ფსტა (Pistacia Vera) – ქართული სამეცნიერო დასახელება „ფსტა“ /ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 417, თბილისი, 1986/ და არა „ფისტა“, როგორც ხშირად მოიხსენიებს უკანასკნელ ხანს სხვადასხვა საინფორმაციო წყარო/.
ისტორიული ცნობების მიხედვით, საქართველოში გავრცელებული ყოფილა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში. რუსეთის ელჩი 1650 წელს თავის ჩანაწერებში მოიხსენიებს ფსტის ხეების არსებობას კახეთში.
ცნობილი ქართველი გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი XVIII საუკუნეში გვაწვდის ინფორმაციას, რომ ფსტის ხეები დარგულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
არსებობს ლიტერატურული მონაცემები, რომ XIX საუკუნეში თბილისის მიდამოებში გვხვდებოდა ფსტის ერთეული მცენარეები და ჯგუფური კორომები. XX საუკუნის დასაწყისში გაშენებულ იქნა რამდენიმე სამრეწველო ბაღი ქვემო ქართლში, კახეთსა და თბილისის მიდამოებში, რომლებიც, სამწუხაროდ, აღარ არის შემორჩენილი.
ამჟამად ფსტის ერთეული ხეები გვხვდება თბილისის ზოგიერთ უბანში, საგარეჯოსა და გარდაბანში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაცულია საკმლის ხის (კევის ხის) რელიქტური უნიკალური ტყე ვაშლოვანის ნაკრძალში, საკმლის ხე კი წარმოადგენს კულტურული ფსტის ველურ მონათესავე სახეობას, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც საძირე ამ სახეობისთვის.
სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით, ფსტა მაღალშემოსავლიანი კულტურაა, რადგან მასზე ფასი მსოფლიო ბაზარზე სტაბილურად მაღალია (საბითუმო ფასი 8,00-11,00 USD/კგ) და მაღალი მარკეტინგული მოთხოვნით ხასიათდება.
მოსავლის მიღება იწყება დარგვიდან მეექვსე-მერვე წელს. ფსტის ბაღი სრულ მსხმოიარობაში შედის გაშენებიდან მეთორმეტე-მეთოთხმეტე წელს. ბაღი ხასიათდება ხანგრძლივი საექსპლოატაციო პროდუქტიული პერიოდით – 50-60 წელი და მეტი.
წარმოება
2014 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ფსტის ფართობები აღემატება 650 000 ჰა-ს, ხოლო წარმოება 840 000-860 000 ტონას აღწევს (2014). ფსტის წარმოებაში ლიდერს ირანი წარმოადგენს (415 000 ტონა), მეორე ადგილი უკავია აშშ-ს (233 000 ტონა), ხოლო ჩინეთის მოსავალი აღწევს 76 000 ტონას.
ფსტის წარმოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ თურქეთსა (80 000 ტონა) და სირიას (28 000 ტონა). სამრეწველო მიზნით ფსტა მოჰყავთ საბერძნეთში (5 700 ტონა), იტალიაში (3500 ტონა), ავღანეთში (2700 ტონა), ტუნისსა (2500 ტონა) და ესპანეთში (2400 ტონა). ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ფსტას აწარმოებენ მხოლოდ უზბეკეთსა და ყირგიზეთში. საქართველოში ფსტის წარმოების სექტორი არა გვაქვს.
ფსტის კულტურის წარმოშობისა და მოშინაურების ცენტრად მიიჩნევა წინა აზია და ირან-ავღანეთის ტერიტორია, სადაც ლიტერატურული წყაროების თანახმად, ამ კაკლოვან კულტურას რამდენიმე ათასი წლის წინ უკვე იცნობდნენ.
ფსტის ნაყოფი გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებით. ნაყოფი მდიდარია ცილებით (19-20%), ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით (A ვიტამინი) და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებებით.
მისი გამოყენება, ძირითადად, ხდება პირდაპირ საკვებად ან საკონდიტრო წარმოებაში ტკბილეულისა და ნამცხვრების დასამზადებლად.
ბიოლოგიურ-სამეურნეო თავისებურებები
ფსტა სინათლისა და სითბოს მოყვარული გვალვაგამძლე 4-6 მეტრის სიმაღლის მქონე მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც მიეკუთვნება თუთუბოსებრთა (Anacardiaceae) ოჯახს. მცენარე ივითარებს გამორჩეულად მძლავრ ფესვთა სისტემას, რის გამოც მისი ადაპტურობა მაღალი სიცხეების მიმართ მკვეთრად მატულობს.
ფსტის ნაყოფების ნორმალურად მომწიფებისათვის საჭიროა 29000-დან 34000-მდე აქტიურ ტემპერატურათა ჯამი ჯიშების მიხედვით. მისი გაშენება მიზანშეწონილია ზღვის დონიდან არაუმეტეს 800-900 მეტრ სიმაღლემდე.
ნორმალური მოსავლის მისაღებად უპირატესობას ანიჭებს ცხელ და ხანგრძლივ ზაფხულს. ზამთრის ტემპერატურის დაცემა -17-19C-მდე სერიოზულ ზიანს აყენებს მცენარესა და მიმდინარე მოსავალს.
ფსტა, ძირითადად, ყვავილობს აპრილში, ყვავილობისა და მაის-ივნისის პერიოდში წვიმებმა და გადაჭარბებულმა ტენიანობამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფების არაბუნებრივი განვითარება, კერძოდ, ნაყოფების ადრეული გასკდომა-დალპობა ან განუვითარებელი შიგთავსის მქონე კაკლების პროცენტის კრიტიკული გაზრდა. ზოგ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვნად მატულობს ე.წ. კირკიტა (რთულად გასატეხი) ნაყოფების რაოდენობა.
ფსტა ორბინიანი მცენარეა, ამიტომ ნაყოფების მისაღებად აუცილებლად მოითხოვს ჯვარედინ დამტვერვას. მისი დამტვერვა ქარის საშუალებით ხორციელდება. დამტვერვის მიზნით სამრეწველო ბაღში რგავენ 1 მამრობით მცენარეს 8-12 მდედრობით მცენარეზე.
ფსტა უპირატესობას ანიჭებს კარგი აერაციის უნარის მქონე საშუალო ან მსუბუქ ნიადაგებს, სადაც pH 6,8 და მეტია. მცენარე ტოლერანტულია მლაშე ნიადაგების, მაღალი კარბონატობისა და გვალვის მიმართ. მიუღებელია ცუდი დრენაჟის მქონე მძიმე ნიადაგები, სადაც ფსტის ხე ადვილად ავადდება ვერტიცილიოზით.
მიუხედავად გვალვაგამძლეობისა, ფსტის მოსავლიანობა პირდაპირ არის დამოკიდებული სარწყავი წყლის შესაბამისი რაოდენობით მიწოდებაზე.
საქართველოში ამ კულტურის პოტენციური მოყვანის ზონა, სავარაუდოდ, უნდა ემთხვეოდეს მისი ველური მონათესავე სახეობის საკმლის ხის გავრცელების არეალს, რომელიც, ძირითადად, მოიცავს თბილისის შემოგარენს, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ზოგიერთ მიკროზონას.
გაშენების სისტემები
ბაღში მცენარეთა განლაგების სწორი სისტემის შერჩევა საშუალებას იძლევა ფართობის ერთეულზე განლაგდეს მცენარეთა ოპტიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მცენარეთა მიერ კვების არის მაქსიმალური ათვისება, სინათლის ეფექტიანი გამოყენება, ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაცია, შრომის ნაყოფიერების ზრდა.
ფსტის ბაღების გაშენების ოპტიმალური სქემა დამოკიდებულია ჯიშების თავისებურებებზე და, ძირითადად, გამოიყენება გაშენების შემდეგი სქემები: 6,0-6,7მეტრი * 5,5-6,0 მეტრზე. ფსტის დარგვა შესაძლებელია როგორც შემოდგომით, თუმცა ზამთრის დაზიანებისგან თავის არიდების მიზნით უმჯობესია ადრე გაზაფხულზე ბაღის გაშენება.
აგროტექნიკური თავისებურებები
ფსტის ბაღის დარგვის დროს სასურველია ორმოები ამოღებულ იქნეს ბაღის გაშენებამდე რამდენიმე დღით ადრე. ორმოს ზომები უნდა შეადგენდეს 40-50 სმ-ს, ხოლო სიღრმე – 30-40 სმ-ს. იმის გათვალისწინებით, რომ ფსტის შიშველფესვიანი ნერგების გახარების პროცენტი ძალიან დაბალია, დასარგავი ნერგები აუცილებლად მიღებული უნდა იყოს მიწის კოშტით.
სასურველია სპეციალურ კონტეინერებში გამოყვანილი ნერგების დარგვა. ზოგჯერ მიმართავენ ბაღში მუდმივ ადგილზე საძირეების დარგვას და შემდეგ ადგილზე მყნობას.
ფსტის ბაღებში ნიადაგის მოვლის რეკომენდებული სისტემებია: მწკრივებს შორის დაკორდება (ბალახის მუდმივი საფარი) და შავი ანეული (ნიადაგის ხშირი კულტივაცია). ამ დროს ხდება სათიბელით (ან მულჩერ-სათიბელით) 3-6-ჯერ თიბვა ან კულტივაცია სეზონის განმავლობაში.
ხეებს შორის რიგში: ახდენენ ჰერბიციდით (ბასტა, ნოკდაუნი, კლინი და სხვა – 3-5 ლ/ჰა) დამუშავებას ან გათოხნა/კულტივაციას.
განოყიერება ხორციელდება ნიადაგის ანალიზის შესაბამისად. განოყიერების საშუალო საორიენტაციო ნორმები შეადგენს: ორგანული ნივთიერებები (კომპოსტი, ნაკელი და სხვა) – 15-20 ტონა/ჰა და მეტი, მინერალური ნივთიერებები – აზოტი – 90-120 კგ/ჰა; ფოსფორი – 90-120 კგ/ჰა; კალიუმი 60-90 კგ/ჰა. ნორმალური ყვავილობისათვის დამატებით მოითხოვს თუთიითა და ბორით განოყიერებას.
გასხვლა-ფორმირება
ფსტა, ძირითადად, მსხმოიარობს ერთწლიან ნაზარდებზე, ამიტომ ფსტის გასხვლის მთავარი მიზანია, მივიღოთ ყოველწლიური ნაზარდი. მისი სხვლა-ფორმირების გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს ჯამისებრი ფორმირება, თუმცა ინტენსიურ ბაღებში ასევე იყენებენ ლიდერული ტიპის ფორმირებასაც.
მავნებელ-დაავადებების კონტროლი
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფსტის ბაღის დაცვას მავნებელ-დაავადებებისგან. სეზონის განმავლობაში ბაღის დაცვის მიზნით აუცილებელია ნარგაობის 4-6-ჯერ დამუშავება შესაბამისი პრეპარატებით.
ფსტის მცენარესა და ნაყოფებს განსაკუთრებით აზიანებენ ცხვირგრძელები, ტკიპები და ფოთოლხვევიები.
ასევე მეტად საშიშია შემდეგი დაავადებების – ბოტრიოსფერია, ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიცისი) და ალტერნარიოზი – გავრცელება ბაღში. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლის მექანიკურ ღონისძიებებს (ჩამოცვენილი ფოთ- ლებისა და ანასხლავის დროული გატანა ბაღიდან).
მოსავლიანობა
ფსტის მოსავლიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოყვანის კლიმატურ პირობებზე, ნიადაგობრივ და ტოპოგრაფიულ თავისებურებებზე, მოვლის აგროტექნიკურ ფონსა და ჯიშების სპეციფიკაზე.
სრულმსხმოიარობაში ფსტა ხასიათდება გამოკვეთილი მეწლეობით – ყოველ მოსავლიან წელს ენაცვლება ნაკლებმოსავლიანი წელი.
შესაბამისი მოვლის პირობებში შესაძლებელია 1 ჰა-ზე საშუალოდ 1,4-1,9 ტონა მოსავლის აღება. მსოფლიოს მეხილეობის წამყვან ქვეყნებში (აშშ, ესპანეთი) ინტენსიური მოვლის პირობებში 1 ჰა-ზე 2,5-3,0 და მეტ ტონა მოსავალსაც იღებენ.
საძირეები
შესაბამისი საძირეების შერჩევა წარმოადგენს მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც განაპირობებს მოცემული კულტურის გაშენების წარმატებას.
ფსტის კულტურული ჯიშების ნათესარები მიდრეკილია ფესვის ფიტოფტორისა და ვერტიცილიოზის მიმართ მიმღებიანობით, ამიტომ ამჟამად ფსტის ჯიშების დასამყნობად იყენებენ მის მონათესავე სახეობებს: Pistachio terebinthus, P. atlantica (P. Mutica) – საკმლის ხე, P. integerrima (PG 1) – ჩინური ფსტა და მათ სახეობათაშორის ჰიბრიდებს (PG 2, UCB-1).
ფსტის სამრეწველო ბაღებში ვერტიცილიოზური ხმობის გახშირების გამო, ამჟამად უპირატესობას ანიჭებენ საძირეს PG 1, რომელიც რეზისტენტულია ამ პათოგენის მიმართ.
ჯიშები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფსტის ჯიშების სორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. ამჟამად, მდედრობითი ჯიშებიდან, მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ჯიშია ამერიკული ჯიში „ქერმანი“, რომელიც ხასიათდება მაღალმოსავლიანობით, მსხვილი ნაყოფებითა და გამორჩეული საგემოვნო თვისებებით.
ირანში ფსტის მრავალი ჯიშის ბაღია გაშენებული, მათგან გამოირჩევა ჯიშები: „Momtaz“, „Ohadi“, „Kalehghouchi“ და სხვა.
თურქეთში ფსტის ჯიშებიდან უპირატესობას ანიჭებენ ჯიშებს – „უზუნი“ და „კირმიზი“, გარკვეული ადგილი უკავია სირიულ ჯიშს „რედ ალეპოს“. იტალიაში (სიცილია), ძირითადად, გვხვდება ჯიში „ნაპოლეტანა“.
ესპანეთში გასულ წლებში აქტიურად აშენებდნენ ჯიშებს „Sfax“ და „Mateur“, თუმცა ამჟამად ახალ ბაღებში უპირატესობას ანიჭებენ „ქერმანის“ გაშენებას. მამრობითი ჯიშებიდან მსოფლიოს სანერგეები ამრავლებენ სხვადასხვა ჯიშს, რომელთა შორის წამყვანია „პეტერსი“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პირობებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს ჯიშების ოპტიმალურ შერჩევას, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი მრავალწლოვანი მეცნიერულ-პრაქტიკული კვლევების ჩატარება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ფსტის სამრეწველო დანიშნულებით გაშენების გადაწყვეტილების მიღება.
მოსავლის აღება
ფსტის მოსავლის აღება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპია. ჯიშების მიხედვით კრეფის პერიოდი ცვალებადობს და, ძირითადად, მოდის სექტემბერ-ოქტომბერში.
არადროულ და მოსავლის არასწორ აღებას შეუძლია მოსავლის დიდი დანაკარგი გამოიწვიოს, შესამჩნევად დააქვეითოს პროდუქციის ხარისხი და დააზიანოს ნაყოფები სხვადასხვა სახის ობის სოკოებით.
მოსავალს იღებენ როგორც ხელით, ასევე დაბერტყვით ან სპეციალური ფსტის ასაღები „შეიკერი“ მანქანებით.
კრეფის დროს მაქსიმალურად თავიდან უნდა იქნეს აცილებული მიწაზე ფსტის ნაყოფების მოხვედრა, რისთვისაც იყენებენ სპეციალურ საფენებს, რომლებზეც ბერტყავენ მოსავალს და შემდეგ აგროვებენ შესაბამის ჩასაყრელ ტარაში – ტომრებში, ბადეებში, „ბიგ-ბეგებში“ ან ყუთებში.
კრეფა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მშრალ ამინდში, წვიმიანი ამინდის შემდეგ კრეფა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც მცენარეზე წყლის წვეთები შეშრება და აღარ იქნება.
კრეფის შემდეგ ნაყოფებში ტენის შემცველობა 40-50%-ს შეადგენს, ამიტომ აუცილებელია მოკრეფილი ნაყოფების სწრაფად გაშრობა სტაციონარულ თბოსაშრობებში ან მზეზე გაფენის გზით.
შენახვა
ფსტის შენახვის პერიოდი მერყეობს ჯიშების მიხედვით და საშუალოდ შეადგენს 1-2 წელიწადს. შენახვისთვის მოითხოვს მშრალ, კარგად ვენტილირებულ საცავს. შენახვისთვის განკუთვნილ ნაყოფებში ტენის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 5-6%-ს. ფსტა ინახება 12 თვის განმავლობაში +16-180C და 60% ტენიანობის პირობებში.
უფრო ხანგრძლივი შენახვისთვის (12-ზე მეტი თვე) შენახვის ტემპერატურა შეადგენს 0-10C -ს.
ფსტის შენახვის დროს მნიშვნელოვანია მავნებლების კონტროლი, რომლებიც შესაძლოა გადარჩევის მომენტში გაჰყვეს პროდუქციას. ამ მიზნით, ფსტით სავსე ტომრებს რამდენიმე დღით ათავსებენ -1-2 C გრადუს ტემპერატურაზე ან უჟანგბადო კამერაში.
ავტორი: ზვიად ბობოქაშვილი /ჟურნალი „აგრობაზისი“/