სტაფილო — მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია და ჯიშები

938 Views Comment Off

სტაფილო  (ლათ. daucus Carota) ბიოლოგიური დახასიათება

სტაფილო ორწლოვანი მცენარეა. მიეკუთვნება ნიახურისებრთა (Apiaceae) ოჯახს. სიცოცხლის პირველ წელს ივითარებს ფოთლების როზეტს და ძირხვენას, მეორე წელს გამოაქვს საყვავილე ღეროები ქოლგისებური დაბოლოებით და წვრილი თეთრი ფერის ყვავილებით, რომელთა განაყოფიერებისა და მომწიფების შედეგად წარმოიქმნება თესლნაყოფები (ორთესლიანი მარცვლები).

მომწიფებისას ისინი ერთმანეთს სცილდებიან და ორ თესლად იყოფიან. სტაფილოს თესლი ბრტყელია, ოვალური ფორმის, 1 გრამში, საშუალოდ, 700 ცალი გამოფშვნილი თესლია. აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 2-3 წელიწადს.

სტაფილოს თესლი დათესვიდან აღმოცენებამდე ჩვეულებრივ სამ კვირას საჭიროებს, მაგრამ თუ ხელშემწყობი პირობები არ არის, აღმოცენება ერთ თვეზე მეტ ხანს შეიძლება გაჭიანურდეს, სწორედ ამიტომ, ზამთარ-გაზაფხულის პერიოდში თესვა რაც შეიძლება ადრე უნდა ჩატარდეს, რათა ნიადაგში არსებული ტენის მარაგი სრულად და მიზნობრივად იყოს გამოყენებული.

სტაფილოს ძირხვენა გარეგნულად სამი ნაწილისაგან შედგება: თავაკის, ყელის და ფესვისაგან. თავაკზე ვითარდება ფოთლების როზეტი, რაც შეეხება ძირხვენას შიგა აგებულებას, იგი შედგება ორი მკვეთრად განსხვავებული სიმკვრივის და შეფერვის ნაწილისგან: მოწითალო- ნარინჯისფერი ქერქის და ყვითელი ან მოყვითალო-ნარინჯისფერი, მკვრივი აგებულების გულგულისაგან.

ძირხვენა გარედან დაფარულია თხელი ნაზი კანით, რომელიც წყლის კარგი გამტარია, რის გამოც ნიადაგის სიმშრალისას ადვილად ჭკნება და იღებს მომწარო გემოს. თხელი კანის გამო სტაფილოს ძირხვენის ხანგრძლივად შენახვაც უფრო რთულია.

დამოკიდებულება გარემო პირობების მიმართ

სტაფილო ზომიერი კლიმატის მცენარეა. თესლი გაღივებას იწყებს 3-40C ტემპერატურაზე, მაგრამ აღმოცენებისათვის საჭირო ოპტიმალური ტემპერატურა მნიშვნელოვნად მაღალია (200C-თან ახლოს). სტაფილოს ღივებს შეუძლიათ დაუზიანებლად გადაიტანონ -30-40C-მდე ყინვები.

საქართველოს მებოსტნეობის პირველ ზონაში სტაფილოს შემოდგომაზე თესვა დასაშვებია. სტაფილო უარყოფითად რეაგირებს მაღალ ტემპერატურაზე, განსაკუთრებით ძირხვენების დამსხვილების ფაზაში.

ასეთ დროს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ნიადაგის სიმშრალე. ამ პირობებში მცენარე ივითარებს ძლიერ გახევებულ, მცირე ზომის ძირხვენას, რომელსაც ამავე წელს გამოაქვს საყვავილე ღეროები (ჩოყდება).

სტაფილო ტენის ზომიერად მომთხოვნი მცენარეა. ზრდა-განვითარების პროცესში მისი მოთხოვნილება ტენზე იცვლება. ტენიანობის სიჭარბე, მით უმეტეს, თუ ადგილი აქვს ნიადაგის ზედაპირის დატბორვას, იწვევს სოკოვანი დაავადებების გაჩენას, ძირხვენების ლპობას, სასაქონლო ხარისხის დაქვეითებას და, შედეგად, მოსავლიანობის მკვეთრად შემცირებას. ამიტომ ჭარბტენიან რაიონებში საჭიროა საწრეტი არხების მოწყობა და სტაფილოს შემაღლებულ კვლებზე ან ბაზოებზე მოყვანა.

სტაფილოს მოსაყვანად საუკეთესოა კარგი სტრუქტურის მქონე, მსუბუქი აგებულების თიხნარი და ქვიშნარი ნიადაგები. სტაფილოს მოსაყვანად ნიადაგი უნდა მოიხნას 22-25 სმ სიღრმეზე.

გრძელი ძირხვენების მქონე ჯიშებისათვის საუკეთესოა ნიადაგის მოხვნა 28-30 სმ სიღრმეზე. როგორც ძირითადი, ისე დამატებითი გამოკვებისას იყენებენ მხოლოდ მინერალურ სასუქებს — ერთ ჰექტარზე 50-60 კგ აზოტიანი, 60-90 კგ ფოსფორიანი და 60-90 კგ კალიუმიანი სასუქები.

ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების 2/3 შეაქვთ მზრალად მოხვნის წინ, აზოტიანი და ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების დანარჩენი ნაწილი გაზაფხულზე კულტივაციისა და გამოკვებების დროს.

სტაფილოსათვის საუკეთესო წინამორბედი კუტურებია: კიტრი, კომბოსტო, პომიდორი, ხახვი, საადრეო კარტოფილი, პარკოსნები და სხვ.

სტაფილოს აგროტექნიკა

სტაფილოს გაზაფხულზე დასათესად ნიადაგის დამუშავება ნაკვეთის დასუფთავებით, სასუქების განაწილებით და მზრალად 22-25 სმ სიღრმეზე ხვნით, შემოდგომაზე იწყება. გაზაფხულზე მზრალს 1-2-ჯერ დაფარცხავენ.

თესვის წინ, თუ ნიადაგი სარეველებისაგან სუფთაა, მსუბუქი და ფხვიერია, აწარმოებენ კულტივაციას 8-10 სმ სიღრმეზე, ხოლო თუ ნიადაგი მძიმეა, მზრალი უნდა გადაიხნას 15-16 სმ სიღრმეზე, დაიფარცხოს 2-3 ჯერ.

სტაფილოს თესვა, გარდა ადრე გაზაფხულისა, შეიძლება წლის დანარჩენ დროსაც — ზამთარში, ზაფხულსა და შემოდგომაზე. სტაფილო ზამთარში, ადრე გაზაფხულსა და შემოდგომაზე ნიადაგში არსებული წყლის მარაგის მაქსიმალურად გამოყენებისა და ადრეული მოსავალის მიღების მიზნით ითესება.

სტაფილო ითესება მწკრივებად და ზოლებრივად. ზოლებრივად თესვისას მწკრივებს შორის მანძილია 35 სმ, მწკრივების რაოდენობა ზოლში 4, ზოლებს შორის მანძილი 50-60სმ(35×3+50-60 სმ)/4. თესლის ჩათესვის სიღრმე თესვის დროზე და ნიადაგის ტიპზე დამოკიდებულებით 1-დან 3 სმ-მდეა. თესვის ნორმა 3,4-4 კგ-ია.

სტაფილოს მოვლა ითვალისწინებს: ნიადაგის გაფხვიერებას, მარგვლას მექანიკურს (თოხნა-კულტივაცია) და ქიმიურს (ჰერბიციდების გამოყენება), ნათესების გამეჩხერებას, მორწყვას, გამოკვებას, ბრძოლას მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ.

დათესვიდან 25-30 დღის შემდეგ, როდესაც მცენარეები მასობრივად აღმოცენდებიან, ტარდება პირველი მარგვლა და გამეჩხერება. მეორე თოხნა გამეჩხერებიდან 2-3 კვირის შემდეგ, სტაფილოს ნათესს თოხნიან მესამედ.

მწკრივთაშორისების კულტივაცია განსაკუთრებით ეფექტიანი წვიმების და მორწყვის შემდეგ, ნიადაგის ზედაპირზე გაჩენილი ქერქის დასაშლელად.

მორწყვა ტარდება ვეგეტაციის მანძილზე 4-5-ჯერ, მორწყვის ნორმაა 300-400 მ3ჰა. პირველი გამოკვება ტარდება გამეჩხერების შემდეგ 3-4 ფოთლის ფაზაში. მეორე გამოკვება, პირველიდან 20-25 დღის შემდეგ. ყოველ გამოკვებაზე ჰექტარზე შეაქვთ 50-80 კგ ამონიუმის გვარჯილა, ამდენივე სუპერფოსფატი და 30- 40 კგ კალიუმის ქლორიდი.

სტაფილოს სასაქონლო ძირხვენა უნდა იყოს საღი, დაუხეთქავი, მექანიკური დაზიანების გარეშე, ჯიშისათვის დამახასიათებელი შეფერილობის, 2,5-6 სმ დიამეტრის.

სტაფილოს მეთესლეობა

თესლის მიღების მიზნით უნდა გადაირჩეს მხოლოდ კარგად ფორმირებული, ჯანსაღი ძირხვენები, ჯიშისათვის დამახასიათებელი ფორმით, ზომით და შეფერილობით.

გადარჩეულ ძირხვენებს 1-2 სმ-ით ზემოთ წააჭრიან ფოთლის ყუნწებს და ინახავენ სპეციალურ საცავებში, მაცივრებში ან თხრილებში (ტრანშეებში). შენახვისათვის საუკეთესო ტემპერატურაა 0,5-20C, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 90-95%.

საქართველოს დაბლობ რაიონებში სტაფილოს სათესლეების დარგვა შეიძლება შემოდგომაზე. მცენარეების საიმედო დაცვისათვის ნარგავებს 10-15 სმ სისქეზე მიწას შემოაყრიან.

სათესლეების დარგვის ნორმა ჰა-ზე 30-40 ათასი ცალია.

სადედეებს რგავენ კარგად განოყიერებულ ნიადაგებზე, იქ სადაც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში არ მოუყვანიათ სტაფილო ან ამ ბოტანიკურ ოჯახში შემავალი სხვა წარმომადგენელი, სადედე სტაფილოს ძირხვენების მისაღებად კარგი წინამორბედებია: კიტრი, ხახვი, კარტოფილი, პარკოსნები.

გაზაფხულზე სადედე ძირხვენებს რგავენ რაც შეიძლება ადრე. ივითარებს ძლიერ ფესვთა სისტემას და ფოთლების როზეტს, გამოაქვს დიდი რაოდენობით საყვავილე ღეროები და საბოლოოდ იძლევა დიდი რაოდენობით თესლს.

სათესლე ძირხვენებს რგავენ ჩითილის სარგავი მანქანით ან ხელით ტრაქტორის მიერ გაჭრილ ნაპრალებში. ძირხვენების დარგვისას შეაქვთ მინერალური სასუქები. კვლები (ნაღარები) კეთდება საფხვიერებელი სატეხებით.

ძირხვენების დასარგავად გამოიყენება აგრეთვე სასუქების შემტანი კულტივატორი, რომელსაც კვლის გაჭრისთანავე ნაღარებში შეაქვს სასუქი.

მაღალი ხარისხის ძირხვენებად ითვლება ვიწრო გულგულის მქონე ჯიშები, ამიტომ, დარგვის წინ, ძირხვენის სიგრძის ¼ ნაწილს წვეროში წაკვეცავენ, ჭრილში გამოჩნდება გულგულის ზომა და ამ ნიშნით გადარჩეულ ელიტურ და სუპერელიტური ჯგუფის ძირხვენებს ცალკე რგავენ. სადედეები ირგვება 70 სმ-იან მწკრივებად, მწკრივებში მცენარეებს შოროს 25-35 სმ დაშორებით.

ვეგეტაციის განმავლობაში, ნიადაგი 3-4-ჯერ უნდა გაფხვიერდეს. პირველი გაფხვიერება შედარებით ზერელედ უნდა ჩატარდეს, მეორე და მესამე უფრო ღრმად -12-15 სმ-ზე. ვეგეტაციის განმავლობაში ნაკვეთი უნდა მოირწყოს 3-4- ჯერ, 300-400 მ3 ნორმით.

პირველი გამოკვება ტარდება დარგვიდან 20 დღის შემდეგ და ჰა-ზე შეაქვთ 100-200 კგ ამონიუმის გვარჯილა; მეორე გამოკვებას ატარებენ ყვავილობის წინ და შეაქვთ 150-200 კგ/ჰა სუპერფოსფატი და 150-200 კგ/ჰა კალიუმის ქლორიდი.

სტაფილოს თესლი მცენარეზე ერთდროულად არ მწიფდება. სტაფილოს ყვავილედი რთული ქოლგაა. პირველად იშლებიან მთავარი ღეროს ყვავილები, შემდეგ გვერდით. თესლი მწიფდება დარგვიდან საშუალოდ 115-125, ყვავილობიდან კი 60-65 დღის შემდეგ.

სუპერელიტის გამორჩევისას პირველი და მეორე რიგის ქოლგის ყვავილედების უკეთ მომწიფების მიზნით, გვიან შემოსულ ქოლგებს აცილებენ, რის შემდეგ თესლის თესვითი ღირსებები უმჯობესდება: მატულობს აღმოცენების უნარი და თესლის მასა.  ასეთი ღონისძიებების ჩატარება უფრომისაღებია მკაცრი კლიმატის რაიონებში.

სტაფილოს თესლს იღებენ გამორჩევით, მაგრამ თუ მცენარეზე ქოლგების 40-50% მწიფეა, მაშინ მას იღებენ მთლიანად.

ელიტური მეთესლეობისას ყვავილედებს სუპერელიტის მცენარეებზე ამორჩევით იღებენ, ხოლო მასობრივი მეთესლეობისას სამკალი მანქანებით, აღების შემდეგ მომწიფების დამთავრებისთანავე, თესლებს გალეწავენ სალეწი მანქანით ან კომბაინით.

მცირე ფართობებზე ზოგჯერ მოჭრილ ღეროებს კრავენ ძნებად, გამოშრობის შემდეგ გალეწავენ კომბაინით. გალეწილ თესლს წმენდენ და სანიავებელი და დამახარისხებელი მანქანებით (პეტკუსებით) დამუშავების შედეგად სტაფილოს თესლნაყოფი იყოფა ორთესლად და სცილდება ზურგის მხარეს განლაგებული საჭერები (ეკლები). სტაფილოს თესლის მოსავალი ჰა-ზე 500-1000კგ-ის ფარგლებშია.

სტაფილოს ჯიშები

გორული ნანტი — ფოთლების როზეტი ნახევრად სწორმდგომია, 37 სმ სიმაღლის, 33 სმ დიამეტრის, ფოთლების რაოდენობა 9-10, ფოთლების მასა მცენარის მასის 18%-სშეადგენს.

ძირხვენის გარე შეფერვა ნარინჯისფერია, რბილობის (ქერქის) — ნარინჯისფერი და ღია ნარინჯისფერი, გულგულის — ნარინჯისფერი და მოყვითალო-ნარინჯისფერი. ძირხვენის ფორმა ცილინდრულია, ბლაგვზოლიანი, ზოგჯერ წვეროსკენ დაქანებული. სიგრძე 13 სმ, დიამეტრი 4,9 სმ.

გულგულის ფორმა მომრგვალო, ვარსკვლავისებური და დაწახნაგებული. თავაკი თითქმის გლუვი, 2,5 სმ დიამეტრის. გვერდითი ფესვები მცირე, ძაფისებური, თვლები მცირე, გლუვი. ძირხვენა ოდნავ აწეულია ნიადაგის ზედაპირზე. მსუბუქ ნიადაგებზე ადვილად ითხრება.

ჯიში საშუალო-საგვიანოა, საქართველოს სხვადასხვა ზონაში აღმოცენებიდან ტექნიკურ სიმწიფემდე 100-110 დღეს საჭიროებს. ძირხვენის საერთო მოსავალია 41,2- 85,2 ტ/ჰა. სასაქონლო ძირხვენა 53-116 გრამია. გემური თვისებები შეფასებულია 3,6-4,2 ბალით.  ზამთარში შენახვის უნარიანობა 79,4-84,4% -ია.

ძირხვენების ქიმიური შედგენილობა ასეთია: მშრალი ნივთიერება 12,0-13,2%, შაქრები 7,7-10,5%, კაროტინის შემცველობა 13,9-20,5მგ%. დანიშნულება — ნედლად (უმად) საკვებად გამოსაყენებლად, საკონსერვო წარმოებისათვის და ცხოველთა კვებისათვის.

შანტენე 2461 — ფოთლების როზეტი ნახევრად სწორმდგომია, 63 სმ სიმაღლის და 49 სმ დიამეტრის. ფოთლების რაოდენობა 8-12. ფოთლების მასა მცენარის მასის 25%-ს შეადგენს.

ძირხვენის ზედაპირის, რბილობის (ქერქის) და გულგულის შეფერვა ნარინჯისფერია. ფორმა კონუსურია, ბლაგვი ბოლოთი, 15 სმ სიგრძის და 5,8 სიგანის (დიამეტრი). თავაკი ჩაღუნული, 3 სმ დიამეტრის. ძირხვენა მთლიანადაა ჩამჯდარი ნიადაგში, ადვილად ითხრება მიწიდან.

ჯიში საშუალო-საგვიანოა, საქართველოში სავეგეტაციო პერიოდი აღმოცენებიდან ტექნიკურ სიმწიფემდე 109-147 დღეა. ძირხვენების საერთო მოსავალია 35,4-80,8 ტ/ჰა. სასაქონლო ძირხვენის მასა 74-252 გ, გემური თვისებები ფასდება 3-4 ბალით. ზამთრის პერიოდში შენახვის უნარიანობა 83,6-91,1%.

ძირხვენას ქიმიური შედგენილობა ასეთია: მშრალი ნივთიერება 125-164%, საერთო შაქრები 6,2-10,4%, კაროტინის შემცველობა 7,9-16,6მგ%. დანიშნულება — ნედლად (უმად) მოსახმარად, საკონსერვო წარმოებაში, ცხოველთა საკვებად.

გერანდა — ძირხვენა კონუსურია, გულისებრი ფორმის, ბლაგვბოლოიანი, საშუალო სიგრძე 20 სმ, დიამეტრი 8სმ. კანი და ქერქი მონარინჯისფრო წითელია, გულგული დიდი, მონარინჯისფრო-ყვითელი.

ჯიში საშუალო-საადრეოა. ძირხვენის წონა, საშუალოდ, 220 გრ, ძირხვენის მასის შეფარდება ფოთლების მასასთან 5:1, ჯიში უხვმოსავლიანია, ინახება კარგად.

„ჩვენი სოფელი“

დააზღვიეთ მოსავალი, გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები — გაზარდეთ საკუთარი შემოსავალი! აგროკავკასია გისურვებთ წარმატებებს!

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3350 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე
2056 Views

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ

სრულად
აგროკავკასია FB