სანაშენე სეზონის დროს მნიშვნელოვანია, რომ ციცარს შეწყვილებისთვის საკმარისი ადგილი ჰქონდეს. ვიწრო შენობაში, სადაც 1 კვ.მ-ზე მოდის 5 და მეტი ფრთა, ასევე გალიური შენახვის დროს, ფრინველები ერთმანეთს არ უწყვილდებიან და მიღებული კვერცხის უმეტესობა გაუნაყოფიერებელია.
განაყოფიერებული კვერცხის მისაღებად საჭიროა, რომ 1 მამალზე 4-5 დედალი მოდიოდეს.
საინკუბაციოდ კვერცხს აგროვებენ დღის პირველ ნახევარში და ათავსებენ სპეციალურ კვერცხსადებში ბლაგვი ბოლოთი ზემოთ.
ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ წვიმიან ამინდში ფრინველმა კვერცხი სეირანზე არ დადოს. ამ დროს კვერცხის ნაჭუჭი ჭუჭყიანდება და მისი გამოყენება საინკუბაციოდ აღარ შეიძლება.
სასურველი არ არის სხვადასხვა შეფერილობის ციცრის ერთად შენახვაც, რადგან თავისუფალი შეჯვარების შედეგად ჩნდება საერთოდ გაურკვეველი შეფერილობის ციცარი, ამას ერთვის ისიც, რომ მისი პროდუქტიულობა მშობლებთან შედარებით გაცილებით დაბალია.
ციცრის ქათამთან ერთად შენახვის დროს შესაძლებელია ჰიბრიდის მიღება. ამ დროს ერთი მშობელი ციცარია, მეორე კი ქათამი ან მამალი. ჰიბრიდი საკმაოდ დიდი ზომისაა და წმინდასისხლიანი ციცრისაგან გამოირჩევა იმით, რომ თავზე არ აქვს დანამატები (ბიბილო, საყურეები და სხვა), არც სასქესო ჯირკვლები აქვს განვითარებული (სქესის გარკვევა გაძნელებულია არა მარტო გარეგნული ნიშნებით, არამედ ხშირად გაკვეთის შემდეგაც), რის გამოც უნაყოფოა. თუმცა წმინდასისხლიან ციცართან შედარებით გამოირჩევა მაღალი სიცოცხლისუნარიანობით და მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობით.
ციცრისათვის დამახასიათებელია საპირისპირო სქესის ინდივიდუალური ამორჩევა. გარეული ციცარი მონოგამურია, ანუ ოჯახურ წყვილად ცხოვრობს. მოშინაურების შემდეგ, ხელოვნური შერჩევის შედეგად ის პოლიგამურად იქცა.
თუ მამალი ციცარი მოკვდა ან დაიკარგა დედალი 10 დღის განმავლობაში დებენ განაყოფიერებულ კვერცხებს, საიდანაც შესაძლებელია სავსებით ჯანმრთელი ციცრის მიღება.
შემდგომ პერიოდში განაყოფიერებული კვერცხის რაოდენობა მცირდება, ხოლო გამოჩეკილი წიწილის სიცოცხლისუნარიანობა მკვეთრად უარესდება.
მამლისაგან, დაახლოებით 20 დღიანი იზოლირების შემდეგ, დედალი იწყებს გაუნაყოფიერებელი კვერცხის დებას, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც საჭირო ხდება ერთი მწარმოებლის მეორეთი შეცვლა, ე.ი. ახალი მწარმოებლთან შეწყვილება სასურველია, პირველი მწარმოებლის საიზოლაციო პერიოდიდან მხოლოდ სამი კვირის გასვლის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ახალ ფრინველს გუნდში მეგობრულად არ ხვდებიან. ხშირია ჩხუბი, ამიტომ სასურველია გუნდში ერთდროულად რამდენიმე ახალი ფრინველის შეყვანა. ეს თავიდან აგვაცილებს ფრინველის სტრესს და მისი შენარჩუნებაც უკეთესი იქნება.
განაყოფიერებელი კვერცხის პროცენტული რაოდენობა ახალგაზრდა ციცარს, ორწლიან დედალთან შედარებით, გაცილებით ნაკლები აქვს. გარდა ამისა ორწლიანი დედლის კვერცხი უფრო მსხვილია და გამოჩეკილი წიწილაც უფრო სიცოცხლისუნარიანი და მოძრავი. დაუშვებელია ციცრის ახლონათესაური შეჯვარება, რადგან ამ დროს მიიღება არაკონდიციური შთამომავლობა.
მეორე სანაშენე სეზონის შემდეგ სასურველია ასაკოვანი ფრინველის შეცვლა ახლგაზრდით. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ სამწლიანი ციცრების კვერცხმდებლობა ეცემა, ხოლო კვერცხის მასა კლებულობს (ახალგაზრდებთან შედარებითაც კი), სამწლიანი მამლები კარგავენ სქესობრივ აქტიურობას და აღწარმოების უნარს.
აღსანიშნავია, რომ ორწლიანი და განსაკუთრებით სამწლიანი დედლები გარეგნულად მამლებს ემსგავსებიან. მათ უდიდდებათ მეჭეჭი, ბიბილო და საყურეები.
სანაშენე სეზონის დროს, თუ ციცრის შენახვა ხდება შეუზღუდავ სასეირნო პირობებში, მაშინ მისი კვერცხის განაყოფიერება და მიღებული ციცრის მოზარდის ხარისხი საგრძნობლად მაღალია, ვიდრე იმ ციცრებისა, რომელთა შენახვაც ხდება მცირე ზომის იზოლირებულ შენობაში სასეირნო ფართობის გარეშე.
ავტორი: ანატოლი გიორგაძე – დოქტორი, სმმ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე.
იხილეთ აგრეთვე: ციცარი – ინკუბაცია, ციცრის კვერცხის ინკუბაციის ორი რეჟიმი