დედა ფუტკრების გამოყვანა და ფუტკრის რძის წარმოება მეფუტკრეობის ერთ-ერთი შემოსავლიანი და საინტერესო განხრაა.
ეს მიმართულება მეფუტკრისაგან მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, საფუტკრეში მუდმივ ყოფნას და საკმაოდ დიდ მატერიალურ და შრომითს დანახარჯებს.
ამიტომ ის მეფუტკრეები, რომლებიც აპირებენ სამრეწველო მიზნით აწარმოონ დედები ან ფუტკრის რძე, კარგად უნდა დაფიქრდნენ და შეარჩიონ ადგილობრივ პირობებს მორგებული რაციონალური ტექნოლოგია.
აქ ისიც არის გასათვალისწინებელი, არსებობს თუ არა მუდმივი მოთხოვნა დედა ფუტკრებზე. თუ დედებზე მოთხოვნა მხოლოდ ადრე გაზაფხულზეა, ჩათვალეთ, რომ მხოლოდ საგაზაფხულოდ დედების წარმოებით წაგებული დარჩებით.
რაც შეეხება ფუტკრის რძეს, მასზე მოთხოვნა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, რაც განპირობებულია იმ არაჩვეულებრივი შედეგებით, რომლებიც მის გამოყენებას ახლავს სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის დროს.
ამჟამად ფუტკრის რძე მიჩნეულია ნომერ პირველ ბიოსტიმულატორად.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შევეცდებით დავასაბუთოთ განაყოფიერებული ფუტკრის დედებისა და ფუტკრის რძის წარმოების რენტაბელურობა.
თუ გვინდა, რომ განაყოფიერებული დედა ფუტკრები მივიღოთ ადრე გაზაფხულიდან, როცა მათზე უდიდესი მოთხოვნაა, მაშინ უარი უნდა ვთქვათ თაფლის მიღებაზე იმ ძლიერი ოჯახებიდან, რომლებსაც სადედეების აღმზრდელად გამოვიყენებთ.
პირდაპირი დაობლების დროს, ერთი ძლიერი ფუტკრის ოჯახიდან (4,0კგ), საშუალოდ, 20 მწიფე სადედე მიიღება. შემდეგ ამ ოჯახის ფუტკარს ვიყენებთ ნუკლეუსების ჩამოსაყალიბებლად.
ახალგაზრდა დედების 20_25% სადედიდან გამოსვლის ან განაყოფიერების დროს იღუპება. შედეგად გაზაფხულზე ფუტკრის ერთი ძლიერი ოჯახის მაგივრად 16 განაყოფიერებულ ფუტკრის დედას ვიღებთ, რომელთა ფასი 25_32 კგ თაფლის ღირებულებას არ აჭარბებს.
თუ გავითვალისწინებთ ფუმფლის დამყნაზე, მწიფე სადედეების ნუკლეუსებში განაწილებაზე, განაყოფიერებული დედების მოძებნასა და გალიებში მოთავსებაზე დახარჯულ დროს (30_40 წუთი თითოეულ განაყოფიერებულ დედაზე), მოგება არც ისე დიდი იქნება. ყოველივე ამას უნდა დავუმატოთ სადედე გალიებისა და სანუკლეუსე სკების ამორტიზაციის ღირებულება.
25 კგ თაფლის აღება კარგი ფუტკრის ოჯახისაგან ნაკლები დავიდარაბითაც შეიძლება. ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ერთი ოჯახისაგან 50 განაყოფიერებული დედა მაინც უნდა მივიღოთ, მედედეობა რენტაბელური რომ იყოს.
მსგავსი ანალიზი შეიძლება ჩავატაროთ დაობლებული ფუტკრის ოჯახისაგან ფუტკრის რძის მიღებაზეც. დაობლებული ფუტკრის ოჯახიდან, 3-დღიანი ინტერვალებით შეიძლება ზედიზედ 4_5-ჯერ ავიღოთ სადედე რძე, ყოველ ჯერზე საშუალოდ 4_6 გრამი, საბოლოო ანგარიშით ეს 20_25 გრამ რძეს შეადგენს, რაც 5_6 კგ თაფლის ტოლფასია.
მთელი სეზონის განმავლობაში ამ ოჯახიდან შეიძლება კიდევ ორჯერ გავიმეოროთ 3-დღიანი ინტერვალებით სადედე რძის აღება, რითაც საერთო ჯამში 60_80 გრამ ფუტკრის რძეს მივიღებთ. ამ რძის ღირებულება საშუალოდ 16_20 კგ თაფლის ღირებულების ტოლფასია, რომელიც გაცილებით ნაკლები შრომით შეიძლება მივიღოთ.
თუმცა აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თაფლის ბაზარი ამჟამად გაჯერებულია და თაფლი ძნელად იყიდება, ხოლო ფუტკრის რძეზე მოთხოვნა ხშირად დაუკმაყოფილებელიც რჩება.
ავტორები: ვახტანგ ღოღობერიძე; თეიმურაზ ღოღობერიძე
წყარო: ფუტკრის რძისა და დედების წარმოება – სახელმძღვანელო მეფუტკრისთვის