მოცვის წარმოების აგროტექნოლოგია

კენკრა

კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება

ლურჯი მოცვი მიეკუთვნება მანანისებრთა ოჯახს (Ericaceae) და მოცვისებრთა გვარს (Vaccinium).

მოცვი მრავალწლიან ბუჩქოვან, კენკროვან მცენარეს წარმოადგენს. ლურჯი მოცვის ნაყოფს აქვს მოლურჯო-მოშავო ეპიდერმისი (კანი), რომელიც ცვილისებრი ნაფიფიქით არის დაფარული და ღია ლურჯ შეფერილობას აძლევს.

ნაყოფის რბილობის და წვენის ფერი მოიცავს კრემისფერითეთრიდან – მწვანემდე დიაპაზონს. მოცვის ნაყოფი შეიცავს შაქრებს (გლუკოზა, ფრუქტოზა), კატეხინებს, პექტინებს, მთრიმლავ ნივთიერებს, ვაშლის, ლიმონის, რძის მჟავეებს, ფლავიონიდებს, ასკორბინის მჟავას, B,C,D ვიტამინებს და სხვა სასარგებლო ნაერთებს.

მოცვის კულტურა (ველური ფორმა), ნაკლებად მომთხოვნია გარემო პირობებისადმი. იგი ყველა ტიპის ნიადაგზე ხარობს, მაგრამ მაქსიმალურ მოსავალს იძლევა მჟავე ნიადაგებზე. გარეულ პირობებში იგი ხარობს მწირ, ქვაღორღიან და ქვიშნარ ნიადაგებზეც.

ნაკლებ მომთხოვნია სინათლისა და ტენის მიმართ. გამოიჩევა ზედაპირული ფესვთა სისტემით და ყინვაგამძლეობით. იტანს 20 -250C ყინვას.

საქართველოში გავრცელებულია მოცვის ოთხი სახეობა: მთის, ლურჯი, წითელი და კავკასიური მოცვი.

დღეისათვის მსოფლიოში გაკულტივირებული ჯიშებიდან ყველაზე მეტი გავრცელება ჰპოვა ლურჯი მოცვის სახეობამ. ჩრდილო ამერიკაში წარმოშობილი ეს კენკრა, კარგად არის ადაპტირებული განსხვავებულ კლიმატურ პირობებთან.

განასხვავებენ ლურჯი მოცვის რამდენიმე სახეობას: ჩრდილოეთ მაღალბუჩქოვანი (Vaccinium corymbosum), სამხრეთ მაღალ -ბუჩქოვანი, ნახევრად მაღალბუჩქოვანი, “კურდღლისთვალა” და სხვა.

ლურჯი მოცვი გაშენებისთვის მოითხოვს ტენიან, მსუბუქ და კარგი დრენაჟის მქონე სპეციფიკურ ნიადაგს – იგი კარგად ხარობს მხოლოდ მჟავე ნიადაგებზე.

მოცვი, სახეობის და ჯიშის მიხედვით, სრულ მსხმოიარობას აღწევს 5-10 წლის ასაკში.

კულტურის ზოგადი დახასიათება

ლურჯი, მოცვი, ჯიშები, გაშენება

მოცვის გავრცელებული ჯიშები

საქართველოში გავრცელებული მოცვის ჯიშები

დღეისათვის საქართველოში შემოტანილია და კულტივირებულია ლურჯი მოცვის ჯიშები სიმწიფის სხვადსხვა პერიოდის მიხედვით.

საადრეო ჯიშები: ონეილი, მისტი, დიუკი, ტორო, (მაისი-ივნისი).

საშუალო სიმწიფის: ლუკროპი, ლეგასი, ბერკლი, პატრიოტი, ბრიგიტა ბლუ, სანრაისი, ელიზაბეტი, ერლი ბლუ, ბლუგოლდი, ჩენდლერი, შანტეკლერი, რეკა, პრემიერი, ოზარკ ბლუ. (ივნისი- ივლისი).

საგვიანო ჯიშები: სპარტანი, ბრაიტველი, კლაიმაქსი (ივლისი-აგვისტო)

ჩვენს პირობებისათვის შერჩეული და რეკომენდირებულია ორი ჯიში: ლეგასი და ბლუკროპი.

ლეგასი

სწორმდგომი, 2,1 მ სიმაღლის ბუჩქია. ეს არის ყველაზე უფრო მოსავლიანი მოცვის ჯიშთა შორის. სიმწიფის პერიოდი იწყება ივლისის მესამე დეკადაში, მოსავლიანობა მაღალია – 6,6-8კგ ერთ ბუჩქზე.

მარცვალი საშუალო ზომის, ნაწიბუროვანია, გამოირჩევა კარგი გემოვნებით. ნაყოფი იწონის დაახლოებით 1,5-1,7 გრამს, რომლის დიამეტრი 8,0-10,0 მმ–ია.

რეკომენდირებულია ნედლი გამოყენებისათვის და სამრეწველო წარმოებაში. მწიფე ნაყოფები ადვილად ცვივა, ამიტომ საჭიროებს მექანიზირებულ კრეფას. კარგად ხარობს ზომიერი კლიმატის პირობებში.

ერთი ბუჩქი მცენარე დარგვიდან მე-2–3 წელს იძლევა მოსავალს, 2 წლის ბუჩქიდან საშუალოდ 2კგ–მდე მოსავალი მიიღება. სრული მოსავლიანობისათვის კი საჭიროა 5–6 წელი.

ბლუკროპი

სწორმდგომი 1,6-2 მ სიმაღლის ბუჩქია. სიმწიფის პერიოდი იწყება ივლისის მესამე დეკადაში, მოსავლიანობა მაღალია – 6-9კგ ერთ ბუჩქზე. ნაყოფები დიდია 18-20 მმ დიამეტრის და 1.8- 2.0 გ.

ნაყოფი ღია–ცისფერი, მკვრივი, უმაღლესი ხარისხის, კარგი არომატის მქონეა. ნედლი ნაყოფი კარგად რეალიზდება ბაზარზე, გამოიყენება მრეწველობაში. ეს ჯიში ძალიან გავრცელებულია მსოფლიო ბაზარზე (მსოფლიოში თითქმის 60% იყენებს პლანტაციაში გასაშენებლად).

ბლუკროპი რეზისტენტულია დაავადებების (ნაცარი, მუმიფიკაცია ნაყოფის, წითელი რგოლური ლაქიანობა), მაღალი და დაბალი ტემპერატურების მიმართ, ყვავილობის პერიოდში შეუძლია გადაიტანოს – 70C. ხასიათდება კარგი დეკორატიული თვისებებით, ტრანსპორტაბელობით და შენახვისუნარიანობით.

რეკა

ლურჯი მოცვის მაღალმოსავლიანი, ადრეული ჯიშია. სიმაღლით 1,7-2 მ. სწორმდგომი ბუჩქია, სწრაფად მზარდი, ნაყოფი იწონის დაახლოებით 1,7-1,9 გრამს, რომლის დიამეტრი 8,0-10,0 მმ–ია. მათ გააჩნიათ არაჩვეულებრივი ცისფერი ფერი, განსაკუთრებული გემო და არომატი.

მწიფობის პერიოდი ივლისის მეორე დეკადიდან იწყება. მაღალმოსავლიანია. ერთ ბუჩქზე შეიძლება მოიკრიფოს 8-10კგ მოცვი. ხასიათდება კარგი ხარისხის მარცვალით, რომელიც არ იშლება.

ეს ჯიში სხვა ჯიშებთან შედარებით უფრო მეტად გამძლეა ტენიანი ნიადაგის მიმართ. ნორმალური მოსავლიანობის მისაღებად აუცილებელია ბუჩქის გასხვლა. ყინვაგამძლეა-29-350C.

ხილი კარგად ტრანსპორტირდება და ინახება. სრული სიმწიფის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება (ცვენის გარეშე) ნაყოფი შენარჩუნებული იყოს ბუჩქზე. მოსავალი აგვისტოში იკრიფება.

პატრიოტი

ბუჩქი: ჩრდილოეთის მაღალბუჩქიანი ტიპის, ყინვაგამძლე, უხვმოსავლიანი, ტოლერანტულია მძიმე ტენიანი ნიადაგების მიმართ, გამძლეა ფესვის სიდამპლის მიმართ.

ნაყოფი: საადრეო საშუალო სიმწიფის პერიოდის, ხანგრძლივი მოკრეფის პერიოდის, ხასიათდება შეკრული სანაყოფე მტევნებით, ნაყოფები ძალიან დიდი ზომისაა, ოდნავ შებრტყელებული,

მოლურჯო შეფერილობის, მკვრივი, მცირე ღარით, შესანიშნავი გემოთი, სრულლ მომწიფებამდე ,,ოდნავ მოწითალო შეფერილობის’’. ცხელ ამინდში რბილდება.

მოცვის ჯიშების აგრობიოლოგიური დახასიათება

ლურჯი, მოცვი, ჯიშები, გაშენება

ადგილი თესლბრუნვაში

თესლბრუნვა – დადებით შედეგებს იძლევა კულტურების 1-3 წლის როტაცია:

ა) თალგამურა ხელს უწყობს ნიადაგის დაავადებების და ნემატოდების განადგურებას;

ბ) წიწიბურა ხელს უშლის სარეველების ზრდას და ხელს უწყობს ორგანული ნივთიერებების დაგროვებას;

გ) ჭვავი ხელს უწყობს ნიადაგში პათოგენების განადგურებას, აფერხებს სარეველების ზრდას და ხელს უწყობს ორგანული ნივთიერებების დაგროვებას.

არასასურველი წინამორბედი კულტურებია: ჟოლო, მაყვალი, პომიდორი, კარტოფილი, წიწაკა, რადგან ნიადაგით გავრცელებული დაავადებები შეიძლება პრობლემად იქცეს.

მოცვი კარგად ხარობს იმ ნიადაგებზე სადაც ჩაი იყო გაშენებული.

თუ მოცვის პლანტაციის გაშენება იგეგმება ფართობზე, სადაც წინა იწარმოებოდა მოცვი, ამ შემთხვევაში საჭიროა 2-3 წლიანი ინტერვალის დაცვა მოცვის ახალი პლანტაციის გაშენებამდე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების გავრცელების რისკები.

ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა

რელიეფი და ნიადაგის მჟავიანობის არე (pH).

მოცვის გაშენებისათვის საუკეთესოა ვაკე ან ფერდობი ადგილი, სადაც კარგია აერაცია, ნაკლებია სოკოვანი დაავადებები და მოყინვით გამოწვეული დაზიანება; დაცულია ცივი ქარებისგან ქარსაცავით, რაც ამცირებს კვირტების გამოშრობას და სიცივით გამოწვეულ დაზიანებას.

ნიადაგი უნდა იყოს მსხვილმარცვლოვანი, ფოროვანი, ორგანული ნივთიერებების მაღალი შემცველობით, რომელიც საუკეთესოა ფესვების ინტენსიური ზრდისთვის. საჭიროა ნაკვეთს ჰქონდეს კარგი დრენაჟი, ნიადაგის ზედაპირზე არ უნდა დგებოდეს წყალი წვიმის შემდეგ. თუ დრენაჟი პრობლემას წარმოადგენს, შეიძლება მოწყობილი იქნეს შემაღლებული კვლები.

უნდა მოვერიდოთ ნიადაგს, რომელშიც ახლახან დარგული/დათესილი იყო ჟოლო ან სხვა ხილი, პომიდორი, კარტოფილი, წიწაკა, რადგან ნიადაგით გავრცელებული დაავადებები შეიძლება პრობლემად იქცეს; საჭიროა ჩატარდეს ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზი ნაყოფიერების და pH-ს მაჩვენებლის დასაბალანსებლად და საჭირო ცვლილებების დასადგენად.

ლურჯი მოცვის გაშენებისთვის საჭიროა ტენიანი, მსუბუქი, კარგი დრენაჟის მქონე სპეციფიკური მსხვილმარცვლოვანი, ფოროვანი ნიადაგი ორგანული ნივთიერებების მაღალი შემცველობით.

მოცვის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 4,0-დან 5,0-მდეა. იმ შემთხვევაში, თუ მოცვის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის მოცვის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

pH-ის ხელოვნური რეგულირებისთვის განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება

პლანტაციის გაშენებამდე 1-2 წლით ადრე ნიადაგი უნდა მოიხვნას 40-50 სმ-ის სიღრმეზე. შემდეგ ჯვარედინად გადაიხვნას 30-35სმ-ის სიღრმეზე, დაიფარცხოს და დაიგეგმოს.

ნიადაგი კარგად დრენირებადი უნდა იყოს, თუ დრენაჟი პრობლემას წარმოადგენს, შეიძლება მოწყობილი იქნეს შემაღლებული კვლები.

მოცვის ბუჩქის ირგვლივ ნიადაგის დამუშავება დაუშვებელია 2 -3 სმის სიღრმეზე მეტად, რათა ფესვთა სისტემა არ დაზიანდეს.

ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება

დარგვის წინ აუცილებელია საირიგაციო სისტემების მოწყობა და ამოქმედება. ირგვება, როგორც შემოდგომაზე, ასევე გაზაფხულზე.

ლურჯი მოცვის გაშენება ხდება ბაზო-კვლების (სფერული) სისტემით. რეკომენდებულია შემაღლებული ბაზო კვალის მოწყობა: სიგანე 60-90სმ, სიმაღლე 18-25 სმ. რიგთაშორისებში დაშორების მანძილი 3-3,2 მ. ხოლო რიგებში მცენარეთა შორის დაშორება 0,9-1,2 მ. ერთ ჰა-ზე საჭიროა 2800-3300 ძირი ნერგი.

ნერგების დარგვის წინ ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აუცილებებლია მიწის ზედა ფენაში შეტანილი იქნეს წინასწარ მომზადებული ორგანული სუბსტრაქტი, ნახერხის (სასურველია წიწვოვანი მცენარის), გადამწვარი ნაკელისა და ტორფკომპოსტის ნარევით.

ნერგების დარგვისას მცენარის ფესვთა სისტემა მთლიანად უნდა მოთავსდეს ნიადაგში, მოიტკეპნოს და მოირწყას. სასურველია მულჩირება და წვეთობრივი მორწყვის სისტემის მოწყობაც.

მულჩირება ხდება მცენარის

გარდი-გარდმო 60 სმ-ის გასწვრივ. მულჩირება საგრძნობლად უწყობს ხელს მცენარის ზრდაგანვითარებას, იცავს მას სარეველებისაგან და გადახურებისაგან, ინარჩუნებს ტენს და ნიადაგს ამდიდრებს ორგანული ნოვთიერებებით. მულჩირებისათვის ასევე იყენებენ არაორგანული წარმომავლობის სამულჩე მასალებსაც (მულჩიფირი და სხვა.).

მოცვის დარგვის წინ აუცილებელია საირიგაციო სისტემების მოწყობა და ამოქმედება.

დარგვა

ლურჯი მოცვი უნდა დაირგოს გაზაფხულზე, როგორც კი შესაძლებელი იქნება ნიადაგის დამუშავება. შესაძლებელია დარგვა ასევე შემოდგომაზე. ნერგის დასარგავად, საჭიროა მომზადდეს ორმოები, რომელთაც ექნებათ 40 სმ. სიგანე და 40 სმ სიღრმე..

დასარგავად უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ სანდო სანერგიდან შესყიდული, სერტიფიცირებული და ჯანმრთელი მცენარეები. ლურჯი მოცვი ირგვება 1 – 1.2 მ დაშორებით ერთმანეთისგან. ბუჩქების რიგებს შორის 3 მეტრზე. გადარგვამდე ნერგებს ვაცილებთ სანაყოფე კვირტებს, ყვავილებს და მწვანე ნაყოფს.

პირველი 2-3 წლის განმავლობაში თქვენი მიზანია მცენარის ფესვთა სისტემის განვითარება; თუ პატარა ზომის ნერგი დაიწყებს ნაყოფის გამოსხმას, ეს შეაფერხებს ფესვების განვითარებას. დააცილეთ ერთმანეთს ქოთანში ჩარგული მცენარეების ფესვები, რომ არ მოხდეს ნიადაგში მათი დეფორმირებული განვითარება.

მცენარეები ნიადაგში უნდა იქნეს გადარგული 2-3 სმ-ით უფრო ღრმად, ვიდრე ვარჯი იზრდებოდა სანერგეში. გადარგვის შემდეგ კარგად დატკეპნეთ

ნიადაგი მცენარის ირგვლივ და თუ ნიადაგი მშრალია, დაუყოვნებლივ მორწყეთ. არ შეიტანოთ სასუქები გადარგვისას. არ დათესოთ ბალახი რიგთა შორის. შეინარჩუნეთ „სუფთა ზოლი“ რიგთა შორის, რომლის სიგანე უნდა იყოს 1მ. ამ მიზნით ხელით გამარგლეთ, გამოიყენეთ მულჩი და შესაბამისი ჰერბიციდები.

ნიადაგის ძირითადი განოყიერების და მცენარის გამოკვება

მოცვის პლანტაციებში პირველ სამ წელიწადს მცენარის გამოკვება ხდება წინასწარ მომზადებული მინერალური სასუქების ნაზავით. ნაზავის თანაფარდობა შემდეგნაირია: ამონიუმის სულფატი 90 გრ, სუპერფოსფატი 110 გრ, და კალიუმის სულფატი 40 გრ.

ასეთნაირად მომზადებული ნაზავი შეაქვთ ნერგის ირგვლივ შემდეგი ოდენობით: ერთ წლიან ბუჩქზე ერთი სუფრის კოვზი, ორ წლიანზე ორი სუფრის კოვზი, სამ წლიანზე სამი სუფრის კოვზი, ოთხ წლიანზე ოთხი სუფრის კოვზი, ხუთ წლიანზე რვა სუფრის კოვზი, ექვსწლიანზე და მეტი ასაკის ბუჩქზე კი თექვსმეტი სუფრის კოვზი. ერთი სუფრის კოვზის ასეთის ნაზავის წონა შეადგენს 10 გრ-ს.

ვეგეტაციის პერიოდში გამოკვება ასეთი ნაზავით ხდება ორ ჯერადად, ადრე გაზაფხულზე მცენარის მასიური ყვავილობისას და ნაყოფის გამონასკვის შემდეგ. სასუქის მიღების შემდეგ სასურველია მცენარე მოირწყას. თუ პალანტაციაში წვეთობრივი მორწყვის სისტემა მოქმედებს, ამ  ნაზავის მცენარესათვის მიწოდება შეიძლება მორწყვასთან ერთად.

მოცვის ნერგების გამოკვება შესაძლებელია ფხვიერი გრანულირებული მინერალური სასუქებითაც. ფროლოვიტი პირველ წელს ერთ ნერგზე 20 გრ. ერთ კვ. მეტრზე, წელიწადში სამჯერ. შემდგომ წლებში კი 30-35 გრ, სამჯერ წელიწადში. სოლონური უნდა შევიტანოთ პირველ წლებში ერთ კვ. მეტრზე 10 გრ. წელიწადში სამჯერ, შემდგომ წლებში შეტანის დოზა იზრდება 15-17 გრამამდე.

სასუქების შეტანა პირველ სამ წელიწადს მაინც უნდა მოვახდინოთ 15 ივლისამდე, რათა ბუჩქის განტოტვილმა ნაზარდებმა მოასწროს გამერქნება.

ზაფხულის შუა რიცხვების შემდეგ სასუქები არ შეიტანება, რადგან ამან შეიძლება შეამციროს ზამთრის მიმართ მედეგობა.

მინერალური სასუქებიდან წვეთოვანი მორწყვის პირობებში კარგ შედეგს იძლევა კრისტალონი NPK 18-18-18, ამოფოსკა NPK 16-16-16, გროგრინ ვეგეტაცია NPK-19-19-19, გროგრინ ნაყოფი NPK-10-5-40, ფოთლოვანი კვებისთვის გროგრინ მიკრო -გელი .

მოცვის პლანტაციაში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს კულტურის გარშემო სარეველა ბალახების განვითარება. ამის მიუხედავად, ნიადაგის კულტივაცია არ არის სასურველი, რადგან მცენარეების არაღრმა ფესვთა სისტემა იოლად შეიძლება დაზიანდეს.

ამიტომ საჭიროების შემთხვევაში მცენარეთა რიგებს შორის სარეველები უნდა გაითიბოს, ხოლო უშუალოდ ბუჩქების ქვეშ არსებული სარეველები კი ხელით უნდა გაიმარგლოს. ასევე, სარეველების გავრცელების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არის ნიადაგის მულჩირება.

სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით. აუცილებელია ყოველ 3-4 წელში ჩაატარეს ნიადაგის ანალიზი, რომ დადგინდეს არსებული დეფიციტი და განსაზღვროს სასუქების საჭირო ნორმა.

რეკომენდაციები აზოტოვანი სასუქების დოზებზე (კგ/ჰა)

ლურჯი, მოცვი, ჯიშები, გაშენება

მოცვის კულტურისათვის ნიადაგის ოპტიმალური მჟავიანობა არის pH 4,5 – 5,0, მაგრამ თუ ნიადაგის არის რეაქცია pH 5,0 – 5,5 ფარგლებშია, მაშინ ნიადაგის მჟავიანობის შემცირება შეიძლება ფიზიოლოგიურად მჟავე მინერალური სასუქების (ამონიუმის სულფატი, სუპერფოსფატი, ორმაგი სუპერფოსფატი, კალიუმის სულფატი) გამოყენებით.

თუ ნიადაგის მჟავიანობა უტოლდება pH 5,5 – 6,5 მაშინ ნიადაგში შეაქვთ გოგირდის ფხვნილი 10 – 15 გრ. 1 კვადრატულ მეტრზე. გაზაფხულზე და შემოდგომით დარგვის წინ რწყავენ გოგირდმჟავას ხსნარით (30 მლ მჟავა 10 ლიტრ წყალში); სუფრის ძმრის ხსნარით (100 მლ – 10 ლიტრ წყალში).

მოცვის ტენით უზრუნველყოფა

ლურჯი მოცვი მოითხოვს რეგულარულ ირიგაციას. ქვიშიანი ნიადაგები მოითხოვს ხშირ და მცირე დოზებით მორწყვას. შეწითლებული ფოთლები, ფოთლების გაყავისფერებული ძარღვები, სუსტი ამონაყარები და ფოთლების ადრეული ცვენა მიუთითებს მცენარის სტრესზე. აუცილებელია ნიადაგში ოპტიმალური ტენის შენარჩუნება.

ლურჯი მოცვის ფესვები არ არის ღრმა და მათთვის რეკომენდებულია ხშირი არაღრმა რწყვა; უდიდესი მნიშვნელობა აქვს დამატებითი რწყვის სათანადო მართვას. სასურველია გაიზომოს და აღირიცხოს ნალექების მოცულობა. საჭირო ოდენობის შესავსებად გამოყენებული უნდა იქნას მორწყვის სისტემა. წვეთოვანი საირიგაციო სისტემის მილები საჭიროა მოეწყოს ნიადაგის კვალის ზემოდან, მულჩის ფირის დაგებამდე.

ჭავლოვან ან წვეთოვან რწყვას ენიჭება უპირატესობა ზევიდან დაწვიმებით მორწყვასთან შედარებით.

დაწვიმებით მორწყვისას სველდება მთლიანი მცენარე და ამან შეიძლება გაამძაფროს მცენარის დაავადებების პრობლემები. მე-4 სეზონის შემდეგ საჭიროა ყოველკვირეული მორწყვა. მორწყვის პერიოდი უნდა გაგრძელდეს გვიან ზაფხულამდე და/ან ადრეულ შემოდგომამდე.

მორწყვის ნორმები და ვადები

მოცვი, ლურჯი, კენკრა, ჯიშები

მოსავლის აღება-შენახვა

მოსავლის აღება და შენახვა: დამოკიდებულია ჯიშზე. როგორც წესი მისი აღება იწყება ივნისის ბოლო რიცხვებიდან და გრძელდება ივლის-აგვისტოში. მოსავალს იღებენ ხელით.

სრულ მსხმოიარობაში შესული ერთი ბუჩქი ლურჯი მოცვისაგან შეიძლება მივიღოთ 4-6 კგ. ნაყოფი. კრეფა ხდება მშრალ ამინდში 25-270C ტემპერატურაზე.

კენკრა იკრიფება 1-2 კვართიან კალათებში, რომლებსაც ქამარზე იმაგრებენ ,შემდეგ კენკრა გადააქვთ ველზე მოწყობილ შესაფუთ ადგილას ან შესაფუთ ფარდულში.

კენკრა ხარისხდება ფერის და ზომის მიხედვით და თავსდება გამჭვირვალე ორსაგდულიან კონტეინერებში. ამ კონტეინერების ზომები მერყეობს 4 უნციიდან (100გრამიდან) 1 გირვანქამდე წელიწადის დროის, ფასის, ბაზარზე კენკრის რაოდენობის მიხედვით.

ორსაგდულიანი კონტეინერები იწონება და ინახება ან იგზავნება დანიშნულების ადგილას, მუყაოს ქვესადებებზე მოკრეფილ ნაყოფს აგრილებენ, ახარისხებენ და ათავსებენ სპეციალურ პოლიმერულ ყუთებში.

ინახავენ 1-20C ტემპერატურაზე. ხარისხიანი ნაყოფი ინახება 30-40 დღე, 90% მეტი ფარდობითი ტენიანობის პირობებში.

სპეციალური შენიშვნები: ლურჯი მოცვის შენახვის ვადა მცირდება არასათანადო დატვირთვაგადმოტვირთის ან მოსავლის მექანიკური საშუალებით აღების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად. ხელით კრეფასთან შედარებით მოსავლის მექანიკური საშუალებებით აღებამ შეიძლება ლურჯი მოცვის შენახვის ვადა ორჯერ შეამციროს.

მოცვის სხვლა-ფორმირების შესახებ

პირველ წელს გასხლვა არ არის საჭირო. ნერგის გადარგვის პირველ წელს, აუცილებელია ბუჩქს მოსცილდეს ყვავილები, რათა მცენარე უკეთ გაიზარდოს.

მეორე წელს საჭიროა მცენარის გასხვლა. პირველ რიგში უნდა მოსცილდეს გამომშრალი, დაზიანებული ან დაავადებული ტოტები.

კარგად განვითარებულ ბუჩქს 6-8 ტოტი უნდა ჰქონდეს. 3-4 წელზე მეტი ასაკის ტოტები, 20 სმ სიმაღლეზე უნდა გადაიჭრას. ამავე სიმაღლემდე უნდა გადაიჭრას ბუჩქის ამონაყარიც. ბუჩქები უნდა იყოს კარგად გამოხშირებული და ატარებდეს მზის სინათლეს და ჰაერის ნაკადს.

სრულ მსხმოიარობაში შესულ ბუჩქებს სხლავენ ისეთნაირად, რომ ბუჩქზე მივიღოთ თანაბრად განაწილებული საყვავილე ყლორტები. ამისათვის ბუჩქს აცლიან დაბალ და სუსტ ნაზარდებს, ასევე დაავადებულ და ფიზიკურად დაზიანებულ ტოტებს.

ტოტები, რომლებიც წლების განმავლობაში მსხმოიარობს უტარდებათ პინცირება იმ გაანგარიშებით, რომ თითოეულ ასეთ ტოტზე დარჩეს 4-6 საყვავილე კვირტი. ბუჩქებზე ასეთ ტოტებს იყენებენ 4-6 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ხდება მათი ჩანაცვლება ახალი მოზარდი ტოტებით.

15 ან მეტი წლის ბუჩქები შესაძლებელია გაახალგაზრდავებული იქნას ინტენსიური გასხვლით ნიადაგიდან 30 სმ-ზე.

ბუჩქის დაბერება იწვევს მოსავლიანობის შემცირებას, თუმცა ამის მიზეზი შესაძლებლია იყოს არახელსაყრელი გარემო პირობები. მოსავლიანობის გაზრდისათვის რეკომენდირებულია ტოტების გასხვლა 40-60 სმ-ზე.

გასხვლისათვის საუკეთესოა ადრეული გაზაფხული, როდესაც ყინვები აღარ არის მოსალოდნელი. დაგვიანებული გასხვლა, მაგ. ყვავილობისას, იწვევს მოსავლიანობის შემცირებას.

არ გაკრიჭოთ ბუჩქები, რადგან იმ წელს, როდესაც მათ გაკრიჭავთ, მოსავალი არ გექნებათ და მომავლ წლებში ვარჯი უფრო მჭიდროდ გაიზრდება.

შემდგენლები:

ვახტანგ გოლიაძე; ცისანა ცეცხლაძე; ნინო ყიფიანი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორები.
მანანა შალამბერიძე – ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

მომზადებულია USAID/REAP პროექტის ფარგლებში.

თქვენი რეკლამა