ნიახური (ლათ. Apium, კულტურული ნიახური – Apium graveolens) ორწლოვანი (იშვიათად ერთწლოვანი) სანელებელი კულტურაა.
ნიახურის არომატული ძირი და ფოთლები (როგორც ნედლი ისე გამხმარი სახით) კულინარიაში და საკონსერვო მრეწველობაში გამოიყენება.
ნიახური შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, სწორედ ეთერზეთების დამსხაურებაა ნიახურის სპეციფიკური არომატული სუნი.
ბიოლოგიური დახასიათება
ნიახური ორწლიანი ჯვარედინად დამტვერავი მცენარეა, პირველ წელს ივითარებს ფოთლების როზეტს და ძირს, ხოლო მეორე წელს – საყვავილე ღეროს და თესლს.
თესლი წვრილია, საკმაოდ ნელა ღივდება. დათესვიდან 20-35 დღეში იწყებს აღმოცენებას. ღივები ელიფსურია – წვრილი, მოკლეყუნწიანი ლებნის ფოთოლაკებით.
მცენარე პირველ პერიოდში ძალიან ნელა ვითარდება.
ცნობილია ნიახურის 3 სახესხვაობა: ძირიანი, ყუნწიანი და ფოთლიანი. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ფოთლიანი სახესხვაობა.
ძალიან საინტერესოა ძირიანი ნიახური, რადგან საჭმელად მოიხმარება მისი არამარტო ფოთლები, არამედ ძირხვენებიც.
დამოკიდებულება გარემო პირობებთან
ნიახურის ღივები ყინვებს -3-40C ტემპერატურის ფარგლებში კარგად იტანს. მოზრდილი მცენარეები -7-90C და მეტ ყინვასაც საგრძნობი დაზიანების გარეშე უძლებენ.
დიდი ყინვები, განსაკუთრებით, თუ ისინი დროგამოშვებით, თბილი ამინდით იცვლება ხოლმე, იწვევს ფოთლის ფირფიტის წვეროების დაზიანებას, ხოლო ყუნწები და ზრდის წერტილი ამ დროსაც დაუზიანებელი რჩება.
მიუხედავად ამისა, ნიახურის ზრდისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 17-190C-ია.
ნიახურისათვის საუკეთესოდ ითვლება ნეშომპალით მდიდარი ნაკვეთები, მაგრამ შეიძლება მოვიყვანოთ ნაკლებად ნოყიერ თიხნარ ნიადაგებზეც. ასეთ შემთხვევაში, საწარმოებელ ფართობზე საჭიროა გადამწვარი ნაკელის შეტანა 40-60 ტ/ჰა-ზე, ან სხვა შესაბამისი საშუალება. ნიახური კარგად იზრდება ტენიან ნიადაგებზე.
ნიხაურისთვის ნიადაგი იხვნება 25-30 სმ-ის სიღრმეზე.
თესვა-რგვა
ნიახურს თესავენ გვიან შემოდგომით, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე.
ნიახური უკეთეს შედეგს იძლევა წინასწარ გამოყვანილი ჩითილებით დარგვის დროს.
თესლს თესავენ ქილებში ან ყუთებში და ათავსებენ სათბურში ან კვალსათბურში. დათესვიდან 60-65 დღის შემდეგ, როდესაც მცენარეს განუვითარდება 4-5 ფოთოლი, რგავენ კვლებში 2-3 მწკრივიან ზოლებად, მწკრივთაშორის 25-30 სმ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 10-15 სმ-ის დაშორებით, გადარგვას კი ადრე გაზაფხულზე იწყებენ.
ნიახურის მაღალი მოსავლის მისაღებად, საჭიროა ინტენსიური რწყვა, დაუშვებლია ნიადაგის ძლიერი გამოშრობა.
სავეგეტაციო პერიოდი: 100-180 დღე (გაარკვიეთ ჯიშის შეძენის დროს).
გისურვებთ წარმატებას.
იხილეთ აგრეთვე: ნიახურის ფესვები – სამკურნალო თვისებები და რეცეპტები