აბრეშუმის გზის, შუა დერეფნის საავტომობილო გადაზიდვები იწყება. პირველად ჩინური სატვირთოები სატრანზიტო გზით ჩინეთიდან ევროპაში საქართველოს გავლით ჩავლენ. საავტომობილო ტრანსპორტს შეუძლია გადაზიდვის ვადები 12 დღემდე შეამციროს (საზღვაო გზით 52 დღეში მიეწოდება, რკინიგზით – 22 დღემდე სჭირდება).
ისტორიაში პირველად, კურიკისა და ბაქოს საზღვაო პორტების გამოყენებით, ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტით საქონლის სატრანზიტო საგზაო ტრანსპორტირება განხორციელდება, ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო იტყობინება.
ყაზახეთ-ჩინეთის საავტომობილო ტრანსპორტის კომისიის სხდომის ფარგლებში, პირველი სამი ჩინური სატვირთო მანქანა, რომელიც 80 ტონას იწონის, ურუმჩიდან გაემგზავრა, გაიარა სატრანზიტო მარშრუტზე და მიმდინარე წლის 23 მაისს დატვირთული იქნა ბორნით ქალაქის კურიკის პორტში. ჩინური ტვირთი ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-ევროპის მიმართულებით მოძრაობას განაგრძობს.
„ჩინურ მხარესთან საგზაო ტრანსპორტის შესახებ გასულ წელს გაფორმებული შეთანხმება იქცა ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის საკვანძო პუნქტად, რომელიც ხსნის უსაზღვრო შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. დღეს ასობით მილიონი ტონა ტვირთი ჩინეთიდან დასავლეთის ქვეყნებს საზღვაო გზით 52 დღეში მიეწოდება, ტვირთის უფრო მცირე მოცულობებს რკინიგზით – 22 დღემდე სჭირდება. საავტომობილო ტრანსპორტს შეუძლია ეს ვადები 12 დღემდე შეამციროს, ტვირთის გადაზიდვით „კარიდან კარამდე“ შუალედური დატვირთვა/გადმოტვირთვის გარეშე“, – აღნიშნა ალი ალტაიმ, ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს, საავტომობილო ტრანსპორტისა და ტრანსპორტის კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარემ.
გარდა ამისა, ორი სახელმწიფოს სატრანსპორტო დეპარტამენტებმა განიხილეს ნებართვების ფორმების დამატებითი გაცვლის საკითხები 2024 და 2025 წლებში. ნებართვის ფორმების რაოდენობა 2024 წლისთვის იყო 120 000 ერთეული. მომავალ წელს იგეგმება ამ პროცესის გაციფროვნება და ელექტრონულ სანებართვო ფორმებზე გადასვლა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სანებართვო ფორმები გაიცემა შეუზღუდავი რაოდენობით.