„მომავლის მებაღეობის კლასტერმა“ პოლონელი მეცნიერები და ფერმერები გააერთიანა.
პოლონელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლების ჯგუფი გაერთიანდა სამეცნიერო საზოგადოებასთან, რათა შექმნან მომავალი მებაღეობის კლასტერი (Klaster Ogrodnictwo Przyszłości).
კლასტერი აერთიანებს ხილის წამყვან მწარმოებლებს სამეცნიერო საზოგადოებასთან და მიზნად ისახავს შექმნას პლატფორმა პოლონეთის ფერმებში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისთვის.
„რადგან პოლონური მებაღეობის კონკურენტული უპირატესობები, როგორიცაა წარმოების შედარებით დაბალი ხარჯები და კარგი მუშახელის ხელმისაწვდომობა, წარსულს ჩაბარდა, დღეს მათ სჭირდებათ ინოვაციები, ტრანსფორმაცია და მეცნიერებთან თანამშრომლობა“, – ხაზგასმით აღნიშნა კლასტერის კოორდინატორმა მიროსლავ კორზენიევსკიმ.
„მომავლის მებაღეობის კლასტერი“ დააარსეს Agronom Berries, Aronia Eggert, Fieldstone Investments II, Polskie Jagody, Horti Team Paweł Krawiec, InnoTech4Life – ვარშავის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის სპეციალური დანიშნულების ორგანიზაცია, ნიადაგმცოდნეობისა და მემცენარეობის კვლევითი ინსტიტუტი და ასოციაცია Agroekoton.
კლასტერში თანამშრომლობა მიმდინარეობს რამდენიმე დონეზე, რომლის მთავარი ამოცანაა მოიძიოს ინოვაციური, მდგრადი გადაწყვეტილებები, რომლებიც მონაწილეებს საშუალებას მისცემს განავითარონ კონკურენტული უპირატესობები შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე.
ამ მიზნით, კლასტერმა დააფუძნა მებაღეობის ინოვაციების ცენტრი, სადაც მოხდება ახალი ისეთი ტექნოლოგიების ტესტირება, მაგალითად როგორიცაა წარმოების სისტემები განახლებადი ენერგიის გამოყენებით.
კლასტერის დამფუძნებლები ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობაში მიიღება გადაწყვეტილებები წყლის მოხმარების შესამცირებლად, განოყიერებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების მდგრადი შეტანისთვის და ამ მიზნით მზად არიან თანამშრომლობისთვის.
წევრები ასევე განიხილავდნენ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ლოჯისტიკაში და საცალო ვაჭრობაში პოზიციების გაძლიერებას.
კლასტერის წევრებს აქვთ თანამედროვე დანადგარები ან გეგმავენ მათ დამონტაჟებას. თუმცა საჭიროა შემდგომი ინვესტიციები და ყოვლისმომცველი პროექტები, მაგალითად ენერგიის დაზოგვის მიზნით.
წყარო: EastFruit