მუხის გვარი საკმაოდ მდიდარია სახეობებით, ამჟამად, დედამიწის ზედაპირზე, გავრცელებულია მისი 220-მდე სახეობა, მათ შორის კავკასიაში გვხვდება 19, საქართველოში კი ძირითადად გავრცელებულია 8 სახეობა.
ქართული მუხა (ლათ. Quercus iberica Stev) 18-20 მ-მდე, სიმაღლის ხეა, მოგრძო კვერცხისებრი ან მომრგვალო-წაწვეტებული კვირტებითა და მარტივი, უკუკვერცხისებრი ან მოგრძო უკუკვერცხისებრი, 80–160/200/ მმ სიგრძისა და 40-60/100/ მმ სიგანის სქელი, ტყავისებრი, ზედა მხრიდან პრიალა ფოთლებით. ფოთლის ყუნწი 10-33 მმ. სიგრძისაა.
ნაყოფი, რკო, ერთთესლიანი, ყავისფერი 25/35 მმ სიგრძისაა და 15 მმ. დიამეტრისა. მოთავსებულია 15 მმ. სიგრძისა და 15 მმ დიამეტრის ჯამისებრ ბუდეში. მასზე არსებული ხშირი, ერთმანეთზე მიტკეცილი ქერქლები ხშირბუსუსიანია.
აღნიშნულ სახეობას ღრმა და ძლიერ განვითარებული ფესვთა სისტემა ახასიათებს. ტიპიური ქარგამძლეა.
ქართული მუხა სინათლისა და სითბოს მომთხოვნი სახეობაა, ამიტომ იგი ჩვენს მთის ტყეებში, ძირითადად ქვედა სარტყლის მთების წინა კალთებზეა გავრცელებული, თუმცა მეორე სარტყელშიც გვხვდება ზღვის დონიდან 1200-1400 მ. სიმაღლემდე.
ნიადაგის მიმართ იგი დიდ მოთხოვნილებას არ იჩენს. იზრდება თითქმის ყოველგვარ ნიადაგზე, საუკეთესო სახეობას წარმოადგენს აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი ფერდობების გასამაგრებლად და გასატყიანებლად.
მუხის ნერგის აღსაზრდელად რკო სანერგეში ზომიერად, ნოყიერ თიხნარ ნიადაგზე ითესება. თესვა შემოდგომით, ან გაზაფხულზე ხდება, შემოდგომით თესვა დასაშვებია იქ, სადაც ნათესის თაგვით განადგურების საშიშროება არაა, ან ნათესი თაგვის საწინააღმდეგო თხრილის შემოვლებით იქნება დაცული, ზოგ შემთხვევაში სათესლე რკოს თაგვისაგან დასაცავად, თესვის წინ, ნავთში, ტაოტში ან სხვა ნივთიერებაში ავლებენ, რომ სუნის გამო თაგვი განერიდოს, რიგ შემთხვევაში თაგვის საწინააღმდეგოდ სანერგესა და მის ირგვლივ მდებარე ფართობზე არსებული თაგვის ხვრელებში საწამლავს დებენ და ამით თაგვებს სპობენ.
გაზაფხულზე სტრატიფიკაცია გამოვლილ, ოდნავ გაღივებული რკო სათანადო სიფრთხილით ითესება. რკოს თესვა სანერგეში მწკრივებად ხდება, ან ოთხ–ექვს მწკრივად თვითეულ ზოლში.
თესვის ნორმა ერთ გრძივ მეტრზე ასეთია: I ხარისხის თესლი 120 გ, II – 150 გ და III – 200გ; საშუალოდ 40–50 ცალი რკო ერთ გრძივ მეტრზე, რკოს თესვის სიღრმე 4–დან 7 სმ–მდეა.
თესვის სიღრმის დადგენისას საჭიროა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო ზერელედ არის დათესილი რკო, მით უფრო ადრე და ერთდროულად ამოდის, ხოლო შემოდგომისათვის უფრო კარგად განვითარებულია, ამიტომ გადამეტებულ სიღრმეზე თესვა დასაშვებია მხოლოდ შემოდგომით, რომ თესლი ძლიერ ადრე არ აღმოცენდეს და კიდევ ისეთ ნიადაგში, სადაც ნათესის აღმოცენებისათვის ნორმალური ტენიანობა არ იქნება უზრუნველყოფილი.
რკოს ნათესარის მოვლა შედარებით მარტივია: გაზაფხულზე ტენის ნაკლებობის შემთხვევაში კარგია მორწყვა, თუ აღმოცენებამდე ნიადაგის ზედაპირი გამოშრა, საჭიროა მისი ზერელე გაფხვიერება. აღმოცენების შემდეგ კი ჩვეულებრივ მარგვლა–გაფხვიერება წარმოებს. მორწყვა აუცილებელია განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც აღმონაცენს მთლიანად დაჭკნობა–გახმობა მოელის.
იმ შემთხვევაში, როცა მუხის აღმონაცენი ძლიერ გრძელი მთავარი ფესვის ნაცვლად, გვერდით ფესვებს ინვითარებს, უკეთ გახარების მიზნით, მას განსაზღვრულ სიღრმეზე, ფესვმჭრელი დანით ან რკალ დანა-კულტივატორით ფესვებს აჭრიან, შემდეგაც აუცილებლად საჭიროა მორწყვა. ფესვის ჩაჭრა მაშინ წარმოებს, როდესაც მას ორი პირველი, კარგად განვითარებული ფოთოლი აქვს.
ფართობის გასატყიანებლად, უმეტესად ერთ ან ორწლიანს ნერგს იყენებენ, მაგრამ არც თუ იშვიათად სამწლიანის გამოყენება ხდება.
I ხარისხის მუხის ერთ-ორწლიან ნერგს უნდა ჰქონდეს დიამეტრი ფესვის ყელთან 4-8 მმ და ღეროს სიმაღლეა _ 10-25 სმ, II ხარისხისას კი, შესაბამისად 3-4 მმ და 8-12 სმ.
მუხის ვარგისი ნერგის გამოსავალი ერთ გრძივ მეტრზე ერთწლიანი – 20, ორწლიანი 18 ძირია.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ქართული მუხა (Quercus iberica Stev) მეტად საყურადღებო და პერსპექტიული სახეობაა, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნის უტყეო მცირე სისქის, ხირხატიანი ნიადაგების უარყოფითი ეროზიული პროცესებისაგან დასაცავად და გასატყიანებლად.
ავტორები: რუსლან რუხაძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
ზურაბ გიორგაია – ეკოლოგიის მეცნიერების აკადემიური დოქტორი.