პავლოვნიას გაშენება – დარგვის დრო, დარგვის სქემები, რჩევები

პავლოვნია, პაულოვნია, ტყე

რამდენად ამართლებს პავლოვნია სწორი მოვლის პირობებში არ გამოგვიცდია, მიუხედავად ამისა, ფერმერთა მხრიდან გარკვეული ინტერესის გამო ჩვენ გთავაზობთ ინფორმაციას, პავლოვნიის პლანტაციის გაშენების შესახებ. /აგროკავკასია/

პავლოვნიას გაშენება, მათ შორის ეროზირებულ ფართობებზე, შემდგომი მოვლა და მასში მეურნეობის წარმოება, ემყარება პროგრესულ ტექნოლოგიას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს რიგ სპეციფიკურ მიდგომებს. მთლიანობაში, პავლოვნიას მოვლის აქტიურ პერიოდად მიჩნეულია პირველი 36 თვე.

ამ პერიოდში ხორციელდება: ნერგის დარგვა, სარეველების კონტროლი, მორწყვა, ნიადაგის განოყიერება, ტოტების შეჭრა, ნარგაობის დაცვა და სხვ. ამავე დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სანერგე მასალის წარმოებას, გასაშენებელი ადგილის შერჩევას და მცენარის დარგვისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს: ფართობის გასუფთავება, ნიადაგის მომზადება დარგვისთვის, მარკირება და ა.შ.

ადგილის შერჩევა მნიშვნელოვანი ფაქტორია პავლოვნიას პლანტაციის წარმატებული გაშენებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ შემგუებელი მცენარეა გარემო პირობებისადმი (მისი წარმატებული აკლიმატიზაცია მრავალ და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც ამის დასტურია), პლანტაციის გაშენება რეკომენდირებულია ნაყოფიერ, მზიან, თავისუფლად შრობად ქვიშა-თიხნარი, თიხნარი ტიპის ნიადაგებზე, რომელთა მჟავიანობა pH 5,0-7.0 ფარგლებშია, 0,05% სიმლაშით.

მიწისქვეშა წყლის დონე არ უნდა აღემატებოდეს 1,5 მეტრს, მიწის მინიმალური ფოროვნობა უნდა შეადგენდეს 50%-ს, არაკაპილარული ფოროვნობა სულ მცირე 10%-ს. მცენარეს აქვს უნარი აქტიურად შეითვისოს ნიადაგიდან კალციუმი და მაგნიუმი.

პავლოვნია ვერ იტანს მძიმე თიხნარ ნიადაგებს, დატბორვას, ჭაობიან და ძალზე ტენიან ნიადაგებს, ამდენად მცირედ დაქანებული ადგილი უკეთესია, ვიდრე ცუდი დრენაჟის მქონე ვაკე ადგილი. საუკეთესოდ ითვლება სამხრეთ დასავლეთის ექსპოზიცია (ფერდობის დახრილობა).

საქართველოში საუკეთესოდ ვითარდება ზღვის დონიდან 250-500 მეტრამდე, თუმცა მოვლის სათანადო პირობებში შეიძლება დაირგოს 650-800 მეტრამდე ზღვის დონიდან. შესანიშნავად ვითარდება, როცა ნალექების წლიური რაოდენობა აღწევს 1100-1200 მმ-ს.

ფართობის გაწმენდა მცენარეულობისაგან

პავლოვნიას ნერგების დარგვისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად ზოგიერთი ადგილისთვის აუცილებელია ფართობების მცენარეულობისაგან გაწმენდა, რაც შეიძლება განხორციელდეს: ხელით (როგორიცაა საკაფი დანა, ბუჩქსაჭრელი, ხელის და მოტორიანი ხერხები და ა.შ.); მექანიკური წესით (როგორიცაა ბულდოზერი ან ორმოების ამომღები მანქანა); ქიმიური (ძირითადად ჰერბიციდების გამოყენებით).

როგორც წესი ნიადაგში, რომ არ დარჩეს მავნე ნივთიერებები, მიზანშეწონილია ჰერბიციდების შეტანა დასრულდეს დარგვამდე ერთი თვით ადრე; დაწვა მხოლოდ იმ ადგილებში უნდა მოხდეს, სადაც არასასურველი მცენარეული საფარი ინტენსიურადაა გავრცელებული და მისი სხვა მეთოდებით ლიკვიდაცია ეკონომიკური თვალსაზრისით გაუმართლებელია.

ნიადაგის დამუშავება

ფართობების უმეტესობისთვის პავლოვნიას დარგვის დაწყებამდე აუცილებელია ნიადაგის დამუშავება. ნიადაგის დამუშავების მიზანია, მცენარის ფესვთა სისტემა იყოს უზრუნველყოფილი: სითბოთი, ჰაერით, ტენით და საკვები ნივთიერებების საჭირო რაოდენობით.

ნიადაგის დამუშავებისას ხდება მისი სტრუქტურის გაუმჯობესება, ამ მიზნით შეიძლება გამოყენებული იქნეს სამი ცნობილი წესი: დატერასება, ბაქნები და მოხვნა. ყველა შემთხვევაში დასარგავი ადგილი კარგად უნდა იყოს დამუშავებული ისე, როგორც ეს მიღებულია სოიოს, თამბაქოსა და ბამბის კულტურებისთვის.

პავლოვნიას ნერგის დარგვისათვის ტერიტორიის მარკირების შემდგომ, ყოველ დასარგავად გათვალისწინებულ ადგილზე (მშრალი ჰავის ან არასაკმაო ტენიანობისა და აგრეთვე ზაფხულობით ხანგრძლივ გვალვიან ადგილებში (აღმ. საქართველოს ბარი)) ტენი უფრო კარგად ინახება თუ ნიადაგი 35-40 სმ. სიღრმეზეა დამუშავებული.

ტენიანი ჰავის პირობებში (დას. საქართველო მთლიანად; აღმ. საქართველოს ტენიანი ნაწილი), სასურველი ტენის შენახვა ხერხდება ნიადაგის უფრო ნაკლებ სიღრმეზე 20-25 სმ. დამუშავების შემთხვევაში. კვლების დამუშავება რეკომენდირებულია გვიან ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე.

შემოღობვა საჭიროა ახლად გაშენებული ნარგაობის დასაცავად შინაური ცხოველების ძოვისაგან ან სხვა მექანიკური დაზიანებისაგან. შემოღობვა ფერმერთა უმრავლესობისათვის სამუშაოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

პავლოვნიას პლანტაციის გაშენება კონტეინირიზირებული ნერგით

→ თესლიდან აღმოცენების შემდეგ, როდესაც პავლოვნიას აღმონაცენი მიაღწევს 1-1,5 სმ-ს ხდება მისი გადარგვა ე.წ. კონტეინერში (სპეციალურ სათავსში), რომელსაც ფესვების გარშემო განოყიერებული ნიადაგი აკრავს. შემდეგ, როდესაც კონტეინერში გადარგული ნერგი მიაღწევს 15-25 სმ-ს ხდება მისი გადარგვა უკვე ღია ფართობზე.

→ პავლოვნიას ნერგების მიწოდება (ტრანსპორტირება), უპირატესად სწორედ კონტეინერებით ხდება (დასაშვებია ერთწლიანი ნერგების, ისევე როგორც სხვა ხეების ნერგების, გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე გადარგვა). სულ მცირე 6-7 კვირიანი ნერგების დარგვა ღია ფართობზე უნდა მოხდეს ტრანსპორტირების დაწყებიდან 7-10 დღეში.

→ ცხელი ამინდის პირობებში აუცილებელია ნერგის მსუბუქი დანამვა დღეში ორჯერ. თუ კონტეინერი პლასტმასის ან სხვა არათვითგახსნადი მასალისგანაა დამზადებული, პავლოვნიას ნერგი ფრთხილად უნდა იქნეს ამოღებული კონტეინერიდან მიწის გუნდის დაუშლელად და გადარგული ორმოში, სხვა შემთხვევაში (თუ კონტეინერი დამზადებულია თვითგახსნადი მასალისაგან) ნერგი ირგვება კონტეინერიანად.

ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე შესაძლებელია პლანტაციის გაშენება 1 ან 2 წლიანი ნერგებით. ნერგებით პლანტაციის გაშენება კონტეინერიზირებულ ნერგებთან შედარებით უფრო მარტივია და დანაკარგები პრაქტიკულად არ არის. თუმცა მისი ფასები თითქმის 2-ჯერ ძვირია. 

• დარგვის დრო

საქართველოში კონტეინერიზირებული ნერგის დარგვა შესაძლებელია განხორციელდეს შემოდგომაზე სექტემბერშიც კი, ხოლო გაზაფხულზე აპრილის თვეშიც. 

ყველა შემთხვევაში ის უნდა მოხდეს პირველი ყინვის დაწყებამდე 6-8 კვირით ადრე, რათა გადარგული ნერგის ფესვმა შეძლოს მოკიდება ნიადაგში და მოასწროს ფესვის ყელის მეტ-ნაკლებად გამერქნება, იმ შემთხვევისთვის თუ ზამთრის ყინვისას მიწისზედა გაუმერქნებელი ნაწილი მოიყინება გაზაფხულზე მცენარემ შეძლოს გადანაჭერზე წარმატებული აღმოცენება. ხშირად, პავლოვნიას ნერგების დარგვას ამთხვევენ პომიდორის ჩითილების დარგვის პერიოდს.

უმჯობესია დარგვისაგან თავი შევიკავოთ წელიწადის ყველაზე ცხელ დროს. არასასურველია პავლოვნიას ნერგების დარგვა ქარიან ამინდში.

• დარგვის სქემები

პავლოვნიას დარგვის სქემაში განისაზღვრება მცენარეთა განლაგება ფართობზე, მანძილი რიგთაშორისებში და რიგებში. დარგვა ძირითადად ხდება ზოლებად, თუმცა გამორიცხული არ არის მისი დარგვა ჭადრაკულად, რასაც განაპირობებს ტერიტორიის რელიეფი, პლანტაციის გაშენების მიზანი და მოვლითი სამუშაოების ჩატარების წესი.

მხოლოდ ნიადაგის დაცვის მიზნით, ასევე წვრილი სორტიმენტის (სარი, ჭიგო, ბიჯგი და სხვ.) მისაღებად გაშენებულ პავლოვნიას ძირთა რაოდენობა ჰექტარზე შეიძლება 1000-ს (ცალი) აღემატებოდეს, რაც არ გამორიცხავს მასში სხვადასხვა სარგებლის მიღების შესაძლებლობას, თუმცა ასეთ შემთხვევაში მაღალი ხარისხის საფანერე და საავეჯე მერქნის მიღება შეზღუდული იქნება.

სამეურნეო თვალსაზრისით რეკომენდირებულია პავლოვნიას ძირების რაოდენობა ჰექტარზე 500 ცალი (რიგთაშორისებში 4 მ და რიგებში 5 მ. 4X5), ან 625 ცალი (4 მ.X4 მ.), რაც უპირველეს ყოვლისა პლანტაციაში ქმნის მცენარისათვის მზის ენერგიისა და დანათების სასურველ რეჟიმს, ხელს უწყობს მის სწრაფ ზრდას და რეგენერაციას, აუმჯობესებს მერქნის ხარისხს.

ჩინეთში და სხვა ქვეყნებში აპრობირებულია და კარგ შედეგს იძლევა რიგთაშორისებში 2 მეტრის სიგანეზე მარცვლეულის, პარკოსნების, ბოსტნეულისა და სამკურნალო მცენარეების დათესვა-მოყვანა, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ხოლო რიგ შემთხვევებში, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პავლოვნიასთან ერთად პლანტაციებში ბამბუკის ღეროებსაც ზრდიან.

• დარგვის ტექნიკა

კონტეინერიზირებული ნერგები, როდესაც მიაღწევენ 15-25 სმ-ს სიმაღლეში, უკვე მზად არიან ღია ფართობზე გადასარგავად. ნერგის გადატანა კონტეინერიდან ნიადაგში ხელით უნდა მოხდეს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თუ კონტეინერი დამზადებულია პლასტმასის ან არათვითგახსნადი მასალისაგან საჭიროა ნერგის კონტეინერისაგან გათავისუფლება და ისე მოთავსება ნიადაგში, ხოლო თუ დამზადებულია თვითგახსნადი მასალისაგან ამ შემთხვევაში ვრგავთ კონტეინერიანად. ხელით რგვის დროს გამოსაყენებელ მოსახერხებელ იარაღად კანადურ ბარჯს მიიჩნევენ (Canadiur spear).

რამდენიმე რჩევა დარგვის ხარისხიანად შესრულებისათვის:

→ წინასწარ მონიშნულ და დამუშავებულ ადგილზე უნდა ამოითხაროს ისეთი სიღრმის ორმო, რომელიც საკმარისი იქნება კონტეინერისათვის. დარწმუნდით, რომ ორმოდან ამოღებული მიწა ფხვიერია. ნიადაგი მშრალი არ უნდა იყოს, ხოლო თუ იგი მშრალია აუცილებელია მისი დატენიანება.

→ ნერგი უნდა ჩაიდოს ორმოში და დაფიქსირდეს იგი ვერტიკალურ მდგომარეობაში ისე, რომ ფესვის ყელი ნიადაგის ზედაპირიდან 2-3 სანტიმეტრით ქვემოთ იყოს.

→ ფხვიერი მიწა ისევ ორმოში ჩაიყაროს ისე, რომ ფესვის ყელი შევსებული ნიადაგის ზედაპირის სიმაღლეზე იყოს ან მასზე ოდნავ ქვემოთ.

→ ნერგის გარშემო ნიადაგი კარგად უნდა დაიტკეპნოს ისე, რომ მის გარშემო არ დარჩეს ცარიელი სივრცეები, ნერგი უნდა იდგეს მყარად და დამოუკიდებლად შეეძლოს ვერტიკალურ მდგომარეობაში დარჩენა.

→ დარგვის ადგილას უნდა გაუკეთდეს წყალშემკრები ჯამი.

→ დარგვის შემდეგ მცენარეები დაუყოვნებლივ უნდა მოირწყას ამინდისა და ნიადაგში ტენიანობის გათვალისწინებით.

შევსება

შევსებაში იგულისხმება პავლოვნიას იმ ძირების ახალი ნერგებით ჩანაცვლება, რომლებიც პირველი ან შემდგომი სეზონის განმავლობაში დაიღუპნენ ან ვერ შეძლეს ზრდა-განვითარება.

ოპტიმალურად ჩაითვლება თუ მცენარეთა გახარების პროცენტი 95%-ს აღემატება, 94-დან 70%-მდე გახარების შემთხვევაში უნდა მოხდეს ნარგაობის შევსება, ხოლო 30%-ზე დაბლა გახარების შემთხვევაში დარგვა უნდა განხორციელდეს თავიდან.

*პავლოვნიას ძირითადად იყენებენ სამრეწველო ტყეების გასაშენებლად. პავლოვნიის უკონტროლო გაშენებამ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ადგილობრივ მცენარეულ საფარზე.

თქვენი რეკლამა