კომში ვაშლთან და მსხალთან შედარებით უკეთ იტანს გვალვას, საქართველოშო მისი გაშენება ყველგან შეიძლება ბუნებრივად ტენიან ნაკვეთებზე, კომში დადებითად რეაგირებს მორწყვაზე.
კომში სინათლისა და სითბოს მოყვარული კულტურაა. ჩრდილში მისი მოსავლიანობა მკვეთრად მცირდება ან მცენარე საერთოდ არ იძლევა მოსავალს.
ამასთან კომში ყინვაგამძლეა და ადვილად იტანს დაბალ ტემპერატურას. დაზიანების გარეშე შეუძლია გადაიტანოს ტემპერატურის -20°C-მდე დაცემა.
როგორ ამრავლებენ კომშს
კომშს ძირითადად ამრავლებენ ვეგეტაციურად. ფესვთა ამონაყრით, კალმით და მყნობით. მოზრდილ ხეებს ამყნობენ კალმით ადრე გაზაფხულზე, როცა წვენის მოძრაობა ჯერ კიდევ სუსტია, ხოლო ერთწლიან საძირეებს-კვირტით. ყველაზე კარგ შედეგს იღებენ გვერდითა ჭრილში და სოლით მყნობისას.
როგორ ნიადაგზე გავაშენოთ კომში
კომშის ხეები წარმოქმნიან დიდი რაოდენობის წვრილ, სქლად შებუსულ ფესვებს. ფესვთა სისტემის ძირითადი მასა ნიადაგში 25 სმ-65 სმ-მდე სიღრმეშია განლაგებული.
ხარისხიანი უხვი ნაყოფის მისაღებად საჭიროა სათანადოდ ტენიანი, საკვები ნივთიერებებით მდიდარი ფხვიერი ნიადაგი. მშრალი და ღარიბი ნიადაგი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს კირქვის შენაერთებს უვარგისია კომშის გახარებისთვის. შესაძლებელია გამოვიყენოთ ისეთი ნიადაგები, რომელთა გრუნტის წყლები მაღალ დონეზეა.
რა მანძილი უნდა დავიცვათ კომშის დარგვისას
აქ მოგვყავს მანძილი კომშის მრგვალი ფორმის ხეების ტიპისთვის. მოყვარულთა ბაღებისთვის ხელსაყრელია ხეების განლაგების კვადრატული ან სწორკუთხოვანი სისტემება.
ხეთა რიგები ერთმანეთისგან 4-4,5 მეტრით უნდა იყოს დაშორებული, ხოლო ხეებს შორის მანძილი 3,5-4 მეტრია მისაღები. ეს მანძილები ნაკლებია სამრეწველო ბაღებისთვის რეკომენდირებულ მანძილებზე (სამრეწველო ბაღებში მცენარეთა დარგვა ხდება წინასწარ მომზადებულ ორმოებში, 5X5, 4-5X6-7 მ. კვების არით. ერთ ჰექტარზე საშუალოდ 350-400 ძირი ხე თავსდება), მოყვარულთა ბაღებში ნერგების ასე ახლოს ჩაყრა დასაშვებია იმდენად, რამდენადაც ნიადაგის დამუშავება ხელით ხდება.
როგორ მოვუაროთ ნიადაგს კომშის ბაღში
კომში ზოგიერთ სხვა კულტურასთან შედარებით უკეთ ეგუება დაკორდებას, თუმცა მისი ზრდა და ნაყოფიერება მცირდება. ნიადაგს ძირითადად ამუშავებენ შემოდგომით რიგთაშორისების შუაგულში 15 სმ-ის, ხოლო ხეების ახლოს 10-12 სმ სიღრმეზე. ვეგეტაციის დროს ნიადაგს 8 სმ სიღრმეზე 5-6 ჯერ აფხვიერებენ. იყენებენ ნაკელის პერიოდულ შეტანას და რიგთაშორისებში მწვანე განოყიერებისათვის კულტურების გამოზრდას.
კომშის რეაგირება მორწყვაზე
ხშირი მორწყვისას კომში კარგად იზრდება და მსხმოიარობს.
პირველ მორწყვას ატარებენ ყვავილობის წინ-საგაზაფხულო გვალვის შემთხვევაში, იგი უზრუნველყოფს ნაყოფის კარგ განასკვას და დამაკმაყოფილებელ ზრდას. მეორე მორწყვა-ივნისის შუა რიცხვებში, ხოლო მომდევნო სექტემბრის დასაწისში. ეს მორწყვა უზრუნველყოფს ნაყოფის ნორმალურ განვითარებას. ახალგაზრდა ხეების მორწყვა უნდა შევწყვიტოთ აგვისტოს მიწურულისთვის, რათა ყლორტებმა შემოსვა მოასწრონ.
კომშის ფორმირება
კომშის ხეებს უნდა ჰქონდეთ დაბალი შტამბი (40-50 სმ). ისინი ფორმირდებიან ჩვეულებრივი გაუმჯობესებული იარუსული სისტემით-ჩონჩხის ტოტების ორო იარუსით. პირველი იარუსი 3-4 ტოტისგან შედგება, მეორე ორისგან. იარუსებს შორის მანძილი 60-70 სმ-ია. გადარგავენ ერთწლიან ნარგავებს, რომლებსაც ნიადაგის ზედაპირიდან 70-80 სმ-მდე ამოკლებენ.
ზაფხულის განმავლობაში ხდება ჩონჩხის ტოტების შერჩევა და მათი დამოკლება 1/3-1/4-ით, საჭირო არ არის ძლიერი გადაჭრა, რადგან იგი აძლიერებს ყლორტების ზრდას, ახშირებს ვარჯს და აფერხებს ნაყოფიერებას.
მსხმოიარე კომშის გასხვლა და კრეფა
კომშის ყვავილები განლაგებულია 7-9 ფოთლიანი პატარა ყლორტების წვერზე, ეს ყლორტები გაზაფხულზე სუსტი და საშუალო ზრდისაა. მსხმოიარე კომშის ხეების გასხვლისას უნდა დავამოკლოთ მხოლოდ ძლიერი, ერთწლიანი ტოტები.
ვარჯის გამეჩხრებისას აცლიან როგორც ძალიან ძლიერ, ისე ძალიან სუსტ ტოტებს, აგრეთვე ხის ყველა გამხმარ და დაზიანებულ ნაწილს.
ტოტების გამხმარ ბოლოებს სხლავენ საღ მერქნამდე. ძველ და სუსტ ხეებს ძლიერი გასხვლა სჭირდებათ.
კომშს ჩვეულებრივ კრეფენ ოქტომბერში, პირველი ყინვების დაწყებამდე. ამ დროისთვის კომშის ნაყოფი ყვითელი შეფერილობას იძენს და ადვილად სცილდება ტოტებს. კრეფისას ნაყოფს მთლიანდ კიდებენ ხელს ოდნავ აწევენ, შემოატრიალებენ და მოაცილებენ ტოტს.
გისურვებთ წარმატებას!