მწყერი – ბიოლოგიური თავისებურება და წარმოების მნიშვნელობა

მწყერი

მწყერი (სახეობა Coturnix) სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელმაც სხვა სახეობებთან შედარებით საწარმოო ხასიათი გვიან მიიღო.

ჩვენში მას ბოლო პერიოდამდე შინაურ ფრინველთა სიაში არ ასახელებდნენ და მხოლოდ, გარეული ფრინველის სახით მონადირეთა საინტერესო ობიექტად ითვლებოდა.

XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო მისი მოშინაურება, უფრო სწორად, კვების პროდუქტების (ხორცის და კვერცხის) მისაღებად მისი გამოყენება. რიგ მეცნიერთა მტკიცებით მწყერი იაპონიაში მოაშინაურეს XI საუკუნეში, ზოგი მის სამშობლოდ ჩინეთს მიიჩნევს.

ერთი რამ კი უდაოა, რომ იაპონიაში მწყერის 6 ჯიში და 60 ხაზია მიღებული სელექციის გზით და, მსოფლიოშიც, აქედან ჰპოვა გავრცელება.

მწყერი, გარდა იაპონიისა, ფართოდაა გავრცელებული ჩინეთში, საფრანგეთში, ბულგარეთში, გერმანიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

მემწყერეობა მეკვერცხული და მეხორცული მეფრინველეობის პერსპექტიულ დარგად ითვლება. მის პერსპექტიულობას განსაზღვრავს დარგის წარმოების ხასიათი, რომელიც საშუალებას იძლევა უზრუნველყოს მოსახლეობა მაღალხარისხოვანი კვების პროდუქტების ფართო ასორტიმენტით მოკლე პერიოდში, მინიმალური დანახარჯებით.

მწყერის ხორცი გამოირჩევა ნაზი კონსისტენციით, ცვრიანობით, სასიამოვნო არომატით და კარგი საგემოვნო თვისებებით, ხოლო კვერცხი მდიდარია ვიტამინებით და წარმოადგენს შეუცვლად დიეტურ სამკურნალო პროდუქტს.

მწყერს აშენებენ აგრეთვე, როგორც დეკორატიულ ფრინველს, ხოლო ზოგიერთი მოყვარული სიამოვნებით უსმენს მის თავისებურ გალობას.

მწყერის ბიოლოგიურმა თავისებურებებმა მეცნიერებს საშუალება მისცა ის გამოეყენებინათ სამეცნიერო კვლევებში _ გენეტიკაში, ფიზიოლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში, კვებაში და მეცნიერების სხვა დარგებში. მწყერს ახასიათებს რიგი დაავადებების მიმართ მდგრადობა, რის გამოც ის გამოიყენება ბიომრეწველობაში, როგორც ნედლეული.

მწყერი ასევე ფართოდ გამოიყენება ლაბორატორიულ კვლევებში ბიოლოგიაში, ვეტერინარიაში და მედიცინაში, როგორც სწრაფი ზრდის უნარის მქონე _ იგი წელიწადში 7 გენერაციას იძლევა.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანას მწყერის თავისი ჯიში და ხაზი ჰყავს გამოყვანილი, მათგან უპირატესი გავრცელება ჰპოვა მეკვერცხული მიმართულების იაპონურმა და მეხორცული მიმართულებების ამერიკულმა ჯიშმა “ფარაონმა”.

იაპონური მწყერის კვერცხმდებლობა 300 ცალია წელიწადში მასით 9-12 გრამი; “ფარაონის” მამლის ცოცხალი მასა 250 გ, დედლის 300 გრამი.

მწყერი საქართველოში

საქართველოში მწყერის მომრავლებას აქვს შედარებით ხანმოკლე ისტორია, მაგრამ ტრადიციული ხასიათი. ადრე არსებობდა მონადირეთა კავშირებთან ამხანაგობები, ასევე ცალკეული მოყვარულები, რომლებიც აშენებდნენ მწყერის საკმაო სულადობას.

შემდგომში დამხმარე მეურნეობების სახით ყალიბდებოდა მცირე საწარმოები _ მწყერის ხორცის მწარმოებლები.

ჩვენში მწყერის მწარმოებელი რამდენიმე მეურნეობა არსებობდა: ნორიოს მეფრინველეობის და მუხრანის სპეციალიზებული მწყერის მეურნეობის სახით, რომლებმაც, სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე წელი იფუნქციონირეს.

ამჟამად მუშაობს რამდენიმე მცირე სიმძლავრის მწყერის ხორცის მწარმოებელი მეურნეობა. მეხორცული მიმართულებით მწყერის წარმოებას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ ქართულ სუფრაზე მწყერის ხორცი წარმოჩინებული იყო, როგორც დელიკატესი.

მწყერის წარმოების გაფართოებისა და ტექნოლოგიის სრულყოფის მიზნით დარგში მომუშავე მეცნიერები და პრაქტიკოსები სწავლობენ მწყერის კვერცხის ინკუბაციის მეთოდებს, კვებისა და დაწყურების, დასმის სიმჭიდროვის, შენახვის ტექნოლოგიებს, ხორცის ხარისხს.

მწყერის ბიოლოგიური თავისებურება

მწყერი (სახეობა Coturnix) _ მინდვრის ფრინველია, ქათმისებრთა რაზმის, ხოხბისებრთა ოჯახის წარმომადგენელია და შედის კაკბისებრთა ქვეოჯახში.

ჩვეულებრივი მწყერი ჟანგისფერი-მურა შეფერილობისაა, მუქი და ღია სიჭრელით, მუცელი ღია ფერისაა. მამლებს კისერი წაბლისფერი-შავი აქვთ, შემოდგომით ღიავდება, დედლების კისრის წინა ნაწილი მოთეთროა, ჩიჩახვი და გვერდები აჭრელებულია მუქი წაბლისფერი ლაქებით.

დედალი შინაური მწყერის ცოცხალი მასა 150 გ-ია, მამლის _ 110 გ; კვერცხის დებას იწყებს 30-40 დღის ასაკში და წლის განმავლობაში დებს 300 და მეტ ცალ კვერცხს.

ინკუბაციის ხანგრძლივობა 16-18 დღეს შეადგენს.

ინკუბაციის მოკლე პერიოდი და ზრდის დიდი სისწრაფე იძლევა საშუალებას წლის განმავლობაში მიღებულ იქნას მწყერის 4-5 და მეტი თაობაც.

მისი მცირე ზომა საშუალებას იძლევა ერთი ბროილერის წიწილისათვის საჭირო ფართობზე მოთავსებულ იქნას 10-12 მწყერი.

მწყერის კვერცხი და ხორცი ხასიათდება მაღალი ხარისხით. 5 მწყერის კვერცხი, რომელიც მასით ერთი ქათმის კვერცხს უტოლდება, შეიცავს 5-ჯერ მეტ ფოსფორს, 7,5-ჯერ მეტ რკინას, 6-ჯერ მეტ B1 ვიტამინს და 15-ჯერ მეტ B2 ვიტამინს.

მწყერის კვერცხის წარმოება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ქათმის.

დედალი მწყერი ცოცხალი მასით 125 გ, კვერცხმდებლობით 250 ცალი, კვერცხის საშუალო მასით 10 გ, წლის განმავლობაში აწარმოებს 2,5 კგ კვერცხის მასას, რაც 20-ჯერ მეტია თვით ფრინველის მასაზე, მაშინ როცა კვერცხმდებელ ქათამს შეუძლია 8-10-ჯერ მეტი კვერცხის მასის მოცემა თავის წონასთან შეფარდებით.

შინაური მწყერის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ აუცილებელია მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება სიცოცხლის პირველ კვირაში. ამ პერიოდში ჰაერის ტემპერატურა უნდა შეადგენდეს 350C.

მწყერის ხორცი

როგორც აღვნიშნეთ, მწყერის ხორცს აქვს ნაზი კონსისტენცია, გამოირჩევა ცვრიანობით, არომატით და მაღალი საგემოვნო თვისებებით. ცილის შემცველობა მწყერის ხორცში სჭარბობს სხვა სასოფლო-სამეურნეო ფრინველების ხორცში ცილის შემცველობას.

მასში უფრო მეტია ისეთი ვიტამინები, როგორიცაა A, B1 და B2, მიკროელემენტები: რკინა, კობალტი, თუთია, შეუცვლადი ამინომჟავები: ლიზინი, ცისტინი და სხვა.

მწყერის ხორცი შესანიშნავი წყაროა B6 და B5, ვიტამინებისა. იგი შეიცავს პროტეინის მაღალ პროცენტს _ 22% და მხოლოდ 3% ცხიმს; და ამ მაჩვენებლებით იგი უახლოვდება გარეული ფრინველის ხორცის მაჩვენებლებს. იგი რეკომენდებულია გამოყენებულ იქნას ბავშვთა და ორსულ ქალთა კვებაში.

მწყერის ხორცი და კვერცხი კულინარიაში

მწყერის ხორციდან დამზადებული კულინარული ნაწარმი გამოიყენება კოსმონავტების კვებაში. მოყვარულები მაღალ შეფასებას აძლევენ მწყერის ხორცის არომატს და თავისებურ გემოს, რომელშიც კარგად არის შეხამებული ცვრიანობა და სინაზე. ნივთიერებები, რომლებიც მწყერის ხორცს აძლევენ სპეციფიკურ გემოს, აღძრავენ ჭამის მადას და ზრდიან საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას.

სამრეწველო საფუძველზე გამოზრდილი მწყერის ხორციც იგივე თვისებებით ხასიათდება, როგორიც გარეულის ამან განაპირობა მისი ფართო გამოყენება კულინარულ წარმოებაში.

მწყერის ხორცისა და კვერცხისაგან მზადდება მრავალფეროვანი ასორტიმენტის კერძები და ხორცის კონსერვები. კერძოდ: მწყერი ფრიტიურეში, მწყერი შემწვარი, მწყერი ტაბაკა, მწყერი რძეში, სალათი, მწყერი საწებლით, მწყერი თიხაში შემწვარი, მწყერი დაბრაწული არაჟანში, კვერცხი შემწვარი, ომლეტი, კვერცხის სალათი, კვერცხი გარედან შემწვარი, კვერცხი მარინადში ჩადებული, ფუნთუშა კვერცხით და ბრინჯით, ფუნთუშა კვერცხით და წიწიბურით, ერბო-კვერცხი ქოთანში, მაგრად მოხარშული კვერცხი კარაქში, კვერცხი ბუდეში, ერბო-კვერცხი რძით და მწვანე ხახვით, კვერცხის ნაყინი და სხვა.

მწყერის ბიოლოგიური თავისებურება საშუალებას იძლევა, რომ იგი გამოყენებული იქნას, როგორც ლაბორატორიული ობიექტი მეცნიერული გამოკვლევისას, რაც ამცირებს ექსპერიმენტების ხანგრძლივობას, დანახარჯებს მოწყობილობაზე, ფრინველის კვებასა და შენახვაზე, ასევე შესაძლებელია უფრო მეტი ფრინველის განთავსება ერთეულ ფართობზე და სხვა.

მწყერი ფრინველის პერსპექტიული სახეობაა ბიოლოგიურ სისტემაში სიცოცხლის უზრუნველსაყოფად კოსმოსური ფრენისას. მწყერი, როგორც აღვნიშნეთ, პირველია ფრინველის სახეობიდან, რომელიც ჩართული იქნა კოსმოსის კვლევის პროგრამაში _ “აპოლონი” და “ინტერკოსმოსი”.

შემდგენელი: ანატოლი გიორგაძე – დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე. /მწყერი – ბილოგიური თავისებურებები, ჯიშები, მოვლა-შენახვა, კვერცხის ინკუბაცია, კვება, დაავადებები/

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

თქვენი რეკლამა