ჰაერის შემადგენლობაში შემავალი ძირითადი გაზებია: აზოტი (78,06%), ჟანგბადი (21%), არგონი (0,9%), ნახშირბადის დიოქსიდი (0,03%). დასახელებული გაზების გარდა ატმოსფეროში არის ძალიან მცირე რაოდენობით ნეონი, კრიპტონი, ქსენონი. მინარევების სახით გოგირდის დიოქსიდი SO2 , ამონიაკი NH3, ჟანგბადი O2 და ნახშირბადის დიოქსიდი CO2 – ატმოსფეროს გარდა არის წყალშიც.
დღე-ღამის და სეზონების განმავლობაში CO2-ის შემცველობა იცვლება, რაც დაკავშირებულია ფოტოსინთეზთან.
CO2 – ის წარმოქმნის წყაროები: მცენარეთა და ცხოველთა ნარჩენებში არსებული ნახშირბადის დაჟანგვა, ადამიანის, ცხოველების და მცენარეთა სუნთქვა, ნიადაგის სუნთქვა.
დედამიწაზე ფოტოსინთეზის პროცესში მცენარეები ყოველწლიურად 58,9 მილიონ კგ CO2 -ს ხმარობს (მისი მთელი მარაგის 1/35-ს). CO2 -ს შემცველობა ატმოსფეროში მყარია – 0,03%, რისი მძლავრი რეგულატორი ზღვები და ოკეანეებია.
მთელი რიგი კულტურების ზრდის დასაჩქარებლად სათბურებში ზრდიან CO2-ის და სინათლის რაოდენობას ერთდროულად, რათა მიიღონ ბოსტნეულის კარგი მოსავალი, გამოიყვანონ ყვავილები, დეკორატიული მცენარეები და სხვ.
CO2-ის რაოდენობა ტყის ცენოზებში განსხვავებულია სიმაღლის მიხედვით,- ყველაზე მეტია ნიადაგის ზედაპირზე, ყველაზე ნაკლები-ვარჯთან, სადაც ხდება CO2- ის ინტენსიური ასიმილაცია.
მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებით ინდუსტრიული ცენტრების მახლობლად გამოიყოფა აირები, რომლებიც მავნედ მოქმედებენ მცენარეზე. მაგალითად, SO2 – გოგირდის ორჟანგი, რომლის 1/100 000 კონცენტრაციის ხანგრძლივი მოქმედებით მცენარეები ძალიან ზიანდება.
გოგირდოვანი აირისაგან ყველაზე ძლიერ ზიანდება წიწვოვანები და მარადმწვანე მცენარეები. წიწვოვანებიდან: სოჭი, ნაძვი, კავკასიის ფიჭვი, ლარიქსი, უთხოვარი და სხვ. ფოთლოვანებიდან: იფანი, რცხილა. კარგად იტანენ: მუხა, თელა, წიფელი, მურყანი, ალვის ხე და სხვ.
ინდუსტრიული ცენტრების გამწვანებისას უპირატესობა ფოთლოვან ჯიშებს უნდა მიეცეს!
ბალახოვანი მცენარეები ნაკლებ ზიანდება მავნე აირებისაგან. უფრო ძლიერ მგრძნობიარენია: სამყურა, ლობიო და სხვა. გამძლეებია: კარტოფილი, ჭარხალი, წითელი კომბოსტო.
დეკორატიული ყვავილოვანი მცენარეებიდან საკმაოდ გამძლეა: ციცინო, დევისპირა, სურნელოვანი თამბაქო, პეტუნია, ხავერდულა, კლდის დუმა. ძალიან მგრძნობიარეა: ასტრა, ჩინური მიხაკი, ცელოზია, იპომეა, ბალზამინა, იორდასალამი, ფლოქსი და სხვ.
ატმოსფეროს ელექტრობა (მეხი) ბალახოვან მცენარეებზე არ მოქმედებს. იგი მოქმედებს დიდი სიმაღლის ხე-მცენარეებზე. ყველაზე მეტად ზიანდება ალვის ხე, მუხა; ნაკლებ – სოჭი, ფიჭვი; უფრო ნაკლებ – ნაძვი, წიფელი, ცაცხვი, არყი.
იონიზებული გამოსხივების გავლენა მცენარეზე – რენტგენის სხივები, რომელთა ტალღის სიგრძე 1/10000 ს უდრის. დამოკიდებულების მიხედვით მცენარეებს ყოფენ: მცენარეები, რომლებზედაც რენტგენის სხივები არ მოქმედებენ, სუსტად მოქმედებენ, მცენარეები, რომლებიც რენტგენის სხივების მიმართ მგრძნობიარენი არიან. დასხივების შედეგად შეიძლება ჭრელფოთოლა ფორმების, ალბინოსების, ქონდარა ფორმების მიღება.
მცენარეთა დამოკიდებულება რადიოაქტიურ ნივთიერებებით მდიდარ ადგილსამყოფელთან – იმ ნიადაგებსა და მთის ქანებთან, რომლებიც მდიდარია რადიოაქტიური ნივთიერებებით. ის მცენარეები, რომლებიც კარგად უძლებენ ამ ადგილებს ინდიკატორებადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ასეთებია: გლერძას ზოგიერთი სახეობა, ვაციწვერას, თავყვითელას სახეობები, ფიჭვის, სოჭის, ღვიას გარკვეული სახეობები.
ჟანგბადისადმი დამოკიდებულების მიხედვით ორგანიზმები იყოფა აერობებად – რომლებიც არსებობისთვის ჟანგბადს საჭიროებენ (ასეთია ორგანიზმთა უმრავლესობა) და ანაერობებად – რომლებიც უჟანგბადო გარემოში ბინადრობენ (ზოგიერთი ბაქტერია, უმარტივესები და სხვ.)
ბაღის დიზაინერი
შექმნაზე მუშაობდნენ:
ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი;
ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი;
მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი.