პინო შავი — ბურგუნდიული ვაზის ჯიში — საქართველოში

1962 Views Comment Off

მიუხედავად იმისა რომ, პინო შავი ფრანგული წთიელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, მაინც შევიტანეთ კატალოგში.  თავის სამშობლოში, კერძოდ, ბურგუნდიაში იგი იძლევა მაღალხარისხოვან წითელ სუფრის ღვინოს, რომელსაც ახასიათებს საკმაო სხეული, ჰარმონიულობა, ლამაზი შეფერვა, მაღალი გემური თვისებები და შენახვის დიდი უნარი, ხოლო ამ ქვეყნის ჩრდილოეთ ზონაში _ შამპანში, პროდუქცია გამოყენებულია სახელგანთქმული შამპანური ღვინის დასამზადებლად.

როგორც უძველასი ჯიში შავი პინო მრავალ ფორმას შეიცავს ვარიაციებისა და კლონების სახით, რომლებიც წარმოქმნილია საუკუნეთა განმავლობაში, როგორც ბუნებრივი შერჩევის გზით, ისე ადამიანის უშუალო ჩარევით. დასახელებული ვარიაციები და კლონები ურთიერთისაგან მკვეთრად განსხვავდება, როგორც მორფოლოგიურ_ბოტანიკური ნიშნებით, ისე აგრობიოლოგიური და სამეურნეო_ტექნოლოგიური თვისებებით.

ასეთებია: შავი პინო, თეთრი პინო, ნაცრისფერი პინო, იისფერი პინო, საფერე პინო, მწვანე პინო, ოქროსფერი პინო, ადრეული ანუ ივლისის პინო, ისკია, სენლორენისა, ბუტუზესი, კოლა ანდრესი და სხვა მრავალი. ამათგან როგორც მოსავლით, ისე პროდუქციის ღირსებით ყურადღებას იპყრობს მხოლოდ შავი პინო, რის გამოც იგი ფართოდაა გავრცელებული მსოფლიო მევენახეობის რაიონებში, ზოგან ხარისხოვანი სუფრის წითელი ღვინოების დასამზადებლად, ზოგან კი საშამპანურე ღვინომასალის მისაღებად.

მორფოლოგიურ_ბიოლოგიური ნიშნებით შავი პინო დასავლეთ ევროპის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. შავი პინო მევენახეობის თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. ასე მაგალითად გარდა საფრანგეთისა, იგი გვხვდება: იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, სამხრეთ ამერიკის რაიონებ- ში, ბალკანეთის ქვეყნებში,  მოლდავეთში, უკრაინაში, ყირიმში, ყირგიზეთში, საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასიაში და კრასნოდარის მხარეში. ჯიშის ფართოდ გავრცელებას პროდუქციის ღირსებასთან ერთად ხელს უწყობს მოკლე სავეგეტაციო პერიოდი, რის შედეგადაც მისი ვეგეტატიური ნაწილები წარმატებით ასწრებს მომწიფებას მევენახეობის ჩრდილო რაიონებშიაც კი. სწორედ ასეთ რაიონებში იძლევა იგი უმთავრესად მაღალხარისხოვან მასალას შამპანური ღვინის დასამზადებლად.

საქართველოში შავი პინო შემოტანილი იქნა XX საუკუნის დასაწყისში და დაინერგა მცირე ნარგავების სახით _ კახეთში, ქართლსა და იმერეთის რაიონებში. პირველ ხანებში პინოს მოსავალს იყენებდნენ წითელი სუფრის ღვინოების დასამზადებლად, მაგრამ როგორც მოსავლიანობით, ისე პროდუქციის ღირსებით ამ ჯიშმა ჩვენში ვერ გაამართლა იმედები. ამის გამო ხელი მოჰკიდეს მის გადამუშავებას საშამპანურე ღვინომასალად. ამ მხრივ ჯიშმა ზოგიერთ მიკრორაიონში (ვაჭევი, ვარციხე, მუხრანი) კარგი შედეგები გამოიღო და სათანადო ყურადღებაც მიიპყრო.

მის პროდუქციას უმთავრესად იყენებდნენ , როგორც საკუპაჟე მასალას ხარისხოვანი შამპანური ღვინოების დასამზადებლად. მიუხედავად ამისა, ჯიშმა მაინც ვერ ჰპოვა მასობრივი გავრცელება, რადგან მოსავლიანობით ბევრად ჩამორჩებოდა ადგილობრივ ვაზის იმ ჯიშებს, რომელთა პროდუქციას შამპანურისთვის იყენებდნენ, ამავე დროს რიგ რაიონებში შეუფერებელ ნიადაგებზე გაშენების გამო არ გამოირჩეოდა მაღალხარისხოვანი პროდუქციით. ჩვენს ქვეყანაში შამპანური მევენახეობის ფართო განვითარებას ყურადღება მიექცა 1938 წლიდან.

ამ დროიდან სხვა ჯიშებთან ერთად კვლავ დაისვა პინოს გავრცელების საკითხი. გასამრავლებელი მასალის სიმცირის გამო საფრანგეთიდან იქნა გამოწერილი დაფესვიანებული ნამყენი ნერგის მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელიც ჯერ სადედის სახით გაშენდა მუხრანის მეურნეობაში (მცხეთის რ_ნი), ხოლო აქედან თანდათანობით გავრცელდა საქართველოს სხვა რაიონებში. პინოს ნარგაობა ძირითადად გაშენდა: მცხეთის, კასპის, გორის, ხარაგოულის, საჩხერის, ზესტაფონისა და თერჯოლის რაიონის კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში.

1942 წლისათვის საქართველოში 1300 ჰექტარზე გაშენებულ შამპანური დანიშნულების ვენახებიდან 600 ჰექტარზე მეტი ჯიშშავ პინოს ეკავა, მაგრამ მოუვლელობის შედეგად მრავალი ახლად გაშენებული ვენახი ამოვარდა და შეიცვალა ვაზის სხვა ჯიშებით. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ იმერეთის რაიონებში პინო მეტად მცირე მოსავალს იძლეოდა, იმ დროს, როდესაც იმავე პირობებში ვაზის ადგილობრივი ჯიში ციცქა უფრო უხვმოსავლიანი ამოჩნდა. ამის გამო ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა პინოს ნარგაობა შეეცვალა ციცქათი.

საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მევენახეობის განვითარებასთან დაკავშირებით სხვა ადრეულ ჯიშებთან ერთად ფართო ყურადღება მიექცა შავ პინოს გავრცელებას, განსაკუთრებით თეთრი წყაროს, დმანისის, თბილისის მთიანი ზონის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ლენტეხის, ხულოსა და სხვა რაიონებში. მომავალშიაც, იგი ფართოდ უნდა გავრცელდეს როგორც დასახელებულ, ისე მსგავსი კლიმატური პირობების მქონე რაიონებში, რადგან მისგან შეიძლება დამზადდეს ადგილობრივი მოხმარების საკმაოდ ხარისხოვანი სუფრის ღვინო, აგრეთვე საკუპაჟე მასალა მაღალხარისხოვანი შამპანური ღვინოების მისაღებად.

ბოტანიკური აღწერა

ახალგაზრდა ყლორტი. ზრდის კონუსი ბრტყელია და მთლიანად მოფენილია აბლაბუდისებრი მოთეთრო ფერის ბუსუსით, ზედაპირზე ემჩნევა მოვარდისფრო ლაქები. პირველი და მისი მომდევნო მეორე და მესამე ფოთლები როგორც ზედა, ისე ქვედა მხრიდან შებუსვილია მოთეთრო ბეწვისებრი ბუსუსით. ეს შებუსვა უფრო ძლიერია ფოთლების ქვედა მხრიდან. მესამე და მეოთხე ფოთლებზედაც არის ეს შებუსვა, მაგრამ შედარებით უფრო მცირედ, განსაკუთრებით ზედა მხრიდან. კიდევ უფრო მცირდება შებუსვა ქვედა მომდევნო ფოთლებზე და ზედა მხრიდან თითქმის ქრება. ნორჩი ფოთლები ღია მწვანეა და ირგვლივ მკრთალი ვარდისფერი არშია ახლავს.

ყლორტი ღია მწვანეა, შიშველი, ბრყჭვიალა და მწვანე ფერის. ბეწვისებრი მცირე შებუსვა ახასიათებს მის ბაზალურ ნაწილს _ მეორე და მესამე მუხლებს.ერთწლიანი რქა. შემოსული რქა საშუალო სიმსხოსია ან საშუალოზე წვრილი. ღია ყავისფერია და მეტწილად შავი წერტილებითაა დაფარული. მუხლები უფრო ინტენსიურადაა შეფერილი. მუხლთაშორისის სიგრძე 6_10 სმ_მდე აღწევს.ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი მუქი მწვანეა, საშუალო სიდიდისა, მისი საშუალო სიგრძე 14,5_17,7 სმ და სიგანე 14,6_17,3 სმ უდრის. ფორმით მომრგვალოა ან ოდნავ ოვალური, სამ, ხოლო იშვიათად ხუთნაკვთიანია. საკმაოდ სქელია, ტალღისებრი, ზოგჯერ ძაბრისებრი ფორმისაა და ნაპირები ქვემოთ გადმოწეული აქვს. ზედა მხრიდან ფოთოლი წვრილბუშტისებრია, ხოლო ქვედა მხრიდან დაფარულია თხელი აბლაბუდისებრი ბეწვისმაგვარი ბუსუსით.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ბუნებრივ მდგომარეობაში ხშირად დახურულია ურთიერთზე მიახლოებული ან მცირედ გადადებული ნაკვთებით და მომრგვალო ფუძით ან ღია ჩარგისებრია მახვილი ფუძით. ზედა ამონაკვეთი ღია და მცირედ ჩაჭრილია ან საკმაოდ შეჭრილ კუთხეს ქმნის, ზოგჯერ საკმაოდ ღრმაა და დახურული კვერცხისებრი ნასვრეტით ან ჩანგისებრი პარალელური გვერდებით და მახვილი ფუძით. ქვედა ამონაკვეთი უფრო ხშირად ზეზეურია, მცირედ ჩაჭრილი ან ზოგჯერ საკმაოდ შეჭრილ კუთხეს ქმნის. იშვიათად ჩანგისებრია თითქმის პარალელური გვერდებით და მახვილი ფუძით. ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრია, საკმაოდ განიერი ფუძით და მომრგვალებული წვერით. მეორადი კბილები სხვადასხვა ზომისაა, ფორმით სამკუთხედისებრია მახვილი ან მომრგვალებული წვერით. ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან აღწევს 0,8_1,0. ყუნწი უფრო ხშირად მწვანეა და შიშველი. მთავარი ძარღვები მკრთალი მომწვანოა და როგორც ზედა, ისე ქვედა მხრიდან კარგად არის გამოსახული.

შემოდგომის პერიოდში ფოთოლი იღებს მოწითალო შეფერვას, ზოგჯერ მას უვითარდება მოყვითალო იერი.ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით. ყვავილში უფრო ხშირად 5 მტვრიანაა, გვხვდება 4 და 6 _ ზოგჯერ 7 მტვრიანაც. მტვრიანა სიგრძით ბუტკოს ტოლია ან ოდნავ უფრო გრძელი. ყვავილედში ყვავილების რიცხვი 200_260 აღწევს.

მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშით 3,5_5,5 სმ აღწევს. ყუნწი საკმაოდ მსხვილია და მუხლამდე გახევებული. დანარჩენი ნაწილი კლერტით ბალახმაგვარია და ღია მწვანე. მტევანი მცირეა, სიგრძით 8_12 სმ და სიგანით 6_8,5 სმ. ფორმით ხშირად ცილინდრულია ან ცილინდრულ_კონუსისებრი. აგებულებით კუმსი და ზოგჯერ მეტად კუმსი. მეტად კუმს მტევნებში მარცვლები ხშირად დეფორმირებულია.

მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშით 4,5_6 მმ აღწევს. ყუნწი მწვანეა. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებულია და განიერი კონუსისებრია. მარცვალი საჯდომ ბალიშზე საკმაოდ კარგად არის მიმაგრებული. მარცვალი მუქი ლურჯია, თითქმის საშუალო სიდიდის ან საშუალოზე მცირე. მისი საშუალო სიგრძე 12,3_15,2 მმ აღწევს. სიგანე 12,1_15 მმ. ფორმით მომრგვალოა, შუა წელში განიერი და ბოლო მომრგვალებულია. თხელკანიანია, ნაკლებხორციანი და ზედმეტადწვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. მარცვლის კანი საკმაო სქლად არის დაფარული ცვილისებრი ფიფქით.

წიპწა. მარცვალში 1_4 წიპწაა. უფრო ხშირად 2 და 3, იშვიათად 4 გვხვდება. წიპწის სიგრძე 6,5_7 მმ, სიგანე 3_3,5 მმ უდრის. ყავისფერია, მუცლის მხრიდან ღარებში მოჩალისფროა მოყვითალო ელფერით. ქალაძა მომრგვალოა ან ოდნავ ოვალური და საკმაოდ გამოსახული. ნისკარტის სიგრძე 1,8 მმ აღწევს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

საქართველოს პირობებში შავი პინოს სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 145_155 დღეს შეადგენს. ხოლო ფოთოლცვენის დამთავრებამდე 218_235 დღით განისაზღვრება.

დასავლეთ საქართველოში (ვაჭევის მიკრორაიონში) გაზაფხულზე სითბოს შედარებით ადრე დაწყებასთან დაკავშირებით შავი პინო აპრილის პირველ დეკადაში ვითარდება, კვირტების გაშლა 6_8 აპრილიდან იწყება. ყვავილობა მაისის ბოლო რიცხვებიდან. ხოლო ყურძენი შეთვალებას იწყებს ივლისის ბოლოსა და აგვისტოს პირველ რიცხვებში. მასობრივ სიმწიფეს აღწევს აგვისტოს ბოლოსა და სექტემბერის დასაწყისში.

აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში (მუხრანის, დიღმის, თელავის მიკრორაიონები) დასახელებული ბიოლოგიური ფაზები რამდენიმედ დაგვიანებით იწყება და ამის შესაბამისად ყურძენი სრულ სიმწიფეს სექტემბრის პირველ ნახევარში აღწევს.

ვაზის ზრდა და რქის მომწიფება. შავი პინო საშუალო ზრდით ხასიათდება. ღრმა ღონიერ ნიადაგებზე და მაღალი აგროტექნიკის ფონზე მისი ზრდა საშუალოზე ძლიერია. სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის ცალკეული რქის სიგრძე 1,5_2 მეტრამდე აღწევს. საქართველოს პირობებში როგორც ბარად, ისე მთისპირა ზონაში შავი პინოს რქები სრულ სიმწიფეს აღწევს ყურძნის მასობრივი მწიფობის პერიოდში და ღებულობს ჯიშის დამახასიათებელ ელფერს.

მოსავლიანობა. შავი პინო საშუალოზე მცირე მოსავლიანობით ხასიათდება. ხელშემწყობ ეკოლოგიურ პირობებში და აგროტექნიკის მაღალ ფონზე მისი მოსავალი მნიშვნელოვნად მატულობს. მოსავლის პირველ ნიშანს იგი დარგვიდან ზოგჯერ პირველ და უფრო მეტად მეორე წელს იძლევა, ხოლო სრულ მოსავლიანობას მეოთხე წლიდან იწყებს. მუხრანის მევენახეობის ზონაში ვაზის ორმხრივი შპალერული წესით ფორმირებისას და 16_18 კვირტით დატვირთვის შემთხვევაში ერთი ძირის მოსავალი 2_2,5 კგ_მდე აღწევს. განუვითარებელი კვირტები ვაზზე მერყეობს 30_35%_მდე. მოსავლიანი ყლორტების რაოდენობა საკმაოდ მაღალია (70_90%_მდე). რქის პროდუქტიულობაც დიდი ახასიათებს (1,5_1,7). მოსავლიანობის კოეფიციენტი მერყეობს 1,1_დან 1,3_მდე. რქაზე ხშირად 2 მტევანია, თითქმის თანაბარი სიდიდის; გვხვდება აგრეთვე ერთი და სამიც, ერთმტევნიანი ყლორტები საშუალოდ 35%, ორმტევნიანი _ 57%, ხოლო სამმტევნიანი _ 5% შეადგენს.

მოსავლიანობის ზემოაღნული მაჩვენებლებით ხასიათდება შავი პინო ვაჭევის მევენახეობის ზონაშიაც, მაგრამ ვაზის საშუალო მოსავალი იქ მნიშვნელოვნად ნაკლებია. ოთხი წლის მონაცემების მიხედვით დასახელებულ ზონაში ერთი ძირის საშუალო მოსავალი 1,1_1,3 კგ არ აღემატება, რაც აიხსნება ვაზების შედარებით მცირე განვითარებითა და მცირე დატვირთვით.

მუხრანის მევენახეობის ზონის (მცხეთის რ_ნი) საწარმოო ნაკვეთებზე შავ პინოს შედარებით დიდი მოსავალი ახასიათებს (65_72 ცენტ. ჰექტარზე). ქართლის დანარჩენ რაიონებში (კასპი, გორი) მოსავალი მკვეთრად ცვალებადობს (10_დან 25_30 ცენტნერამდე).

იმერეთის რაიონებში ადგილობრივი მოსახლეობა მეტად სკეპტიკურად მოეკიდა შავი პინოს გავრცელების საკითხს. განსაკუთრებით ხარაგოულის (კიცხი, ვარძია), საჩხერის (არგვეთი, სავანე) და თერჯოლის (თერჯოლა, საზანო) რაიონებში, სადაც სრულებით ვერ იღებდნენ ყურძნის მოსავალს. ეს აიხსნებოდა იმით, რომ ვენახები მასობრივად იყო დაკნინებული, გამეჩხრებული (30_80%_ით), გარდა ამისა სრულიად მოუვლელი (გაბალახიანებული და გაყამირებული).

იმავე პირობებში მოქცეული ციცქას ვენახები კი გაცილებით უკეთესი ზრდა_განვითარებით და მოსავლიანობით ხასიათდებოდა. ამან გამოიწვია რიგ მიკრორაიონში ახლად გაშენებული პინოს ვენახების გაუქმება და მათ ადგილას ციცქას გაშენება. შემდგომ წლებში ეს მდგომარეობა ნაწილობრივ გამოსწორდა. გადარჩენილ ვენახებში ჩატარდა აგროწესებით გათვალისწინებული ყველა სახის სამუშაო პროცესი დროულად და მაღალხარისხოვნად, შეივსო გამეჩხრებული ვენახები გადაწიდვნითა და გამორგვით, შეიცვალა ვაზის ფორმირებისა და დატვირთვის წესები.ყოველივე ამის შედეგად მნიშვნელოვნად იმატა მოსავლიანობამ.

ჯიშს ყვავილცვენა და წვრილმარცვლიანობა მცირედ ახასიათებს. ეს უარყოფითი თვისებები მჟღავნდება მხოლოდ არახელსაყრელ ნიადაგურ და კლიმატურ პირობებში, აგრეთვე მოუვლელ ვენახებში.

ჯიშის გამძლეობა ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ

ქართლის პირობებში ჭრაქის მოქმედება შავ პინოზე უფრო მეტად არის შესამჩნევი წვიმიანსა და თბილი ამინდის დროს. ამ შემთხვევაშიაც ვაზის მწვანე მასა უფრო ადვილად ავადდება ვიდრე ყურძენი. ამავე პირობებში არაინტენსიურია ნაცრის მავნე მოქმედებაც. ჯიში უფრო მეტად განიცდის მათ მოქმედებას იმერეთის რაიონებში, სადაც ჭრაქისა და ნაცრის განვითარებისათვის ბევრად უფრო ხელშემწყობი პირობებია. აქედან გამომდინარე, როგორც ქართლის, ისე იმერეთის რაიონებში აგროწესებით გათვალისწინებულია პინოს ვენახების ბორდოს ხსნარით 4_5_ჯერ, ხოლო გოგირდით 2_3_ჯერ წამლობა, რაც სრულიად საკმაოდ უნდა ჩაითვალოს დასახელებული მხარეებისათვის.

მუხრანის მევენახეობის ზონაში (მუხრანი, აღაიანი) შავი პინო ძლიერ ავადდება ფოთლის სიყვითლით. მიუხედავად წარმოებული დაკვირვებისა, ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები, რის გამოც ბრძოლის ღონისძიებებიც არ არის დამუშავებული. დაკვირვება ცხადყოფს, რომ ფოთლების გაყვითლება და ვაზების მასობრივი დაკნინება მარტო კალციუმის კარბონატების სიჭარბით ან რკინის მარილების ნაკლებობით არ უნდა იყოს გამოწვეული. ამჟამად მიმდინარეობს საკითხის საბოლოო შესწავლა და ვფიქრობთ, რომ უახლოეს დროში დადგენილი იქნება როგორც გამომწვევი მიზეზები, ისე ბრძოლის სათანადო ღონისძიებანი.

ჯიში მეტად მგრძნობიარეა ფილოქსერის მიმართ, რის გამო საქართველოში მისი გაშენება უნდა წარმოებდეს ნამყენების სახით. ჯიშის გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება. შუა ქართლის, ზემო და შუა იმერეთის რაიონებში, სადაც ატმოსფერული ნალექები შედარებით მცირეა, შავი პინო სათანადო მოვლის პირობებში კარგ განვითარებას აღწევს და ამავე დროს ნორმალურ და რეგულარულ მოსავალსაც იძლევა. შედარებით უფრო ნალექიან რაიონებში (გურია, სამეგრელო, აჭარა) მისი ზრდა_განვითარება დამაკმაყოფილებელია, მაგრამ განიცდის მასობრივ ყვავილცვენას, რის შედეგადაც თხელი და არატიპიური მტევნების განვითარების გამო მცირეა მოსავალი და პროდუქციის ხარისხიც დაბალია.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ საქართველოს პირობებში შავი პინო მაღალხარისხოვან მასალას იძლევა სამხრეთ ან სამხრეთ_აღმოსავლეთით დაქანებულ, ღორღიან, კალიუმით, ფოსფორითა და კალციუმის კარბონატებით მდიდარ ნიადაგებზე. როგორც ცხელსა და მშრალ რაიონებში, ისე ცივსა და ტენიან პირობებში, აგრეთვე მძიმე თიხნარისა და კირით ღარიბ ნიადაგებზე ჯიში ვერ ამართლებს იმედებს. ამგვარ პირობებში მიიღება სრულიად უბრალო უშინაარსო მასალა როგორც სუფრის ღვინის, ისე საშამპანურე ღვინომასალის დასამზადებლად.

ზამთრის ყინვებისადმი ჯიშის გამძლეობა საერთოდ დამაკმაყოფილებელია. ქართლის ზონაში (მუხრანის მიკრორაიონი) იგი ალიგოტეზე უკეთ იტანს ყინვას. მაგრამ ერთგვარ უარყოფით გავლენას ახდენს მასზე გაზაფხულის წაყინვები, ყლორტების შედარებით ნაადრევად განვითარების გამო მათ მასობრივ დაზიანებას აქვს ხოლმე ადგილი. განსაკუთრებით ჩრდილო_დასავლეთ ექსპოზიციებზე, ამიტომ პინოს გაშენება მიზანშეწონილია სამხრეთისა და სამხრეთ_აღმოსავლეთი ექსპოზიციებზე.

ჯიში გვალვის მიმართ არ იჩენს დიდ მგრძნობიარობას, მაგრამ ნორმალური ზრდისა და უხვი მოსავლის მისაღებად ქართლის მევენახეობის რაიონებში სავალდებულო წესად უნდა ჩაითვალოს ვენახის 2_3 ჯერ მორწყვა.ჯიშის აგროტექნიკის ზოგიერთი თავისებურება. აგროტექნიკური ოპერაციებიდან ყურადღებას იპყრობს გასხვლა_ფორმირების საკითხი.

მრავალწლიური ცდებით და დაკვირვებით დადასტურდა, რომ საქართველოს რაიონებში ვაზის ცალმხრივი წესით ფორმირება, რაც წარსულში იყო გამოყენებული ყველა ჯიშისა და, კერძოდ, პინოს მიმართ, არასაკმაოდ უნდა ჩაითვალოს. საკვლევ დაწესებულებათა მიერ შემუშავებული ვაზის უფრო დიდი დატვირთვის ფორმებიდან უფრო შედეგიანია ორმხრივი შპალერი და მრავალსაკავებლიანი ფორმა _ საშუალოდ ვაზის 16_24 კვირტამდე დატვირთვით.

დასახელებულმა ფორმებმა მცხეთის რაიონში და, კერძოდ, მუხრანის, საგურამოს, მისაქციელის, წილკანის, აღაიანისა და სხვა მიკროარიონებში, აგრეთვე ვაჭევის მევენახეობის ზონაში (ზესტაფონის რ_ნი) გაამართლა იმედები. მხოლოდ აუცილებელია, რათა ამ ფორმების მასობრივად დანერგვას საფუძვლად დაედოს აგროღონისძიებათა კომპლექსის დროულად და მაღალხარისხოვნად ჩატარება, ნიადაგის გაპატიება მინერალურ_ორგანული სასუქებით, ტენით დეფიციტიან რაიონებში 2_3_ჯერ მორწყვა, მწვანე ოპერაციებიდან _ ყლორტების დანორმება, ნამხრევების შეცლა, ცის გახსნა და სხვ., წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია მომდევნო წლებში ვაზების მასობრივი დაკნინება და მოსავლის მკვეთრი შემცირება.

სანაყოფე რქაზე კვირტების შემოწმებას ცხადყო, რომ უხვმოსავლიანი ყლორტები შავ პინოს უფრო მეტად უვითარდება ბაზისიდან ზევით 4_8 მუხლებზე, ამიტომ მისი სხვლა უნდა წარმოებდეს რქაზე 5_7 კვირტის დატოვებით.

შემცვლელი კვირტებიდან წარმოქმნილი ყლორტები მეტწილად მოსავლიანია, რის გამოც ვაზის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა შემცვლელი ყლორტების მოცილება მათზე ყვავილედების გამოჩენისთანავე. მათი დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება აუცილებელი, როდესაც მთავარი ყლორტი დაზიანდება მექანიკურად ან უმოსავლო აღმოჩნდება.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

სამეურნეო დანიშნულებით შავი პინო მაღალხარისხოვან საღვინე და საშამპანურე ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ამ ღირსებას იგი საქართველოს რიგ რაიონებში ამჟღავნებს, რის გამოც იგი შეტანილია ვაზის ჯიშის სტანდარტულ ასორტმენტში, განსაკუთრებით შამპანური ღვინის მრეწველობის ფართო განვითარებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შავი პინო საუკეთესო შედეგების მომცემია საქართველოს მთიან რაიონებში, სადაც მევენახეობის განვითარებას ამჟამად დიდი ყურადღება ექცევა. ამ პირობებში იგი სავსებით ამართლებს იმედებს, როგორც ყურძნის ნაადრევად მომწიფებით, ისე პროდუქციის მაღალი ღირსებით.

დასახელებულ ზონებში შავი პინო მტევნისა და მარცვლების რაოდენობის მხრივ არ ამჟღავნებს მკვეთრ სხვაობას. ამის დამადასტურებელია ჯიშისათვის დამახასიათებელი მტევნის საშუალო წონა (95_102 გ), მარცვლების რაოდენობა მტევანზე (66_74), აგრეთვე თვით მტევნის შედგენილობა _ კლერტის, კანის, წიპწისა და წვენის სახით.

საფრანგეთიდან ჩამოტანილ სარგავი მასალით გაშენებულ პინოს ნაკვეთებზე გვხვდებოდა უხვმოსავლიანი და დიდმტევნიანი ვაზის ძირები. მორფოლოგიური აღნაგობით ეს ვაზები პინოს მსგავსია (ფოთლის მორფოლოგიური ნიშნებით, ყვავილის ტიპით, მარცვლის ფერით, ვაზის საერთო განვითარებით), მაგრამ განსხვავდება მტევნის სიდიდითა და მტევანზე მარცვლების სიმრავლით. მათი მტევნის საშუალო წონა 200 გ. აღემატება 150_155 ცალი მარცვლით. საფიქრებელია, რომ იგი პინოს ვარიაციაა, რომელიც პროდუქციის ღირსებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნამდვილ პინოს.

მარცვლის მექანიკური ანალიზი შემდეგ სურათს იძლევა: 100 მარცვლის საშუალო წონა 123_129 გ აღწევს. რომლებშიც 200_210 წიპწაა, წონით 5,7_6,9 გ. ყოველ 100 მარცვალში ერთწიპწიანი მარცვლები _ 12,5%, ორწიპწიანი _ 50,7%, სამწიპწიანი _ 24,6% და ოთხწიპწიანი _ 12,2% შეადგენს. ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში შაქრიანობა 18,5_დან 20,5%_მდე, ხოლო საერთო მჟავიანობა 9,5_დან 10,5‰–მდე აღწევს, როდესაც იგი საშამპანურე ღვინომასალის დასამზადებლადაა გათვალისწინებული, რთველს ატარებენ მაშინ, როცა ყურძენში შაქრიანობა 17_18%_მდე მიაღწევს. ყურძნის ვაზზე ხანგრძლივად დატოვებისას მასში შაქრიანობა მნიშვნელოვნად მატულობს და იგი ხშირად 22%_მდე.

აქვე მოგვყავს დაკვირვებათა შედეგები შავი პინოს ყურძნის სიმწიფის დინამიკაზე. შავი პინო ვაჭევის ზონაში აგვისტოს მეორე ნახევრიდან იწყებს შაქრის საკმაო რაოდენობით დაგროვებას (16,7%), მაგრამ მისი ნორმალური რაოდენობით დაგროვება მიმდინარეობს აგვისტოს ბოლო რიცხვებში. საშამპანურე ღვინომასალის დასამზადებლად რთველი სწორედ ამ პერიოდში ტარდება. უფრო დაგვიანებით დაკრეფისას შაქრის მკვეთრ მატებას მაინც არა აქვს ადგილი და სექტემბრის ბოლო რიცხვებში 21% არ აღემატება. შაქრის მნიშვნელოვან მატებას შემდგომ თვეშიაც არა აქვს ადგილი.

დაჭაშნიკების შედეგად  დამზადებულმა ღვინომასალებმა შემდეგი შეფასება მიიღო:მუხრანის ნიმუში: ფერი ღია, სუფთა, ჰარმონიული, შინაარსიანი, ხარისხოვანი მასალა შამპანურისათვის. საჩხერის ნიმუში: ფერი ღია, სუფთა, ჰარმონიული, მჩატე და საკმაოდ ნაზი მასალა შამპანურისათვის.ლაშეს ნიმუში: ღია ფერის, სუფთა, ჰარმონიული, ბუნებით კარგი მასალა შამპანურისათვის.ვაჭევის ნიმუში: ღია ფერის, სუფთა, ჰარმონიული, სასიამოვნო სიმჟავით, ხილის არომატით და გემოთი, ხალისიანი მასალა შამპანურისათვის.

ზემოთ მოხსენებულით, ნათლად დასტურდება, რომ ჩვენს პირობებში შესაძლებელია შავი პინოს გამოყენება ხარისხოვანი შამპანური ღვინის დასამზადებლად.

მასალის ქიმიური ბუნება და გემური თვისებები მისი შამპანურის საკუპაჟე მასალად გამოყენების სრულ შესაძლებლობას იძლევა. ამ მიზნით იმერეთის რაიონებში მის მასალას იყენებენ კუპაჟში ციცქას პროდუქციასთან, ხოლო ქართლში ჩინურთან და გორულ მწვანესთან. როგორც დეგუსტაციის შედეგებმა დაადასტურა, კუპაჟქმნილი მასალა მნიშვნელოვნად მაღალი ღირსებისაა როგორც ქიმიური ბუნებით, ისე გემური თვისებებით.

საერთო შეფასება და დარაიონება

შავი პინო ადრეული მწიფობის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ქართლისა და იმერეთის რაიონებში წარმოებული დაკვირვებანი ცხადყოფს მისი პროდუქციის ფართოდ გამოყენებას საკუპაჟე მასალად ხარისხოვანი შამპანური ღვინის დასამზადებლად.

საქართველოს მაღალმთიან რაიონებში დასახელებული ჯიში, როგორც ადრეული, წარმატებით შეიძლება გავრცელდეს ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის ღვინისა და საშამპანურე ღვინომასალის მისაღებად.

მაღალხარისხოვანი საშამპანურე ღვინომასალის მიღების მიზნით შავი პინოს რთველი უნდა ჩატარდეს ქართლის რაიონებში სექტემბრის პირველ ნახევარში, ხოლო შუა და ზემო იმერეთის რაიონებში აგვისტოს დამლევს და სექტემბრის დასაწყისში.

ვაზი საშუალო ზრდა_განვითარებისაა. ხელშემწყობ ეკოლოგიურ პირობებში და მაღალი აგროტექნიკის ფონზე ზოგიერთ მიკრორაიონში (მუხრანი, საგურამო, მისაქციელი) საშუალოზე ძლიერ ზრდას ამჟღავნებს.

ჯიში საშუალო ან საშუალოზე მცირე მოსავლიანობით ხასიათდება. მოსავლის გადიდებისა და ვაზის საერთო ზრდა_განვითარების უზრუნველსაყოფად, ვაზის ფორმირება უნდა წარმოებდეს ორმხრივი შპალერული წესით, ან მრავალსაკავებლიანი ფორმით იმ ანგარიშით, რომ ვაზის საერთო დატვირთვა არ აღემატებოდეს 16_24 კვირტს.

სოკოვან ავადმყოფობათა (ჭრაქი, ნაცარი) მიმართ ნაკლებ გამძლეობას იჩენს, განსაკუთრებით თბილსა და ტენიან რაიონებში (იმერეთი). შედარებით მცირე ნალექიან რაიონებშიაც (ქართლში) განიცდის მათ მავნე გავლენას, რის გამოც აუცილებელია წამლობის ჩატარება ბორდოს ხსნარით 4_5_ჯერ და გოგირდით 1_2_ჯერ.

ზამთრის ყინვების მიმართ საკმაო გამძლეა. მუხრანის მევენახეობის ზონაში ერთსა და იმავე პირობებში გაშენებული პინოსა და ალიგოტეს ნაკვეთებზე უკანასკნელი უფრო მეტად დაზიანდა ყინვების მავნე მოქმედებით.

საქართველოს პირობებში ვაზის გაღვიძება და ყლორტების განვითარება სხვა ჯიშებთან შედარებით რამდენიმე დღით ადრე წარმოებს და თუ ამ პერიოდში დაუდგა გაზაფხულის წაყინვები, მოსალოდნელია მწვანე მასის დაზიანება. განსაკუთრებით ეს მოვლენა ვითარდება ვაკე ადგილებში და ჩრდილო ან ჩრდილო_დასავლეთით დახრილ ნაკვეთებზე. აქედან გამომდინარე მისი გაშენება უნდა წარმოებდეს სამხრეთით, ან სამხრეთ_აღმოსავლეთით დახრილ ფერდობებზე.

ცივსა და ტენიან, მძიმე თიხნარ ნიადაგურ პირობებში, სადაც ამავე დროს კალციუმის კარბონატების სიმცირეა, შავი პინო დაბალხარისხოვან მასალას იძლევა, როგორც შამპანური, ისე სუფრის ღვინოების დასამზადებლად. ასევე შეუფერებელია ჯიშისათვის ცხელი და მშრალი რაიონები, რადგან მეტად უშინაარსო, არაჰარმონიულ მასალას იძლევა.

სხვა შემოტანილ ჯიშებთან (ალიგოტე, შარდონე) შედარებით შავი პინო შაქრის საკმაო რაოდენობას აგროვებს (22_23%), მაგრამ შაქრის მატებას არ მოსდევს მჟავიანობის მკვეთრი დაცემა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხოვანი ღვინისა და საშამპანურე ღვინომასალის დასამზადებლად.

ჩვენში შამპანური მევენახეობის ფართოდ განვითარებასთან დაკავშირებით შავი პინო მეტად პერსპექტიულია. მისი გაშენება, პირველ რიგში, უნდა წარმოებდეს თანამედროვე გავრცელების რაიონებში და უმთავრესად ქართლში (მცხეთის, კასპის, დუშეთის, გორის, ქარელისა და ხაშურის რაიონებში) და იმერეთში (ხარაგოულის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონისა და თერჯოლის რაიონებში), შავი პინოს გავრცელება საფუძვლად უნდა დაედოს აგრეთვე მესხეთში მევენახეობის შემდგომ განვითარებას, განსაკუთრებით ახალციხისა და ასპინძის რაიონებში.

როგორც ადრეული მწიფობის ჯიში ფართოდ უნდა გავრცელდეს უმთავრესად: ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, თეთრიწყაროს, დმანისის, ბოლნისის, ჯავის, ზნაურის, ლენტეხის, ხულოს, თბილისის და სხვ. მაღალმთიან რაიონებში.

ვინაიდან ჯიში მგრძნობიარობას იჩენს ფილოქსერის მიმართ, აუცილებელია მისი ნამყენების სახით გაშენება სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე საძირეებზე.

პინო

წყარო: enoteca.ge, რედაქცია «აგროკავკასია»

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB