დიცენტრა – გულის ყვავილი

დიცენტრა, გულის, ყვავილი

დიცენტრა (Dicentra – ოჯ. Fumariaceae). გვარის სახელწოდება წარმოსდგება ბერძნული სიტყვებისაგან ‘dis’ – ორჯერ და ‘kentron’ – დეზი და ითარგმნება როგორც ორდეზიანი.

ამ მცენარეს ფრანგები „ჟანეტას გულს“, გერმანელები „გულის ყვავილს“, სხვები კი „გატეხილ გულს“ უწოდებენ. გვარში 20 სახეობაა გაერთიანებული, რომლებიც ბუნებრივად გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

მრავალწლოვანი ლამაზი მცენარეებია, რომელთა სიმაღლეც 30-დან 100 სმ-მდე აღწევს. აქვთ მიწაში ღრმად წასული ხორცოვანი ფესურა.

ფოთლები ძლიერ დეკორატიულია, ნაზი, ფრთისებრ დანაწევრებული, მწვანე, ყუნწიანი, ლეგა ელფერით. ყვავილები ვარდისფერი ან მოწითალოა, ჩაქინდრული, გულისებური, 2 სმ-მდე დიამეტრის, ერთ სიბრტყეში ოდნავ შეჭყლეტილი, ბუჩქზე მაღლა მდებარე კენწრულ, რკალისებურად მოხრილ, დაბლა დაშვებულ მტევნებად შეკრებილი.

ნაყოფი კოლოფია. თესლები ოდნავ წაგრძელებული, შავი, პრიალა, აღმოცენების უნარს ინარჩუნებენ 1-2 წლის განმავლობაში. ამჟამად გამოყვანილია დიცენტრას თეთრყვავილიანი ფორმებიც.

დიცენტრა, ყვავილი

დიცენტრა დიდებული (ბრწყინვალი, ლათ. Lamprocapnos spectabilis, ადრე — Dicentra spectabilis).

ბოტანიკური აღწერა. სამშობლო – აღმოსავლეთ აზია. მრავალწლოვანი ფესურიანი მცენარეა. წარმოქმნის 60-100 სმ სიმაღლის გადაშლილ ბუჩქს.

გამოირჩევა ფრთისებრ დანაკვთული ლეგა ნაცრისფერი, ძირითადად ფესვთანური ნაზი ფოთლებით, რომლებიც დეკორატიულობას შემოდგომამდე ინარჩუნებენ. ყვავილები 2 სმ-მდე დიამეტრისაა, ჩამოკიდებული, გულისებური, ქმნიან რკალისებურ ჩაქინდრულ მტევანს.

ყვავილედის სიგრძე 20-30 სმ-ია. ყვავილი თეთრი, ვარდისფერი ან მოწითალოა. გვირგვინი ოდნავ გაბრტყელებულია და ისრით განგმირულ გულს მოგვაგონებს. ყვავილი შედგება ორი ჯამის ფოთოლაკისა და ოთხი თავისუფალი გვირგვინის ფურცლისაგან.

ამ ოთხიდან გარეთა ორი ფორმითა და შეფერილობით მკვეთრად განსხვავდება შიგნითა ფურცლებისგან. გარეთა ფურცლები მკვეთრი შეფერილობისაა – უმთავრესად ვარდისფერი ან წითელი. მათ ფუძესთან არის პარკისებური ამობერილობები, სადაც ნექტარი გროვდება, მათ დეზებსაც უწოდებენ.

ნაყოფი კოლოფია. ახასიათებს უხვი ყვავილობა, რომელიც იწყება მაისიდან და 35-40 დღე გრძელდება. ამ პერიოდში მცენარე არაჩვეულებრივად დეკორატიულია.

დიცენტრა, ყვავილი

ძირითადი აგროტექნიკა

ესაჭიროება ფხვიერი, მსუბუქი, ნოყიერი, ოდნავ ნოტიო, აუცილებლად კარგად დრენაჟის მქონე ნიადაგები. ასეთ პირობებში ის კარგად იზრდება, იბუჩქება და უხვად ყვავილობს.

კარგად იზრდება როგორც ღია, მზიან ადგილებში, ისე ნახევრადჩრდილშიც. სასურველია დასარგავი ადგილის შემოდგომაზე მომზადება, ამისათვის მიწას ბარავენ 30-40 სმ სიღრმეზე და ანოყიერებენ ნეშომპალით (3-4 კგ 1 მ2-ზე) და სრული მინერალური სასუქებით (20 გ 10 ლ წყალზე).

მოვლა რთული არაა: სეზონის განმავლობაში 2-3-ჯერ შეაქვთ მინერალური სასუქები, აშორებენ სარეველებს და დროდადრო აფხვიერებენ ნიადაგს. გვალვიან პერიოდში ესაჭიროება რწყვა. დაყვავილებული მტევნების მოცილება ყვავილობის ვადებს ახანგრძლივებს.

მრავლდება ვეგეტატიურად – ფესურების გადანაჭრებით და ზაფხულში (როცა მცენარე მოსვენების მდგომარეობაშია) ბუჩქის დაყოფით.

დიცენტრა, ყვავილი

გამოყენება

დაბალმოზარდ ჯიშებს რგავენ როკარიუმებში, იყენებენ ბორდიურებად; მაღლებს – მიქსბორდერებში და შერეულ ყვავილნარებში. შესაძლებელია გაზონზე ცალკეულ ბუჩქებად დარგვაც. იყენებენ სათაიგულედ.

პარტნიორები: კესანე, თეთრი ნარგიზები, ფურისულები, ეპიმედიუმი, გვიმრები.

წყარო: „ბაღის დიზაინერი“ შედგენაზე მუშაობდნენ: ლია ქურციკიძე; ქეთევან გელაშვილი; მანანა ელბაქიძე.

დიცენტრა, ყვავილი

იხილეთ აგრეთვე: კანა – თქვენი ეზოს მშვენება

თქვენი რეკლამა