რელიეფი და ნიადაგის არეს რეაქცია (pH).
მოცვის გაშენებისათვის საუკეთესოა ვაკე ან ფერდობი ადგილი, სადაც კარგია აერაცია, ნაკლებია სოკოვანი დაავადებები და მოყინვით გამოწვეული დაზიანება; დაცულია ცივი ქარებისგან ქარსაცავით, რაც ამცირებს კვირტების გამოშრობას და სიცივით გამოწვეულ დაზიანებას.
ნიადაგი უნდა იყოს მსხვილმარცვლოვანი, ფოროვანი, ორგანული ნივთიერებების მაღალი შემცველობით, რომელიც საუკეთესოა ფესვების ინტენსიური ზრდისთვის. საჭიროა ნაკვეთს ჰქონდეს კარგი დრენაჟი, ნიადაგის ზედაპირზე არ უნდა დგებოდეს წყალი წვიმის შემდეგ. თუ დრენაჟი პრობლემას წარმოადგენს, შეიძლება მოწყობილი იქნეს შემაღლებული კვლები.
უნდა მოვერიდოთ ნიადაგს, რომელშიც ახლახან დარგული/დათესილი იყო ჟოლო ან სხვა ხილი, პომიდორი, კარტოფილი, წიწაკა, რადგან ნიადაგით გავრცელებული დაავადებები შეიძლება პრობლემად იქცეს; საჭიროა ჩატარდეს ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზი ნაყოფიერების და pH-ს მაჩვენებლის დასაბალანსებლად და საჭირო ცვლილებების დასადგენად.
ლურჯი მოცვის გაშენებისთვის საჭიროა ტენიანი, მსუბუქი, კარგი დრენაჟის მქონე სპეციფიკური მსხვილმარცვლოვანი, ფოროვანი ნიადაგი ორგანული ნივთიერებების მაღალი შემცველობით.
მოცვის წარმოებისათვის საჭირო pH 4,0-დან 5,0-მდეა. იმ შემთხვევაში, თუ მოცვის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის მოცვის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.
pH-ის ხელოვნური რეგულირებისთვის განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.
ნიადაგის ძირითადი დამუშავება
პლანტაციის გაშენებამდე 1-2 წლით ადრე ნიადაგი უნდა მოიხვნას 40-50 სმ-ის სიღრმეზე. შემდეგ ჯვარედინად გადაიხვნას 30-35სმ-ის სიღრმეზე, დაიფარცხოს და დაიგეგმოს.
ნიადაგი კარგად დრენირებადი უნდა იყოს, თუ დრენაჟი პრობლემას წარმოადგენს, შეიძლება მოწყობილი იქნეს შემაღლებული კვლები.
მოცვის ბუჩქის ირგვლივ ნიადაგის დამუშავება დაუშვებელია 2 -3 სმის სიღრმეზე მეტად, რათა ფესვთა სისტემა არ დაზიანდეს.
ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება
დარგვის წინ აუცილებელია საირიგაციო სისტემების მოწყობა და ამოქმედება. ირგვება, როგორც შემოდგომაზე, ასევე გაზაფხულზე.
ლურჯი მოცვის გაშენება ხდება ბაზო-კვლების (სფერული) სისტემით. რეკომენდებულია შემაღლებული ბაზო კვალის მოწყობა: სიგანე 60-90სმ, სიმაღლე 18-25 სმ. რიგთაშორისებში დაშორების მანძილი 3-3,2 მ. ხოლო რიგებში მცენარეთა შორის დაშორება 0,9-1,2 მ. ერთ ჰა-ზე საჭიროა 2800-3300 ძირი ნერგი.
ნერგების დარგვის წინ ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აუცილებებლია მიწის ზედა ფენაში შეტანილი იქნეს წინასწარ მომზადებული ორგანული სუბსტრაქტი, ნახერხის (სასურველია წიწვოვანი მცენარის), გადამწვარი ნაკელისა და ტორფკომპოსტის ნარევით.
ნერგების დარგვისას მცენარის ფესვთა სისტემა მთლიანად უნდა მოთავსდეს ნიადაგში, მოიტკეპნოს და მოირწყას. სასურველია მულჩირება და წვეთობრივი მორწყვის სისტემის მოწყობაც.
მულჩირება ხდება მცენარის გარდი-გარდმო 60 სმ-ის გასწვრივ. მულჩირება საგრძნობლად უწყობს ხელს მცენარის ზრდაგანვითარებას, იცავს მას სარეველებისაგან და გადახურებისაგან, ინარჩუნებს ტენს და ნიადაგს ამდიდრებს ორგანული ნოვთიერებებით. მულჩირებისათვის ასევე იყენებენ არაორგანული წარმომავლობის სამულჩე მასალებსაც (მულჩიფირი და სხვა.).
მოცვის დარგვის წინ აუცილებელია საირიგაციო სისტემების მოწყობა და ამოქმედება.
ადგილი თესლბრუნვაში
თესლბრუნვა – დადებით შედეგებს იძლევა კულტურების 1-3 წლის როტაცია:
ა) თალგამურა ხელს უწყობს ნიადაგის დაავადებების და ნემატოდების განადგურებას;
ბ) წიწიბურა ხელს უშლის სარეველების ზრდას და ხელს უწყობს ორგანული ნივთიერებების დაგროვებას;
გ) ჭვავი ხელს უწყობს ნიადაგში პათოგენების განადგურებას, აფერხებს სარეველების ზრდას და ხელს უწყობს ორგანული ნივთიერებების დაგროვებას.
არასასურველი წინამორბედი კულტურებია: ჟოლო, მაყვალი, პომიდორი, კარტოფილი, წიწაკა, რადგან ნიადაგით გავრცელებული დაავადებები შეიძლება პრობლემად იქცეს.
მოცვი კარგად ხარობს იმ ნიადაგებზე სადაც ჩაი იყო გაშენებული.
თუ მოცვის პლანტაციის გაშენება იგეგმება ფართობზე, სადაც წინა იწარმოებოდა მოცვი, ამ შემთხვევაში საჭიროა 2-3 წლიანი ინტერვალის დაცვა მოცვის ახალი პლანტაციის გაშენებამდე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების გავრცელების რისკები.
იხილეთ: მოცვის წარმოების აგროტექნოლოგია