან გამომდინარე.
სასუქის დოზები სუფთა ნივთიერებებზე გადაანგარიშებით
როცა ვიცით მინერალური სასუქების დოზები სუფთა ნივთიერებებზე გადაანგარიშებით, მარტივად შეგიძლია გამოვთვალოთ ამა თუ იმ სასუქის საჭირო რაოდენობა ფიზიკური წონებით. მაგ, თუ გვაქვს ამონიუმის გვარჯილა (აზოტის-N-შემცვლელობა 33%), მარტივი სუპერფოსფატი (ფოსფორი P2O5-18-20%) და კალიუმის მარილი (კალიუმი _K2O- 30-40%), თხილის ერთი ჰექტარი ბაღისთვის საჭირო იქნება 360 კგ ამონიუმის გვარჯილას, 600-660 კგ მარტივი სუპერფოსფატის და 150-200 კგ კალიუმის მარილის სასუქები.
კომპლექსურმა სასუქები
ამ ბოლო დროს, თხილის კულტურაში პოპულარობა მოიპოვა კომპლექსურმა სასუქებმა, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე საკვებ ელემენტს. მათ გამოყენებას მთელი რიგი უპირატესობა აქვთ მარტივ სასუქებთან შედარებით. რამდენიმე სადემონსტრაციო ნაკვეთზე გამოცდილმა თანამედროვე კომბინირებულმა სასუქებმა გვიჩვენეს მათი მაღალეფექტურობა და რენტაბელობა თხილის ნარგავებში.
სასუქებში დანახარჯებს ძალზე დიდი უკუგება აქვს _ მოსავლიანობის ზრდა 1 კგ სასუქზე შეადგენს 3-5 კგ, სრულფასოვანი და კომპლექსური გამოკვებისას კი ეს მაჩვენებელი 2-ჯერ იზრდება.
ავტორი: ტიფო მიქატაძე; წყარო: gurianews.com;
იხილეთ აგრეთვე: თხილის წამლობათა სქემა ბიო (ორგანული) მეურნეობისთვის