ბლის ნაყოფების დასკდომის მიზეზები და პრევენციის მეთოდები Oregon State University-ის მიხედვით

ბლის ნაყოფების დასკდომას სერიოზული ეკონომიკური ზიანის მოყენება შეუძლია აგრობიზნესის მფლობელებისთვის. ამ წინააღმდეგობის დაძლევა შესაძლებელია გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლითა და კულტურული პრაქტიკის (ჯიში-საძირის კომბინაცია, სხვლა-ფორმირების ტიპები და სხვა), როლის გათვალისწინებით.

ნაყოფის დასკდომას ორი მიზეზი აქვს:

1- გარეგანი – გამოწვეულია წყლის წვეთის ხანგრძლივი გაჩერებით ნაყოფის ზედაპირზე;
2- მცენარეში არსებული დიდი რაოდენობის წყალი, რომელიც ფესვებიდან შეიწოვება და ჭურჭელ-ბოჭკოვანი გზებით გადაადგილდება მცენარეში.

ბლის ზოგიერთი ჯიში უფრო მდგრადია დასკდომის მიმართ, მათი გენეტიკური შემადგენლობის გამო, რომელიც აკონტროლებს კუტიკულის ფორმას, შემადგენლობას და სისქეს, ნაყოფის კუტინისა და ცვილისებურ გარე ფენას.

მცენარეში არსებულ წყლის ბალანსზე პირდაპირ გავლენას ახდენს ნიადაგის წყლის შემცველობა, რისი გაკონტროლებითაც დიდწილად შესაძლებელია ნაყოფების დასკდომის თავიდან აცილება. შესაბამისად, მორწყვისა და მცენარეთა კვებასთან დაკავშირებული საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხრივ.

ნაყოფის დასკდომის გამომწვევი სხვა ფაქტორებია:

მოსავლის დატვირთვა, მსხმოიარობა – შედარებით მცირე მოსავალი დიდი ზომის ნაყოფებით, უფრო მეტად მიდრეკილია დასკდომისკენ, ვიდრე პატარა ნაყოფები დიდი მსხმოიარობით.

ჰორმონების გამოყენება – გიბერელინის მჟავამ (GA3), რომელიც გამოიყენება მცენარის ზრდის რეგულირებისთვის, შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფების დასკდომა. იმ შემთხვევაში თუ ნაყოფი იმყოფება ჩალის ფერის ფაზაში და მცენარე მიიღებს ჭარბი წყლის რაოდენობას რწყვით ან ნალექით, ნაყოფის დასკდომის რისკი იზრდება. ამის გამომწვევი მიზეზია გიბერელინის მჟავის (GA3) თვისება, რომელიც დაახლოებით 48 საათით ამცირებს ტრანსპირაციას და  ასაორთქლებელი წყალი გროვდება მცენარეში, ნაყოფებში და ამ ჭარბმა წყალმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფების დახეთქვა.

წვიმა – გახანგრძლივებულმა წვიმამ (40 მმ-ზე მეტი ნალექი) განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნიადაგი მისი ზღვრული ტენტევადობის ზღვარზე იმყოფება, შესაძლოა გამოიწვიოს ბლის ნაყოფების დასკდომა.

სხვლა-ფორმირების სისტემები –  ნებისმიერ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მეტ ფოთლოვან საფარს და ამით ნაყოფების დაფარვას, შეუძლია შეამციროს წვიმისმიერი დასკდომა. ამის მაგალითებია UFO და KGB სხვლა-ფორმირების სისტემები – მსხმოიარე ტოტები ვერტიკალურადაა განლაგებული, სადაც ფოთლები ნაყოფებს ზემოდან ეფარება.

შესაფერის კულტურულ პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაყოფების დახეთქვის პრევენციაში. განვიხილოთ ისინი:

გენეტიკა – ბლის ნაყოფების დასკდომა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჯიშისა და საძირის შერჩევასთან. იხილეთ #1 ცხრილში მოცემული ჯიშები, რომლებიც განსხვავდებიან დასკდომის მიმართ მგრძნობელობით.

საძირეების გავლენა ნაყოფების სკდომაზე განსხვავდება მათზე ნამყენი ჯიშების მიხედვით. 2008 წლიდან ორეგონის შტატში საძირეებსა და ჯიშებზე ჩატარებულმა ცდებმა, აჩვენა, რომ

საძირა მაჰალები (ბალღოჯი) ყველაზე მგრძნობიარეა სკდომის მიმართ, შემდეგ მოდის ბლის ველური ნათესარები (ბალამწარა და სხვა), გისელა 5, გისელა 6, მაქსიმა 14, კრიმსკი 5 და კრიმსკი 6.

ცხრილი#1 ბლის ჯიშების მიდრეკილება ნაყოფების წვიმისმიერი დასკდომისადმი. შედგენილია ორეგონის შტატში 2008-2018 წლებში ჩატარებული დაკვირვებების შედეგად.

ბლის

თითოეულ საძირეს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ნიუანსი, რომლებსაც დეტალურად მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.

დამცავი საფარი

უშუალოდ ნარგაობის მწკრივების თავზე მოწყობილი საფარი იცავს ნაყოფს წვიმისგან. ეს სისტემა ძალიან ეფექტურია, მაგრამ არის შედარებით მაღალბიუჯეტური და შრომატევადი. იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჰაერის მოძრაობას და ოპტიმიზაცია გავუწიოთ ფოტოსინთეზს, მწკრივების გადასაფარებლები უნდა დავკეცოთ უნალექო ამინდის დროს, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი სითბოს დაგროვება გარემოში.

არსებობს გადასაფარებლების ავტომატური სისტემები, რომლებიც მეტად ძვირია, თუმცა ნორვეგიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში იყენებენ მეტად ბიუჯეტურ ხის კონსტრუქციებს, რომლებიც მგრძნობიარეა ძლიერი ქარის მიმართ და ნაკლებად ეფექტურია.

ფოლადის ბოძები და საკაბელო კონსტრუქციები ნაკლებად ექვემდებარება ქარის დაზიანებას, თუ კარგად არის დამუშავებული და დამაგრებული.

ჭარბი ნალექის დროს, მწკრივების საფარიდან ჩამონადენმა წვიმის წყალმა შესაძლოა ისე გააჯეროს ნიადაგი ფესვის ზონაში, რომ გამოიწვიოს ნაყოფების დახეთქვა. ამისათვის კარგი გადაწყვეტაა, რომ ბაღი გაშენდეს შემაღლებულ კვლებზე ან მწკრივებს შორის, ტექნიკის სავალ ნაწილზე, რკინა-ბეტონის ფილებით მოეწყოს სადრენაჟო არხები.

დაცული გრუნტის, სათბურის საფარქვეშ არსებული ფარდოფითი ტენიანობა შედარებით მცირე გავლენას ახდენს ნაყოფის სკდომაზე. მაღალი ტენიანობის რეგიონებში სათბურში გაზრდილ ხეებს არ განუვითარდათ ნაყოფების დასკდომა, როდესაც ნიადაგის ტენიანობა შენარჩუნებული იყო მისი ზღვრული ტენტევადობის ნიშნულს ქვემოთ.

ე.წ. გვირაბების შემთხვევაშიც გამართლებულია ბლის მოყვანა, ნაყოფების დახეთქვისაგან საპრევენციოდ, თუმცა ამ მეთოდითაც სირთულეებს ვაწყდებით. მართალია, რომ ფარდობითი ტენიანობის ზრდა, რომელიც შეიძლება განვითარდეს საფარის ქვეშ, ჩვეულებრივ გავლენას არ ახდენს ნაყოფის გახეთქვაზე, თუმცა შეიძლება გაზარდოს სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების გაჩენის რისკი, რაც დამატებით ფუნგიციდურ წამლობებს მოითხოვს.

დიდი თოვლიანობისას ან სათბურში (შედარებით მეტი სითბოს გამო) თუ მცენარეს გაუჭირდება „ცივი საათების“ დაგროვება, გადასაფარებლები უნდა მოიხსნას შემოდგომით და კვლავ დამონტაჟდეს გაზაფხულზე, დამტვერვის დასრულების შემდეგ, რაც კიდევ ერთი შრომატევადი საკითხია.

ასევე, წინა შემთხვევის მსგავსად, ჭარბი ნალექების დროს, გვირაბის სახურავიდან ჩამონადენ წყალს, შეუძლია მის ქვეშ არსებული ნიადაგების გაჯერება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს 60% ნაყოფების დახეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ნაყოფი სრულიად დაცულია უშუალოდ წვიმის წყლის შეხებისგან. ამის თავიდან ასარიდებლად, კარგი გადაწყვეტაა დრენაჟის საკითხის მოგვარება და ნარგაობის შემაღლებულ კვლებზე გაშენება.

რაც შეეხება ყვავილობას და დამტვერვას, გვირაბების შემთხვევაში, როდესაც საფარი გადახდილი არ არის, ფუტკრის სკები მინიმუმ 4-5 მეტრის დაშორებით უნდა განლაგდეს, სკის შესასვლელით აღმოსავლეთისკენ, ყოველგვარი წინაღობების გარეშე. სკები მიწიდან 1 მეტრის სიმაღლეზე უნდა იყოს განლაგებული. სასურველია გვირაბის ბოლოში 50 %-ნი გლუკოზის წყალხსნარის დადგმა ფუტკრების მისაზიდად, გვირაბის მთელს სიგრძეზე სამოძრაოდ.

გვირაბების სისტემა პოპულარულია ევროპის უმეტეს ქვეყნებში. მას ასევე დადებითი შეფასება მისცეს მიჩიგანის უნივერსიტეტის მებაღეობის სპეციალისტებმა. თუმცა, ფასებიდან გამომდინარე, ფერმერებს შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეთ ინვესტიციების ასანაზღაურებლად.

ფოთლიდან შესხურებები

ბლის ნაყოფის კანი ნახევრად გამტარი მემბრანაა. სიმწიფის დროს რბილობში შაქრის კონცენტრაცია სწრაფად იზრდება და აღწევს 24 ბრიქსამდე. ამის საპირისპიროდ, წვიმის წყალს გააჩნია დაბალი ხსნარის კონცენტრაცია. ნაყოფის რბილობის და წვიმის წყალს შორის კონცენტრაციების უკიდურესობა ქმნის ოსმოსურ სხვაობას.

სუფთა წვიმა აღწევს ნაყოფის კუტიკულაში და ეგზოკარპში და ამცირებს რბილობში შაქრის კონცენტრაციას მისი გაზავებით. წვიმის წყლის კანთან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეხებისას, როდესაც წვეთები ეცემიან ზემოდან და ჩამოედინებიან ნაყოფის წვერომდე, კუტიკულაში წარმოიქმნება კონცენტრირებული ბზარები. წყალი სწრაფად აღწევს ამ ბზარებში და როდესაც ამისათვის საკმარისი წყალი შეიწოვება, ეს ბზარები ფართოვდებიან და საბოლოდ იწვევენ ნაყოფის დისტალურ ან წვეროს მიდამოში დასკდომას.

ანალოგიურად, როდესაც თავისუფლად მდგარი წვიმის წყალი გროვდება ნაყოფის ყუნწში, კონცენტრირებული ბზარები წარმოიქმნება ამავე მიდამოში, იქ სადაც კუტიკულის ფენა ყველაზე თხელია.

ასევე შესაძლებელია დასკდომების შემცირება კალციუმის მრავალჯერადი გამოყენებით წვიმის პერიოდებში.

კალციუმის ქლორიდის წყალხსნარმა შეიძლება გაზარდოს ნაყოფის კუტიკულის მდგრადობა და წვიმის წყლის ხსნარის კონცენტრაცია, რითაც შეამცირებს სითხის მიერ კუტიკულაში გაღწევის პოტენციალს.

კალციუმის ქლორიდის გამოყენება შესაძლებელია წვიმების პერიოდამდეც, მაგრამ ნარჩენებმა შეიძლება დააზიანოს ფოთლები ან დაგროვდეს ნაყოფზე, რითაც გამოიწვიოს ნაყოფების დალაქავება.

კანის უჯრედის კედლის მთლიანობის გასაზრდელად და წვიმისაგან დასკდომის რისკების შესამცირებლად, მიმართავენ კალციუმის 6-ჯერად გამოყენებას, კურკის გამაგრების პერიოდიდან.

ჰექტარზე გადაანგარიშებით და 900-1000 ლიტრი წყლის ხარჯვის ნორმებით, იყენებენ 0,1–0,15 % კალციუმის ხსნარს, დამზადებულს ამინომჟავების კალციუმის ხელატის ან სხვა ორგანული მჟავების კალციუმს ხელატური ფორმებით.

რაც შეეხება კალციუმის ქლორიდს, ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას წვიმის დროს, ხის ზემოთ განთავსებული, სპრინკლერული გამაფრქვევლების მეშვეობით.

ზოგიერთ ე.წ. მიმწებებელს (სურფაქტანტი)  შეუძლია გაზარდოს კუტიკულის ხსნადობა, რაც კიდევ უფრო ათხელებს კუტიკულას ყუნწის შეერთების ადგილზე და ხელს უწყობს დახეთქვას.

რკინის III ქლორიდი (1–4 % FeCl3) ამცირებს ნაყოფის დახეთქვას, როდესაც გამოიყენება ყვავილობიდან 55-91 დღეების შუალედში.

კუტიკულის დამცავები

ბოლო წლებში შემუშავდა კუტიკულის დანამატები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაყოფების დაცვას დასკდომისაგან, მსუბუქი და ზომიერი წვიმების დროს. ეს პროდუქტები, როგორც წესი 50 %-მდე ამცირებს წვიმისადმი დასკდომის რისკს. ასეთი სხვაობით მოსავლის გადარჩენა უკვე მისაღები უნდა იყოს ფერმერისათვის.

კუტიკულის დამცავები ხელს უშლის წყლის შეწოვას ეპიდერმისით. რეკომენდაციაა, რომ მათი გამოყენება მოხდეს ეტიკეტის ინსტრუქციის მიხედვით და ფერმერი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ნაყოფების მთლიანად დაფარვა ხდება სამუშაო ხსნარით.

ამის მისაღწევად, ტრაქტორის სიჩქარე უნდა იყოს საათში 3 კმ-ზე ნაკლები; შესხურებული წყლის წვეთების მიკრონული ზომა უნდა აღემატებოდეს 150 მიკრონს. ქარის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 8 კმ/სთ-ს.

კუტიკულის დამცავი საშუალებებია:

RainGard – ეს არის არაელასტიური კუტიკულის დამცავი საფარი. დროთა განმავლობაში, ნაყოფის ზრდისას იქმნება მიკრობზარები ამ საფარში, ამიტომ საჭიროა სამი დამატებითი გამოყენება ამ მიკრობზარების შესავსებად და ნაყოფის დასაცავად.

პირველი შესხურება უნდა განხორციელდეს მოსავლის აღებამდე დაახლოებით ოთხი კვირით ადრე, ნაყოფის ჩალის ფერის ფაზაში. განმეორებითი შესხურება კი ყოველ 7-10 დღეში ერთხელ.

დამატებითი შესხურებები წვიმამდე 2 საათით ადრე, რათა პრეპარატმა მოასწროს შეშრობა და მოქმედება. შესხურებებს შორის დრო უნდა იყოს არანაკლებ 24 საათისა.

RainGard-ის პირველი გამოყენება შეიძლება  GA3-თან კომბინაციაში; შემდგომი გამოყენებები უნდა განხორციელდეს წვიმამდე მინიმუმ ორი საათით ადრე, როგორც უკვე აღვნიშნეთ. პრეპარატი RainGard შექმნილია ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ.

Parka არის კუტიკულის დამცავი საფარი, რომელიც იჭიმება ნაყოფის ზრდისას. ნაყოფის დასაცავად საკმარისია Parka-ს ერთი გამოყენება ნაყოფის ჩალისფერ მდგომარეობაში და განმეორებით 10 დღის შემდეგ. Parka-ს დამატებითი სარგებელია 1 %-ით მეტი ნაყოფის შაქრიანობა და ყუნწის უფრო ხანგრძლივი დაკიდების უნარი. GA3 შეიძლება დაემატოს პარკას პირველ გამოყენებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია 48-საათიანი უნალექო ამინდი. Parka გამოგონებულია ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ.

გასათვალისწინებელია, რომ ძლიერი წვიმის ან ქარიშხლის დროს, ფოთლოვანი გამოყენების გზით შესხურებული ვერცერთი პრეპარატი ვერ დაიცავს ნაყოფებს დასკდომისაგან, რადგან ფესვების გზით შემოსული წყალი, გადაადგილდება სისტემაში და საბოლოოდ მიაღწევს ნაყოფებამდე, რაც გამოიწვევს მის შემდგომ დასკდომას.

ნიადაგის ტენიანობის გამორიცხვის ტექნიკა

დაცული გრუნტის მსგავსად, ნიადაგის ტენიანობის მართვა ეს არის ფიზიკური ბარიერი, რომელიც იცავს ხის ფესვებს ჭარბი ტენისაგან. წყალგაუმტარი ნიადაგის საფარი იცავს ხის ფესვებს ჭარბ ნალექისგან და ამცირებს ხილის დასკდომის რისკს 25 %-მდე.

ნიადაგის ტენიანობის მართვა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ნაყოფების დასკდომის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიყენება წვიმის წყლისაგან ნაყოფების დასაცავ ღონისძიებებთან ერთად.

მორწყვა მოითხოვს ფრთხილ მენეჯმენტს. წვეთოვანი მორწყვა ნაკლებად სავარაუდოა, გახდეს ნაყოფების დასკდომის მიზეზი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საწვეთურებიდან წყლის მიწოდების სიჩქარე შემცირებულია 1.8-2.7 ლიტრამდე საათში.

ნიადაგის გადაჭარბებულმა გაშრობამ კი, რასაც მოჰყვება ზედმეტი მორწყვა, შეიძლება გაზარდოს ნაყოფის დახეთქვის რისკები.

რწყვის ინტერვალის შემცირება არაუმეტეს შვიდი დღისა, ხელს შეუწყობს ნიადაგის ზღვრული ტენტევადობის ზღვარს ქვემოთ შენარჩუნებას. წვეთოვანი სარწყავი სისტემის მეშვეობით, ნიადაგის ზღვრული ტენტევადობის ზღვარს ქვემოთ შენარჩუნება, ნაყოფის ჩალის ფერიდან მოსავლის აღების პერიოდამდე, ხელს შეუწყობს ნაყოფების ნაკლებ დახეთქვას და უფრო მაღალი ხარისხის მოსავლის მოყვანას. იქ სადაც გარემო პირობები ჭარბი ნალექიანობით ხასიათდება, სასურველია ტერასული განაშენიანების მოწყობა.

მულჩირება და ნიადაგის ორგანული ნივთიერებებით გამდიდრება, ასევე ხელს უწყობს დრენაჟს და ჭარბი წყლის დაგროვების პრევენციას, თუმცა ერთჯერადი ოპერაციები ამ მიზნისათვის არაა ხოლმე საკმარისი.

ვერტმფრენები და ქარის მანქანები

ნაყოფების დასკდომის რისკების შემცირების კიდევ ერთი გზა არის ვერტმფრენებით, მისი მბრუნავი ფრთებით შექმნილი ტურბულენტობა. ვერტმფრენები ფიზიკურად აშორებენ წვიმას ნაყოფის ზედაპირიდან ბაღში ჰაერის ლოკალიზებული მოძრაობის გაზრდით. ეს რა თქმა უნდა ძვირადღირებული ვარიანტია, მაგრამ ყველაფერი პლანტაციის ეკონომიკაზეა დამოკიდებული.

ქარისმიერი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ვერტმფრენმა უნდა იფრინოს დაახლოებით 4-5 მეტრის სიმაღლეზე ნარგაობიდან და იმოძრაოს ადამიანის ფეხით გადაადგილების სიჩქარით.

ვერტმფრენის გამოყენება არაეფექტურია წვიმის დროს; ფერმერი უნდა დაელოდონ წვიმის გადაღებას, რაც ხშირად წინასწარ რთულად პროგნოზირებადია. ზოგადად, ვერტმფრენები ეფექტურად ახერხებენ ნაყოფის დასკდომისაგან დაცვას, როდესაც წვიმა 4 საათზე ნაკლებ ხანს გრძელდება.

ქარის მანქანები ასევე ეფექტურია ნაყოფის ყუნწთან ჩამდგარი წყლის საპრევენციოდ, მაგრამ მათი დიაპაზონი შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, ხეხილის ბაღებში, სადაც ქარის მანქანები დამონტაჟებულია წაყინვების საწინააღმდეგოდ, უკვე ღირს ვენტილატორად გამოყენება ნაყოფების გასაშრობად. ამ გზით შესაძლებელია 1-2 ჰა ნარგაობის დაცვა.

აგრონომის რეკომენდაცია:

ბლის ნაყოფის დასკდომის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სხვადასხვა მისაღები ოპერაციების დაგეგმვა და შესრულება. ნაყოფის ზედაპირზე მოხვედრილი წყალი და მცენარის მიერ ფესვთა სისტემიდან აღებული წყალი იწვევს ნაყოფების დასკდომას.

ფერმერებმა უნდა იცოდნენ თითოეული ჯიშის მგრძნობელობა ნაყოფების დახეთქვის მხრივ. აგრეთვე საძირის ურთიერთქმედება ჯიშებთან და უნდა აკონტროლონ ამინდისა და ნიადაგის ტენიანობის პირობები, ასევე დაარეგულირონ მორწყვა კრიტიკულ დროს.

დაცულმა გრუტმა, ვერტმფრენებმა, ქარის მანქანებმა და აგრეთვე სხვა, ზემოთ ჩამოთვლილმა ღონისძიებებმა, შეუძლებელია რომ შედეგი არ გამოიღონ, ნაყოფების დასკდომის თავიდან ასაცილებლად.

დაზიანებული ნაყოფის ამსახველი ფოტოსურათები:

ბლის

გარკვეული დროით ნაყოფზე შერჩენილ წვიმის წყალს შეუძლია ასეთი ნახეთქების გამოწვევა.

ბლის

ეს ნაყოფები გვიჩვენებენ სამი ტიპის დასდკომას. მარცხენა გვიჩვენებს ნაყოფის ყუნწთან შეერთების ადგილის დასკდომას,  შუა ნაყოფი გვიჩვენებს დისტალური ბოლოების სკდომას, ხოლო მარჯვენაზე გამოხატულია გვერდითი ბზარი.

ბლის

მაღალი გვირაბები და მათი გადაბმების ადგილზე დატანებული სპეციალური ჟოლობები.

ბლის

უშუალოდ მწკრივების თავზე მოწყობილი გასაშლელ-დასაკეცი საფარი.

სტატიაზე იმუშავა:

აგრონომი: დავით დაბრუნდაშვილი

კომპანია: იოტო აგრო www.iotoagro.ge | 0322 11 1717

წყარო: https://catalog.extension.oregonstate.edu/em9227/html

თქვენი რეკლამა