პეკინის კომბოსტოს მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

კომბოსტო, პეკინური

ზოგადი ინფორმაცია

პეკინის კომბოსტო (ლათ. Brassica pekinensis) ჯვაროსანთა ოჯახი, ამ სახეობის კომბოსტოს სამშობლოა ჩინეთი.

პეკინის კომბოსტო ფართოდაა გავრცელებული აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში.

პეკინის კომბოსტო განსაკუთრებით ფასეული იმითაა, რომ მისი მოყვანა მთელი წლის მანძილზე შეიძლება როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში.

იგი მდიდარია B1, B2, PP ვიტამინებით, კაროტინით, ხოლო C ვიტამინი მასში ორჯერ მეტია, ვიდრე სალათში.

პეკინის კომბოსტოს ფურცლებს საკვებში იყენებენ როგორც მწვანილეულს, შეხვეულ თავებს კი, კულინარიული დამუშავების შემდეგ, – წვნიანებში, გარნირებში, მათ, აგრეთვე, ამწნილებენ და ამარილებენ.

კულტურის სპეციფიკური მოთხოვნები

ამ კომბოსტოს მოსაყვანად უმჯობესია ორგანული ნივთიერებებით მდიდარი, კარგად დამუშავებული საშუალო თიხნარი ნიადაგები. ზედმეტად ტენიანი, მწირი ნიადაგები მისთვის უვარგისია.

ნიადაგის მომზადება შემოდგომიდანვე უნდა დაიწყოს: ნაკვეთები უნდა გადაიბაროს 25_35 სმ-ზე, 1 მ2-ზე შეიტანონ 6_8 კგ ნეშომპალა ან კომპოსტი მწირ ქვიშნარ ნიადაგებში, ხოლო ნოყიერ თიხნარებში 3_4 კგ.

შემოდგომაზე გადაბარვის წინ კარგია 1 მ2-ზე 4_5 კგ ნეშომპალას ან კომპოსტის შეტანა.

წინამორბედები

კარგი წინამორბედებია: პარკოსანი კულტურები, კიტრი, ხახვი, კარტოფილი, ჭარხალი, პომიდორი და მრავალწლიანი ბალახეული;

ნიადაგი: pH=6,5 – 7,2.

ჩითილის ასაკი:

25_30 დღისა (გადასარგავად გამზადებულ ჩითილს 4_5 ფოთოლი უნდა ჰქონდეს გამოტანილი);

თესვის სიღრმე: 1-2 სმ.

თესვის/ჩარგვის სქემა:

თესლი ითესება ღია გრუნტში (რიგებს შორის მანძილი 50_60 სმ-ია, რიგებში მცენარეთა შორის — 20-30 სმ).

თესვას უნდა მოჰყვეს ორი გამოხშირვა: I. პირველი ნამდვილი ფოთლის გამოტანის შემდეგ (მცენარეთაშორის 8 სმ მანძილის დატოვებით, II. როდესაც მეზობელი მცენარეების ფოთლები ერთმანეთს მისწვდება (მცენარეებს შორის მანძილი 20_25 სმ-მდე იზრდება).

გამოკვება:

დამატებითი საკვების, განსაკუთრებით აზოტოვანი სასუქის შეტანა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგანაც პეკინის კომბოსტოს შეუძლია დიდძალი ნიტრატების დაგროვება (ძირითადად ღეროებსა და ფოთლების ყუნწებში). ამიტომაც საკვებად გამოყენებამდე რეკომენდებულია მისი ცივ წყალში ჩადება 1 საათით;

ვეგეტაციის პერიოდში ორჯერ შეაქვთ წუნწუხი (1:20), ხარჯი 1 მცენარეზე 0,5ლ.

მორწყვა:

პეკინის კომბოსტო ტენის მოყვარულია, თუმცა ზედმეტი წყალი აქვეითებს პროდუქციის მოსავალსაც და ხარისხსაც.

სითბური რეჟიმი:

სიცივის არ ეშინია, თესლი ღივდება +3_40C-ზე, მცენარე კი -40C -მდე. წაყინვებს უძლებს. ყველაზე ხელსაყრელი ტემპერატურა ზრდისა და განვითარებისათვის არის +15_220C.

ცხელი მზიანი ამინდი იწვევს ფოთლების ალანძვას, ხოლო 130C -ზე დაბალი ტემპერატურისას მოსალოდნელია ნაადრევი აჩოყება (აღერება).

შემოსვლის ვადები:

• საადრეო ჯიშები: 40_45 დღე აღმოცენებიდან სიმწიფემდე;
• საშუალო საადრეო ჯიშები: 55_60 დღე აღმოცენებიდან სიმწიფემდე;
• საგვიანო ჯიშები: 60_80 დღე აღმოცენებიდან სიმწიფემდე.

პეკინის კომბოსტო საადრეო კულტურაა. დათესვიდან თავის შეკვრამდე 40_65 დღე გადის. ჩითილებით თუ დარგეს, ხანდახან მოსავალს 20_35 დღის შემდეგაც იწევენ. ეს კულტურა შეიძლება სათბურშიც მოიყვანოთ. იგი ფასეული დიეტური პროდუქტია, უხდება გულსისხლძარღვთა დაავადებებსა და კუჭის წყლულს.

ავტორები: ნუკრი მემარნიშვილი, თამაზ დუნდუა.
მასალა მოგვაწოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“.

იხილეთ აგრეთვე: ბრიუსელის კომბოსტო – დარგვა, მოვლა, მოშენება

თქვენი რეკლამა