ბუნებრივი საღებავებით ღებვა, საღებავის მიღება, ფერები

ბუნებრივი, საღებავებით, ღებვა

მეცხვარეობის განვითარებამ შექმნა იმის საფუძველი, რომ ადგილობრივი შინამრეწველობა განვითარებულიყო. ეს კი თავის მხრივ მოითხოვდა არა მარტო ბუნებრივად არსებული მატყლის ფერების გამოყენებას, არამედ საქართველოში ასე უხვად არსებული მცენარეებისგან ბუნებრივი საღებავების დამზადებას.

ქიმიური საღებავების შემოსვლამ თითქმის განდევნა ბუნებრივი საღებავებით ღებვაა. მღებავის გარდა თითქმის აღარავინ იცის რომელი მცენარე რომელ ფერს ღებავს, რა დოზებია საჭირო და რომელი ფერმჭერები გამოიყენება.

ბუნებრივი საღებავებით ღებვა

ბუნებრივი საღებავებით ღებვა – უძველესი საქმიანობაა და საქართველოში ყოველთვის მაღალ დონეზე იდგა, რაზეც მეტყველებს შემორჩენილი ძველი ქსოვილის და სამოსის ნიმუშები.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ქიმიური საღებავების შემოსვლამ საფუძველი გამოაცალა ბუნებრივი საღებავებით ღებვას. საქართველოს ვერც ერთი კუთხე ვერ ასცდა ამ ზეგავლენას, სინთეზური საღებავების გავლენით თითქმის აღმოიფხვრა ბუნებრივი საღებავებით ღებვა.

ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში მოსახლეობა საღებავად იყენებდა, როგორც ტყის ფოთლოვან, ისე ყვავილოვან კულტურულ ჯიშებს, გამოიყენებოდა მცენარეთა ფესვებიც.

ბუნებრივ ფერთაგან გამოყოფდნენ: წითელს, შავს, მწვანეს, ყავისფერს, ლურჯს, ყვითელს. გარდამავალი ფერები კი იყო ალისფერი, რუხი, (ნაცრისფერი), წყლისფერი, მტვერისფერი, ნავთისფერი, ლილისფერი, შინდისფერი (ბორდო).

ბუნებრივი მატყლის ფერებია შავი, ყავისფერი, თეთრი, რუხი, ღია ყავისფერი.

როგორც უკვე ვიცით არსებობს მატყლის სამი სახეობა: გაზაფხულის მატყლი – რისვი; შემოდგომის მატყლი – მატყლი; ბატკნის მატყლი – კრაველი;

ღებვას კარგად ემორჩილება რისვი და კრაველი. კრაველი ყველაზე კარგად იღებება და კარგი ხარისხის მატყლი და ძაფი გამოდის.

დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის და რა პირობებში უნდა შეგროვდეს ნედლეული , ასევე როგორ უნდა გაშრეს რა ტემპერატურაზე და პირობებში შენახოს.

საღებავი ბალახების შეგროვება

საღებავი ბალახები შესაძლებელია შეგროვდეს წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ ძირითადად უნდა შეგროვდეს ივნის-აგვისტოში, როდესაც ვეგეტაციის პერიოდია და ვეგეტაციის ბოლოს სექტემბრიდან ყინვების დაწყებამდე.

საღებავის მიღება

ჩვენ დროში მიუხედავად იმისა, რომ არის ბევრი ქიმიური საღებავია, მცენარეული საღებავი თავისი ფერთა გამით გამოიყენებიან ღებვისათვის საშინაო პირობებში.

ბუნებრივი მცენარეული საღებავი შეიძლება მივიღოთ მცენარეების ყვავილებიდან, ნაყოფებიდან, ღეროებიდან, ფოთლებიდან, ფესვებიდან, ქერქიდან. მათი ქიმიური შემადგენლობა დამოკიდებულია მცენარის ასაკზე, ზრდის ადგილზე, ნიადაგის შემადგენლობაზე, ამინდის პირობებზე ვეგეტაციის პერიოდზე.

საღებავის მიღება ასევე დამოკიდებულია მცენარეების აკრების დროზეც. ახალი გაფურჩქნული ყვავილი იძლევა უფრო კაშკაშა ფერებს. ყვავილებს კრიფავენ ახალ გაფურჩქნულს, ქერქს გაზაფხულზე, როდესაც ის ადვილად ცილდება ხეს, ფესვებს ან მცენარის ყვავილობამდე ან გვიან შემოდგომაზე.

ახლად მოკრეფილი მცენარის ხსნარში შეღებვით მიღებული ფერები უფრო ინტენსიურია, ვიდრე გამხმარი მცენარეების გამოყენებისას.

თუ აუცილებელია მცენარეების გახმობა ეს უნდა გაკეთდეს ჩრდილში, რომ მან შეინარჩუნოს ბუნებრივი ფერი. ფესვებს გახმობის წინ რეცხავენ. გამხმარი მცენარე შეიძლება შეინახონ დახურულ ჭურჭელში, ჭერთან ჩამოკიდებული ან სხვა მშრალ ადგილზე.

გამოყენების წინ გამშრალ ფოთლებს, ღეროებს, ფესვებს, ყვავილებს, ნაყოფს, გირჩებს, ქერქს და მარცვლებს წინასწარ ალბობენ ერთ დღე-ღამეს რბილ ცივ წყალში. შემდეგ ადუღებენ იმავე წყალში 15-20 წუთს. 100 გრ მცენარეზე იღებენ 1-2 ლიტრ წყალს.

საღებავის მიღება შეიძლება სხვა გზითაც: 24 საათიანი დალბობის შემდეგ მცენარეებს ხარშავენ იმავე წყალში 1-2 საათი (გააჩნია მასალას), შემდეგ ცხელ ნახარშს წურავენ საცერში და აცივებენ. საღებავის უფრო ინტენსიური მოქმედებისათვის ნახარშს აცლიან დამჟავებას.

თუ საღებარი გამოყავთ (ექსტრაქცია) ყვავილებიდან, მაშინ ადუღებენ 30 წუთს, თუ ფოთლებიდან -1 საათს, თუ ფესვებიდან – 2 საათს, საღებრის გამოყოფა მცენარიდან მოხდება უფრო სწრაფად თუ მასში ჩაამატებენ საჭმელ სოდას.

აუცილებელია ნედლეული გაშრეს ისეთ შენობაში, რომელიც კარგად ნიავდება და შეძლებისდაგვარად არის ჩრდილი. საღებავად გამოყენებული მცენარე შეიძლება შეინახოს 1-3 წელი. მართალია დროის გასვლასთან ერთად ფერის ინტესივობა იკლებს, მაგრამ მაინც ღებავს.

ყველაზე კარგია ახალმოკრეფილ ნედლეულში შეღებვა.

ღებვა და ფერმჭერები

ბუნებრივი მცენარეებით ღებვისას აუცილებელია ვიცოდეთ რომელი მცენარის გამოყენებისას რომელი ფერმჭერია საჭირო და რა დოზით.

ბუნებრივი საღებავების ტრადიციული ფერმჭერებია: ნაცართვალი, თეთრი შაბი, შაბიამანი, ძაღა (რკინის შაბიამანი), ტუტე (მზადდება ნაცრით. კარგია არყის ნაცარი), ძროხის შარდი. ჭურჭელი სადაც უნდა მოხდეს შეღებვა აუცილებლად უნდა იყოს მომინანქრებული ან თუჯის, დამოკიდებულია თუ რომელ მცენარეს ვღებავთ.

ღებვის წინ მატყლს გაარჩევენ, გასუფთავებენ და გარეცხავენ. შემდეგ ნაცრისთვალს ან თეთრ შაბიან წყალში წამოადუღებენ ან ადუღებამდე მიიყვანენ. ყველა ფერს თითქმის თავისი ფერმჭერი აქვს. თუ ღია ფერებს ვღებავთ თეთრ შაბს ვიყენებთ. თუ მუქ ფერებს ნაცრისთვალს ან ძაღას (რკინის შაბიამანს) იყენებენ.

ბუნებრივი საღებავებით ღებვისას, ასევე იცოდნენ ნაცრის მოყრა უკვე სამღებროდან ამოღებულ მატყლზე ან შულოებზე, თბილად დახურულს ორთქლზე დადებულს ან ძროხის შარდში ავლებდენენ ამ დროს მატყლი და ნართი უხუნარი გამოდიოდა.

ნაცართვალი მზადდებოდა შემდეგნაირად: წყლის წამოდუღებამდე შიგ ნაცარს ჩაყრიდნენ, კარგად მოურევდნენ და გააჩერებდნენ სანამ არ დაილექებოდა ნაცარი და ზემოდან სუფთა წყალი არ დარჩებოდა. სწორედ ეს სუფთა წყალი არის ნაცართვალი. ნაცართვალი უნდა შეამოწმონ რომ ძალიან ცხარე არ იყოს და ძაფი ან მატყლი არ დაწვას. ამ შემთხვევაში წყლის დამატებაა საჭირო.

უმრავლეს შემთხვევაში შავი ფერი ყოველთვის ორჯერადი ღებვით მიიღებოდა. მაგ: თავშავაში და ძაღაში. თავშავაში შეღებვას დედებას ეძახდნენ. ადედებდნენ და შემდეგ ძაღას დამატებით უკვე შავად ღებავდნენ.

ზოგიერთ მცენარეში შეღებვას ფერმჭერი არ სჭირდება: მაგ. კაკლის წენგოში ღებვას, ვაშლის ქერქში ღებვას და სხვა. ფერთა მიღების ბევრი საიდუმლო ვლინდება ღებვისას.

ტრადიციულად მცენარეს არავინ წონიდა, თუმცა შემღები მცენარის წონა დაახლოებით ხუთჯერ და მეტადაც აღემატებოდა შესაღები მატყლის წონას. ფერს ღებვის პროცესში აკვირდებიან და ღებვას წყვეტენ სასურველი ფერის მიღების შემდეგ.

ბუნებრივი საღებავებით ღებვა მეტად სახალისო და საინტერესო პროცესია. ფერთა მიღების ბევრი საიდუმლო ვლინდება ღებვისას.

ღებვა ფშავ-ხევსურეთში

შავად ღებვა

  • ფშავში შავად ღებავენ თავშავით ძაღასთან ერთად;
  • მურყანის ქერქში ძაღასთან ერთად;
  • კაკლის წენგო ნაცართვალთან ერთად.

ყვითლად ღებვა

  • რძიანა ბალახი შაბთან ერთად;
  • თხილის ფოთოლი შაბთან ერთად;
  • თუთის ფოთოლი შაბთან ერთად.

წითლად ღებვა

  • ენდრო შაბთან ერთად;
  • თრიმელის ფოთოლი და კანი შაბთან ერთად.

მწვანედ ღებვა

  • ჭინჭარი შაბიამანთან ერთად;
  • ვირისტერფა შაბიამანთან ერთად;
  • რძიანა ბალახი და ინდიგო ერთად;
  • წართხალა შაბიამანთან ერთად.

ლურჯად ღებვა

  • ლურჯი მიიღება ინდიგოთი ნაცართვალთან ერთად;
  • ნაცართვალი და ლილასთან ერთად;
  • ანწლი ნაცართან ერთად

ყავისფრად ღებვა

  • ყავისფრად ღებავენ ძირითადად კაკლის წენგოთი თითქმის ყველა ტონის;
  • მურყანის ქერქი ნაცართან ერთად;
  • იფანის ქერქიც ღებავს ყავისფერს;
  • დეკას ფოთოლი შაბთან ერთად;
  • იფანი ნაცართვალთან ერთად

ვარდისფრად ღებვა

  • ვარდისფერი ტუხტი თეთრ შაბთან ერთად;
  • კოწახურის ძირები;
  • ვაშლი იელთან ერთად.

რუხად ღებვა

  • ანწლი შაბთან ერთად;
  • ყაყაჩო შაბთან ერთად;
  • ხის მჭვარტლი.

ბუნებრივი საღებავებით ღებვის დროს ძირითადად ვიყენებთ: ყვავილებს, ფოთლებს, ღეროებს, ხის ქერქს, ნაყოფს, იშვიათად ფესვებს. მათი მოკრეფა შეგროვება ისეთი რაოდენობით ხდება, რომ ღებისთვის განკუთვნილ მცენარეებს და ბუნებას ეკოლოგიურად არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

ავტორი: ნუგზარ ძამუკაშვილი; ამონარიდი „მატყლისა და თექის დამუშავების ტექნოლოგია“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

თქვენი რეკლამა