ოხრახუში – თესვა, მოვლა, მოყვანა

ოხრახუში, პეტრუშკა

ოხრახუში (ლათ. Petroselinum, რუს. Петрушка) ქოლგოსანთა ოჯახის, ერთ ან ორწლოვანი ბალახია. მისი სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი. გავრცელებულია თითქმის ყველგან.

ბოსტნის ოხრახუში (ლათ. Petroselinum sativum) ორწლოვანია, პირველ წელს ივითარებს ფოთლებსა და ძირხვენას, მეორე წელს — საყვავილე ღეროსა (75 – 150 სმ) და თესლს.

ოხრახუში მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებითა და ეთერზეთებით.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი

ოხრახუშის თესლის აღმოცენება იწყება 2-3°C სითბოზე. ღივს შეუძლია აიტანოს საგრძნობი ყინვები ყოველგვარი დაზიანების გარეშე.

მოზრდილი მცენარე -10°C და მეტ ყინვასაც იტანს, ამიტომ შეუძლია გადაიზამთროს ღია გრუნტშიც. მისი განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 16+17°C.

აღსანიშნავია, რომ მაღალი ტემპერატურა ზრდის მასში ეთერზეთის შემცველობას, ადიდებს არომატიანობას, მაგრამ მცირდება მოსავალი.

ნიადაგი

ოხრახუშის მოყვანა რეკომენდირებულია მსუბუქ ფხვიერ ნიადაგზე.

ოხრახუში დიდ მოთხოვნას უყენებს ნიადაგს და მის დამუშავების ხარისხს. სახნავი ფენა 20-25 სმ-ს უნდა შეადგენდეს.

ოხრახუშის დასათესად ნაკვეთი კარგად უნდა გაიწმინდოს სარეველებისაგან და ღრმად დამუშავებული, ფხვიერი, ნაკელით კარგად განოყიერებული უნდა იყოს. წყალგაუმტარი, დაბალი აერაციის ნიადაგები ოხრახუშისათვის გამოუსადეგარია.

კარგი წინამორბედები

ოხრახუშისათვის კარგ წინამორბედად ითვლება: კიტრი, პომიდორი, ხახვი.

ცუდი წინამორბედები

ოხრახუშისათვის ცუდ წინამორბედად ითვლება: სტაფილო, ოხრახუში და ნიახური.

ნიადაგის თესვისწინა დამუშავება

გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 8-10 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. თუ ნიადაგი მძიმეა, მზრალი უნდა გადაიხნას 15-16 სმ სიღრმეზე, დაიფარცხოს 2-3 ჯერ და შემდეგ დაითესოს.

კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. დასათესად გამზადებული ნიადაგი სწორი ზედაპირის და ფხვიერი უნდა იყოს.

ოხრახუშის დასათესად სასურველია ნიადაგი განოყიერებული იქნეს ორგანული სასუქით.

თესვა

ყინვაგამძლეა, თესენ შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. თესლი 2-3 °C ტემპერატურაზე ღივდება, ტენს ზომიერად მოითხოვს.

თესვამდე 4-5 დღის ადრე ოხრახუშის თესლები ჩაალბეთ თბილ წყალში გაჟღენთამდე, შემდეგ გააფინეტ სველ ნაჭერზე. გააჩერეთ გაღვივებამდე და დათესეთ.

ოხრახუშის თესლი ნელა ღივდება, დათესვიდან აღმოცენებამდე ნორმალურ პირობებში საჭიროებს 2-3 კვირას. დათესვიდან 80 დღის შემდეგ უვითარდება მცირე ზომის ძირი და რამდენიმე ფოთოლი, შემდეგში მცენარის განვითარება სწრაფად მიდის.

თესვის სქემა

თესვის ნორმაა 5–6კგ 1ჰა–ზე. ოხრახუშს თესავენ მწკრივებში 35 X 45 სმ, მწკრივთშორის ან ზოლებში 50-20 სმ სქემით. თესვის სიღრმე 2-3 სმ.

მოვლა

ოხრახუშის მოვლა გამოიხატება სეზონის განმავლობაში 3-4 ჯერ რიგებს შორის მიწის გაფხვიერებით, 2-3 მორწყვაში, სასუქს კვების სახით აძლევენ ორჯერ. პირველად აღმოცენებიდან 3-4 კვირის შემდეგ, 3-4 ფოთლის ფაზაში, მეორეს 3 კვირის შემდეგ პირველი კვებიდან. ოხრახუში საკმაოდ სიცხეგამძლეა, როგორც წესი, მისი მორწყვა საჭიროა სეზონში მხოლოდ ორჯერ.

თქვენი რეკლამა