ლიახვის ნაკრძალი – ბიომრავალფეროვნება

ლიახვი

ლიახვის ნაკრძალი

ფლორა  

ლიახვის ნაკრძალში დაცულია აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთული კალთებისათვის დამახასიათებელი მთისა და მაღალმთის მცენარეულობა: ტყის ზედა სარტყელში გავრცელებულია წიფლნარი, ქვედა სარტყელში ქართული მუხნარი.

სუბალპური სარტყლის ტყეებში – ლიტვინოვის არყი (Betula litwinowii) დომინირებს, უფრო მაღლა კი მაღალმთის ბოკვიანები და სუბალპური ბუჩქნარი, მეტწილად დეკიანები გვხვდება.

დიდი ლიახვის აუზთან შედარებით პატარა ლიახვის ხეობაში ნაძვნარი უფრო მცირე ტერიტორიაზე გვხვდება. ნაკრძალში გავრცელებული სუბალპური მაღალბალახეულობის ძირითადი სახეობებია: დიდფოთოლა ხარისშუბლა, ეშმაკის ქოში, აღმოსავლური ტილჭირი, ალოშა, ღიმი, მარიამა და სხვა.

საქართველოს „წითელი ნუსხი“-ს სახეობები – ინფორმაცია აქ წარმოდგენილი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების შესახებ ძალიან მწირია. აქ გვხვდება უთხოვარი (Taxus baccata) და ყამბრო (Crataegus pontica).

ფაუნა  

ამ ტერიტორიაზე გავრცელებული ძუძუმწოვრებია: კურდღელი, მელა, მგელი, კლდის და ტყის კვერნები, სინდიოფალა. ლიახვის ნაკრძალის ნამდვილი მბრძანებელია მურა დათვი (Ursus arctos), რომლის კვალიც ყველგან ტყეებშიც და ალპურ იალაღებზეც შეიძლება ნახოთ. ნაკრძალში ამ ცხოველის საკმაოდ დიდი და სტაბილური პოპულაცია ბინადრობს.

აქ ასევე გვხვდება გარეული ღორი (Sus scrofa) და შველი (Capreolus capreolus). ხოლო ალპურ იალაღებზე იშვიათი და გადაშენების პირას მისული არჩვები (Rupicapra rupicapra) ბინადრობენ.

პატარა ლიახვის ორნითოფაუნა ძალზე მდიდარია. ნაკრძალში ბუდობს იშვიათი მთის არწივი (Aquila chrysaetos). სხვა მტაცებელ ფრინველთაგან ხეობაში გვხვდება: კაკაჩა, ქორი, მიმინო, ალალი, კირკიტა, ღამის მტაცებლები: ტყის ბუ, ჭოტი და ზარნაშო.

პატარა ლიახვის ტყეებში რამდენიმე სახეობის კოდალა ბუდობს, მდინარეების ნაპირებზე წყლის შაშვების და ბოლოქანქარების ხილვაა შესაძლებელი. ნაკრძალის ორნიტოფაუნას წარმოადგენენ: მერცხალი, ჩიტბატონა, ჭინჭრაქა, შაშვი, ყორანი, თეთრგულა შაშვი, სხვა მრავალი პატარა თუ შედარებით დიდი ზომის ფრინველი.

საქართველოს „წითელი ნუსხი“-ს სახეობები 

იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებიდან აქ 17 სახეობის ცხოველი ბინადრობს. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება: მურა დათვი (Ursus arctos), არჩვი (Rupicapra rupicapra), ფოცხვერი (Lynx lynx)და კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus).

ფრინველებიდან აქ გვხვდება ისეთი მნიშვნელოვანი სახეობები, როგორიცაა: კრავიჭამია (ბატკანძერი), მთის არწივი, სვავი, შავთვალა მიმინო, წითელფეხა შავარდენი, კავკასიური შურთხი, რუხი წერო, ბუკიოტი და შავთავა წივწივა. ქვეწარმავლებიდან კი ბინადრობს ხმელთაშუა ზღვის კუ.

ნაკრძალის მდინარეებში – პატარა ლიახვში და მის მრავალრიცხოვან შენაკადებში უხვად მოიპოვება კალმახი (Salmo fario trutta).

ენდემური ცხოველები 

არსებული ინფორმაციის თანახმად, ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალში გავრცელებულია 6 კავკასიისა და საქართველოს ენდემური წვრილი ძუძუმწოვარი სახეობა: მცირე ტყის თაგვი (Sylvamus uralensis), პონტო თაგვი (Sylvaemus ponticus), ჩვეულებრივი მემინდვრია (Microtus arvalis), დაღესტნური მემინდვრია (Terricola daghestanicus) და სხვა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო

თქვენი რეკლამა