ფუტკრის მოვლისა და გამრავლების მეთოდები-კაშკოვსკის სისტემა

2963 Views Comment Off

კაშკოვსკის სისტემა

ცნობილმა მეცნიერმა და პრაქტიკოსმა მეფუტკრემ ვლადიმერ კაშკოვსკიმ შექმნა „ფუტკრის მოვლის კემეროვოს სისტემა“.

მას შემდეგ, ფუტკრის მოვლის ეს პროგრესული სისტემა კაშკოვსკის ან კემეროვოს სისტემის სახელითაა ცნობილი. ვფიქრობ, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება მასთან გაცნობა.

მასში მინიმუმამდეა დაყვანილი მეფუტკრის სამუშაოები, რაც სამჯერ მეტი ფუტკრის ოჯახის მოვლის საშუალებას იძლევა და იმავდროულად 30-50%-ით ზრდის პროდუქტიულობას.

ამ სისტემის ძირითადი დებულებებია:

  • ამოღებულია ოჯახების გათანაბრება, სამაგიეროდ ადრე გაზაფხულზე ყველა ფუტკრის ოჯახს ორჯერ უთანაბრებენ საკვებ მარაგს;
  • ხელს არ უშლიან ბუნებრივ ნაყრობას;
  • ერთი ან ორი ჩარჩოთი ბუდის გაფართოება შეცვლილია ბუდის ერთჯერადი გაფართოებით;
  • ყოველწლიურად ღალიანობის წინ ცვლიან დედებს;
  • ყოველწლიურ ნამატს ღებულობენ მხოლოდ ძლიერი ოჯახებიდან;
  • ყოველწლიურად შემოდგომაზე, ლიკვიდაციას უკეთებენ საფუტკრის 20%-დე სუსტ ოჯახებს მათი შეერთების გზით.

ახლა კი გადავიდეთ ამ პროგრესული სისტემის აღწერაზე

საგაზაფხულო სამუშაოები

პირველივე საგაზაფხულო ხილვისას ოჯახებს ახალ დეზინფიცირებულ სკაში გადასვამენ და უმატებენ თაფლიან-ჭეოიან ჩარჩოებს იმ გათვლით, რომ ოჯახს 8-12 კგ თაფლის მარაგი ჰქონდეს (ფუტკრის ოჯახების გათანაბრების მაგივრად ათანაბრებენ საკვებ მარაგს).

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბარტყის გაჩენის შემდეგ ფუტკრის ოჯახი საშუალოდ 200 გრ. თაფლს ჭამს დღეღამეში. აქედან გამოდის, რომ 8 კგ თაფლს ფუტკრის ოჯახი 40 დღეში მოიხმარს, 9 კგ-ს — 45 დღეში, ხოლო 10 კგ-ს — 50 დღეში. ეს საშუალებას გვაძლევს ზუსტად განვსაზღვროთ, გაზაფხულის მცირეღალიანობის ან უღალობის დროს, შემდეგი ხილვის დრო, რომლის მიზანია საკვები მარაგის შევსება და ბუდის გაფართოება.

ამ მიზნით საწყობში წინასწარ ამზადებენ მეორე კორპუსს, რომელშიც ათავსებენ 5 ჩარჩოს თაფლით და 7 ჩარჩოს ხელოვნური ფიჭით. ამ კორპუსს პირდაპირ ათავსებენ ძირითად, პირველ კორპუსზე. სამუშაო სრულდება სწრაფად, ქვედა კორპუსის ბუდის გაუხსნელად, რაც დედაფუტკარს ხელს არ უშლის კვერცხდებაში. შემდეგ ხილვას ატარებენ 30-36 დღის შემდეგ.

ექსპერიმენტებით დადგენილ იქნა, რომ ფუტკრის ოჯახების ხილვების შემცირებისას, ოჯახები უკეთ მუშაობენ, დედა ფუტკარი მეტ კვერცხს დებს, ხოლო მეფუტკრეს შეუძლია იგივე შრომითი დანახარჯებით 5-6-ჯერ მეტ ფუტკრის ოჯახს მოუაროს.

კაშკოვსკის სისტემაში ასევე ამოღებულ იქნა სუსტი ოჯახების გაძლიერება ძლიერი ოჯახების ხარჯზე, როგორც არამიზანშეწონილი, რადგან ის იწვევდა სუსტი ოჯახების გადასვლას სანაყრე მდგომარეობაში, რითაც მთლიანი საფუტკრის თაფლპროდუქტიულობა 5-15 %-ით მცირდებოდა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სუსტი ოჯახების ასეთი გაძლიერება სხვა ძლიერი ოჯახების ხარჯზე ხელს უწყობს ნამეტი ახალი ოჯახების მიღებას სუსტი ოჯახებიდან, ეს კი დამღუპველია სელექციის თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, თანამედროვე მეფუტკრეობის ტექნოლოგიაში მიღებულია და სახელმძღვანელოებშიც რეკომენდაციას უწევენ საკმაოდ შრომატევად ფუტკრის ოჯახების გათანაბრების მეთოდს. ეს მეთოდი ამცირებს საფუტკრის საშუალო პროდუქტიულობას და ფაქტიურად სპობს სელექცია-მომშენებლობის სამუშაოებს, რის შედეგად მომდევნო წლებში საფუტკრის პროდუქტიულობა კიდევ უფრო ეცემა. ამის გარდა სკიდან სკაში ჩარჩოების გადატანა არაჰიგიენურია, რადგან შეიძლება დაავადების გავრცელებას შევუწყოთ ხელი.

ჩატარებულმა ცდებმა აჩვენეს, რომ მიუხედავად წლის განმავლობაში ფუტკრის ოჯახების 3-ჯერ ჩატარებული გამოთანაბრებისა, ფაქტიურად ოჯახების გათანაბრება არ მოხდა (იგივე შედეგამდე მივიდა ტარანოვი, როდესაც 70-იან წლებში მეფუტკრეობის სამრეწველო ტექნოლოგიას ქმნიდა). უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ფუტკრის ოჯახების გათანაბრების სამუშაოები საკმაოდ შრომატევადია.

კაშკოვსკი ღალის წინ და საშემოდგომო ხილვისას სუსტი ოჯახების შეერთება-ლიკვიდაციის რეკომენდაციას იძლევა. მისი მეთოდით ახალი ოჯახები მიიღება მხოლოდ ძლიერი, სანაშენო, ოჯახებისგან ბუნებრივი ნაყრობის ან ხელოვნური გაყოფის გზით. ასეთი გადარჩევის შედეგად 3 წელიწადში ნებისმიერი მიუხედავი და არარენტაბელური საფუტკრეც კი გამოთანაბრდა და მომგებიანი გახდა.

ნაყრიანობა და მთავარი ღალიანობა

უმეტესი რეკომენდაციები მეფუტკრეობის სახელმძღვანელოებში მიმართულია ნაყრობის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, განსაკუთრებით, დიდ საფუტკრეებში. ამიტომ კაშკოვსკის სისტემის მიხედვით, არ ებრძვიან განსაკუთრებულად ნაყრიანობას და ნაყრებს იყენებენ როგორც ახალი ჩარჩოების ასაშენებლად, ისე თაფლის შესაგროვებლად.

ამასთან ერთად ცდილობენ იყოლიონ საფუტკრეებში ნაყრიანობისადმი ნაკლები მიდრეკილების მქონე ფუტკრის ოჯახები. ამისთვის ახდენენ ადვილად მონაყრე ოჯახების გამოწუნებას, ამრავლებენ მხოლოდ ძლიერ, მაღალპროდუქტიულ ოჯახებს, რომლებსაც არ აქვთ მიდრეკილება ნაყრიანობისკენ.

ამასთან აძლევენ საკმაოდ ბევრ ჩარჩოს ხელოვნური ფიჭით შენებისათვის, ცვლიან ყოველწლიურად დედებს და წინასწარ აფართოებენ ბუდეს, ღალიანობის დროს თაფლს არ იღებენ (ელოდებიან ღალიანობის დამთავრებას), ამით მეფუტკრეს უმცირდება სამუშაო და არც ფუტკარს ეშლება ხელი მუშაობაში.

ცდებით დადგინდა, რომ თაფლის ღალიანობის დროს ამოღება მეფუტკრესაც მძიმე ტვირთად აწვება, ამასთან თაფლის მომწიფებაც, ხანდახან არ შეესაბამება სტანდარტს. ამის მაგივრად თითოეულ ოჯახზე უმჯობესია შექმნათ 36 ბუდის ჩარჩოიანი მარაგი, რომელიც საშუალებას იძლევა ყველა ოჯახმა უმტკივნეულოდ დააგროვოს 80-90 კგ თაფლი.

თაფლის ამოღება

თაფლიანი ფიჭების ამოღება საკმაოდ შრომატევადია. თითოეული ფიჭის ამოღების ნაცვლად, რეკომენდირებულია დამწიფებული თაფლიანი კორპუსების ან მაღაზიების მთლიანად მოხსნა. ფუტკრის გასარეკად გამოიყენება კვამლი და ჰაერის ნაკადი მტვერსასრუტიდან.

დედების შეცვლა

დედების შეცვლას ახდენენ მთავარი ღალიანობის დაწყების წინ. ამასთან, ძველი დედის ნაცვლად ნუკლეუსში კვლავ გაუნაყოფიერებელ დედა ფუტკარს სვამენ, ან მწიფე სადედე გადააქვთ. ამის შედეგად იზრდება თაფლის მოპოვება ორი ფაქტორის გამო. პირველი, ეს არის დედის კვერცხისდების შეწყვეტის და მუშა ფუტკრების შიდა სამუშაოებისგან გათავისუფლება, მეორე კი, ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა.

კაშკოვსკიმ ცდებით აჩვენა, რომ ის მუშა ფუტკრები, რომლებიც არ იღებდნენ მონაწილეობას ბარტყის გამოზრდაში, 100-150 დღესაც კი ცოცხლობენ. თუ მოსალოდნელია მეორე გვიანი ღალა ძველ დედა ფუტკარს ცალკე გამოყოფენ ორ-სამ ჩარჩო ფუტკართან ერთად და აერთებენ ძირითად ოჯახს მეორე ღალიანობის დაწყების წინ.

კაშკოვსკის სისტემა ყოველწლიურად მოითხოვს ვცვალოთ დედა ფუტკრები ყველა ოჯახში, რადგან, როგორც კორობლიოვმა აჩვენა და სხვა ცდებითაც დამტკიცდა, ერთწლიანი დედები 100%-ით გამოიზამთრებენ, ორწლიანებში გამოზამთრების პროცენტი 93-95 %-ია, ხოლო 3 წლიანებში 75-80 %.

სანაშენე საქმე და ფუტკრის ოჯახების გამრავლება

კაშკოვსკის ფუტკრის ოჯახების მოვლის სისტემა წარმოუდგენელია კარგად წარმართული სანაშენო საქმის გარეშე, რადგან კარგად წარმართული სანაშენო საქმე 2 წელიწადში 20-25%-ით ზრდის ფუტკრის ოჯახის და საფუტკრის საერთო პროდუქტიულობას.

თავისი მეთოდის დამუშავებისას კაშკოვსკი გამოდიოდა იმ მოსაზრებიდან, რომ ბუნებრივი გადარჩევა ხელს უწყობს და ავლენს ფუტკრის ოჯახის დადებით თვისებებს. ამიტომ საფუტკრეში გამრავლებას ახდენენ მხოლოდ კარგი პროდუქტიულობის და ძლიერი ოჯახებიდან და მუდმივად გამოიწუნებენ სუსტებსა და დაბალპროდუქტიულ ოჯახებს.

ამასთან ხელს უწყობენ მამალი ფუტკრების გამოყვანას მხოლოდ ძლიერ ოჯახებში და ხელს უშლიან სუსტებსა და საშუალოებში, რაც ქმნის საფუტკრის ირგვლივ კარგი გენის მქონე მამალი ფუტკრების მაღალ კონცენტრაციას. ეს კი ზრდის ახალგაზრდა დედა ფუტკრების დადებითი გენის მქონე მამლებით განაყოფიერების ალბათობას.

ამის შედეგია ის, რომ დედა ფუტკრების 2-3 შეცვლის შემდეგ საფუტკრის ყველა ოჯახი აღწევს მანამდე საუკეთესო ოჯახების დონეს. სანაშენედ არჩეულ ოჯახებს ყოფენ შუაზე სხვა სადედის ან განაყოფიერებული დედის მიუცემლად და აცდიან უდედო ნახევარს თავისით გამოიყვანოს დედა. ასეთი გაყოფით ჩვენ ვიღებთ ორ გენეტიკურად მონათესავე ოჯახს, ერთს ძველი დედით, ხოლო მეორეს მისი ქალიშვილით.

შემდეგი გაყოფის დროს (რადგან მხოლოდ ძლიერ და პროდუქტიულ ოჯახებს ვყოფთ) გადაირჩევა, გაიყოფა და შესაბამისად გამრავლდება საფუტკრეში მხოლოდ კარგი პროდუქტიულობის და გამრავლების უნარის მქონე ოჯახები, სუსტები კი გამოიწუნება.

გამრავლების მეორე მეთოდია ძლიერი ოჯახის გაყოფის შედეგად მიღებული გაჭირვების სადედეებზე ნაკრები ხელოვნური ნაყრების ჩამოყალიბება, რომელიც სხვა ოჯახებისგან მხოლოდ 1-2 ბარტყიან-ჭეოიანი ან თაფლიანი ჩარჩოების დამატებას ითვალისწინებს. ამ დროსაც მხოლოდ დადებითი გენის მქონე დედა ფუტკრების გამრავლება ხდება საფუტკრეში.

კაშკოვსკის მეთოდის გამოყენებით კემეროვოს საცდელი სადგურის ყველა საფუტკრეში შრომის ნაყოფიერება ამაღლდა 3-ჯერ, ხოლო თითოეული საფუტკრის საშუალო თაფლპროდუქტიულობამ 5 ტონას გადააჭარბა.

თემურ ღოღობერიძე
პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1360 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB