ზღმარტლი – მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს მკითხველებს უნდა ვესაუბროთ ზღმარტლის კულტურაზე. ეს არის მცენარე, რომლის საწარმოო გავრცელება შეზღუდულია, თუმცა, ის ყველანაირად იმსახურებს ყურადღებას. იგი შეიცავს ადამიანისთვის სასარგებლო ნივთიერებებს და არ ჩამოუვარდება სხვა თესლოვან, ხეხილოვან კულტურებს.

ზღმარტლის (Mespilus germanica) ნაყოფი ნედლ ხილად გამოიყენება. მას ახასიათებს განსაკუთრებული თავისებურება. მისი მაგარი ნაყოფი, დამწიფებამდე ნაკლებად გამოსაყენებელია. თუმცა, თუ მოვკრეფთ და დავაწყობთ გრილ და მშრალ ადგილზე და შევინახავთ, ის ბიოქიმიური პროცესების შედეგად,  მალე საჭმელად სასიამოვნოდ ვარგისი ხდება.

ზღმარტლის მწიფე ნაყოფი  ხასიათდება თათარისებური სურნელით  და გემოთი. დამწიფებამდე ის მოთეთრო-მომწვანო ფერისაა. მომწიფებასთან ერთად, ნაყოფის უჯრედებში არსებული ფერისაა. ნაყოფის უჯრედისებში არსებული ფერმენტი ოქსიდაზა, შედის რა ურთიერთობაში მთრიმლავ ნივთიერებასთან, იწყებს დაჟანგვას, რის შემდეგაც ნაყოფი მუქდება. ნაყოფში შემავალი პექტოვანი ნივთიერებები ადვილად წარმოშობენ ჟელეს და მიიღება 60-65% შაქრის შემცველი  ხილფაფა.

ზღმარტლი

ზღმარტლის ნაყოფებისგან შეგვიძლია, მოვამზადოთ ხილის ღვინო. თესლისგან კი _ განსაკუთრებული ლიქიორი. მნიშვნელოვანია ზღმარტლის სახალხო მედიცინაში გამოყენება. მოუმწიფარი ნაყოფები შეიცავენ ტანინებს. გამოიყენება სისხლდენის საწინააღმდეგოდ. ასევე, მკურნალობენ თირკმლების კენჭებს. ფოთლების ნახარში გამოიყენება ყელის დაავადების წინააღმდეგ. „იადიგარ დაუდი“ გადმოგვცემს, რომ ზღმარტლის ნაყოფი საუკეთესო საშუალებაა კუჭ-ნაწლავის დაავადების წინააღმდეგაც.

ზღმარტლის ხის მერქანი გამოიყენება სახარატო წარმოებაში. მერქანი მონაცრისფროა, მოწითალო გულის. მკვრივია, მაგარი და მძიმე. ხის კანი, ფოთლები და მკვახე ნაყოფები ძლიერ მდიდარია ტანიდებით, რის გამოც წარმატებით   შეიძლება მათი გამოყენება ტყავების დათრიმვლის დროს.

ზღმარტლის კულტურის წარმოშობა უძველეს  ხანას ეკუთვნის. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, თეოფრასტე არჩევს ზღმარტლის სამ ჯიშს: ანსედონს, სატანეიას და ანსედონოიდს.

რიგი მკვლევარებისა ზღმარტლის სამშობლოდ თვლის ჩრდილოეთ   ირანს, შუა აზიას, სამხრეთ ევროპას და ამიერკავკასიას. მათ შორის, კულტურის საწყისად მიჩნეულია კავკასია, სადაც გეოლოგიური გათხრების დროს იპოვეს ზღმარტლის მცენარეული ნაშთები და ფოთოლთა ანაბეჭდები.

საქართველოში   ზღმარტლის კულტურის ჯიშური შემადგენლობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ მათგან უნდა შევარჩიოთ საუკეთესო ნიშან-თვისებათა მქონე ფორმები, რომლებსაც ექნებათ მსხვილი ნაყოფი, საუკეთესო კვებითი ღირსება, ხის ზრდის სიძლიერე და ავადმყოფობებისადმი გამძლეობა.

ზღმარტლი

ზღმარტლის კულტურის შემდგომი გავრცელებისთვის უნდა ვაწარმოოთ მხოლოდ ნამყენი ნერგები და ძირითადად, უნდა გამოვიყენოთ მინდორსაცავი და ბარსაცავი ზოლების გაშენებისას.

ასევე ყველა დაინტერესებულ მეურნეს შეუძლია, განსაზღვრულ ფართობზე ზღმარტლის სუფთა ნარგაობის გაშენება.

ზღმარტლისთვის  გასაშენებელი ფართობის მომზადება, ნიადაგის დამუშავება, მორწყვა და სხვა პროცედურები იგივეა, როგორც სჭირდება ვაშლის, მსხლის და კომშის გაშენებისას.

ზღმარტლის ბიოლოგიური თავისებურება არის ის, რომ ხე ივითარებს მოკლე სანაყოფე და საზრდელ ყლორტებს. მისი კვირტები, კომშის კვირტების მსგავსად, განსაკუთრებული თავისებურებით ხასიათდება _  კვირტიდან გამოსული ყლორტი, როცა 3-5 სმ-ს მიაღწევს, ბოლომდე ივითარებს კოკორს, რომლის გვირგვინის ფურცლები მეათე-მეთხუთმეტე დღეს ჩნდება.

ზოგადად, ზღმარტლი გვიან მოყვავილე მცენარეა. მისი ყვავილობა მიმდინარეობს გაზაფხულის გვიანი ყინვების გავლის შემდეგ. ამიტომ იგი ჩვენს პირობებში საკმაოდ წარმატებით იტანს ზამთრის დაბალ ტემპერატურას.

ზღმარტლი

საქართველოში ზღმარტლის კულტურა სრულიად განსხვავებულ ნიადაგზეა წარმოდგენილი. დასავლეთ საქართველოში ზღმარტლი ერთეული ხეების სახით მოიპოვება. დადებით ნიშან-თვისებათა გამომჟღავნება კი, შესაძლებელია, მხოლოდ  სტრუქტურიან, საკვები ნივთიერებით მდიდარ ნიადაგებზე. ამიტომაა, რომ ზოგჯერ ერთსა და იმავე მიკრორაიონში სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე მოზარდი ზღმარტლის ერთი და იგივე ფორმა, განვითარების სხვადასხვაობით  ხასიათდება. ეს კი მჟღავნდება როგორც ხის საერთო განვითარებით, ისე ნაყოფის ზომითაც. ამგვარად, ზღმარტლის მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად აუცილებელია ნიადაგის წესიერი მოვლა, რწყვის რეგულაცია, ნიადაგის მინერალური სასუქებით განოყიერება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ველური ზღმარტლის საძირეზე დამყნილი ზღმარტლი კარგად ვითარდება ფხვიერ, საშუალო ტენიან ნიადაგებზე.

ზღმარტლი უმეტესად მყნობით უნდა გავამრავლოთ. თესლით გამრავლებას უნდა მივდიოთ მაშინ, როცა გვინდა ახალი ჯიშის გამოყვანა.

ზღმარტლი

ზღმარტლის შემდგომი გავრცელებისთვის უმჯობესია საძირედ კომშის გამოყენება, რადგანაც ვეგეტატიური შეზრდა მათ შორის უფრო თვალსაჩინოა. მართალია, კომშზე დამყნილი ზღმარტლის  ხე ივითარებს დიდი ნაყოფებს, რომლებსაც მსხვილი კურკები აქვს, მაგრამ ნაყოფი იმდენად მსხვილია და  გემრიელი, რომ  აღნიშნული ნაკლი მხედველობაში არ მიიღება.

ზღმარტლის კულტურის შემდგომი გავრცელება უნდა წარმოებდეს მხოლოდ ნამყენი ნერგებით. ზოგადად კი დასავლეთ და  აღმოსავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში, სადაც სრულად განსხვავებული ნიადაგებია, ზღმარტლის კულტურის  გავრცელება მოწმობს, რომ იგი  დიდ მოთხოვნებს არ უყენებს ნიადაგურ პირობებს.

როგორია ზღმარტლის გასხვლის საკითხი?

ბაღის გაშენების პირველ პერიოდში საჭიროა, ზღმარტლის ხის შემმოსავი ტოტების სწრაფი წარმოქმნის და კომპაქტური ვარჯის ჩამოყალიბების დაჩქარება, სუსტი დამოკლებით და გამოხშირვით. შემდგომ პერიოდში კი საჭიროა მხოლოდ გამოხშირვა.

სასურველია, ხელი მოვკიდოთ ზღმარტლის საუკეთესო ფორმების მასობრივად გამრავლებას. ძირითადად მყნობის საშუალებით.

ზღმარტლი, მთელი თავისი ღირებული თვისებებით  და საჭიროებით, ნამდვილად იმსახურებს გაცილებით მეტად ყურადღების ცენტრში მოქცევას, ვიდრე დღეს არის.

ზაურ გაბრიჩიძე / gurianews.com

იხილეთ აგრეთვე: მუშმულა – დარგვა, მოყვანა, გამრავლება, ჯიშები

თქვენი რეკლამა