მწყერი, მწყრის კვერცხი, ხორცი და ხალხური რეცეპტები

მწყერი, კვერცხი, ხორცი, რეცეპტები

მწყერი მიეკუთვნება ქათმისნაირთა რიგს. მისი სხეულის სიგრძე 16-20 სმ, მასა 80-145 გრამს აღწევს. აქვს მურა, მუქი და ღია ფერის ლაქებიანი ზურგი.

მწყერი გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ბინადრობს ველ-მინდვრებსა და ალპურ მდელოებზე.

ბუდობს მიწაზე. დედალი 9-15 კვერცხს დებს. ინკუბაცია გრძელდება 15-17 დღე-ღამე. მწყერი იკვებება მცენარეული საკვებით. იშვიათად – მწერებით. იაპონელებმა მწყერი ათასწლეულის წინ მოიშინაურეს, საიდანაც სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ქათმისნაირ ფრინველთა შორის ყველაზე პატარაა მწყერი, რომლის წონა 90-120 გრამს შორის მერყეობს.

მას საკმაოდ გემრიელი ხორციც აქვს. მისი ხორცი საუკეთესო საშუალებაა ქოლეცისტიტის და კუჭის წყლულის სამკურნალოდ.მწყერი სხვა ფრინველებთან შედარებით ნაკლებად ავადდება, ამიტომ მის კვერცხს მედიცინაშიც კი იყენებენ სხვადასხვა ვაქცინის დასამზადებლად.

მწყრის კვერცხი შეიცავს ბევრ ამინომჟავას, მაკრო და მიკროელემენტს. მისი კვერცხი ორგანიზმიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გამოდევნას უწყობს ხელს.

მწყრის კვერცხი

ამბობენ, რომ იაპონელთა წყალობით მსოფლიომ ხელახლა შეიტყო მწყრის კვერცხის სასარგებლო თვისებების შესახებ. იაპონელებმა საფუძვლიანად შეისწავლეს ამ პროდუქტის თვისებები. მწყერი იაპონიაში ჩინეთიდან ჩაიყვანეს – ქვეყნიდან, სადაც სახალხო მკურნალები მის კვერცხებს უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ.

იაპონელთა ყურადღება სწორედ ამან მიიპყრო, მეცნიერული გამოკვლევები ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ მწყრის კვერცხი აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციას, ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს, გამოაქვს ორგანიზმიდან რადიონუკლიდები, რაც იაპონელებისთვის ყველა სხვა ქვეყნის მოსახლეობაზე მნიშვნელოვანია.

მწყრის კვერცხის შემადგენლობა

სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვები და მოზარდები არც ისე კარგად იცნობენ ამ პროდუქტს. არც მოზრდილები მიირთმევენ მას რეგულარულად, თუმცა ბევრმა იცის, რომ ეს პატარა დაწინწკლული კვერცხები გემრიელია. მართალია, ქიმიური შედგენილობით ქათმის კვერცხებისგან მაინცდამაინც არ განსხვავდება, მაგრამ გაცილებით მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, უფრო კალორიული და სასარგებლოა და, რაც მთავარია, სამკურნალოა.

100 გრამი მწყრის კვერცხი დაახლოებით 170 კკალ-ს შეიცავს. ცხიმი მასში უფრო მეტია, ვიდრე ცილა, ხოლო ამ ცხიმის ნაწილი უჯერი ცხიმოვანი მჟავაა. ქიმიური შემადგენლობის კუთხით აღსანიშნავია A და B ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით – ქოლინი, ასევე – რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი, ქლორი, კობალტი, მანგანუმი, სპილენძი, მოლიბდენი და ქრომი. მწყრის კვერცხის ცილა მდიდარია შეუცვლელი ამინმჟავებით. A ვიტამინი მასში 2,5- ჯერ მეტია, ვიდრე ქათმის კვერცხში. გაცილებით მეტია აგრეთვე ფოსფორი, კალიუმი, რკინა, კობალტი და სპილენძი.

კვერცხის სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

მწყრის კვერცხი კარგია ძვლების გასამაგრებლად და განსამტკიცებლად, გულის, კუჭის, ღვიძლის, თირკმელების, პანკრეასისა და პროსტატის ფუნქციათა ნორმალიზებისათვის. პროფილაქტიკის მიზნით მწყრის კვერცხი 3-4 თვის განმავლობაში ყოველდღე უნდა მიირთვათ. ნუ შეგეშინდებათ, ის არავითარ შემთხვევაში არ გავნებთ. კვერცხის მიღება უმადაც შეიძლება – მწყერი ქათამი არ არის და სალმონელოზით არ ავადდება.

მთავარია, პროდუქტი ახალი იყოს. კარგი იქნება, თუ უმ კვერცხს ერთ ჭიქა წყალს დააყოლებთ. უმ მწყრის კვერცხს ხშირად ამატებენ კარტოფილის პიურეს, წვნიანს ან ფაფას, ოღონდ უკვე მომზადებულს, უშუალოდ ჭამის წინ, რადგან თერმული დამუშავებისას კვერცხში შემავალ სასარგებლო ნივთიერებათა დიდი ნაწილი იშლება.

იაპონელთა გამოცდილება რადიაქტიური დასხივების შედეგებთან ბრძოლაში რუსმა მედიკოსებმაც წარმატებით გამოიყენეს – ჩერნობილის ავარიის შემდეგ რადიაქტიური ზონიდან გამოყვანილ ბავშვებს ისინი რეგულარულად კვებავდნენ მწყრის კვერცხით. შედეგად ბავშვები გამოკეთდნენ, გაუქრათ თავბრუხვევა, ცხვირიდან სისხლდენა და დაქანცულობა, ტკივილი გულმკერდის არეში, გაუძლიერდათ მადა.

კვერცხის მიმართ უარყოფითი რეაქცია ბავშვებს არ გამოვლენიათ, იმათაც კი, ვისაც ალერგიული დაავადება ჰქონდა. სამკურნალოდ მწყრის კვერცხი სხვადასხვა ოდენობით არის რეკომენდებული:

• ერთიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის – დღეში 1-2 ცალი,
• სამიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 3 ცალი,
• 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის – 4 ცალი,
• 18-დან 50 წლამდე ასაკის მოზრდილთათვის – 5-6 ცალი;
• 50 წლიდან – 4-5 ცალი.

კვერცხისთვის დამახასიათებელ დადებით შედეგებს ორ კვირაში იგრძნობთ. ნივთიერებათა ცვლა აქტიურდება, ძლიერდება იმუნიტეტი და სქესობრივი პოტენცია. მწყრის კვერცხის რეგულარული მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმულთათვის: ამცირებს სახსრების ტკივილს, აუმჯობესებს მხედველობასა და სმენას. საუკეთესოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვისაც – ამცირებს ტოქსიკოზს, აბორტის ალბათობას, ხელს უწყობს ძალთა მოზღვავებას.

ხალხური რეცეპტები

ბრონქული ასთმისა და ალერგიული მდგომარეობის დროს კარგია მკურნალობა მწყრის კვერცხითა და თაფლით: კვერცხები უნდა ჩავტეხოთ ჭიქაში, დავამატოთ ცოტაოდენი თაფლი და მივირთვათ ჭამამდე 3 საათით ადრე. დილით, საუზმემდე – ერთი კვერცხი, საღამოს, ვახშმამდე – ორი. ამ მეთოდით 40 დღე უნდა იმკურნალოთ, შემდეგ 2-3 კვირა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.

გაციების დროს ტემპერატურის დასაქვეითებლად უნდა მიიღოთ მწყრის კვერცხი არაყსა და შაქართან ერთად. საჭიროა 100 მლ არაყი, 5 კვერცხი, 1 სადილის კოვზი შაქარი. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და საღამოს, ძილის წინ, მიირთვით. დილით ტემპერატურა აღარ გექნებათ და უკეთაც იგრძნობთ თავს.

* ხალხური რეცეპტები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

მწყრის ხორცი

მწყრის ხორცი შეიცავს 21-22% ცილას, 2,5- 4,0% ცხიმს. ქიმიური შემადგენლობით მწყრის ხორცი მიეკუთვნება დიეტურ პროდუქტს.   მწყრის ხორცი შეიცავს ბევრ ვიტამინებს  A, B1, B2 მიკროელემენტებს (რკინა, კალიუმი, კობალტი, სპილენძი) ვიდრე ქათმის, ღორის ან საქონლის ხორცი. მწყრის ხორცს აქვს შეუცვლელი ამინომჟავები( ლიზინი, ცისტინი, მეთიონინი,ტიროზინი)

ტიროზინი,  როგორც ცნობილია ხელს უწყობს პიგმენტების წარმოქმნას,ამიტომ კანს ჯანსაღ შეფერილობას აძლევს.ნახშირწყლების შემცველი ცილა ოვომუკოიდი, რომელიც შეიცავს მწყრის ხორცი, ხელს უწყობს ალერგიული  რეაქციების  შემცირებას.

მწყრის ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით   ლიზოციმს, რომელიც აფერხებს არასასურველი მიკროფლორის (მიკრობების) გამრავლებას, ამიტომ მწყრის ხორცი ინახება ხანგრძლივი დროის განმვლობაში.განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ორგანიზმის აღმდგენ ფუნქციაზე, პოტენციზე.

ხორცის და კვერცხის ზემოაღნიშნული დადებითი თვისებებიდან გამომდინარე ,,ასოციაცია მომავლის ფერმერი“ დაინტერესებულ ფერმერებს სთავაზობს მწყრის გამოზრდის ტექნოლოგიას გალიური ან ქვეშსფენზე შენახვის შემთხვევაში.

ავტორი: დავით ბოსტაშვილი

იხილეთ აგრეთვე: მწყერი – ჯიშები, პოპულაციები და სხვადასხვა ხაზები

თქვენი რეკლამა