ფუტკრის დაავადებების გამოვლენა-სხვადასხვა საყურადღებო ნიშნები

როგორც ფუტკრის, ასევე ბარტყის დაავადებებს აქვს გარკვეული ნიშნები, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავაზუსტოთ თუ რა დაავადებასთან გვაქვს საქმე, თუმცა საბოლოო დიაგნოზი მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევის შემდეგ დგინდება.

გთავაზობთ რამდენიმე დაავადებების კლინიკურ ნიშნებს, რომელიც მეფუტკრეს მისცემს საშუალებას დროულად მიღოს ზომები და გადაარჩინოს ფუტკრის ოჯახები.

დაავადების ნიშნები

ადრე გაზაფხულზე, სკის საფრენთან და სკის ტილოს ან ბალიშის თავზე არის უსიცოცხლო ფუტკრები, რომლებიც კანკალებენ, მკვდარი ფუტკრები გულაღმა წევს და ფეხები აქვთ ზემოთ აშვერილი, აგრეთვე ფიჭები დასვრილი არის განავლით…

კლინიკური სურათი გვიჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ნოზემატოზთან.

დაავადების გამომწვევია პარაზიტი ,,ნოზემა”. ვითარდება ნესტიან პირობებში. ასეთი ფუტკრის მუცელი გაბერილია, შუა ნაწლავი თეთრია ან რძისფერი. თუ ასეთ სკას ყურით მოვუსმენთ გარედან, ისმის ძლიერი შეუწყვეტელი ხმაური. ზოგჯერ შეინიშნება შმორის სუნი. დაავადება მკურნალობას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ დავიცავთ საფუტკრეში სანიტარულ ჰიგიენურ პირობებს.

თუ სკაში ან სკის გარეთ გადმოყრილ მკვდარს ფუტკარს ცუდი სუნი ასდის, ხელით შეხებისას ადვილად იშლება ნაწილებად, ფიჭები დასვრილია განავლით, რაც ხშირად გაზაფხულზე გვხვდება… 

ამ დროს ეჭვი უნდა მივიტანოთ სეპტიცემიაზე. 

სეპტიცემიით ავადდება ყველა ასაკის ფუტკარი, დაავადების გამომწვევია ბაქტერია, დაცემული ფუტკარი ღებულობს შავ ფერს. ხშირად ეს დაავადება პარატიფთან ერთად ვითარდება. პარატიფის აღმძვრელი ბაქტერია კარგად ვითარდება მაშინ, როდესაც ფუტკარი შემოდგომის თაფლის დამწიფებას ვერ ასწრებს, გადაუბეჭდავი თაფლი, თითქოს დუღს და გადმოდის უჯრედებიდან. დაავადებულ ფუტკრის ოჯახს უნდა მივცეთ ხარისხიანი საკვები და ვუმკურნალოთ.

სკის საფრენიდან ცვივა შავი ფერის, უფრთო, ახალგაზრდა ფუტკარი, გადაბეჭდილი ბარტყის უჯრაზე ზემოდან აღინიშნება ნაჩხვლეტები, ზოგიერთი ბარტყი განვითარების ბოლო სტადიაში ჩამკვდარია უჯრაში…

თუ დავაკვირდებით ფუტკრის სხეულზე დავინახავთ ძალიან მცირე ზომის ხოჭოსმაგვარ პარაზიტს. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს დაავადება ვაროატოზთან, მაშინვე უნდა მივიღოთ ამ დაავადების საწინააღმდეგო სალიკვიდაციო ღონისძიება.

ადრე გაზაფხულზე ფუტკრის პირველი გამოფრენის დროს თუ ფუტკარი მიწაზე ცვივა და საფრენის წინ დაცოცავენ გაშლილი ფრთებით, ან თუ გაფრინდა და იქვე ახლოს ჩამოვარდება, კოორდინაციას კარგავს და ზოგჯერ თითქოს ცალი ფრთა გვერდზე აქვს…

ასეთ შემთხვევაში ეჭვი უნდა მივიტანოთ პარაზიტულ დაავადება აკარაპიდოზზე, რომელიც ბინდარობს და აზიანებს ტრაქეას. უხშობს სასუნთქ გზებს. საბოლოო დიაგნოზი მიკროსკოპული გამოკვლევაა. მკურნალობას ექვემდებარება.

თუ სკის საფრენი, აგრეთვე ჩარჩოები დასვრილია ძაფისებრი განავლით…

ეს ხდება ხშირად მაისის თვეში, როდესაც ფუტკარი ბევრ თაფლს ხარჯავს ვითარდება მაისის ავადმყოფობა, მიზეზია ღალიანობის არქონა, როდესაც ფუტკარი იძულებით ზედმეტ ჭეოს იღებს საკვებად. დაავადება ოჯახს ასუსტებს.

როდესაც ზამთარში ფუტკარს კუჭის ძლიერი აშლილობა აქვს, ფუტკარი დიდი რაოდენობით იხოცება. ზოგჯერ ეს პროცესი ბარტყშიც მიმდინარეობს…

საქმე გვაქვს მანანა თაფლით მოწამვლასთან.

თუ საფუტკრეში შევნიშნეთ სადურგლო წებოს დამახასიათებელი სუნი. ბარტყის უჯრედების სახურავები ჩაზნექილია და ჩაჩხვლეტილი. ბარტყი მუქი ყავისფერია, მკვდარი ბარტყი ძაფივით იწელება… ფუტკრის ოჯახი დაავადებულია ამერიკული სიდამპლით, ხოლო თუ მკვდარი ბარტყი არ იწელება-ევროპული სიდამპლით.

ორივე დაავადების გამომწვევია სხვადასხვა სახის ბაქტერია, გარდა ამისა ამათივე მსგავსია ცრუ სიდამპლე, რომელიც ვრცელდება ევროპული სიდამპლით მკვდარ ბარტყზე. ამ დაავადების კლინიკური ნიშნებიდან აღსანიშნავია ბარყტის სიჭრელე ე.ი. ერთსა და იმავე ფიჭაზე სხვადასხვა ასაკის ბარტყი არსებობს. ამ ნიშნების აღმოჩენის დროს საჭიროა ნიმუში გაიგზავნოს ვეტ-ლაბორატორიაში.

დაავადების შემთხვევაში საჭიროა, კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რაშიც იგულისხმება: ახალი სკა, მედიკამენტები, დეზიფენქციები და სხვა.

თუ (უფრო ხშირად გაზაფხულზე) ბარტყი არის ჩამკვდარი, აქვს თეთრი, მონაცრისფრო ფერი, სუნი არ აქვს, არის მკვრივი, წელვადობა არ ახასიათებს და უჯრედში მთელ სიგრძეზე არის გაჭიმული…

საქმე გვაქვს დაავადება ჩაკირულ ბარტყთან. ზოგჯერ ასეთი მასა ფუტკრის გადმოყრილია საფრენზე. დაავადებას იწვევს სოკო. მკურნალობას ექვემდებარება.

სხვადასხვა საყურადღებო ნიშნები სიფრთხილის გამოსაჩენად:

ზოგჯერ გამოუცდელი მეფუტკრე ადრე გაზაფხულზე არადროულად გადაადგილებს ბარტყიან ჩარჩოებს სკაში, ფუტკარი ვერ ათბობს ბარტყს ,,გაციებულ ბარტყს” სუნი არ აქვს, იგი მუქი და შავი ფერისაა.

თუ სკას ყურით მოვუსმენთ და დაკაკუნებით უსიცოცხლო შრიალის ხმას გავიგებთ, ეს ფუტკრის შიმშილის ნიშანია, ფუტკარი დახოცილია და უჯრაში არის თავით ჩაყუდებული, სკაში სუნი არ შეინიშნება, საფრენზე შევნიშნავთ თეთრი ფერის კრისტალებს.

ადრე გაზაფხულზე პირველი გამოფრენის დროს, თუ სკის საფრენის მიდამოებში შევნიშნავთ მუნჯად გამოსულ ფუტკარს, ყურით მოსმენით სკაში არის შეუწყვეტელი ხმაური, არავითარი სუნი არ არის. ეს უტყუარი ნიშანია უდედობისა.

გაზაფხულზე ზოგჯერ მოსმენით, ადვილი დასადგენია სკაში ორი დედა ფუტკრის ყოფნა. საჭიროა სკის გახსნა და დადგენა, ხომ არ ემზადება ფუტკარი სანაყრედ.

თუ გაზაფხულზე საფუტკრის გადასინჯვის დროს ვნახეთ სკა, სადაც ფუტკრები მთლიანად დახოცილია და ჩამოყრილია სკის ძირზე, ჩარჩოები არის თეთრი, დანესტილი თაფლით გადავსებული. ფუტკარი დაღუპულია სინესტის გამო.

ფუტკრის ჩიჩახვი გადავსებულია თაფლით, მუცელი გაბერილი აქვს. მიზეზი აიხსნება იმით რომ ნესტიან სკაში, ხახუნის დროს ფუტკარი სითბოს ვერ არეგულირებს, ღიზიანდება, გადარჩენის მიზნით ღებულობს საჭიროზე მეტ თაფლს, მძიმდება და ცვივა სკის ძირზე. თუ ეს ყველაფერი ადრე შევნიშნეთ ბალიშების გამზეურებით შეიძლება ფუტკარი გადავარჩინოთ.

როცა სკაში ფუტკარი განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავს და ინესტრება მიზეზი შეიძლება იყოს უბარტყო პერიოდი. შეიძლება იყოს დედა ფუტკარი რომელსაც აქვს საკვერცხეების დაავადებები ან კვერცხავდეს გაუნაყოფიერებელ კვერცხს. ამ შემთხვევაში მუშა ფუტკრის უჯრაში იჩეკება პატარა ზომის მამალი ფუტკარი, ორივე შემთხვევაში საჭიროა დედის გამოცვლა.

ფუტკრის ოჯახი ტოვებს სკას

როგორც ცნობილია ფუტკარი აქტიურად ებრძვის სხვადასხვა დაავადებებს, შეძლებისდაგვარად. ზოგჯერ როდესაც ის ვერ ერევა ამ დაავადებას, როცა ის გრძნობს რომ განწირულია დასაღუპავად, გადარჩენის მიზნით ფუტკარი ტოვებს ძველ ბინას და ახალში სახლდება, ამიტომ უდროო დროს შეიძლება საფუტკრიდან ნაყრიანობის მსგავსი ხმაურით ფუტკარი გამოვიდეს სკიდან.

საჭიროა ამ სკის შემოწმება. დადგენა, თუ რამ აიძულა ფუტკრის ოჯახი დაეტოვებინა ბინა. ზოგჯერ ამის მიზეზი არის ბარტყის დაავადებები (სიდამპლე და სხვა), ამიტომ მიზეზის დადგენის შემდეგ სხვა სკებში საჭიროა პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, თუ ამას საჭიროება მოითხოვს.

წყარო: antadze.ge

რიგ შემთხვევებში გარკვეული ნიშნები შეიძლება დადასტურებულად არ ნიშნავდეს ამ თუ იმ დაავადებას, ამ ნიშნებით შესაძლოა ეჭვი მივიტანოთ დაავადებებზე /აგროკავასია/.

იხილეთ: ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები და პრეპარატები

თქვენი რეკლამა